Home რუბრიკები საზოგადოება «არ ავნო ავადმყოფს!»

«არ ავნო ავადმყოფს!»

1085

GEWORLD.GE:
რუბრიკა «ექსკლუზივის» დღევანდელი პუბლიკაცია წინამორბედებისგან განსხვავებულია – ექსკლუზიურ ფაქტზეა აგებული, ისეთზე, რომელიც ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს – სიცოცხლეს შეეხება, კერძოდ, ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების კომპლექსური მეთოდების ერთ-ერთ აუცილებელ შემადგენელს – უახლეს სამედიცინო ტექნიკას. მაშ – ჯერ ფაქტის შესახებ. შემდეგ – კომენტარი.
«ტოშიბა» საზღვრებს აფართოებს
გასულ პარასკევს, 12 აგვისტოს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, რომელსაც ფრიდონ თოდუას კლინიკას უწოდებს ხალხი, სამედიცინო ელიტისა და ხელისუფლების წარმომადგენლების თანდასწრებით გააფორმეს ხელშეკრულება იაპონურ ფირმა «ტოშიბასთან» 640-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფის შეძენის თაობაზე.
მედიკოსთა განმარტებით, ამ უნიკალური აპარატის მეშვეობით რამდენიმე წამში, ყოველგვარი ინვაზიის გარეშე, შესაძლებელია ადამიანის მთელი ორგანიზმის გამოკვლევა მინიმალური სხივური დატვირთვით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია დღევანდელი რადიოლოგიისთვის და საერთოდ მედიცინისთვის.
ინვაზია – ტერმინი, რომელსაც მედიცინაში სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, ლათინურიდან მოდის და თავდასხმას, შეტევას, შესევას, შეჭრას ნიშნავს.
შეჭრაზე შევჩერდეთ, რადგან ფრიდონ თოდუას მოსკოვიდან საქართველოში, ჩვენს სამედიცინო სივრცეში დაბრუნებას სწორედ ეს სიტყვა მიესადაგება – შემოიჭრა სიახლეთა დანერგვის, პროგრესის შეუქცევადობის თვალსაზრისით.
აშშ-ის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა (მსოფლიოს გამოჩენილ პიროვნებათა ბიოგრაფიების შემსწავლელმა ორგანიზაციამ) ბატონი ფრიდონი 2003 წლის საუკეთესო ადამიანად აღიარა «საზოგადოების წინაშე კეთილშობილური მიღწევებისთვის». მას შემდეგ ბევრი სიახლე დანერგა, ბევრი სიკეთე დათესა ამ უშურველმა კაცმა და «პარასკევის ჟესტი» კიდევ ერთი შემატებაა მისეულ «კეთილშობილებათა ნუსხაში».
ცინიკოსები ირწმუნებიან, რომ ადამიანი კეთილშობილურად იქცევა მხოლოდ მაშინ, როცა სხვა გზა არ აქვს. თოდუას მოღვაწეობა რადიკალურად განსხვავებულია: კეთილშობილება მისი ცხოვრების წესია და კეთილშობილურად იქცევა იმიტომ, რომ სხვაგვარად არ ძალუძს.
ზოგადი განსჯის ამ სიმაღლეებიდან კონკრეტული ფაქტის რეალობამდე დავეშვათ და ვკითხოთ ფრიდონ თოდუას:
– ბატონო ფრიდონ, რა მნიშვნელობა აქვს ამ უახლეს ტექნოლოგიას კომპიუტერული ტომოგრაფიის დარგისთვის, რომელსაც საქართველოში თქვენ ჩაუყარეთ საფუძველი?
– პირდაპირ გეტყვით, ეს არა მარტო ჩვენი კლინიკის, არამედ მთელი საქართველოს წარმატებაა: ანალოგიური აპარატები დღეს ევროპაში თითზეა ჩამოსათვლელი. ამერიკაშიც კი ნებისმიერი კლინიკისთვის სიამაყის საგანია, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგი არ მოეპოვება.
