Home რუბრიკები საზოგადოება ჰალსტუხი, სვისტოკი, ტყლაპი და ნინა…

ჰალსტუხი, სვისტოკი, ტყლაპი და ნინა…

1356

ფოტოზე, სხვა “სახეებთან” ერთად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრის – ბოისას ცოლია, რომლის მაისურზეც მიხეილ სააკაშვილის ფოტოა გამოსახული. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ იგი არა საკუთარ ქმარსა და მის გუნდს, არამედ პირადად სააკაშვილს გულშემატკივრობს.
ნაციონალური ელიტის წარმომადგენლებმა თავი იმითაც გამოიჩინეს, რომ, რუსეთის ჰიმნის შესრულებისას, სტვენითა და ჭყვიტინით აიკლეს იქაურობა.  აღსანიშნავია, რომ რუსებს საქართველოს ჰიმნის მიმართ მსგავსი საქციელი არ უკადრებიათ.  კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნინა წკრიალაშვილი ჩასტვენებს შორის ისეთი თავგამოდებით ეწეოდა სიგარეტს, თითქოს მისი თანამდებობა პირდაპირ არ ავალებდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას!

სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ კი ორი თითით “ვიქტორია” – გამარჯვება გვამცნო; ჩანს, უკვე შეგვიყვანა ნატოში, ოღონდ ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ. რით დამთავრდა ეს “გამარჯვება”, უკვე ცნობილია: მატჩი ანგარიშით 65:58 დამთავრდა რუსეთის სასარგებლოდ. თუ ბოისას ცოლის მაისურს ვენდობით, ეს წაგებაც სწორედ სააკაშვილის დამსახურებაა და არა ბოისას ან საქართველოს ნაკრების.
უთუოდ “კვირის ნოვაციად”  უნდა ჩაითვალოს ილიას უნივერსიტეტის პროფესორ ოლეგ პანფილოვისა და კოალიცია “ევროპული საქართველოსთვის” წარმომადგენლის, ლევან ჩოლოყაშვილის იდეა იმის თაობაზე, რომ საქართველოში საჭმელი ჰალსტუხები გაიყიდოს. ინფორმაცია ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა ანდრეი ილარიონოვმა საკუთარ ბლოგზე გაავრცელა. არ არის გამორიცხული, “თავისუფალ უნივერსიტეტში” გამარჯვებულ სტუდენტებს, დიპლომებთან ერთად, “საჭმელად ვარგისი, რეფორმატორული” ჰალსტუხები გადასცენ.
ჰალსტუხის ანოტაციაში წერია, რომ “ჰალსტუხის ჭამა” ხელს უწყობს პირადი ცხოვრების რეფორმირებასა და ხარისხის ამაღლებას; აძლიერებს თავისუფლებისა და დემოკრატიის მადას, ეხმარება ავტორიტარიზმით დაავადებული საბჭოთა მენტალიტეტის მქონეებს; დამზადებულია ნატურალური პროდუქტით.
“საქპატენტში” ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ჟურნალისტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ოლეგ პანფილოვმა   ჰალსტუხის  ფორმის ტყლაპებისა და ტკბილი კვერების დიზაინზე განაცხადი წარმოადგინა, რაც უკვე განიხილება.
“ერთხელ გავსინჯე ტყლაპი და მივხვდი, რომ შემეძლო, სწორედ ამის გამოყენებით დამეცინა რუსული პროპაგანდისთვის. ჩვენ უკვე დავაპატენტეთ ყველა პროდუქტი, რისგანაც ტყლაპი მზადდება და, შესაბამისად, ტყლაპისგან ჰალსტუხს ჩვენ გარდა ვერავინ დაამზადებს. სავაჭრო ქსელში ერთ კვირაში გამოვა და მსურველებს მისი შეძენა შეეძლებათ. ბევრი კლიენტი გვყავს. სასტუმროებმა უკვე მოგვცეს შეკვეთა და პროდუქტს  ელიან… საჭმელი ჰალსტუხი ყველაზე საინტერესო ტურისტებისთვის იქნება. წინა კვირას საქართველოში სტუმრად მყოფ რუს ჟურნალისტებს უკვე გავატანეთ საჩუქრად”, – აღნიშნავს პანფილოვი.
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ სააკაშვილის ჯიბის პროფესურამ გადაწყვიტა, ქართველები ჰალსტუხით კვებოს, რათა პრეზიდენტის სამარცხვინო საქციელს მასობრივი და, აქედან გამომდინარე, არასაძრახისი სახე მისცეს. ამ ბატონებს ჰგონიათ, რომ ადამიანისთვის აუცილებელი საკვები პროდუქტით საქართველოს მოსახლეობა უკვე სრულიად არის უზრუნველყოფილი და ხალხს ახლა უკვე საპრეზიდენტო “დელიკატესს” სთავაზობენ.
კლაიპედას კიდევ ერთი ქართული ისტორიას, “თანასწორობის ინსტიტუტის” ყოფილი წევრის – მიშა მესხის დაკავება უკავშირდება. ის, უკვე  ერთი წელია, ლიტვაში იმყოფება და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს,  გუშინ კი,  რუსეთ-საქართველოს თამაშზე დასასწრებად ვილნიუსიდან კლაიპედაში მიდიოდა და ადგილობრივმა  პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა. ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტის აზრით, მისი დაკავება საქართველოს მთავრობის  თხოვნით მოხდა.
