GEWORLD.NET:
ინაუგურაციებისადმი დაუცხრომელი სიყვარული სააკაშვილს არაერთხელ გამოუვლენია. თავის პრეზიდენტად კურთხევას როგორი ყურადღება დაუთმო ორივეჯერ, ყველას კარგად გვახსოვს. მაგრამ, თუ ასეთი «ქელეხუტა» იყო, ამის წარმოდგენა თვით დიდი მიხეილისგანაც კი მოულოდნელია. სადაც ბიბლიას დადებენ ტრიბუნაზე თუ საპრეზიდენტო კვერთხს გააპრიალებენ, ყველგან «ციმციმებს» ხოლმე ჩვენი «დემოკრატიის შუქურა».
თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა სააკაშვილის სურვილი მის შესაძლებლობებს აღემატება. პირველი ასეთი ფიასკო 2009 წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტად ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე განიცადა. არ მიიწვიეს. მართალია, მისი ადმინისტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო საგულდაგულოდ ცდილობდა ამ ფაქტის სხვა «ნაკმაზით» მოწოდებას, მაგრამ იგი ამ, მისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას ვერ დაესწრო. არდასწრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმით ახსნეს, რომ «აშშ-ში არსებული ტრადიციით, ქვეყნის პირველი პირის ინაუგურაციაზე არც ერთი ქვეყნის ლიდერსა და ოფიციალურ პირს არ იწვევენ». ვაშაძის უწყებაში ასევე განმარტეს, რომ «აღნიშნულ ცერემონიას, წესისამებრ, რიგითი მოქალაქეები ესწრებიან, რომელთათვისაც სპეციალურად ინაუგურაციისთვის გამოშვებული ბილეთები იყიდება. რიგითი მოქალაქის რანგში ინაუგურაციას სანდრა რულოვსი დაესწრება».
ახლა წარმოიდგინეთ სააკაშვილი, რომელსაც სადმე წასასვლელად მიწვევა სჭირდება. მიხვდა, რომ ხელში ამერიკის მცირე ზომის დროშით ქუჩაში დგომა და ობამას გამოჩენის მოლოდინში ფეხზე ჩამოწყდომა მოუწევდა და ვახშამზეც არავინ დაპატიჟებდა. აბა, რაში სჭირდებოდა ისეთი «ოფიციალური ვიზიტი», თუკი სადილის დროს მაინც ვერ მოახერხებდა ობამასთან მიახლებას და ქლესა ღიმილით (სიცილისგან ღმერთმა დაიფაროს – ზეიმი ჩამწარდებოდა მისტერ ბარაკს!) «საუკუნის საიდუმლოს» გამხელას – «თქვენი ვარ მე, თქვენი, ოვ დილა, ოვ დილა…»
ბუნებრივია, მაკკეინის აქტიური მხარდამჭერი ვასალი ობამას დემოკრატთა გუნდში ფავორიტობის მოპოვებას ჯიუტად ცდილობდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო და მისი «ხელჩამოურთმეველი» ლიდერი ამერიკისთვისაც თავის ტკივილად იქცა. იმ დროისთვის ბევრი პრობლემა შეიქმნა არამხოლოდ რეგიონის მასშტაბით, თუმცა აშშ-ისთვის კავკასიური ინტერესები კვლავაც უმნიშვნელოვანესია და, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ამერიკული საბჭოს თანამშრომელმა ჯეფრი მანკოფმა განაცხადა: «ვაშინგტონი ვერ უგულებელყოფს ქვეყანას, რომელიც ევროპისკენ მიმავალი ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტულ ტერიტორიას წარმოადგენს. არა მგონია, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ საქართველო მატარებლის ქვეშ შეაგდოს, თუმცა საქართველოზე აქცენტი აღარ გაკეთდება, როგორც გარდამავლობის მოდელზე, რომლის მსგავსის ნახვასაც ისინი სხვა ქვეყნებში ისურვებდნენ».
ასეთი განაჩენი გამოუტანეს ერთ დროს სასურველ კლიენტს, რომლის პირმოთნეობისა თუ გულამოსკვნილი გოდების მოსასმენად თეთრ სახლში აღარავის ეცალა.
