GEWORLD.GE:
შეთქმულების თეორიებში ბრალდება დღეს მეტად გავრცელებული სენია. საკმარისია, ორ მოვლენას შორის თვალსაჩინო კავშირი ან პროცესის კანონზომიერება დაინახოს ვინმემ, უმალ «კონსპიროლოგიის მომხრეობას» დასწამებენ. ითვლება, რომ დღევანდელ არეულ მსოფლიოში ყველაფერი სტიქიურად ხდება და მასთან რომელიმე ჯგუფს ან, მით უფრო, საიდუმლო ორგანიზაციას არანაირი კავშირი არ აქვს. ნიშანდობლივია, რომ თავად ამგვარი ჯგუფების ან საიდუმლო ორგანიზაციების ყოფნა-არყოფნას არც არავინ ადასტურებს და არც არავინ უარყოფს.
თავის დროზე ბრიტანული სპეცსამსახურების ყოფილმა ჩინოსანმა, ამერიკელმა პუბლიცისტმა ჯონ კოლემანმა თავის წიგნში «300-თა კომიტეტი, მსოფლიო მთავრობის საიდუმლოებანი» აღწერა აშშ-ის, ბრიტანეთისა და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს ელიტებისგან შემდგარი საიდუმლო ორგანიზაცია, რომლის მიზანია მსოფლიოს მოსახლეობის ერთ მილიარდამდე შემცირება. მას ჩვენი მკითხველი «ოქროს მილიარდის» სახელით იცნობს.
მალთუსის თეორია არ მომკვდარა და პერიოდულად იგი სხვადასხვა სახელით იწყებს ახალ სიცოცხლეს. ირწმუნებიან, რომ დედამიწის რესურსები არასაკმარისია იმისთვის, რათა 7 მილიარდი ადამიანი გამოკვებოს, ამიტომ გახდა თურმე საჭირო გენმოდიფიცირებული სურსათი. მათ, ვინც ორგანიზმების გენეტიკაში ჩარევას ღვთის გმობად აფასებს, «ბნელებად» ნათლავენ, მაგრამ ჯიუტად დუმან იმაზე, რომ ბუნების წინააღმდეგ (ამ გამოთქმას საგანგებოდ მათთვის ვხმარობ, ვისაც ღმერთის ხსენებაზე რაციონალური აზროვნების უნარი ეკარგება) მიმართული სელექციაც კი ყოველთვის უნაყოფო არსებას ბადებს. მაგალითად, ცხენისა და ვირის შეჯვარებით ჯორი მიიღება, მაგრამ თავად ჯორს შთამომავლობა ვერასოდეს ეყოლება. ეს სხვა ორგანიზმებთან დაკავშირებითაც დადასტურდა. საოცარი დამთხვევაა, მაგრამ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემთხვევაშიც ზუსტად ასეა.
თუმცა მალთუსის თეორიასა და გლობალურ შეთქმულებებს მივუბრუნდეთ. სინამდვილეში დედამიწის რესურსები, გონივრული გამოყენებისა და სამართლიანი განაწილების შემთხვევაში, გაცილებით მეტ ადამიანს არჩენს, ვიდრე ამას გვიმტკიცებენ, მაგრამ სოციალური სამართლიანობა და ჰუმანიზმი ის სიტყვებია, რომლებიც დემოკრატიის სახელით მსოფლიოს მძარცველი ელიტისთვის ადრეც მიუღებელი იყო და ახლაც. დასავლური ცივილიზაცია, რომელმაც, დიდი ხანია, დაივიწყა თავშეკავება, რაიმეზე უარის თქმა, ოდნავი დისკომფორტის მოთმენაც კი, კვლავაც სხვათა რესურსების მიტაცებით უხანგრძლივებს საკუთარ მოსახლეობას ცხოვრების მაღალ დონეს. მათაც ირწმუნეს, რომ კეთილმოწყობილი ცხოვრება მათივე ჭკუისა და მარიფათის (უფრო ამაღლებულად კი – პროტესტანტული შრომის ეთიკის) დამსახურებაა და არა სხვათა ძარცვა-გლეჯისა.
არის თუ არა ეს შეთქმულება? – კარგით, რაო! – იტყვის მავანი, რომელსაც არც საკვების პრობლემა აქვს და არც მკურნალობა-დასვენების. – დიახაც, არისო! – უპასუხებს დანარჩენი მშიერი კაცობრიობა.
მთელი ამ აბსურდის საიდუმლოება ის არის, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქციის გავრცელებას მთელ მსოფლიოში ზემოგება მოაქვს. ის, რომ ქართული შინამეურნეობის სურსათი უცხოეთიდან შემოტანილის კონკურენციას ვერ უძლებს, სულაც არ არის ადგილობრივი მოვლენა. ასეა ყველგან, ე.წ. განვითარებული ქვეყნების გარდა. იქ, სადაც გენმოდიფიცირებული თესლეული შედის, ადგილობრივი ჯიშები ნადგურდება, სოფლის მეურნეობა კი წამგებიანი ხდება.
