Home რუბრიკები პოლიტიკა ჩერქეზები საქართველოში ჩამოსახლებას აპირებენ?

ჩერქეზები საქართველოში ჩამოსახლებას აპირებენ?

1679

GEWORLD.GE:
ხანდახან ისე ხდება, რომ შორეულ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეიძლება უშუალოდ შეგვეხოს. სიტუაცია სირიაში დღითიდღე რთულდება. დღეს ვერავინ გამორიცხავს ამ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებას, რაშიც ამა თუ იმ ფორმით რეგიონის (და არა მხოლოდ) წამყვანი სახელმწიფოები ჩაერთვებიან. მიჩნეულია, რომ ეს მოვლენები საქართველოზე მხოლოდ ირიბ გავლენას მოახდენს, თუმცა არის ერთი გარემოება, რომელმაც შეიძლება ისინი ჩვენთვის ფრიად აქტუალური გახადოს; საუბარია სირიაში მცხოვრებ ჩერქეზებზე.

სხვა ჩერქეზეთი სად არის…
ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ სირიაში მცხოვრებმა ჩერქეზებმა საქართველოს ხელისუფლებას დროებითი თავშესაფარი სთხოვეს; წერილი ამის შესახებ ჩერქეზთა კონგრესის ადგილობრივმა წარმომადგენელმა ანდრო გაბისონიამ მიიღო. «წერილში ნათქვმია, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენები იქ მცხოვრებ ჩერქეზებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის და ქვეყანაში მათი დარჩენა დღითიდღე უფრო სახიფათო ხდება. სირიული დიასპორის წარმომადგენლები წერენ, რომ ჩერქეზებს ქართველებთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ და სწორედ ამიტომ სურთ ამ დროებითი თავშესაფრის მიღება» («GHN»). ამ მიმართვამდე ორი თვით ადრე საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია «რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ», რომელმაც რიგ ჩერქეზულ ორგანიზაციებს, შესაძლოა, შეუქმნა მყარი შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მათ მიმართ განსაკუთრებით კეთილგანწყობილია; ამ რაკურსით, თავშესაფრის თხოვნა შეიძლება განვიხილოთ როგორც ხსენებული რეზოლუციის პირველი ნაყოფი.
სიტუაცია რთულია: ერთის მხრივ, საქართველო ყოველთვის აძლევდა თავშესაფარს ადამიანებს, რომლებიც სასიკვდილო საფრთხეს გაურბოდნენ, თუმცა, მეორეს მხრივ, ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა ათი ათასობით ლტოლვილის მიღების შესაძლებლობას ნაკლებად იძლევა; საქართველოს საკუთარი დევნილებისთვის ვერ მოუვლია.
სირიაში გადახვეწილი ჩერქეზების ცხოვრება დალხენილი არასოდეს ყოფილა. მათი დიდი ნაწილი ქალაქ ელ-კუნეიტრაში და მის მიდამოებში ცხოვრობდა. 1973 წელს, «ექვსდღიანი ომის» დროს, ეს ქალაქი განადგურდა, იქ აღარავინ ცხოვრობს. ჩერქეზებს იმ ადგილებიდან აყრა და სირიის სხვა რაიონებში გადასახლება მოუწიათ. სერიოზული პრობლემები დღესაც ექმნებათ.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჩერქეზების ნაწილმა (ჯგუფებმა, გავლენიანმა ოჯახებმა) ბოლოდროინდელ სამოქალაქო კონფლიქტში ნეიტრალიტეტის დაცვა ვერ მოახერხა და მხარში პრეზიდენტ ასადს ამოუდგა, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა რეჟიმის სასტიკ სადამსჯელო აქციებში აქტიური მონაწილეობა მიიღო, რამაც ასადის მოწინააღმდეგეთა რიგებში ანტიჩერქეზული განწყობების სწრაფი ზრდა გამოიწვია. ეს ინფორმაცია შემდგომ გადამოწმებას საჭიროებს, თუმცა ის სინამდვილეს რომც არ შეესაბამებოდეს, სირიაში მცხოვრები ჩერქეზების მდგომარეობა ახლო მომავალში, სავარაუდოდ, მაინც გართულდება – ქვეყანა სისხლიან ქაოსში იძირება, ხოლო გამოსავალი არ ჩანს.
