GEWORLD.GE:
ლეიბორისტულმა პარტიამ პირველი კლასიდან ინგლისური ენის სწავლების შემოღება გააპროტესტა, აგრეთვე, – ის, რომ «სტუდენტი ინგლისურს თუ არ ისწავლის, დიპლომს ვერ მიიღებს». «ანგლო-ამერიკული იმპერიალიზმის მარიონეტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართული ენა მთავარ სამიზნედ ამოიღო,» – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა და მოუწოდა «სტუდენტებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, უარი თქვან ინგლისური ენის სწავლაზე იქამდე, ვიდრე ქართული ენის დევნა არ შეწყდება» («მედიანიუსი»).
ზოგს ლეიბორისტების რიტორიკა შეიძლება ერთობ რადიკალურად მოეჩვენოს და ეპიზოდებში ფიდელ კასტროს მგზნებარე გამოსვლები მოაგონოს (გასულ კვირას კომანდანტე 85 წლის გახდა), თუმცა პრობლემა, რომელსაც ისინი შეეხნენ, აქტუალურია; ისიც ფაქტია, რომ ბევრ ადამიანს მთელი ეს «იძულება ინგლისურისადმი», მარტივად რომ ვთქვათ, ყელში ამოუვიდა.
დასაწყისისთვის კარგი იქნება იმის გარკვევა, თუ როგორ ინაწილებენ როლებს ამ პროცესში «ანგლო-ამერიკული იმპერიალიზმი» და მისი «მარიონეტი» (ბარემ შატბერაშვილის ტერმინოლოგია ვიხმაროთ). ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ ინგლისურის ტოტალური დანერგვა მიხეილ სააკაშვილის პერმანენტულ კოგნიტურ დისონანსთან დაკავშირებული სუბიექტური მოტივებიდან, მოკლედ, მისი ბანალური ახირებიდან გამომდინარეობს, თუმცა არის სხვა ვერსიაც; ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოში გადმოსხმული არ იყო ინგლისურის მასწავლებლების დესანტი, რომელთა რიგებიდან საზოგადოებას ყველაზე მეტად, ალბათ, ფალოიმიტატორის უმისამართო ქნევაში გაწაფული ერთი ახალგაზრდა დაამახსოვრდა, სააგენტო «სინხუა» იტყობინებოდა: «საქართველოში ინგლისური ენის სწავლებას გააძლიერებენ. ამას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ითვალისწინებს». შეიძლება გაჩნდეს ბუნებრივი კითხვა: რა შუაშია აქ ჩინეთის მთავრობის ოფიციალური ორგანო – სააგენტო «სინხუა», კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გაზეთი «ჟენმინ ჟიბაო», რომელმაც ეს ინფორმაცია ასევე გაავრცელა და რამდენად სწორია მათი ინტერპრეტაცია?
ხსენებული ქარტიის მეხუთე ნაწილში ნათქვამია: «აშშ და საქართველო გამოხატავენ სურვილს, მოხდეს ორი ქვეყნის ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავება და კულტურული, საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლის პროგრამების გაფართოება», ხოლო შემდეგ ჩამოთვლილია ინიციატივები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს «კულტურულ და სოციალურ გაცვლასა და საქმიანობას», მათ შორისაა «ფულბრაიტის პროგრამა», სტუდენტური გაცვლა და ა.შ. ბოლოს ნახსენებია «ინგლისური ენის სწავლისა და სწავლების პროგრამა», თუმცა მას არაფერი აქვს საერთო იმ ღონისძიებებთან, რომელთაც სააკაშვილის ხელისუფლება ანგლოფიკაციის კუთხით ბოლო დროს მიმართავს. ისინი, სავარაუდოდ, არა უშუალოდ ქარტიის ტექსტს, არამედ მხარეთა მიერ მის შემდგომ გააზრებას უნდა დავუკავშიროთ, თორემ აშშ-უკრაინის პარტნიორობის ქარტიაში ზუსტად იგივე წერია, თუმცა უკრაინულ სასწავლებლებში ამ მხრივ სრული სიმშვიდეა. გასული წლის 21 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ «მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში ინგლისური ენის შესწავლის მასშტაბები გაიზრდება, რადგან ეს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია» («24 საათი»). ასე რომ, ქარტია, ალბათ, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ფუნდამენტი, რომელზეც სააკაშვილის ხელისუფლებამ თავისი სტრატეგია ააგო.
