GEWORLD.NET:
რატომ სტუმრობს თანამოაზრეებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და რისთვის ემზადება 30 აგვისტოს, ასევე, საკუთარი გეგმების შესახებ მამა ელიზბარი (დიაკონიძე) თავად გვესაუბრება.
– მამაო ელიზბარ, რა მიზნით სტუმრობთ საქართველოს რეგიონებს და ვისთან მართავთ შეხვედრებს?
– საკუთარ თანამოზარეებთან ერთად, მთელი საქართველოს შემოვლას ვაპირებ. ჩემთან ერთად არიან «წმინდა გიორგის სადროშოს» წევრები და მისი თავმჯდომარე გიორგი სუბელიანი. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვხვდებით როგორც ქართველ, ისე არაქართველ მოსახლეობას, რომლებიც კეთილგანწყობილნი არიან ჩვენ მიმართ. ჩვენი სადროშოს კარი ყველასთვის ღიაა, მთავარია, მართლმადიდებელი იყოს.
ჩვენი ვიზიტის მიზანია, ერთი დროშის ქვეშ რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე, მეტი გულანთებული პატრიოტი შევკრიბოთ, ვინაიდან წმინდა გიორგის დროშის ქვეშ უნდა გავერთიანდეთ და მართლმადიდებლობისა და ქვეყნის მტრებს ერთად ვებრძოლოთ. ჩვენ გვინდა, საქართველოში ქართული საქმე კეთდებოდეს და მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაცია შეწყდეს. უნდა აღვნიშნო, რომ ეს აქცია სწორედაც რომ პატრიარქის მხარდასაჭერად იმართება, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის მისი უწმინდესობის მხარდამხარ ვიბრძოლებთ. ეკლესიის ერთიანობა იყო, არის და იქნება ჩვენი დევიზი.
ორი მიზნით ვაგროვებთ ხელმოწერებს: გვსურს წმინდა გიორგის ვითომდა ძეგლის დემონტაჟი და საქართველოს პარლამენტის მიერ რელიგიური კონფესიების შესახებ მიღებულ კანონპროექტში ცვლილებების განხორციელება.
შიშის ფაქტორი, რა თქმა უნდა, მოსახლეობაში არსებობს, მაგრამ ხალხი მაინც მოდის ჩვენთან და გვიერთდება. ჩვენ ხომ ამ შემთხვევაში არანაირი პოლიტიკური მოტივი არ გვამოძრავებს. ყველა კარგად ხვდება, რომ მართლმადიდებლობას დღეს დაცვა სჭირდება. ხალხს სურს, რომ საქართველოში ქართული საქმე ქართული ხელით კეთდებოდეს და არა სოროსისა და მისი «ხელის ბიჭების» მეშვეობით იმართებოდეს პროცესები. ვხვდებით სასულიერო პირებსაც, რომლებიც მხარს გვიჭერენ, თუმცა შეიძლება აშკარად ვერ გამოხატავენ ჩვენს მხარდაჭერას. 30 აგვისტოს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მართლმადიდებელს მოვუწოდებთ, მოვიდნენ ჩვენს აქციაზე და ერთად გადავწყვიტოთ ყველაფერი. ჩვენ რა, ამ ქვეყნის მოქალაქეები არ ვართ? თუ, რადგან მართლმადიდებლები ვართ, უნდა დავისაჯოთ? თუ სხვის უფლებას იცავს ხელისუფლება, ჩვენიც დაიცვას, არავის არ უნდა მივცეთ ჩვენი დაჩაგვრის უფლება.
– თუმცა წმინდა სინოდმა იმსჯელა და საპატრიარქომ ხელისუფლებასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია. რას შეცვლის თქვენ მიერ შეგროვებული ხელმოწერები?