ამ ვითარებაში სააკაშვილის ხელისუფლებას შეიძლება გარკვეული ცდუნება გაუჩნდეს. მართალია, პარლამენტმა მიიღო შესაბამისი რეზოლუცია, ამასთანავე, უახლოეს მომავალში ანაკლიაში ჩერქეზთა გენოციდის მემორიალი გაიხსნება, შეიქმნება ჩერქეზული კულტურის ცენტრი და მუზეუმი, უკვე გაიმართა და მომავალშიც ჩატარდება სხვადასხვა შეხვედრები, კონფერენციები და ა.შ. მაგრამ ჩერქეზთა საკმარისად წარმომადგენლობითი ჯგუფი საქართველოში არ ცხოვრობს, შესაბამისად არ არსებობს ბირთვი, «ცოცხალი ძალა», რომელიც შეიძლება სააკაშვილის ხელისუფლების ჩერქეზული (უფრო ზოგადად კი ჩრდილოკავკასიური) პოლიტიკის საყრდენი გახდეს. რამდენიმე ათასმა (ან, საწყის ეტაპზე, რამდენიმე ასეულმა) ჩერქეზმა სირიიდან ეს როლი ნამდვილად შეიძლება შეასრულოს და გამორიცხული არაა, რომ ხელისუფლება მათი გამოყენების შესაძლებლობაზე სერიოზულად დაფიქრდეს. ის შეიძლება მოიხიბლოს 100%-ით კონტროლირებადი ჩერქეზული ორგანიზაციების შექმნის პერსპექტივით, რომლებიც აქტიურად ისაუბრებენ გენოციდზე, სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტზე, დამოუკიდებელ ჩერქეზეთზე, შეეცდებიან გავლენა სხვა ჩერქეზულ ორგანიზაციებზეც მოახდინონ და ა.შ.
შეიძლება გაჩნდეს კიდევ ერთი, ერთობ კონსპიროლოგიური ვერსია: სააკაშვილის გადამკიდე, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ მის თავში გაიელვა აზრმა ძალოვანი საყრდენის შექმნაზე, რომელიც ადგილობრივ გავლენიან ჯგუფებზე, და ზოგადად, სიტუაციაზე საქართველოში ნაკლებად დამოკიდებული  იქნება. მაგალითად, სინგაპურში არის ნეპალიდან ჩამოყვანილი გურკჰების 2000-კაციანი კონტინგენტი. საერთოდ კი, აზიური დესპოტიზმის ტრადიციებში სავსებით ბუნებრივად ჯდება უცხოტომელებით დაკომპლექტებული მმართველის პირადი გვარდიის, ერთგვარი «უკანასკნელი რეზერვის» შექმნა, რომელიც დანარჩენი მოსახლეობისგან იზოლირებული თუ არა, დისტანცირებულია. ამ როლში ჩერქეზები არაერთგზის გამოსულან, მაგალითად, იორდანიის მეფის პირად გვარდიას ათწლეულების განმავლობაში ჩერქეზებით აკომპლექტებენ.
მართალია, ამ შენაერთის და გურკჰების სინგაპურული კონტინგენტის ფუნქციები განსხვავებულია, თუმცა აქ სხვა რამ არის მთავარი: ავტორიტარი მმართველი არ შეიძლება ბოლომდე ენდოს თანაგუნდელს და მათ კონტროლქვეშ მყოფ ძალოვან სტრუქტურებს, რაოდენ ერთგულნიც უნდა ჩანდნენ ისინი. ამასთანავე, არის სიტუაციები, როდესაც ადგილობრივი ძალოვნები «ყველაფერზე ხელს ვერ მოაწერენ», არა იმდენად თანდაყოლილი ჰუმანურობიდან, რამდენადაც საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
ასეთ სიტუაციებში საჭირო ხდება «უცხოური ლეგიონი», განსხვავებული ინსტრუმენტი, რომელიც, მათ შორის, «თავგასული ფეოდალების» წინააღმდეგ გამოიყენება და, საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივ მოსახლეობასაც სასტიკად უსწორდება, რადგან მასთან არაფერი აკავშირებს.
ასეთია გურკჰების კონტინგენტი სინგაპურში და აზიელი ტირანების (ძველის თუ თანამედროვეს) უცხოელებით ან მოსახლეობის ძირითადი მასისგან დისტანცირებული უმცირესობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული პირადი გვარდიები. სააკაშვილის რეჟიმის განვითარების ლოგიკამ მისი თავკაცი შეიძლება ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე მიიყვანოს და ამიტომ მისი მხრიდან «ჩერქეზული გვარდიის» შექმნის შესაძლებლობაზე ფიქრი 100%-ით, ალბათ, მაინც არ უნდა გამოვრიცხოთ, მითუმეტეს რომ ჩერქეზები, როგორც წესი, მამაცი და ერთგული მებრძოლები არიან. თუმცა ვინაიდან არანაირი ფაქტები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს და ამ ვარაუდებს საქართველოში სირიელი ჩერქეზების შესაძლო ჩამოსვლას ვერ დავუკავშირებთ, მოვნიშნოთ ეს ვერსია, როგორც «უაღრესად კონსპიროლოგიური» და მომავალში აღარ შევეხოთ. ის მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ (ალბათ, მეტ-ნაკლებად ლოგიკურ) ვარაუდებს და არა ფაქტებს ეფუძნება. სჯობს, იმის დადგენა ვცადოთ, თუ რა გავლენას იქონიებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ოფიცილური თბილისის ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა, რომელიც საქართველოში ჩერქეზების მსხვილი ჯგუფის ჩამოსახლების შემთხვევაში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააქტიურდება.
ჩრდილოეთ ფრონტზე – ცვლილებების გარეშე
«რუსეთსა და საქართველოს არ აქვთ საკმარისი მოტივები იმისთვის, რომ რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინონ. რუსეთმა 2008 წლის ომისგან მიიღო ის, რაც უნდოდა, საქართველოს ხელისუფლებას კი ესმის, რომ მორიგი ომის შედეგები შეიძლება უფრო დამანგრეველი გამოდგეს,» – თქვა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში ლინკოლნ მიტჩელმა APA-სთან საუბარში, რითაც, ალბათ, გაამყარა ფართოდ გავრცელებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ახალი ომის დაწყება ნაკლებად სავარაუდოა. საინტერესოა, მიიღო თუ არა რუსეთმა ის, «რაც უნდოდა» და, საერთოდ, როგორია მისი პოზიციები დღეს?
რუსეთი აფხაზეთსა და სომხეთში განლაგებული საზენიტო-სარაკეტო სისტემების მეშვეობით საქართველოს საჰაერო სივრცეს აკონტროლებს. ცხინვალის რეგიონში განლაგებული ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებსა და სარაკეტო კომპლექსებს («Смерч”, «Ураган», «Точка-У») შეუძლია მიწვდეს აღმოსავლეთ საქართველოს (მათ შორის დედაქალაქის) საკვანძო ობიექტებს, ხოლო სეპარატისტულ რესპუბლიკებში განლაგებულ ძალებს შეუძლიათ პრაქტიკულად დაუყოვნებლივ «შეაჯდნენ» საქართველოს მთავარ მაგისტრალს და ქვეყანა ორ, ერთმანეთისგან იზოლირებულ ნაწილად გახლიჩონ. აქ საუბარია მხოლოდ იმ საშუალებებზე, რომლებიც უშუალო სიახლოვესაა განლაგებული; ავიაციას, სარაკეტო შეიარაღების მთელ სპექტრსა და ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებულ შენაერთებს ამჯერად არ ვეხებით.
ეს ფაქტორები აშშ-ისა და ნატოს მიერ საქართველოს ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობას, რუსეთის თანხმობის გარეშე, პრაქტიკულად, გამორიცხავს, რაზეც სავსებით ნათლად მიუთითებს (მაგალითად) აშშ-ის არმიის სამხედრო კოლეჯის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული არიელ კოენისა და პოლკოვნიკ რობერტ ჰამილტონის მოხსენება, რომელიც აგვისტოს ომის შედეგებს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისსა და ბათუმში რუსი სამხედროები არ დგანან, სამხედრო თვალსაზრისით («დიდი თამაშის» გადასახედიდან), საქართველოს, ფაქტობრივად, რუსეთი აკონტროლებს.
ეკონომიკური თვალსაზრისით, მარტივად რომ ვთქვათ, რუსულმა კაპიტალმა (ხანდახან ის სხვა ქვეყნებში რეგისტრირებულ ფირმებს იყო ამოფარებული) საქართველოში მიიღო ყველაფერი, რაც სურდა, მთელი რიგი საკვანძო ობიექტების ჩათვლით, მათი ჩამონათვალიც კი გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსების ყურადღების მიღმა არც რკინიგზისა და მაგისტრალური გაზსადენის ეტაპობრივი გასხვისება დარჩება, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ახლო მომავალში გეგმავს. ყოველივე ეს, რუსეთის საქართველოზე კონტროლის კიდევ ერთი ასპექტია.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ სახელისუფლო პროპაგანდის გადაბმული ყიჟინა იმის თაობაზე, რომ «რუსეთი მოდის», ერთობ დაგვიანებულია, რადგან, თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, ვნახავთ, რომ «რუსეთი უკვე აქ არის». ამ მხრივ, მიტჩელის ფრაზა «რუსეთმა მიიღო ყველაფერი, რაც სურდა» სავსებით ლოგიკური ჩანს. ირიბი კონტროლი პირდაპირზე ნაკლებად ხარჯიანია და ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის ბედზე პასუხისმგებლობის გაზიარებას არ უკავშირდება. ამ თემაზე ჯორჯ ფრიდმანმა Stratfor-ისთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა და თქვა, რომ თანამედროვე რუსეთმა, შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებზე კონტროლის გაცილებით რაციონალური მოდელი შექმნა, ვიდრე მეფეების იმპერიამ ან საბჭოთა კავშირმა – თავის დროზე, რადგან ის უზარმაზარ ხარჯებს არ მოითხოვს.