კომპიუტერული ტომოგრაფია 20 წლის წინათ სულ სხვა თაობის აპარატურით დავიწყეთ. შემდეგ შემოვიდა სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც დღეს საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქშია, თბილისში ოცდაათამდეა. ამას მოჰყვა სპირალური ტომოგრაფი, რომელსაც ერთი შრის გადაღება შეეძლო, შემდეგ – 16 შრის, მოგვიანებით – 64 შრის.
– შრე, თქვენი ტერმინოლოგიით, რას ნიშნავს, ბატონო ფრიდონ?
– ერთი შრე 0,5-დან 1 სანტიმეტრის სისქის გამოკვლევას ნიშნავს ადამიანის ამა თუ იმ ორგანოსი. რამდენიმე თვის წინათ შევიძინეთ 128-შრიანი კომპიუტერი. ეს უკვე პრესტიჟული საქმეა.
– ანუ?
– საზღვარგარეთ კოლეგები რომ შემეკითხებოდნენ, როგორი კომპიუტერი გაქვთო კლინიკაში, და ვუპასუხებდი, 128-იანი-თქო, იმათ თვალში მე კი არ ვმაღლდებოდი, არამედ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია პაციენტების გამოსაკვლევად ასეთი აპარატურის შეძენა.
უკვე დამკვიდრებულია 320-იანი, რომელიც ევროპასა და ამერიკაში ძალიან ბევრია. ახლა კი რეალურად 640-შრიანი კომპიუტერის შემოტანის წინაშე ვდგავართ.
ეს არის ფანტასტიკა, ეს არის ხვალინდელი დღე და ეს დღე საქართველოში გვითენდება.
– ექსკლუზიურად, მხოლოდ ჩვენთვის?
– დიახ, ექსკლუზიურად. დღეს ფირმა «ტოშიბას» წარმომადგენელთან ერთად ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის ძალით ჩვენთან დაიდგმება უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფი Aquillion One  640-Slice (4D) CT Scaner და სამ თვეში ამუშავდება.
ერთ გარემოებას მინდა მივაქციო «საქართველო და მსოფლიოს» მკითხველთა ყურადღება. დღეს მთელ მსოფლიოში მოქმედებს პრინციპი «არ ავნო ავადმყოფს». ეს აპარატი, რომლის შეძენის ხელშეკრულებას 12 აგვისტოს მოეწერა ხელი, სწორედ ამ პრინციპის პრაქტიკული განსახიერებაა, რადგან ხასიათდება მინიმალური სხივური დატვირთვით.
– დასხივება იგულისხმება?
– დიახ, დასხივება. 20 წლის წინათ, როცა რადიოლოგიაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, სადიაგნოსტიკო აპარატურა ადამიანის ორგანიზმზე დიდი სხივური დატვირთვით მოქმედებდა, მომდევნო თაობის სპირალურ აპარატურას უფრო ნაკლები დასხივება ჰქონდა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი იყო.
ახლა თვისობრივად სხვა ვითარება ყალიბდება. წარმოიდგინეთ, რომ რენტგენის მილის ერთი დატრიალებით შევძლებთ მთელი ორგანიზმის გამოკვლევას, თანაც – მინიმალური სხივური დატვირთვით.
320-იანს შეუძლია რვა სანტიმეტრი, ასე ვთქვათ, ერთ ჯერზე დაასკანეროს, ახალი აპარატი 16 სანტიმეტრს იღებს. ორჯერ მეტს. ხედავთ, როგორი პროგრესია! ეს ტექნიკური პარამეტრების მიხედვით. ახლა ორიოდ სიტყვით გეტყვით, მისი «სამედიცინო არეალის» შესახებ:
უწინარეს ყოვლისა, შესაძლებლობა გვეძლევა, ძირფესვიანად შევაფასოთ გულის მკვებავი კორონალური სისხლძარღვების მდგომარეობა, რაც ფრიად მნიშვნელოვანია დიაგნოზის დადგენისა და სწორი მკურნალობის ჩასატარებლად.
ეს მეთოდი ენაცვლება კორონოგრაფიის ინვაზიურ მეთოდებს, აფიქსირებს როგორც სისხლძარღვების სტრუქტურულ მდგომარეობას, ასევე, მის ფუნქციასაც აფასებს სისხლის ნაკადისა და ქსოვილების პერფუზიის შესწავლის გზით.