– ჩვენ ხომ ამ კანონის გაუქმებას არ ვითხოვთ? ჩვენ ვაპირებთ 30 000 ხელმოწერის შეგროვებას, რათა აღნიშნული საკითხი პარლამენტმა განსახილველად მიიღოს და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს. რას იზამენ, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა პარლამენტს ჭეშმარიტად ქართული საქმის გაკეთების საშუალება მივცეთ.
– 2008 წლის აგვისტოს ომიდან სამი წელი გავიდა. ამ ომმა საქართველოს დაკარგული ტერიტორიები და მსხვერპლი მოუტანა. ამაზე საზოგადოებაში დღეს ბევრს მსჯელობენ. შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება?
– ომის თავიდან აცილება ყოველთვის შეიძლება და მითუმეტეს ამ კონფლიქტის.
ომიდან სამი წელი გავიდა და მინდა თქვენი გაზეთის მეშვეობოთ, ომში დაღუპულ გმირთა ოჯახებს სამძიმარი გამოვუცხადო. ჩვენი მიზანია, როცა თავისუფლების მოედანზე, ამ, ვითომდა წმინდა გიორგის ძეგლს აიღებენ, იმ ადგილზე ომში დაღუპული გმირების ქანდაკება აღიმართოს.
– საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდა, როგორ ფიქრობთ, რა პოზიტიურ შედეგს შეიძლება ველოდოთ?
– ეს იყო ეპოქალური მნიშვნელობის შეხვედრა. მართალია, არც აქამდე ეპარებოდა ვინმეს ეჭვი მისი უწმინდესობის, ჩვენი პატრიარქის სიბრძნეში, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.
რუსეთის პატრიარქმა უთხრა ილია მეორეს, რომ მას თავისუფლად შეუძლია ესტუმროს თავის ეპარქიას და იქვე დაამატა, ბედნიერი ვიქნები, თუ მეც თან გეახლებითო. ეს უკვე დიდი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის. ამხელა სახელმწიფოს პატრიარქი, საერო ხელისუფალთა სულელური განცხადებების მიუხედავად, მზადაა, ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს სტუმრად ეახლოს აფხაზეთის ეპარქიაში მოგზაურობის დროს.
მე ბედნიერი ვიქნები, თუ ეს მოხდება. დიდი სურვილი მაქვს, «წმინდა გიორგის სადროშოსთან» ერთად მოვილოცო აფხაზეთი. აფხაზეთის ომის დროს, მე არ ვიყავი სასულიერო პირი და თავად გახლდით ომის მონაწილე, ამიტომ ჩემი ძმების, აფხაზების, მიმართ სირცხვილის გრძნობაც კი მაქვს და პატრიარქის ვიზიტი ამ სირცხვილთან მიახლოების საშუალებას მაძლევს. მინდა ჩვენს ძმებს, აფხაზებს, თვალებში ჩავხედო და შენდობა პირველმა მე ვთხოვო, რომ ოდესღაც ერთმანეთს ვესროლეთ.
– სომხური სათვისტომოს დამფუძნებელი არნოლდ სტეფანიანი არმენოფობიურ განცხადებებში გადანაშაულებდათ და თქვენ წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებდა. თქვენი დაპირისპირება პრესის ფურცლებიდან გრძელდება…
– ეგ ერთი საცოდავი კაცია, პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ის სპეცსამსახურების მიერ «დავერბოვკებული» ყოფილა. ჩვენც გქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ სახალხოდ აქამდე არ ვამბობდით და არ გაჩერდა. ყველანაირი ფობიითაა დაავადებული და ახლა სასულიერო პირებსაც უჩივის, მაგრამ მე სტეფანიანის ნათქვამმა ერთმა ფრაზამ გამაოცა. «ჩვენ საპატრიარქოში უკვე პარტნიორი გვყავსო,» – ახლახან განაცხადა. რას ნიშნავს ეს სიტყვები? წარმოგიდგენიათ, სასულიერო პირებს უჩივის რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და თან აცხადებს, რომ დასაყრდენი თურმე საპატრიარქოში აქვს.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი