Home რუბრიკები საზოგადოება 2 სექტემბრის ინფოდაიჯესტი

2 სექტემბრის ინფოდაიჯესტი

555

GEWORLD.GE:
„დღის ნოვაციად“ უთუოდ უნდა ჩაითვალოს ილიას უნივერსიტეტის პროფესორ ოლეგ პანფილოვის და კოალიცია ”ევროპული საქართველოსთვის” წარმომადგენლის, ლევან ჩოლოყაშვილის იდეა იმის თაობაზე, რომ საქართველოში საჭმელი ჰალსტუხები გაიყიდოს. ინფორმაცია ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა, ანდრეი ილარიონოვმა საკუთარ ბლოგზე გაავრცელა.არ არის გამორიცხული, „თავისუფალ უნივერსიტეტში“ გამარჯვებულ სტუდენტებს, დიპლომებთან ერთად, „საჭმელად ვარგისი, რეფორმატორული“ ჰალსტუხები გადასცენ.
ჰალსტუხის ანოტაციაში წერია, რომ „ჰალსტუხის ჭამა“ ხელს უწყობს პირადი ცხოვრების რეფორმირებას და ხარისხის ამაღლებას; აძლიერებს თავისუფლებისა და დემოკრატიის მადას, ეხმარება ავტორიტარიზმით დაავადებული საბჭოთა მენტალიტეტის მქონეებს; დამზადებულია ნატურალური პროდუქტით.
ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ოლეგ პანფილოვმა დაწერა, რომ “საქპატენტს” მიმართა, რათა საჭმელი ჰალსტუხები სუპერმარკეტებშიც გაიყიდოს.
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ სააკაშვილის ჯიბის პროფესურამ გადაწყვიტა, ქართველები ჰალსტუხით კვებოს, რათა პრეზიდენტის სამარცხვინო საქციელს მასობრივი და, აქედან გამომდინარე, არასაძრახისი სახე მისცეს. ამ ბატონებს ჰგონიათ, რომ ადამიანისათვის აუცილებელი საკვები პროდუქტით საქართველოს მოსახლეობას უკვე სრულიად არის უზრუნველყოფილი და ხალხს ახლა უკვე საპრეზიდენტო „დელიკატესს“ სთავაზობენ.
თავად ხელისუფლების მხარდამჭერნი გიგანტურ ხაჭაპურს მიირთმევენ, რომელიც გუშინდელი საკალათბურთო მარცხის შემდეგ კლაიპედაში, საქართველოს დღეების ფარგლებში გამოაცხვეს. საქართველოს დღეები ფრედრიკოს პასაჟეს ქუჩაზე იმართება, დღეს ანსამბლ “ქართული ხმების” კონცერტი გაიმართა. მათი სიმღერების ფონზე დაინტერესებულ პირები  ქართულ ღვინოსა და კერძებს აგემოვნებდნენ. ლატვიელებმა და  კლაიპედაში ჩასულმა ტურისტებმა ჩურჩხელების ამოვლების პროცესშიც  მიიღეს მონაწილეობა.  ხაჭაპურმა მათი განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ცნობილია, რომ კლაიპედაში ახალი დელიკატესი – საჭმელად ვარგისი ჰალსტუხი არ წარმოუდგენიათ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც კლაიპედაში ამ ღონისძიებებს მართავს, ილიაუნის ინიციატივის შესახებ საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ. დღესვე კლაიპედას ერთ-ერთ სიმბოლოს, ქანდაკებას სახელწოდებით „ბიჭუნა ძაღლით“ საქართველოს ნაკრების ფორმას ჩააცმევენ. ჰალსტუხი არც ამ შემთხვევაშია გათვალისწინებული.
კლაიპედას კიდევ ერთი ქართული ისტორია – „თანასწორობის ინსტიტუტის“ ყოფილი წევრის მიშა მესხის დაკავება უკავშირდება. ის უკვე  ერთი წელია, ლიტვაში იმყოფება და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს,  გუშინ კი,  რუსეთ–საქართველოს თამაშზე დასასწრებად ვილნიუსიდან კლაიპედაში მიდიოდა და ადგილობრივმა  პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა. ახლაგაზრდული მოძრაობის აქტივისტის აზრით, მისი დაკავება საქართველოს მთავრობის  თხოვნით მოხდა.
„ეშინოდათ დარბაზში, სადაც ამდენი ჟურნალისტი იმყოფებოდა, სააკაშვილის წინააღმდეგ გამოსვლა არ მომეწყო. როგორც ჩანს, მათთვის საშიში ვიყავი და ხმაური თავიდან აიცილეს. თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე,  ლიტვის პოლიციამ ვიულნიუსი–კლაიპედას მატარებილდან ჩამომსვა და თამაშის დასრულებისთანავე გამათავისუფლა. ლიტველმა სამართალდამცველებმა ჩემი დაკავების ოფიციალურ მიზეზად აბსურდული მიზეზი დაასახელეს,  თითქოს ეშინოდათ, რუსი გულშემატკივრებისთვის რაიმე პროვოკაცია არ მომეწყო.  თამაშზე დასასწრებად იმდენი ქართველი ჩავიდა,  რაღა მაინცდამაინც ჩემი შეეშინდათ?  მითუმტეს  კავკასიური გარეგნობა ნამდვილად არ მაქვს გარეგნობის მიხევდით მატარებელში შემთხვევით არ გამაჩერებდნენ, რომ შევემოწმებინე  ქართველი ვიყავი,  თუ არა.  წინასწარ ჰქონდათ ჩემი მონაცემები გადაგზავნილი და თვალყურს მადევნებდნენ.  როგორც კი მატარებელში ავედი,  მაშინვე ჩამომსვეს.“,_განაცხადა  მიშა მესხმა. გათავისუფლების შემდეგ  მესხს ერთ–ერთმა პოლიციელმა მეგობრულად  უთხრა: –  ეს ყველაფერი თქვენი პრეზიდენტის გამო მოხდა და რას  ერჩი, მისგან რა გინდაო. 2009 წლის 15 ივნისს  პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტის დროს მიშა მესხი დააკავეს.  მესხმა საქართველო  2010 წელს   ტელეკომპანია  „კავკასიის“  ეთერში ერეკლე დეისაძის წიგნთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შემდეგ  დატოვა და ლიტვას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.
ვიდრე ნაცელიტა გიგანტურ ხაჭაპურებს მიირთმევს და ჰალსტუხის საკვებად ვარგისიანობაზე მსჯელობით იქცევს თავს, პატიმრობაში მყოფი გიორგი დემეტრაძე პრაქტიკულად მშიერია. ადვოკატ მარიკა ფხალაძის განცხადებით, იგი არაადამიანურ, ღირსების შემლახველ სიტუაციაში იმყოფება. მსჯავრდებულს რუსთავის #6 დაწესებულებაში გადაყვანის დღიდან არ აძლევენ იმ ბარათის გამოყენების შესაძლებლობას, რომლითაც ციხის მაღაზიაში საკვებისა და პირადი ჰიგიენის საგნების ყიდვა შეუძლია. „უკვე სამი კვირაა, დემეტრაძის ბარათი დაწესებულების თანამშრომლებს არ მიაქვთ, რომ ნივთები უყიდონ, რაც მას სჭირდება. ბარათი დემეტრაძეს აქვს და მასზე თანხაც არის ჩარიცხული. პატიმრები ყველა ჰიგიენურ საშუალებას ბარათით ყიდულობენ, ასევე – საკვებსაც. თუმცა, ციხის საკვებს დემეტრაძე ვერ ჭამს, მოიწამლა კიდეც. ამჟამად იგი მხოლოდ წვენზე და ხილზეა”,-განაცხადა ადვოკატმა და განმარტა, რომ პრობლემის მოგვარების თხოვნით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელსაც მიმართეს, თუმცა მათი თხოვნა დღემდე რეაგირების გარეშეა. საქართველოს ნაკრების ყოფილი ფებურთელი გიორგი დემეტრაძეს სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევა დააკისრა.
უფლებათადაცვითი ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები განგებ არიდებენ თავს სასჯელაღსრულების ისეთ დაწესებულებაში შესვლას, სადაც სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები და პატიმრებისათვის გაუსაძლისი პირობებია. მისი აზრით, დიპლომატიური მისიები  ამ ხერხით ერიდებიან ხელისუფლების პირდაპირ კრიტიკას იმიტომ, რომ ასეთ საპატიმროებში საკმაოდ კარგად ჩანს ის გაუსაძლისი მდგომარეობა, რაც ადგილზე  მისვლის შემთხვევაში მათგან კრიტიკას მოითხოვს. ნანუაშვილის თქმით, ახალი ციხეების დიდი ნაწილი ევროკავშირის დაფინანსებით არის აგებული, მათ შორის რუსთავის ის ციხეც, რომელიც ევროკავშირის ელჩმა გუშინ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან ერთად მოინახულა.