ბატონი ფრიდონი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გარდამავალი და მწვავე ინსულტების შემთხვევაში ეს მეთოდი პრაქტიკულად შეუცვლელია. ძალიან ხმამაღლა ნათქვამად და ძალიან დილეტანტურ შეფასებად თუ არ ჩამითვლიან მედიკოსები, ვიტყვი – რევოლუციურია! მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, როცა ფრიდონ თოდუას განმარტებიდან შევიტყვე, რომ ეს სიახლე შესაძლებელს ხდის თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების გამოვლენას დაავადების საწყის ეტაპზე, ანუ მაშინ, როცა სტრუქტურული ცვლილებები ჯერ კიდევ არ არის გამოხატული. ამასთან, შესაძლებელია არა მარტო სისხლის მიმოქცევის პარამეტრების შესწავლა, არამედ თავის ტვინის ნებისმიერ უბანში სისხლის მიწოდების სიჩქარისა და მოცულობის განსაზღვრაც.
მოკლედ, მკურნალს რა უნდა და – ყველა ამ მონაცემის გამოწვლილვით ცოდნაო.
– ამის საფუძველზე და ამის შემდეგ, – განაგრძობს ბატონი ფრიდონი, – გადაწყდება, რა სჭირდება ავადმყოფს – მედიკამენტოზური მკურნალობა, სტენტირება თუ ოპერაცია.
წინა თაობის აპარატების გამოყენების პირობებში ავადმყოფის მომზადება გვჭირდებოდა სწორი მკურნალობის ჩასატარებლად, ახალს – არ სჭირდება. მისი უნიკალურობაა ის, რომ ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერი ორგანოსა და სისტემის მყისიერი გამოკვლევისა და სრულფასოვანი გამოსახულების მიღების საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად ზუსტი კომპიუტერული კვლევისა და მინიმალური დასხივების პირობებში.
– ჯადოსნურ სარკესავით ყოფილა, ბატონო ფრიდონ.
– ჯადოსნური სარკე რა მოსატანია! ხუმრობაგაშვებით კი გეტყვით, რომ ჩვენი შენაძენი არის ვიზუალიზაციის ახალი სისტემა ადამიანის მთელი სხეულისთვის, აღჭურვილია კვლევის სრული სპექტრით, ლიდერია გამოსახულების ხარისხის, კლინიკური შესაძლებლობებისა და კვლევის სისწრაფის კუთხით. მეტიც, ეს არის პირველი ზემძლავრი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფილია უნიკალური ტექნოლოგიით, რაც კლინიკას საშუალებას აძლევს, იმუშაოს პრინციპულად მაღალ დონეზე, როგორც დიაგნოსტიკური გამოსახულების ხარისხის, ასევე, კლინიკური ამოცანების გადაჭრის თვალსაზრისით.
ფრიდონ თოდუა ასეთ ფორმულად აყალიბებს ზემოთ თქმულს – ეს აპარატი არის ოქროს სტანდარტი დიაგნოსტიკაში.
რა ეს და რა ოქროს კვეთი ხელოვნებაში.
და უფრო მეტიც:
– ნევროლოგიაში, განსაკუთრებით, შესაძლებელი ხდება მაღალი სიზუსტით კვლევის ჩატარება თავის ტვინის უმაღლესი ნერვული ფუნქციების შესასწავლად, ისეთების, როგორიცაა მეტყველება, სმენა, მხედველობა, მეხსიერება; თავის ტვინის ჰემოდინამიური პარამეტრების შესწავლა, იშემიური ინსულტების, სიმსივნეების, დეგენერაციული ცვლილებების, სხვა ნევროლოგიური დაავადებებისა და ეპილეფსიური სინდრომების დროს.
მგონი, საკმარისია იმის დასაჯერებლად, რომ მართლაც უნიკალური დანადგარი შეიძინა თოდუას კლინიკამ…
ზოგიერთი ფილოსოფოსი ამტკიცებს, რომ ცხოვრება მირაჟია, რომელსაც ადამიანი  წარმოშობს საკუთარი კომფორტულობისთვის (!), მაგრამ როცა მისი თავი ისეთ «კომფორტში» აღმოჩნდება, ისეთი დაავადება დაეტაკება, ზემოთ რომ ჩამოვთვალეთ, ერთ-ერთი იმათთაგანი, წარმოიქმნება მწარე რეალობა, რომელთანაც მირაჟს საერთო არაფერი აქვს.