ამგვარად, «ჩინური ინტერპრეტაცია» ფორმალურად არაზუსტია, თუმცა, პოლიტიკური თვალსაზრისით, – საკმაოდ ლოგიკური: ინგლისური ენის ტოტალური დანერგვის პოლიტიკა სათავეს აშშ-საქართველოს ქარტიიდან, უფრო ზოგადად კი, ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობებიდან იღებს; ხოლო ყურადღება ამ (ჩინეთის გადასახედიდან უმნიშვნელო) ფაქტს პეკინში, ალბათ, იმიტომ მიაქციეს, რომ მის მიღმა აშშ-ის გავლენის რეალური ზრდა დაინახეს (ასეთ ფაქტებს საგულდაგულოდ აღნუსხავენ ხოლმე). მაგრამ, როგორც (დღეს) შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულად რა როლი შეასრულეს ამერიკელებმა აგვისტოს ომის ან 26 მაისის დარბევის პროვოცირებაში (ეჭვები კი გამოითქმის, მაგრამ მტკიცებულებები არ ჩანს); ასევე შეუძლებელია იმის ზუსტი განსაზღვრა, თუ რამდენად დიდი იყო მათი გავლენა სააკაშვილის ხელისუფლებაზე, როდესაც მან ინგლისური ენისთვის გამორჩეული სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. თუ ხვალ თეთრ სპილოზე ამხედრებული სოსო შატბერაშვილი «ანგლო-ამერიკელი იმპერიალისტების» ბანაკის შუაგულში შეიჭრება და ყოველივეზე პასუხს მოსთხოვს, ისინი მშვიდად ეტყვიან: «რატომ ბრაზობ, სოსო? ეს ხომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი იყო».
ზუსტად ერთი წლის წინ სააკაშვილმა განაცხადა: «მთავარი მოთხოვნაა, საქართველოში მცხოვრები სკოლის ასაკის ყველა ბავშვი, 5-დან 16 წლის ჩათვლით, ინგლისურენოვანი გახდეს, რასაც მივაღწევთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. როგორც თავის დროზე დავით აღმაშენებელმა ჩამოიყვანა 50 ათასი ყივჩაღი და საქართველოს სახელმწიფომ შეუქცევადი ხასიათის მოდერნიზაცია მიიღო, ზუსტად ამ მასშტაბის მოვლენაა 3 წლის განმავლობაში 10 ათასამდე ინგლისურის მასწავლებლის ჩამოყვანა საქართველოში». თავი დავანებოთ იმას, რომ ფიგურანტმა, სავარაუდოდ, არ იცის რამდენი ყივჩაღი ჩამოასახლეს საქართველოში, ვინ იყვნენ ისინი, რა არის მოდერნიზაცია, აგრეთვე, მის დაჟინებულ მცდელობებს, აღმაშენებელს შეედაროს, რომელიც სააკაშვილის სამი წლის წინანდელი პირუეტების შემდეგ სასაცილოც კი აღარ არის. მთავარი სხვა რამაა – ხელისუფლების ამ ინიციატივის ხორცშესხმას, სხვა წამოწყებებისგან განსხვავებით, უჩვეულო თანმიმდევრულობა ახასიათებს, რამაც შეიძლება გაამყაროს ეჭვი იმის თაობაზე, რომ პროექტის დაგეგმვასა და მენეჯმენტში ამერიკელი პარტნიორები უშუალოდ არიან ჩართულნი.
