Home რუბრიკები პოლიტიკა ჯიმი ჯალიაშვილი: ვისაც ჰგონია, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც შეშფოთებისა თუ ფარატინა...

ჯიმი ჯალიაშვილი: ვისაც ჰგონია, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც შეშფოთებისა თუ ფარატინა რეზოლუციის გამო უკან დაიხევს, გადახედოს ისტორიას!

648

GEWORLD.NET:
2008 წლის 8-12 აგვისტოს ავბედითი მოვლენებიდან სამი წელი გავიდა… სახელისუფლო არხებმა ამაყად გვაუწყეს, რომ ამ დღის აღსანიშნავად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რუსეთის საელჩოებთან საპროტესტო აქციები გაიმართა. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლება კი ევროპელ და ამერიკელ მძიმეწონიან პოლიტიკოსთა მწვავე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოქცეულა, რაც, თურმე, ნუ იტყვით და, კრემლის მესვეურთა იმიჯისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, კიდევ ერთი სასიკვდილო დარტყმა ყოფილა. …რა გზა განვლო საქართველომ 2008 წლის აგვისტოდან დღემდე, რეალურად რა შეიცვალა ჩვენი ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ კურსში ომის შემდეგ და რამდენად ადეკვატურია დღეს სააკაშვილის ხელისუფლების მიდგომა არსებული პრობლემებისადმი – ამ და ბოლოდროინდელ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯიმი ჯალიაშვილი.

– ბატონო ჯიმი, 2008 წლის აგვისტოს ომიდან სამი წლის თავზე სააკაშვილი და მისი გარემოცვა დაახლოებით იმავე შინაარსის განცხადებებს აკეთებს კონფლიქტური რეგიონებისა და რუსეთის მიმართ, რასაც სამი წლის წინათ ვისმენდით ხოლმე «ნაციონალური» არხებიდან. თქვენი აზრით, რა შეიცვალა ომის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად, როგორ აფასებთ დღესდღეობით საქართველოს მდგომარეობას როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე?
– უპირველესად, უნდა ითქვას ის, რომ სამი წელი არც ისე დიდი დროა მოვლენათა მასშტაბურად და მით უფრო ობიექტურად შესაფასებლად, მაგრამ, მეორეს მხრივ, დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს რეალობა, რომლის არდანახვაც და იგნორირებაც, უბრალოდ, შეუძლებელია. ეს რეალობა, უწინარესად, მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანა განიცდის სრულ ეკონომიკურ სტაგნაციას, შიდაპოლიტიკურმა კრიზისმა კი უკვე იმხელა მასშტაბებს მიაღწია, რომ დღესდღეობით ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არსებობს ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, რომელმაც შესაძლოა მმართველ გუნდზე რაიმე სერიოზული გავლენა მოახდინოს. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამას უკვე შეჩვეულია და ლამის ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ოპოზიციური ფლანგი, ფაქტობრივად, მკვდარია, მაგრამ რეალურად ცივილიზებული სამყაროსთვის ამაზე დიდი უბედურება და კატასტროფა არ არსებობს, ანუ იმის თქმა მინდა, რომ დღეს საქართველო, რომელსაც ამერიკელი ლიდერებიც სტუმრობენ ხოლმე და ევროპელი დიპლომატებიც, რითაც მერე ჩვენი პრეზიდენტი თავს გვაწონებს ეკრანებიდან, მსოფლიოს თვალში, როგორც არასდროს, დისკრედიტებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას, არსებული პოლიტიკური კურსის პირობებში, არც შიდა და არც საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე არანაირი პერსპექტივა არ აქვს და მეტიც, ვშიშობ, რომ სულ მალე ჩვენ მივუახლოვდებით იმ მდგომარეობას, როცა საბოლოოდ დავკარგავთ დასავლეთის მხარდაჭერას, რაც ჩვენთვის იქნება ის ჩიხი, რომლის იქითაც სახელმწიფომ, შესაძლოა, საერთოდ ვეღარ გააგრძელოს სუვერენულად არსებობა…
– თქვენ თქვით, რომ დღეს საქართველო მსოფლის თვალში დისკრედიტებულია, საზოგადოების გარკვეული ნაწილი კი ფიქრობს, რომ დისკრედიტებულია პიროვნულად სააკაშვილი და არა – ხალხი და ქვეყანა, თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?
– მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პრობლემა არც პიროვნულად სააკაშვილშია და არც – საზოგადოებაში, პრობლემა ის პოლიტიკური კურსია, რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ აიღო და რომლის შეცვლაც მას, იმის მიუხედავად, რომ დღეს უკვე ცხადია, ამ კურსს საითაც მივყავართ, ცოცხალი თავით არ უნდა. თქვენ დასაწყისშიც აღნიშნეთ, რომ სააკაშვილი დღესაც იმავე შინაარსის განცხადებებს აკეთებს, რასაც სამი წლის წინათ აკეთებდა, ესეც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ადამიანმა ან ვერაფერი ისწავლა  და ისევ ისეთივე გაუწონასწორებელი დარჩა, როგორიც წლების წინათ იყო, ან მას, უბრალოდ, არ სურს შეისმინოს მარტივი, მე ვიტყოდი, ისტორიული ჭეშმარიტება, – საქართველო რუსეთთან კეთილმეზობლობისა და პარტნიორობის გარეშე ვერც ეკონომიკური, ვერც პოლიტიკური, ვერც დემოკრატიული და, თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც კულტურული თვალსაზრისით,  წარმატებული სახელმწიფო ვერ იქნება, ვინაიდან თუ ოდნავ მაინც ჭკუა-გონება უჭრის ადამიანს, ძნელი არ არის მიხვდე, რომ შეუძლებელია, ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყანა, როგორიც საქართველოა მტრობდეს ისეთ ბუმბერაზ სახელმწიფოს, როგორიც რუსეთია, და ამ დროს ეს მცირერიცხოვანი ქვეყანა ისე სწრაფად შენდებოდეს და აღორძინდებოდეს, რომ მალე მისგან მეორე სინგაპური და ლასვეგასი გამოვიდეს. ეს არის ილუზია, რომელიც ხელისუფლებამ თავს მოახვია საზოგადოებას, და ერთი პერიოდი საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმაც გულუბრყვილოდ დაიჯერა ეს ყველაფერი…
– ბოლო დროს სააკაშვილი სულ უფრო იშვიათად საუბრობს აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამონახვის პერსპექტივებზე. თქვენი აზრით, ეს ყველაფერი ხომ არ მიგვანიშნებს, რომ მან უკვე საბოლოოდ ხელი ჩაიქნია კონფლიქტურ რეგიონებზე?
– ხელი ჩაიქნია, ცოტა არ იყოს, არაადეკვატური შეფასება მგონია. ჩემი აზრით, საქმე ისაა, რომ ამ ხელისუფლებისთვის პირველხარისხოვანი საკითხი არ არის არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, მისთვის, პირადად მიხეილ სააკაშვილისთვის, უმთავრესია ძალაუფლება და ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად საჭირო რაც იქნება, მისთვისაც ის საკითხი გახდება ყველაზე პრიორიტეტული. გარდა ამისა, ვფიქრობ, უკვე დარწმუნდა თვითონ სააკაშვილიც, რომ მისი მმართველობის პირობებში ტერიტორიების დაბრუნების მინიმალური შანსიც კი არ არსებობს, ამიტომ ამ საკითხით მანიპულირებას მისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს და შესაბამისად აქცენტიც სხვა მიმართულებებით კეთდება. ეს მიმართულებებია: კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები, ზეიმები და ტაშფანდურები, მოკლედ, ეს ყველაფერი ეფუძნება ერთ მარტივ პრინციპს: «მიეცით ხალხს პური და სანახაობა»… მორჩა და გათავდა, სხვა დანარჩენი არც ხალხს აინტერესებს და ხელისუფლებას – მით უმეტეს…
– როგორ აფასებთ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შესაძლო შეერთების შესახებ მოსკოვში გაკეთებულ განცხადებებს?
– როგორც კი ამ განცხადების შესახებ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, მაშინვე ვთქვი, რომ ეს არის ძალიან ღრმაშინაარსიანი და ქვეტექსტებით, მინიშნებებით დატვირთული განცხადება… დარწმუნებული ვარ, რომ დღესდღეობით რუსეთს არ სჭირდება არც აფხაზეთი და მით უმეტეს, – არც  სამაჩაბლო, მაგრამ ის, რომ კრემლში უკვე საუბრობენ ოსეთის მიერთებაზე, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული გაფრთხილება; ანუ, ჩემი აზრით, ამით მოსკოვი კიდევ ერთხელ ეუბნება დასავლეთს, და არა – საქართველოს, რომ იგი მყარად იცავს თავის პოზიციას, იცავს თავის ტერიტორიას და გეოპოლიტიკურ არეალს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს განცხადება უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს, პირველ რიგში, ჩვენმა ხელისუფლებამ, რადგან სწორედ ახლა, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის ამ ურთულეს ეტაპზე, შესაძლოა, საბოლოოდ წყდებოდეს – აღსდგება თუ არა თუნდაც ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა…
– ამ რამდენიმე დღის წინათ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებში საქართველოს საკითხი საერთოდ არ განიხილება. თქვენი აზრით, რამდენად სარწმუნოა ეს განცხადება და საერთოდ, რის თქმა სურდა ამით დიმიტრი მედვედევს?
– დავიწყოთ იმით, რომ ახალი და გაუგონარი ამ განცხადებაში არაფერი თქმულა, ისედაც ყველამ ვიცით, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკა გადატვირთვის პოლიტიკის გზას დაადგა, რუსეთთან მოლაპარაკებებში საქართველოს საკითხზე მუსაიფობით თავს არავინ იწუხებს, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, როგორ ფიქრობთ, სულ მთლად ზედაც რომ გადაგვყვეს მთელი ევროპა და ამერიკა, ვისაც ჰგონია, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც «შეშფოთებისა» თუ ფარატინა რეზოლუციის გამო უკან დაიხევს, გადახედოს ისტორიას!
