Home რუბრიკები საზოგადოება რომელ ბაღელი ხარ, ბიჭო?

რომელ ბაღელი ხარ, ბიჭო?

704

GEWORLD.NET:
მიხეილ სააკაშვილი დროდადრო „უბნელობის“ წინააღმდეგ ილაშქრებს. ვიდრე იგი საქართველოს არწმუნებს, რომ „უბნელობა“ აღარფერს წყვეტს და ახლა უკვე მხოლოდ ნიჭი და გარჯა აწინაურებს ადამიანს, თბილისის მერია „უბნელობის“ ინსტიტუტის სკოლამდელი ასაკიდან განმტკიცებას შეუდგა.

საბავშვო ბაღებში დაწესებული „თანადაფინანსების ინდივიდუალური ტარიფი“ სწორედ უბნების პრესტიჟულობის მიხედვით არის დიფერენცირებული: გლდანი–ნაძალადევში პირველი ბავშვის მომსახურება 35–დან 55 ლარამდე ეღირება, დიდუბე–ჩუღურეთში – 40–დან 60 ლარამდე, ვაკე–საბურთალოში კი – 50–დან 80 ლარამდე. ძველ თბილისსა და შემოერთებულ სოფლებში ტარიფი 30 ლარით განისაზღვრა.
სიტყვა „ტარიფი“ მერიას შემთხვევით არ უხსენებია. მაგალითად, როდესაც მოქალაქე ნონა ჩალათაშვილმა ნაგვის გადასახადის შესახებ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, სასამართლომ მას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, რადგან დოკუმენტში სწორედ ტარიფი იყო ნახსენები და არა გადასახადი, ან მოსაკრებელი.  „დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში საკრებულოს ტარიფის დადგენის უფლებამოსილებას ანიჭებს “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 441-ე მუხლი და საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის #104 ბრძანებულება.
ასევე, სასამართლომ იხელმძღვანელა “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით, ხოლო “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, თბილისის საკრებულომ სადავო აქტით დაადგინა ტარიფი და არა მოსაკრებელი.  ამდენად, საქართველოს კანონი “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” არ ეწინააღმდეგება სადავო გადაწყვეტილებით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის წესს და ფორმას“.
ასე რომ, თუ თქვენი ჯიბიდან ამოღებულ თანხას „ტარიფს“ დაარქმევენ (და არა გადასახადს ან მოსაკრებელს), თქვენთვის ეს უთუოდ დიდი შეღავათი იქნება. ის მაინც დანამდვილებით გეცოდინებათ, რომ სასამართლოში ამ საკითხზე დავას აზრი არა აქვს. რაც შეეხება საბავშვო ბაღის „ტარიფს“ (თითქოს ბავშვი ელექტროენერგია ან გაზი იყოს!), იგი მომავალ თაობას „უბნელობას“ და მასთან ერთად, „ბაღელობას“ კარგად შეასწავლის. ოციოდე წლის შემდეგ დღევანდელი ბავშვები ერთმანეთს ასე ჰკითხავენ: „რომელ ბაღელი ხარ, ბიჭო“?
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here