პირველი შედეგები უკვე სახეზეა: ჩვენ არჩევანის თავისუფლება შეგვიზღუდეს. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იძულებული გახდებიან, ინგლისური ენა შეისწავლონ. სრულიად საქართველოს კი საღამოს საათებში უჩვენებენ ინგლისურენოვან ფილმებს სუბტიტრებით; მთავრობა ენის შესწავლის მსურველებისთვის ერთი ინგლისურენოვანი არხის შექმნით რომ შემოფარგლულიყო, ეს, ალბათ, ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა ყოვლად შეუწყნარებელია. არიან ადამიანები, რომელთაც არც ინგლისურის შესწავლა და არც «ფილმების წაკითხვა» სურთ და, სავარაუდოდ, ისინი ტელეაუდიტორიის ძალიან დიდ ნაწილს შეადგენენ.
5-6 წლის ბავშვებისთვის უცხო ენის სწავლება კი უაღრესად საეჭვო, გარკვეული რაკურსით, ავანტიურისტული გადაწყვეტილებაა. პედაგოგების მიერ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ცხადყოფს, რომ ოპტიმალური ასაკი უცხო ენის სწავლის დაწყებისთვის 8-9 წელია (მინიმუმ 7); ხოლო ორი ენის «პარალელურმა» სწავლამ ბავშვი შეიძლება ისე დააბნიოს, რომ სათანადო დონეზე ვერც ერთს ვერ დაეუფლოს. პირველკლასელებს კომპიუტერებიც დაურიგდებათ და, შესაბამისად, მათი ათვისებაც მოუწევთ; ახალი ინფორმაციის ნაკადი იმდენად მოცულობითი იქნება, რომ, ძალიან დიდი ალბათობით, 5-6 წლის ბავშვის გონება, მის «დამუშავებას», დახარისხებას ვერ მოახერხებს. შედეგად, ის ნორმალურად ვერც ქართულს, ვერც ინგლისურს, ვერც კომპიუტერს ისწავლის. ეს, თავის მხრივ, საფუძლველს ჩაუყრის შემეცნებასთან და გამოხატვასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც ბავშვის განვითარების საკვანძო პერიოდში ხელს შეუშლის სრულყოფილი პიროვნების ჩამოყალიბებას.
აქ საინტერესო მომენტს ვუახლოვდებით: აღწერილი სირთულეები არ შეიქმნება, თუ ინგლისურის (თუნდაც გაძლიერებული) სწავლება მესამე-მეოთხე კლასში დაიწყება, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლება თითქოსდა განგებ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს არასრულყოფილი, ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე პიროვნებების მთელი გენერაციის ფორმირებას, რომელთა მართვა მომავალში საკმაოდ იოლი იქნება. იმედია, ეს უმეცრებით გამოწვეული გადაწყვეტილებაა და არა გააზრებული ნაბიჯი და სოციალურ-ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი საკუთარი მოსახლეობის ყველაზე ძვირფას და დაუცველ ნაწილზე, რაც თავისი ამორალურობით, შეიძლება მხოლოდ გენოციდის დაგეგმვასა და განხორციელებას შევადაროთ.
როგორი იქნება ხელისუფლების მომდევნო ნაბიჯები? თუ პარალელებს სინგაპურთან გავავლებთ, ეს შეიძლება იყოს მთავარ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების გადაყვანა ინგლისურ ენაზე, პერსპექტივაში კი – ინგლისურისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება; სინგაპურის ყოფილი პრემიერი ლი კუან იუ აღნიშნავს, რომ გარდამტეხი მომენტი მის ბრძოლაში ინგლისური ენის დანერგვისთვის, უნივერსიტეტის «დაპყრობა» იყო. ამის შემდეგ ინგლისურის შესწავლა ახალგაზრდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდება; ხოლო ქართული ნელ-ნელა უკანა პლანზე გადაინაცვლებს. ვიღაცამ წინარე აბზაცში შეიძლება ალარმისტული კონსპიროლოგია აღმოაჩინოს, თუმცა მსგავსი გეგმების არსებობის გამორიცხვა, ალბათ, მაინც არ შეიძლება.