“ეშინოდათ, დარბაზში, სადაც ამდენი ჟურნალისტი იმყოფებოდა, სააკაშვილის წინააღმდეგ გამოსვლა არ მომეწყო. როგორც ჩანს, მათთვის საშიში ვიყავი და ხმაური თავიდან აიცილეს. თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე,  ლიტვის პოლიციამ ვილნიუსი-კლაიპედას მატარებლიდან ჩამომსვა და თამაშის დასრულებისთანავე გამათავისუფლა. ლიტველმა სამართალდამცველებმა ჩემი დაკავების ოფიციალურ მიზეზად აბსურდული მიზეზი დაასახელეს,  თითქოს ეშინოდათ, რუსი გულშემატკივრებისთვის რაიმე პროვოკაცია არ მომეწყო.  თამაშზე დასასწრებად იმდენი ქართველი ჩავიდა,  რაღა მაინცდამაინც ჩემი შეეშინდათ?  მითუმეტეს  კავკასიური გარეგნობა ნამდვილად არ მაქვს. გარეგნობის მიხედვით, მატარებელში შემთხვევით არ გამაჩერებდნენ, რომ შევემოწმებინე –  ქართველი ვიყავი  თუ არა.  წინასწარ ჰქონდათ ჩემი მონაცემები გადაგზავნილი და თვალყურს მადევნებდნენ.  როგორც კი მატარებელში ავედი,  მაშინვე ჩამომსვეს,” – განაცხადა  მიშა მესხმა. გათავისუფლების შემდეგ  მესხს ერთ-ერთმა პოლიციელმა მეგობრულად  უთხრა: “ეს ყველაფერი თქვენი პრეზიდენტის გამო მოხდა და რას  ერჩი, მისგან რა გინდაო”. 2009 წლის 15 ივნისს  პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტის დროს მიშა მესხი დააკავეს.  მესხმა საქართველო  2010 წელს   ტელეკომპანია  “კავკასიის”  ეთერში ერეკლე დეისაძის წიგნთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შემდეგ  დატოვა და ლიტვას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.
ვიდრე “ნაცელიტა” გიგანტურ ხაჭაპურებს მიირთმევს და ჰალსტუხის საკვებად ვარგისიანობაზე მსჯელობით იქცევს თავს, პატიმრობაში მყოფი გიორგი დემეტრაძე პრაქტიკულად მშიერია. ადვოკატ მარიკა ფხალაძის განცხადებით, იგი არაადამიანურ, ღირსების შემლახველ სიტუაციაში იმყოფება. მსჯავრდებულს რუსთავის #6 დაწესებულებაში გადაყვანის დღიდან არ აძლევენ იმ ბარათის გამოყენების შესაძლებლობას, რომლითაც ციხის მაღაზიაში საკვებისა და პირადი ჰიგიენის საგნების ყიდვა შეუძლია.
“უკვე სამი კვირაა, დემეტრაძის ბარათი დაწესებულების თანამშრომლებს არ მიაქვთ, რომ ნივთები უყიდონ, რაც მას სჭირდება. ბარათი დემეტრაძეს აქვს და მასზე თანხაც არის ჩარიცხული. პატიმრები ყველა ჰიგიენურ საშუალებას ბარათით ყიდულობენ, ასევე – საკვებსაც. თუმცა ციხის საკვებს დემეტრაძე ვერ ჭამს, მოიწამლა კიდეც. ამჟამად იგი მხოლოდ წვენზე და ხილზეა,” – განაცხადა ადვოკატმა და განმარტა, რომ პრობლემის მოგვარების თხოვნით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელსაც მიმართეს, მაგრამ მათი თხოვნა დღემდე რეაგირების გარეშეა.
საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს – გიორგი დემეტრაძეს სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევა დააკისრა.
უფლებადაცვითი ორგანიზაციის – “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები განგებ არიდებენ თავს სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებებში შესვლას, რომლებშიც  სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები და პატიმრებისათვის გაუსაძლისი პირობებია. მისი აზრით, დიპლომატიური მისიები  ამ ხერხით ერიდებიან ხელისუფლების პირდაპირ კრიტიკას, იმიტომ, რომ ასეთ საპატიმროებში საკმაოდ კარგად ჩანს ის გაუსაძლისი მდგომარეობა, რომელიც, ადგილზე  მისვლის შემთხვევაში, მათგან კრიტიკას მოითხოვს.
ნანუაშვილის თქმით, ახალი ციხეების უმრავლესობა ევროკავშირის დაფინანსებით არის აგებული, მათ შორის რუსთავის ის ციხეც, რომელიც ევროკავშირის ელჩმა ამასწინათ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან ერთად მოინახულა.
Geworld.ge-ს მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here