„არის საკითხები, სადაც ევროკავშირის განცხადებები თანმიმდევრულია. არის საკითხები, სადაც ისინი ცდილობენ ერთგვარი გამართლება მოუძებნონ იმ მართლაც დიდ რესურსებს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან იხარჯება ქვეყანაში. მათ არ სურთ გააკრიტიკონ ხელისუფლება იმისათვის,  რომ ზოგიერთი მათი გრანტი არამიზნობრივად იყო გამოყენებული“, _ განაცხადა ნანუაშვილმა და დასძინა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ცდილობს, დიპლომატებს მხოლოდ ის ციხეები აჩვენოს, სადაც პირობები  უკვე გაუმჯობესებულია და სათქმელი აქვთ. ხოლო მძიმე მდგომარეობას, საგულდაგულოდ მალავენ. ეს ეხება ქსანის, გლდანის და სხვა ციხეებს.
ციხეებში არსებულ აუტანელ ვითარებას ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერი ეკა ბესელიაც. მან სახალხო დამცველის აპარატის 2011 წლის ზაფხულის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი დასმა მოითხოვა.
ბესელიას განცხადებით, 2011 წელს გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობის უკიდურესად მაღალი მაჩვენებელია. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2011 წლის დასაწყისში 67 პატიმარი გარდაიცვალა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაცილებით მეტია.
ეკა ბესელია პირობით ვადამდე გათავისუფლების (ე.წ. „უდო“) კომისიის მუშაობასაც  უარყოფითად აფასებს. „გათავისუფლება ხშირად არ ეხება იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც კანონოთ დადგენილ ყველა პირობას აკმაყოფილებენ“ – აღნიშნა ბესელიამ. მაგალითად, აღნიშნულმა კომისიამ სრულიად უკანონოდ უთხრა უარი პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ომარ ქუცნაშვილს.
ეკა ბესელიას განცხადებით, ცემისა და წამების ფაქტებზე გამოუძიებელ საქმეთა სიმრავლე დაუსჯელობის განცდას ქმნის და ახალისებს საჯარო მოხელეებს, რათა დანაშაულებრივი ქმედებები განაგრძონ. „არსებული ვითარება მოითხოვს,  დადგეს მინისტრ ხათუნა კალმახელიძის, ასევე გლდანის #8, რუსთავის #6 საპყრობილის დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი, იმ დანაშაულებრივი ფაქტების გამო, რასაც მოყვა მსჯავრდებულთა გარდაცვალება, ასევე  უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი-მონიტორინგის საბჭო, რომელიც გამჭვირვალეს გახდის შეწყალებისა და ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხთა კომისიების მუშაობას. გარდა ამისა, ობიექტურად და სწრაფად უნდა გამოიძიონ პატიმართა წამებისა და გარდაცვალების ყველა ფაქტი და შედეგები საჯაროდ საზოგადოებას გააცნონ“- აღნიშნა ბესელიამ და დასძინა, რომ აღნიშნული მოთხოვნები დიპლომატიურ წრეებს და საერთაშორისო ევროპულ ორგანიზაციებსაც გადაეგზავნებათ. ბესელია, როგორც ჩანს, დიპლომატიური მისიების მიმართ ნანუაშვილის პესიმიზმს არ იზიარებს.
ბედმა გაუღიმა ერთი წლის განმავლობაში ლიბიაში დატყვევებული გემის „ვასილიოს ენ“–ის ეკიპაჟის წევრებს. ისინი უკვე საქართველოში არიან. სარფის საბაჟო დღეს გემის კაპიტანმა ანტონ ყურაშვილმა და ხუთმა მეზღვაურმა გადმოკვეთეს. 
