Home რუბრიკები ეკონომიკა დამჭკნარი ვარდის ეკალი, ანუ «ნაცმოკრატების» ფინანსური ეგზეკუცია

დამჭკნარი ვარდის ეკალი, ანუ «ნაცმოკრატების» ფინანსური ეგზეკუცია

1596

GEWORLD.GE:
ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში ხელისუფლების მიერ გამოვლენილი სისასტიკე და ძალმომრეობა «უცხო ხილი» სულაც არ არის, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ეს «ნაცმოკრატების» სახელმწიფოს მართვის სტილია და საზოგადოებასთან ყოველდღიური ურთიერთობის უკვე კარგად დამკვიდრებული პრაქტიკა.

ბოლო წლების განმავლობაში ყველამ კარგად ვნახეთ, თუ როგორ  გარდაიქმნა დასავლეთის მიერ გაფეტიშებული «დემოკრატიის შუქურა»  ავტორიტარიზმის წყვდიადად, რამაც საქართველოში წლების მანძილზე საზოგადოების უდიდესი ძალისხმევის შედეგად ჩამოყალიბებული დემოკრატიის ყველა სასიცოცხლო უჯრედი ლამის მარცვალ-მარცვალ ამოშანთა. ამ პოლიტიკამ განსაკუთრებით 26 მაისის «სისხლიანი აღლუმის» შემდეგ შეისხა ფრთები. იმ დღიდან სააკაშვილის რეჟიმმა საკუთარ(?) მოქალაქეებზე ნადირობის სეზონი გახსნილად გამოაცხადა და დამშეული აფთარივით კუნჭულ-კუნჭულ დაეძებს მსხვერპლს. ამ ვითარებაში  ყველაზე ამაზრზენი მაინც ის არის, რომ  დემოკრატიის შირმადქცეული «მიშუშული» ნაგებობები, რომლებიც უცხოელთა თვალში გამჭვირვალობის ილუზიას ქმნიდა, გაცილებით უფრო პირქუში და მზაკვრული გამოდგა, ვიდრე რეიგანის მიერ «აღმოჩენილი» რკინის ფარდა, რომლითაც საბჭოთა მმართველობა დანარჩენი (კაპიტალისტური) სამყაროსგან დისტანცირებას აკეთებდა კომუნისტი ამხანაგების «დასაცავად». დიახ, ეს სრული სიმართლეა, რადგან საბჭოთა მმართველობა არ ცდილობდა სხვა პოლიტიკურ სისტემასთან მსგავსების ილუზიის შექმნას, სააკაშვილის რეჟიმისგან განსხვავებით, რომელიც დემოკრატიისა და სამართლიანობის ნიღაბს არის ამოფარებული და დასავლური დემოკრატიული ტიპის სახელმწიფოზე აცხადებს პრეტენზიას. მაგრამ, როგორც მ. ებნერ-ეშენბახი ამბობდა, «სიკეთის ნიღაბს რომ არ ეფარებოდეს, ბოროტება ბევრს ვერაფერს გააკეთებდა ამქვეყნად».
დღეს ხელისუფლება კუნთებს ათამაშებს, ვინაიდან თვლის, რომ ოპოზიცია «ფარჩაკია», საზოგადოება კი – «მიჩმორებული», ამიტომ, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს, მითუმეტეს, დასავლეთისგან სრული კარტ-ლბლანში აქვს მიცემული 2013 წლამდე მაინც. მთავარია, მანამდე სტაბილურობა და მოჩვენებითი სიმშვიდე არ დაირღვეს, მაგრამ ასეთ ძალაზე დამყარებული პოლიტიკა სადამდე მიიყვანს სააკაშვილს? ლეიბორისტების მტკიცებით, – ჰააგის ტრიბუნალამდე, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ მისმა ამერიკელმა მფარველებმა სააკაშვილი თავის ცოლოურში გასასამართლებლად გაწირონ.