არის თუ არა ეს შეთქმულება?
გაზეთის წინა ნომერში ბენ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციაზე ვწერდი, რომლის დეტალებმა ორიოდე კვირის წინ გაჟონა ამერიკულ პრესაში. სპეცრაზმის ოფიცერი ყვებოდა, თუ როგორ გაანადგურეს რამდენიმე უიარაღო ადამიანი, ვიდრე ბენ ლადენს მოკლავდნენ. ამერიკულ კინოფილმებს ნაჩვევ მკითხველზე მთელი ეს ოპერაცია საკმაოდ დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენს, თუმცა ამაზე უფრო დამთრგუნველი აღმოჩნდა სულ ერთ კვირაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ავღანეთის პროვინცია ვარნაკში ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა.
ირკვევა, რომ მათგან 30 სწორედ ის სპეცრაზმელი იყო, ვინც ბენ ლადენი გაანადგურა. ეს ისეთივე სათუოა, როგორც ის, რომ მოკლული ნამდვილად ბენ ლადენი იყო. და საერთოდაც, არსებობდა კი ეს მითიური ბენ ლადენი? ინტერნეტში გავრცელებული აღმოსავლური გარეგნობის მამაკაცის ვიდეოგამოსვლების გარდა, ის რეალურად არავის უნახავს. ერთი კი ნათელია, რომ მისი წყალობით ამერიკული სამხედრო მანქანა ყოველთვის ახერხებდა ნავთობით მდიდარ რომელიმე ქვეყანაში შეჭრის წინაპირობის შექმნას.
არის თუ არა ეს შეთქმულება?
კიდევ უფრო დამთრგუნველია რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ათი წლის განმავლობაში ბენ ლადენის ვერაღმომჩენმა ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ორიოდე დღეში, ოპერატიულად აღმოაჩინეს თალიბთა ზუსტად ის ჯგუფი, რომელმაც სპეცრაზმელებით სავსე ვერტმფრენი ჩამოაგდო! ახლა ამ ამბის არც ერთი მოწმე აღარ დარჩა.
არის თუ არა ეს შეთქმულება?
ბრიტანეთში დაწყებული არეულობების წინაპირობას ვერავინ ხსნის. ითვლება, რომ ეს პოლიციელის მიერ მოკლული ერთი ახალგაზრდის გამო აგორდა. თუმცა საპროტესტო აქციების ნაცვლად ამ ტრადიციულ, მოწესრიგებულ ქვეყანაში ერთბაშად იფეთქა ქუჩის ძალადობამ და მაროდიორობამ. ეს სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან 2003 წელს ერაყის კამპანიაში ჩართვის გამო ტონი ბლერის გადადგომის მოთხოვნით მილიონზე მეტი ბრიტანელი გავიდა ლონდონის ქუჩებში, მაგრამ არც ბლერი გადამდგარა და არც ის დანაშაულებრივი კამპანია შეუწყვეტია ვინმეს. დღეს ქუჩაში გამოსულებმა პირდაპირ «ადეკვატურ ზომებს» მიმართეს.
ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მას აღარ ძალუძს შემწეობაზე მყოფი ამდენი ემიგრანტის შენახვა. ვიდრე კოლონიები იძარცვებოდა, თავად ბრიტანეთში მოსახლეობა უპრობლემოდ ცხოვრობდა, მაგრამ კოლონიის მოსახლეობაზე დარდით (იშვიათი გამონაკლისის გარდა) თავი არ აუტკივებია. ახლა, როცა ყოფილი კოლონიებიდან ადამიანები მეტროპოლიისკენ დაიძრნენ, რათა მათთვის წართმეულის მცირედი ნაწილით მაინც ეხეირათ, ბრიტანელებს მოთმინების ფიალა აევსოთ. ასე მხოლოდ ბრიტანეთში როდი ხდება. გერმანიაში ფეშენებელურ უბნებში მანქანების დაწვა დაიწყეს. საფრანგეთში არც ისე დიდი ხნის წინ მასობრივი არეულობა სასტიკად ჩაახშო იმხანად შინაგან საქმეთა მინისტრმა სარკოზიმ. ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. ერთი კი ნამდვილად უდავოა: კარგი ცხოვრება არც «განვითარებულ ქვეყნებში» ხერხდება ძალმომრეობის გარეშე.
არის თუ არა ეს შეთქმულება?
არეულობა ბრიტანეთში სულაც არ ყოფილა სპონტანური. ქუჩაში გამოსული ადამიანები მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს იღებდნენ იმის შესახებ, თუ სად და როდის უნდა მისულიყვნენ. ლეგენდარულმა მი-6-მა და ქვეყნის სხვა სპეცსამსახურებმა ამ შეტყობინებების წყარო ვერ დაადგინეს. სამაგიეროდ, რუსულ პრესაში «გაჟონა» ინფორმაციამ, რომ 2008 წლის ომის დროს ქართული ჯარის მართვა და კოორდინაცია, მისი კავშირგაბმულობით უზრუნველყოფა თურქეთში განლაგებული აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ბაზიდან ხორციელდებოდა!
არის თუ არა ეს შეთქმულება?
ამერიკაში კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა. დიდი სჯა-ბაასის შემდეგ «ფულის საბეჭდი მანქანა» კვლავ ამუშავდება და ისედაც გაუფასურებული დოლარი კვლავაც უბირი ადამიანების მის მიმართ ბრმა ნდობით იარსებებს. ამას კი კიდევ უფრო მეტი რესურსის გაზიდვა დასჭირდება «განვითარებადი ქვეყნებიდან». ნავთობი და გაზი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ამის კომპენსირება ხორცისა და სამარშრუტო ტაქსის ანომალიური გაძვირებით უნდა მოახერხონ «ოქროს მილიარდის» წევრობის ადგილობრივმა პრეტენდენტებმა.
არის თუ არა ეს შეთქმულება?
ზოგადად, შეთქმულების თეორიებს ყველაზე ხმამაღლა მართლაც თავად შეთქმულნი უარყოფენ. ისინი ირწმუნებიან, რომ ეს პარანოიაა, არავითარი შეთქმულება არ არსებობს და ყოველივე თავისი გზით მიდის, თუმცა ვერასგზით ვერ ხსნიან იმას, რომ კაცობრიობის მთელი ისტორია, შემდგარი და უფრო მეტი არშემდგარი უამრავი შეთქმულებისგან შედგება.
ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი შეთქმულებისა, რომელიც ჩვენს თვალწინ გათამაშდა, ე.წ. ვარდების რევოლუცია იყო. დღესაც ბევრს სჯერა, რომ ამ «დადგმული სპექტაკლით შევარდნაძემ თავის გამოზრდილებს გადააბარა ძალაუფლება».
ამ თეორიის მომხრეებს ერთი ნიშანდობლივი შეცდომა მოსდით: შეთქმულება შეიძლება არსებობდეს კიდეც, მაგრამ იგი პიესა არ არის, რომელშიც როლები გაწერილია და შედეგი – წინასწარ განსაზღვრული. შეთქმულებაში ცოცხალი ადამიანები მონაწილეობენ – თავისი ვნებებით, მისწრაფებებით, ამბიციებით. როგორ მოიქცევიან ისინი კონკრეტულ სიტუაციაში, ზოგჯერ მათ თავადაც არ იციან. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილი სულ მალე ჟვანიას, შემდეგ კი ბურჯანაძის გარეშე შეინარჩუნებდა ძალაუფლებას.
არც იმის დაჯერება ღირს, რომ შევარდნაძე თავად მონაწილეობდა ხელისუფლებისგან მისი ჩამოშორების პროცესში. მოვლენათა რიგი ყოველთვის არ არის პიროვნებებზე დამოკიდებული. ვისაც თეატრის შიდა ცხოვრებასთან ჰქონია საქმე, მან იცის: თუ გინდა, მსახიობი სცენაზე «გააფუჭო», საკვანძო რეპლიკა არ უნდა უთხრა. ამ ვითარებიდან თავის დაღწევა მხოლოდ ვირტუოზებს შეუძლიათ. შევარდნაძემ სწორედ ის საკვანძო რეპლიკა არ მიაწოდა რევოლუციურ სამეულს; მას უნდა ეთქვა, რომ აუქმებს არჩევნების შედეგებს, ექვსი თვით რჩება ხელისუფლებაში, ატარებს ახალ არჩევნებს და ეს სამეული მოჰყავს ხელისუფლებაში, ანუ მას თავად უნდა მოეხდინა სახელმწიფო გადატრიალების ლეგიტიმაცია. მან კი სულ სხვა რეპლიკა მიაწოდა სამეულსაც და სხვებსაც: მე სახლში მივდივარ (საკუთარ ლეგიტიმურობაზე კი თავად იზრუნეთო)!
იყო თუ არა ეს შეთქმულება?
ცხადია, ეს იყო შეთქმულება ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, ოღონდ შევარდნაძის დაუგეგმავ რეპლიკაზე გამოუცდელი მსახიობების რეაქციამ სპექტაკლი ბალაგანად აქცია.
ნანა დევდარიანი