ესეც მატერიალისტური დებულება – ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას.
მკითხველს სრული წარმოდგენა რომ ჰქონდეს, თუ რა შესაძლებლობებს ფლობს თოდუას კლინიკა, რამდენიმე მთავარ მომენტზე შევაჩერებ მის ყურადღებას.
ამჟამად ინსტიტუტში «სიმენსის» ფირმის სამი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი ფუნქციონირებს: 0,35 ტესლა, 1,5 ტესლა და უახლესი – 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი Magnetom Verio. ბოლო შენაძენი – 3 ტესლა სიძლავრის ტომოგრაფი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის სიამაყეა თავისი დიაგნოსტიკური პოტენციალით, ევროპის ბევრი კლინიკებისთვის შესაშურია ამ დონის აპარატი.
კვლევის ტექნიკური ბაზა ექიმებს პრინციპულად მაღალ დონეზე მუშაობის საშუალებას აძლევს, როგორც მიღებული დიაგნოსტიკური გამოსახულებების ხარისხის მხრივ, ასევე, კლინიკური ამოცანების გადაჭრის თვალსაზრისით. მაგალითად, აქ შესაძლებელია ადამიანის სხეულის 0,05 მმ სისქის ჭრილების მიღება!
ინსტიტუტში 8 ულტრაბგერითი აპარატია, მათ შორის უნიკალური ულტრაბგერითი აპარატი 3D-4D გამოსახულებით, რომელიც საშუალებას იძლევა რეალურ დროში მოახდინოს სხვადასხვა სტრუქტურების მოცულობითი გამოსახულებების შესწავლა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეან-გინეკოლოგიაში.
აქ პირველად საქართველოში დაინერგა ვიდეოენდოსკოპური ტექნოლოგიები და ენდოქირურგიული ჩარევები. ეს მიმართულება კვლავაც აქტიურად ვითარდება…
არავითარ შემთხვევაში არ გაძვირდება!
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სახელმწიფოს განვითარების უპირველესი კრიტერიუმი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
ცნობილია ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, შორსაა იდეალურისგან.
– ბევრი და მწვავე კრიტიკა მსმენია, – ამბობს ბატონი ფრიდონი, – ეს არ გვაქვს, ის გვაკლია და ასე შემდეგ.
მაგრამ 7-8 წლის წინათ ავადმყოფების თითქმის 80 პროცენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ მიდიოდა; დღეს – მინიმუმამდე შემცირდა, ათი პროცენტი თუ იქნება.
დიაგნოსტიკისთვის მაინც და მაინც უცხოეთში წასვლა ჩვენს მოქალაქეებს დღეს აღარ სჭირდებათ. საქართველოში ბრწყინვალე ექიმები გვყავს, მათ შორის, ბევრია უცხოეთში პრაქტიკაგამოვლილი. მაგალითად, ჩვენთან კლინიკაში საფრანგეთიდან დაბრუნდა ბრწყინვალე ონკოგინეკოლოგი ირაკლი თოდუა, რომელიც ურთულეს ოპერაციებს აკეთებს. ჩემი მოგვარეა, ნათესავი არ არის და მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ.
ბელარუსიდან ჩამოვიდა ასევე ბრწყინვალე ქირურგი თენგიზ გუგეშაშვილი. 45 წლისაა. ასაკს ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, როგორც წესი, პენსიაზე გასვლის შემდეგ ახსენდებათ სამშობლო ქვეყნიდან წასულებს. არადა, საქართველოს მათი ცოდნა და პროფესიონალიზმი სჭირდება მაშინ, როცა ზენიტში იმყოფებიან, როცა ძალა და ენეგია ერჩით.
ბატონი თენგიზი ბელარუსში ვეებერთელა კლინიკას ხელმძღვანელობდა. მაგრამ მიატოვა, ჩამოვიდა და ჩვენი ხალხის სამსახურში ჩადგა. ისეთ ოპერაციებს აკეთებს, როგორიც მანამდე საქართველოში არ კეთდებოდა…
ვფიქრობ, რომ დღეს პროფესიონალებისთვის საქართველოში ნამდვილად საუკეთესო სამუშაო პირობებია შექმნილი, ვიდრე ნებისმიერ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და ვინც თავს ნამდვილ პროფესიონალად, თავისი საქმის სპეციალისტად თვლის, თამამად შეუძლია თავის ქვეყანას ღირსეულად ემსახუროს.
ფრიდონ თოდუა დარწმუნებულია, რომ ძირითადი სიმდიდრე, რითაც შეუძლია იამაყოს ქართველმა ერმა, ეს არის ინტელექტუალური პოტენციალი, რომლის შენარჩუნებისთვის ზრუნვა ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა.
ინსტიტუტი განსაკუთრებით ამაყობს საერთაშორისო კონტაქტებით უცხოელ კოლეგებთან. მის თანამშრომლებს ხშირად უწევთ გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო კონგრესებზეც, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობენ.
და, რაც მთავარია, ინსტიტუტი თავად არის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების ცენტრი. აქ არსებული სასწავლო კათედრები და კურსები უზრუნველყოფს სტუდენტების, რეზიდენტების, ასპირანტებისა და ექიმ-რადიოლოგთა სრულფასოვან სპეციალისტებად ჩამოყალიბებას.
– 640-შრიანი კომპიუტერის შესაძენად, უთუოდ, დიდი ფული დაიხარჯა.
– ძალიან ძვირი ღირს. მაგრამ მოგვცეს შესაძლებლობა და  ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ. ვალს თანდათან გავისტუმრებთ.
– აპარატის სიძვირე, ალბათ, პაციენტის გამოკვლევის გაძვირებასაც გამოიწვევს. გასწვდება ხალხი გაზრდილ ხარჯს?
– არავითარ გაძვირებას არ გამოიწვევს.
– ვინ მოემსახურება ამ დანადგარს? ალბათ, ახალი სპეციალისტები დაგჭირდებათ.
– არა, არ დაგვჭირდება. ჩვენი ინჟინერი მხოლოდ ერთთვიანი მომზადების შემდეგ თავისუფლად აითვისებს ახალ დანადგარს. პროფესიონალები მუშაობენ ჩვენთან.
ჩვენს საუბარს შემოესწრო ბატონი რომან შაქარაშვილი, აკადემიკოს პეტრე სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი:
– ვისმენდი თქვენს საუბარს და, მგონი, უადგილო არ იქნება ერთი ასეთი ფაქტის გახსენება. სამიოდ წლის წინათ მე გამიკეთეს ოპერაცია, რომელიც ორი ძალიან სერიოზული ჩარევისგან შედგებოდა: ჯერ იყო პირველი ეტაპი და სამი თვის შემდეგ – მეორე ეტაპი. ეს ტექნოლოგია, ეს ხელოვნება, რომელიც ამ ინსტიტუტშია დანერგილი, საშუალებას იძლევა იგივე ოპერაცია ჩატარდეს ატრავმულად ნახევარი საათის განმავლობაში.
ახლა იმ ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც შემოდის ამ ინსტიტუტში – თუ სამიოდე თვის წინათ სამტესლიანი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის დონეზე ვიყავით, დღევანდელი ტექნოლოგია ისეთივეა თავისი მნიშვნელობით, როგორიც ახალი კლინიკის გახსნა: თავისი ინვესტიციური მოცულობითაც – მილიონს აღემატება და იმითაც, რასაც იგი იტვირთავს ჯანდაცვის განვითარებისთვის.
ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო
ფრიდონ თოდუა ექიმებისადმი დამოკიდებულების პრობლემას უბრუნდება:
– მეტი გაფრთხილება სჭირდება ექიმებს. მეტი მოფერება. სამწუხაროდ, დაზღვეული არ ვართ ავადმყოფის გარდაცვალებისგან, ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ჩვენთან ყველაფერს ექიმებს აბრალებენ.
– ამასწინათ პროფესორმა ლაურ მანაგაძემ თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში მიზეზს ავადმყოფობაში კი არ ეძებენ, არამედ – ექიმში.
– ვეთანხმები, რომ ასეც ხდება. პრესაში, ტელევიზიით სწორედ ასეთ დამოკიდებულებას აძლევენ უპირატესობას. უარყოფითი გაცილებით ჭარბობს დადებითს. ჩემი აზრით, ეს არანორმალური მდგომარეობაა და, უწინარეს ყოვლისა, უარყოფითად მოქმედებს პაციენტზე, რადგან რწმენას აკარგვინებს მკურნალის მიმართ.
ჟურნალისტების მისამართით ვამბობ ამას. მაგრამ, ბატონებო, როცა გაგიჭირდებათ, ხომ მოდიხართ ჩვენთან?
– მოვდივართ. თალმუდში ჩაწერილია – თუ ვინმემ მოახერხა და ორმოცი დღე კაეშნის გარეშე იცხოვრა, ჩათვალეთ, რომ ამქვეყნიურ სამოთხეს ეზიარაო. მაგრამ, ჯერ ერთი, ვინ გვაღირსებს ასეთ ბედნიერებას, მეორე, ავადმყოფობა ხომ ლამის ქუჩის ყოველ კუთხეშია ჩასაფრებული, და – მორჩილად მივდივართ ექიმთან. სხვა რა გზა გვაქვს?!
– და რახან მოდიხართ, რახან გვენდობით, უკუღმართად რატომ წერთ და რატომ აქვეყნებთ?
25 წელიწადი ვიცხოვრე და ვიმუშავე მოსკოვში. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, დიდი ავტორიტეტიც მქონდა. მაგრამ მივატოვე ყველაფერი, თუმცა კავშირები არ გამიწყვეტია, და ჩამოვედი საქართველოში, რადგან მჯეროდა, აქ უფრო საჭირო ვიყავი.
(შეეძლო არ ჩამოსულიყო, ისე ჩაეარა თავისი ქვეყნისთვის, როგორც ალმაცერ წვიმას:
По родной стране пройду стороной,
Как проходит косой дожьд.
(ვლადიმერ მაიაკოვსკი).
არ ჩაუვლია. ჩამოვიდა და ნულიდან შეუდგა დიდ საქმეს).
ხალხი ამომიდგა მხარში და მომცა ყველაფერ იმის რეალიზაციის საშუალება, რაც ჩაფიქრებული მქონდა და რაც გავაკეთე.
თხოვნით მივმართავ მასმედიაში მომუშავე ახალგაზრდებს: ნუ გააკეთებთ ისე, რომ ჩამოსული ექიმები იძულებულნი გახდნენ, დატოვონ საქართველო.
კრიტიკა, ნაკლის შენიშვნა, რა თქმა უნდა, საჭიროა, აუცილებელიცაა. მაგრამ მხოლოდ ამით დაკმაყოფილება, დადებითზე თვალის დახუჭვა, ჩემი აზრით, დამღუპველი შეიძლება იყოს.
არ დაგიმალავთ, რუსეთში მთელი პლეადაა ბრწყინვალე ქართველი ექიმების, რომლებიც საქართველოში არ ჩამოდიან. ბევრს შევთავაზე, უარს ამბობენ. ერთ-ერთი მიზეზი კი ის ნეგატიური დამოკიდებულებაა, რომელზეც ვსაუბრობ.
«საქართველო და მსოფლიოს» მეშვეობით, მინდა მოვუწოდო ჟურნალისტებს, ყველას, ყველას – მეტი ყურადღებითა და სითბოთი მოექცნენ ექიმებს! სხვათა შორის, ეს ჩვენი ცივილიზებულობის მაჩვენებელიც იქნება, იმისა, რომ საქართველო მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეულად ეწერება.
არმაზ სანებლიძე
 
P.S. კიდევ ერთი ფილოსოფიური სენტენცია და ამით დავამთავროთ: ადამიანის სიცოცხლე ფუფუნებაა, რადგან ვცოცხლობთ იმაზე ნაკლებს, ვიდრე არ ვცოცხლობთ. ამიტომ გავუფრთხილდეთ იმათ, ვინც ამ ფუფუნების გახანგრძლივების საშუალებას გვაძლევს.
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here