«ნაცმოკრატების» უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ «ხელისუფლების» ცნება დამახინჯებულად ესმით – «ხელისუფლებას» «სახელმწიფოსთან» აიგივებენ და საზოგადოებაზე  ზემოქმედებენ  მუსოლინისეული  მოწოდებით:  «ყველაფერი სახელმწიფოსთვის, არავინ და არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ»,  რასაც საფუძვლად უდევს ლუდოვიკოსეული აბსოლუტიზმი: «სახელმწიფო – ეს მე ვარ». ყოველივე ეს ავტორიტარული ინერციაა, ტოტალიტარული მისწრაფებით გაჯერებული, რომელიც, ერთის მხრივ,  ძალაუფლების სიყვარულით, მეორეს მხრივ კი, მისი დაკარგვის შიშით არის  ნასაზრდოები.
«უბედური არიან ის მეფეები, რომლებიც თავიანთი წყობის უშიშროებისთვის მიმართავენ უკიდურეს ზომებს და მტრად ჰყავთ ხალხის მასები. თუ ერთეულები ჰყავთ მტრად, შეუძლიათ იოლად და დიდი კონფლიქტის გარეშე მოიპოვონ უშიშროება, მაგრამ, თუ მთელი ხალხი ჰყავთ მტრად, ვერასოდეს უზრუნველყოფენ თავიანთ უშიშროებას. რაც უფრო დიდ სისასტიკეს მიმართავს მთავარი, მით უფრო სუსტი გახდება მისი თვითმპყრობელობა,» – ეს სიტყვები აღორძინების ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პიროვნებას, პოლიტიკურ მოაზროვნეს – ნიკოლო მაკიაველს ეკუთვნის, რომელიც კარგად იცნობდა ტირანებისა და დიქტატორების მმართველობის სტილს, რადგან მსგავს გარემოში უხდებოდა ცხოვრება და მოღვაწეობა.
მაკიაველის ეს სიტყვები ზუსტად შეესაბამება «ნაცმოკრატების» მმართველობის სტილს, რადგან სააკაშვილი თავისი ავტორიტარული რეჟიმის უსაფრთხოებას საკუთარი მოქალაქეების დატერორებითა და მათგან იზოლირებით ცდილობს, ვინაიდან კარგად უწყის, რომ მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია და მისი პოპულარობა პატრიოტულ ბანაკებში გამოწრთობილი ცოცხალი რუპორების «მიშა-მიშას» ძახილის იქით ვერ მიდის. ამიტომაც ძალაუფლების დაკარგვის შიში აიძულებს მას, მიმართოს სისასტიკეს და ძალმომრეობას.
უკანასკნელ დღეებში დევნილების სასოწარკვეთილმა მოთქმა-გოდებამ  ფასადშეღებილი თბილისის ქუჩები ერთიანად შეაზანზარა. საქმე ისაა, რომ ხელისუფლებამ დედაქალაქში არსებული კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან დევნილების მასობრივი გამოსახლების მორიგი კამპანია წამოიწყო. კერძოდ, საქმე ეხება სასტუმრო «აფხაზეთში» ჩასახლებულ  სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას, რომლებსაც ხელისუფლებამ აღნიშნული ფართის დაუყოვნებლივი დაცლა მოსთხოვა და კომპენსაციის სახით იმდენად მიზერული (10 ათასი ლარი) თანხა შესთავაზა, სასაცილოდ არ ეყოფა კობა სუბელიანს საკუთარი თავისთვის პრემიის გამოწერისას. ასეთი ცინიკური და უსამართლო დამოკიდებულება ამ მრავალტანჯული ხალხის მიმართ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ტოლფასია. მითუმეტეს, რომ სააკაშვილის რეჟიმი, უკვე რამდენიმე წელია, მიზანმიმართულად აწიოკებს დევნილებს და ცდილობს მათ საკონცენტრაციო ბანაკებსა თუ რეზერვაციებში მოთავსებას, რათა უფრო გაუადვილდეს მათი მართვა საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ.
შესაბამისი სამინისტრო, რომელიც კანონის ძალით ვალდებულია დევნილთა პირობების გაუმჯობესებაზე, დაცვასა და ხელშეწყობაზე ზრუნავდეს  დღესდღეობით მათი უფლებების დარღვევით არის დაკავებული. ხომ არ დადგა დრო, რომ «ლტოლვილთა და განსახლების» სამინისტროს გადაერქვას სახელი და ეწოდოს «დევნილთა გამოსახლების» სამინისტრო?!
მართალია, სააკაშვილმა ფინანსური კრიზისის დაწყებისთანავე «ქამრების შემოჭერის» პოლიტიკა ხელისუფლების სამოქმედო გეგმად წარმოგვიდგინა, მაგრამ რეალურად ქამრებთან ერთად საბმელით უჭერს ყელზე საზოგადოებას, «ნაცელიტა» კი, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, ძველებურად განცხრომით ცხოვრებას განაგრძობს.
სააკაშვილი მუდმივად საუბრობ აღმოფხვრილ კორუფციაზე, რომლის დამადასტურებელ არგუმენტადაც იმ სიმახინჯეების მოსპობა მოჰყავს, როცა საჯარო მოხელეები (პოლიცია, მებაჟე და ა.შ.) ყოველ ფეხის ნაბიჯზე ქრთამს იღებდნენ და ლამის მათხოვრებად იყვნენ ქცეულნი. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ «ვარდოსნების» ყველაზე პოპულარული ლოზუნგი «საქართველო კორუფციის გარეშე», რეალურად არ განხორციელებულა, რადგან, მართალია «წვრილჩლიქოსანი» კორუფცია ქვეყანაში (სახელმწიფო აპარატიდან) ამოიშანთა, მაგრამ მისი ადგილი თანდათან დაიკავა «ლეგალიზებული» კორუფციის ახალმა სახეობამ «ელიტური კორუფციის» სახით.
გარდა ამისა, სააკაშვილს არ სურს, აღიაროს, რომ ზემოაღნიშნული კორუფციული სიმახინჯეებისგან არაფრით განსხვავდება ის «ევროსტანდარტირებული» გადასახადები, რომლებიც დაუსაქმებელი, უშემოსავლო და გაღატაკებული მოსახლეობის აუტანელ ყოფა-ცხოვრებას კიდევ უფრო აუტანელს ხდის.
ხელისუფლებამ ტრანსპორტზე ფასები და კომუნალური გადასახადები ბოლო თვეების განმავლობაში ლამის სინათლის სიჩქარით გაზარდა. ჯერ იყო და დენის, გაზისა და წყლის გადასახადი ერთ ქვითარში მოაქცია და კომუნალური «სამებიდან» თუ რომელიმე ერთის გადახდას ვერ მოახერხებს მოქალაქე, დანაჩენ ორსაც გაუთიშავენ. ამით აღარ დაკმაყოფილდნენ და კრეატიულმა «ვარდოსნებმა» კიდევ ერთი უნიკალური მიგნება გააკეთეს: ამიერიდან ნაგვის გადასახადის გადახდა გახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით მოგვიწევს. ეს იდეა მიშას პირადი ნოუ-ჰაუა და, თუ არ გსურთ ზედმეტი თანხის გადახდა, კუჭი დენზე არ ამუშაოთ.
ზურაბ ჯამბურია
P.S. სააკაშვილის რეჟიმის მიერ გატარებული სოციალური ჩაგვრის პოლიტიკის შედეგად, რომელიც ფინანსურ ეგზეკუციაში გამოიხატება, ასეთი გაზრდილი ფასებისა და ტარიფების ფონზე დაუსაქმებელ და შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას უფულოდ, უპუროდ, უშუქოდ, უწყლოდ, უგაზოდ საკუთარ სახლში (თუ მანამდე სახლიც არ წაართვეს) უპატრონოდ შეიძლება ამოხდეს სული და არავის გაუკვირდება, ამ ხალხთმოძულე «ვარდოსნებმა» საფლავიც რომ არ აღირსონ.
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here