ლიბიაში დაპატიმრებულ გემზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მათ შორის ექვსი ქართველი. გემის ეკიპაჟის წევრებმა სასამართლო პროცესი მოიგეს, გემი გაყიდეს, აღებული თანხით დაგროვილი დავალიანება გაისტუმრეს და სამშობლოში დაბრუნდნენ. „გემის გაყიდვის პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მადლობელი ვარ იტალიაში საქართველოს ელჩისა და კონსულისა, რომლებიც ორჯერ იყვნენ ჩამოსულნი ჩვენთან“, _ განაცხადა ანტონ ყურაშვილმა.
შეგახსენებთ,  რომ ლიბიიდან გაქცეული  „ვისოლიოს ენ“-ის ექვსმა ქართველმა მეზღვაურმა გემთმფლობელი კომპანიის წინააღმდეგ მალტის სასამართლოში სარჩელი გაზაფხულზე შეიტანა. მეზღვაურები გემთმფლობელისგან 19 თვის სახელფასო დავალიანების გადახდას ითხოვდნენ. თურქეთდიან ლიბიის მიმართულებით სამშენებლო მასალით დატვირთული გემი  „ვისოლიოს ენ“  საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში დიდ ღელვაში მოხვდა, რის შედეგადაც ტვირთის ნაწილი დასველდა და მისმა მეპატრონემ ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა.
სამაგიეროდ, „ბორჯომის“ ტვირთის მიღებაზე უარს აღარ აცხადებს რუსეთის „როსპოტრებნადზორი“. მათი ინფორმაციით, მათ უწყებას ოფიციალურად მიმართა კომპანიამ “IDS ბორჯომი საქართველომ” რუსეთის ბაზარზე ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის” მიწოდების აღდგენის შესახებ.
„მომავალ კვირას  „როსპოტრებნადზორის“ სპეციალისტებისა და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება, რომლის დროსაც კომპანია წარმოადგენს ინფორმაციას იმ ზომებზე, რომელიც მიმართულია ხარისხის უზრუნველყოფისა და „ბორჯომის“ უსაფრთხოებაზე რუსეთის ფედერაციისა და საბაჟო კავშირის კანონმდებლობისა და მოთხოვნების შესაბამისად“,- ნათქვამია „როსპოტრებნადზორის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
 
ინდოელებთან კი საერთო ენის გამონახვა გაჭირდა. ქართულ-ინდური კომპანია შპს „ევრაზიანსთილსის“ ქარხანა „ჰერკულესის“ თანამშრომლები ორი საათით გაიფიცნენ.
2-საათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა ქარხნის მუშებმა, როგორც დაგეგმილი იყო, 13.00 საათზე დაიწყეს. გაფიცულები საწარმოს ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. ქარხნის შესასვლელთან კი მათი მხარდამჭერები იყვნენ, კერძოდ, სხვადასხვა პროფკავშირის წარმომადგენელები და მუშები. გამაფრთხილებელ გაფიცვაში სულ 150 ადამიანი მონაწილეობდა.  ქარხნის ტერიტორიაზე არ შეუშვეს მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რათა თავისი თვალით ენახათ, როგორი სამუშაო პირობები აქვთ ქარხანაში მუშებს. ქარხნის ხელმძღვანელობა კი გაფიცულებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. „თუ გაფიცულთა მოთხოვნები არ შესრულდება, სრულმასშტაბიანი გაფიცვა გაიმართება”, _ აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში. 
გამაფრთხილებელი აქციის თარიღი, დრო და მოთხოვნები, ქარხნის საგაფიცვო კომიტეტმა 31 აგვისტოს ყველა შესაბამის უწყებას გადაუგზავნა. გაფიცულები ქარხნის ხელმძღვანელობისგან, რომლებიც ინდოეთის მოქლაქეები არიან, პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის შვიდი წევრის სამუშაოზე აღდგენას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, „საწარმოში ინდოეთის 150 და საქართველოს 350 მოქალაქეა დასაქმებული, რომელთა სამუშაო პირობები იმდენად მძიმეა, რომ კატორღაში მომუშავე ტყვეებსაც არ ჰქონიათ არასდროს“.
სამწუხაროდ, ინდოელებთან დასაქმებულ ქართველებს მალტის სასამართლოში არ შეუძლიათ იჩივლონ, თორემ „ვისოლიოს ენ“-ის ეკიპაჟივით, ისინიც მოიგებდნენ სარჩელს. ქართული თემიდა კი მხოლოდ თვალახვეული კი არა, ბრმაცაა და ყრუც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here