რაც შეეხება მეორე კითხვას, რას ნიშნავდა ეს განცხადება, ვფიქრობ, ამას განმარტება არც სჭირდება. მედვედევმა, უბრალოდ, პირდაპირ გვითხრა, დასავლეთს ფეხებზე ჰკიდიხართ და დროა, ბოლოს და ბოლოს, აზრზე მოხვიდეთო. სხვათა შორის, ასეთი მწარე სიმართლის პირდაპირ მთქმელი კიდევ ბევრი რომ ჰყავდეს საქართველოს, ვფიქრობ, ქართველი ხალხი უფრო მალე მიხვდებოდა, რა უბედურებაც ტრიალებს დღეს ჩვენ გარშემო…
– დასაწყისში თქვენ თქვით, რომ ქვეყანაში სრული ეკონომიკური სტაგნაციაა, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა პიკს მიაღწია და საქართველო, როგორც არასდროს, მსოფლიოს თვალში დისკრედიტებულია. თუ ეს ასეა, როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ სააკაშვილს მსოფლიოს ლიდერები და დიპლომატები თავის რეზიდენციაში ერთი მეორის მიყოლებით სტუმრობენ?
– ის, რომ მიხეილ სააკაშვილს ხანდახან ინაუგურაციებზე ეძახიან (თუმცა ეგეც საკითხავია, ეძახიან თუ თვითონ მიდის), მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმებზე იწვევენ და არც თუ იშვიათად დასავლელი პოლიტიკოსებიც ესტუმრებიან ხოლმე, ნამდვილად არ ნიშნავს, რომ დასავლეთში, განსაკუთრებით ევროპაში, მასზე, როგორც «დემოკრატიის შუქურაზე», პირდაპირ ჭკუა ეკეტებათ, სრულებით არა. ეს, უბრალოდ, დასავლური პრაგმატიზმისთვის დამახასიათებელი სპეციფიურობაა, – ისინი ყველასთან საუბრობენ და ცდილობენ, საერთო ენა ყველა ქვეყანასთან გამონახონ. სააკაშვილის მიმართაც მათი დამოკიდებულება ზუსტად ანალოგიურია, – მათ არ აინტერესებთ, აქ რამდენად მაღალია დემოკრატიის ხარისხი, ამიტომ, რაც არ უნდა მკაცრი იყოს ჩვენთან ავტორიტარული რეჟიმი და რაც არ უნდა მძლავრად აბრკოლებდეს იგი დემოკრატიულ პროცესებს, ხმას არავინ ამოიღებს, პირიქით, ტაშს დაუკრავენ ამ ყველაფერს და იტყვიან, რომ სააკაშვილი აგრძელებს დემოკრატიული ფასეულობების მხარდაჭერას…
– ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ გამოსვლებში ხაზგასმით აცხადებენ ხოლმე, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომში მიზანს ბოლომდე ვერ მიაღწია და საქართველოს სრული ოკუპაცია ვერ შეძლო. თქვენი აზრით, თუ ეს რეალურად ასეა, რამდენად დიდი ალბათობაა იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებები განახლდეს?
– იცით რა, იმის ძახილი, რომ საქართველო მუდმივად ომის განახლების საფრთხეშია და კაცმა არ იცის, აქ ხვალ და ზეგ არ იქნება, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია, რადგან შეშინებული და დატერორებული ხალხი, მოგეხსენებათ, ბევრად უფრო ადვილი სამართავია, ვიდრე – თავისუფლებით გალაღებული. გარდა ამისა, 2008 წლის აგვისტოში პირადად სააკაშვილმა იმხელა შიში ჭამა, რომ, მგონი, ის უკვე სიზმარშიც კი მუდმივად ომს ხედავს; ეს, ალბათ, გარკვეულწილად ბუნებრივიცაა და ჩემი აზრით, ნამდვილად არ უნდა გვიკვირდეს, თუმცა, მეორეს მხრივ, რეალობა სულ სხვა რამეს გვეუბნება, – დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს, «ნაცმოძრაობის» უგუნური პოლიტიკის შედეგად, ყველაფერი დაკარგული აქვს, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა უკვე ინტერესის სფეროს აღარავისთვის წარმოადგენს, თვით ამერიკისთვისაც კი და, შესაბამისად, ომის საფრთხეც მაქსიმალურად მცირეა. მეტიც, ამ ეტაპზე ეს საფრთხე, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ არსებობს. ასე რომ, საქართველოს მოსახლეობას, ქართველობას შეუძლია მშვიდად იყოს და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე იფიქროს ერთადერთ რამეზე – როგორმე, რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ შეცვალოს არსებული ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ამ ქვეყანას, ვიმეორებ, არც საშინაო და მით უფრო საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე არანაირი მომავალი და პერსპექტივა, უბრალოდ, არ აქვს…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here