რაც შეეხება უცხოელ მასწავლებლებს, რიგი ინციდენტების შემდეგ, გავრცელდა მოსაზრება, რომ ეს, უბრალოდ, უკულტურო ადამიანების ჯგუფია, რომლებსაც ფალოიმიტატორების ქნევა უხარიათ. ზოგიერთ მათგანს გავესაუბრე და მინდა გითხრათ, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის; ჩვეულებრივი, ზოგი საკმაოდ მეგობრული ადამიანია, მაგრამ: ა) მათი უმრავლესობა პროფესიონალი პედაგოგი არ გახლავთ; ბ) ზოგიერთი მათგანის ლექსიკა, აგრეთვე, მათ ინტერნეტ-ჩანაწერებში ორთოგრაფია და პუნქტუაცია არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მათ შეუძლიათ ვინმეს კარგი ინგლისური შეასწავლონ.
ბევრ მათგანს წინ, შესაძლოა, საინტერესო ცხოვრება ელის, როგორც (მაგალითად) რეჟისორ ოლივერ სტოუნს, რომელიც ვიდრე ვიეტნამის ომზე შესანიშნავი ფილმების გადაღებას დაიწყებდა, ამ ომში მონაწილეობა მიიღო, იქამდე კი იქვე, სამხრეთ ვიეტნამში ინგლისურს ასწავლიდა (უნივერსიტეტს თავი დაანება და მოხალისე მასწავლებლად ჩაეწერა). თუმცა სამხრეთ ვიეტნამის რესპუბლიკას ვერც სტოუნის შაშხანამ და ვერც მისმა ინგლისურმა უშველა, მის განადგურებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი კი აგვისტოს კიდევ ერთ იუბილარს (ფიდელ კასტრო უკვე ვახსენეთ), გენერალ ვო ნგუენ ზიაპს მიუძღვის; 25-ში ის ასი წლის ხდება. იმ ომის პოლკოვნიკების უმრავლესობა ცოცხალი აღარაა, ერთი მეორეს მიყოლებით მიდიან ლეიტენანტები და რიგითები, მაგრამ გენერალი ზიაპი, რომელმაც ჯერ საფრანგეთის, შემდეგ კი აშშ-ის არმია დაამარცხა, ცოცხალია და ჯანზეა. მას XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ სარდლად მიიჩნევენ, თუმცა ძნელი სათქმელია, შეძლებდა თუ არა ზედიზედ ორი ზესახელმწიფოს ჯარების დამარცხებას იმ სისასტიკის გარეშე; თუმცა რა დროს გენერალი ზიაპია, სამშობლო განსაცდელშია, ის, როგორც ჩანს, სულ უფრო ემსგავსება არა სინგაპურს, არამედ სწორედ რომ სამხრეთ ვიეტნამს, ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევით, მწვავე მილიტარისტული ფსიქოზით, მუდმივი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისითა და დაუოკებელი სურვილით ამერიკელ პარტნიორებს (თუ პატრონებს) დაემსგავსოს, რაც, მათ შორის, ინგლისური ენის ფორსირებულ დანერგვაში გამოიხატებოდა.
რაც შეეხება მთელ ამ სიტუაციასთან დაკავშირებულ სუბიექტურ შთაბეჭდილებებს: შექსპირისა და ფოლკნერის ენის საწინააღმდეგო, ცხადია, არაფერი მაქვს, მას აქტიურად ვიყენებ; ინგლისურ და ამერიკულ ლიტერატურასა და მედიას, ოცი წელია, მხოლოდ დედანში ვეცნობი, მაგრამ «იძულებას ინგლისურისადმი» ერთმნიშვნელოვნად აღვიქვამ, როგორც არჩევანის თავისუფლების უხეშ შეზღუდვას და ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ რაღაც მომენტში შეიძლება ამ ენის გამოყენების სურვილი გამიქრეს.
დიმიტრი მონიავა