სინამდვილეში ოპერატიული სივრცე, სადაც სააკაშვილის ხელისუფლებამ შეიძლება რუსეთის საწინააღმდეგო პოლიტიკა აწარმოოს, საკმაოდ შეზღუდულია; ობიექტურად თუ შევხედავთ, ის არ ფლობს სათანადო რესურსებს იმისთვის, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში კრემლის პოზიციები სერიოზულად შეარყიოს. მაგრამ, ვინაიდან სტაბილურობა ამ რეგიონში რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ის უაღრესად მწვავედ რეაგირებს თბილისის ნებისმიერ ნაბიჯზე, იქნება ეს ჩრდილოკავკასიელებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება, ჩერქეზების გენოციდის აღიარება თუ სხვა. ამ დაძაბულ ფონზე, სირიიდან საქართველოში გამოქცეული ჩერქეზები შეიძლება (საკუთარი თავისთვის მოულოდნელად) მწვავე დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ.
გადატვირთვა თუ გადმოტვირთვა?
ბოლო დროს რუსულ მედიაში სულ უფრო ხშირად ქვეყნდება ცნობები იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მოკლული ესა თუ ის ბოევიკი დახმარებას საქართველოდან იღებდა. ზოგმა ამის მიღმა შეიძლება დაინახოს მოსკოვის ერთგვარი პასუხი თბილისში აშშ-ის საელჩოსთან მომხდარ  აფეთქებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე, რაც, ოფიციალური თბილისის ვერსიით, რუსმა მაიორმა ევგენი ბორისოვმა დაგეგმა. აქ შეიძლება კრემლის კიდევ ერთი გზავნილი დავინახოთ: თუ სააკაშვილის ხელისუფლება ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით (პოლიტიკურ, საინფორმაციო და ა.შ.) აქტიურობას არ შეწყვეტს, კრემლი მის წინააღმდეგ ყველა ბერკეტს აამოქმედებს და გამორიცხული არაა, საუბარი საქართველოში კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების აუცილებლობაზე დაიწყოს.
მეორეს მხრივ, მოსკოვი, სავარაუდოდ, აცნობიერებს, რომ ძალისმიერი დაპირისპირების მორიგი რაუნდი, მისთვის საერთაშორისო არენაზე გარკვეულ დისკომფორტს დაუკავშირდება და საქართველოს კონფრონტაციასა და «განმუხტვას» შორის არჩევანს სთავაზობს (დიმიტრი მედვედევის 4 აგვისტოს ინტერვიუ). ურთიერთობების ნორმალიზაცია, სავარაუდოდ, იმასაც გულისხმობს, რომ თბილისში «ახალ კავკასიურ პოლიტიკას» სამუდამოდ დაივიწყებენ. მოგვწონს თუ არა, ეს რეალობაა: მეზობელი ზესახელმწიფო თავის პოზიციას აფიქსირებს და პრეტენზიებს გამოთქვამს. როგორი იქნება საქართველოს პასუხი: კონფრონტაცია თუ «განმუხტვა»?
სირიელი ჩერქეზების (ღმერთმა გაძლება მისცეთ) შესაძლო ჩამოსახლება საქართველოში ამ კონტექსტში პოლიტიკურ ელფერს შეიძენს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ მისცე დროებითი თავშესაფარი ადამიანებს, რომლებიც სასიკვდილო საფრთხეს გაურბიან, ეს, მარტივად რომ ვთქვათ, არაკაცობაა, მაგრამ ძალიან უპასუხისმგებლო და შესაძლოა, ასეთივე ამორალური იქნება ამ ადამიანების ჩათრევა პოლიტიკურ თამაშში, რაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ მათ შესაძლო გამოყენებას გულისხმობს. არადა, ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რომ ზოგიერთი ჩვენი მოღვაწე ჩერქეზებს სწორედ ამ რაკურსით, როგორც ერთგვარ რესურსს, უყურებს. ასეა თუ ისე, ფაქტია – პრობლემა რთულია; ის სერიოზულ დაფიქრებასა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
დიმიტრი მონიავა
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here