მაგრამ ინაუგურაციების სიყვარულისთვის რა ექნა, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნის დაუოკებელი სურვილისთვის რა მოეხერხებინა? პრეზიდენტების მეტი რა არის მსოფლიოში, დახედა მათი «აფრენა-დაფრენის» «გრაფიკს» და… შეჯდა ჩემოდანზე! აგვისტოს ომის შემდეგ მთელი წელი «ხელჩამოურთმევლის» სტატუსი ჰქონდა და ვინ და სად მიიპატიჟებდა?
2010 წელს კი პირველი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაცია უწევდა. გახსოვთ, რა ძმობა და ნათელ-მირონი აკავშირებთ სააკაშვილსა და უკრაინის ნარინჯისფერ ექსპრეზიდენტ იუშჩენკოს? ისიც გახსოვთ, პრეზიდენტის რანგში პირველი ახალი წელი სააკაშვილმა კიევიდან რომ მოგვილოცა და ისიც, «ჩადგმით» რომ სტუმრობდა «მშობლიურ» უკრაინას? მაშინ არც ის დაგავიწყდებოდათ, როგორი თავგამოდებით ცდილობდნენ «ნაცები» იანუკოვიჩის კონკურენტის, იულია ტიმოშენკოს დახმარებას – 2007 წლის ნოემბერში თბილისში ნავარჯიშები ზონდერები სხვადასხვა სტატუსით ჩაუყვანეს «მიშას იულიას», მაგრამ იქაურებმა სასტუმროდან ცხვირი არ გამოაყოფინეს და ამას, ჩვენსას, შემოუთვალეს, უკან წაიყვანე, სანამ «გრუზ-200»-ით გამოგვიგზავნიაო.
არ გაუმართლა ნაცხელისუფლებას, იმ არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩმა გაიმარჯვა (მეორე ტურში) და, ბედის ირონიით, ჩვენი უავგუსტესი იქ აღარავის მიუწვევია. არადა, ამერიკისგან განსხვავებით, უკრაინაში სახელმწიფოს მეთაურების მიწვევის წესი ყოფილა. «მოწვევა 100 დელეგაციაზე მეტს გაეგზავნა. ჩვენთან სტუმრად ჩამოვა 11 სახელმწიფოს მეთაური, 4 გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, 15-ზე მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი და 4 პარლამენტის თავმჯდომარე. წარმომადგენლობის დონე საკმაოდ მაღალია, შეიძლება, ითქვას, უპრეცენდენტოც კი», – განაცხადა უკრაინის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტრე პოროშენკომ.
აი, ასეთ უპრეცენდენტო ინაუგურაციაზე არ დაპატიჟეს სააკაშვილი. პოლიტოლოგებმა მაშინვე შეაფასეს ვითარება და მიზეზად წინაასაარჩევნოდ საქართველოდან ატეხილი ისტერიკა დაასახელეს – მრავალრიცხოვანი «დამკვირვებლები» და ყბადაღებული საუბრები იანუკოვიჩის პრორუსულობაზე: «ინაუგურაციაზე ამა თუ იმ პირის მიწვევა იმის მიხედვით ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანა და რამდენად კარგი ურთიერთობებია ქვეყნის პირველ პირებს შორის. როცა პრეზიდენტი არ მიდის ამ ინაუგურაციაზე, ეს იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც თვალსაზრისით ეჭვქვეშ არის დაყენებული ქვეყნებს შორის ურთიერთობები. წარმოგიდგენიათ, რომ იუშჩენკოს ინაუგურაცია ყოფილიყო და სააკაშვილი არ მიეწვიათ? ტიმოშენკოს მიმართ ასეთი ღია მხარდაჭერა არ უნდა დაფიქსირებულიყო. მიუხედავად ამისა, მიწვევა გამოაგზავნეს, ოღონდ არა პირადად სააკაშვილზე, ალბათ, მხოლოდ ზოგადი დელეგაციის დონეზე. ამიტომაც არ მიდის პრეზიდენტი. საერთოდ არმიწვევა კი იქნებოდა დემარში ქვეყნის მისამართით და უკრაინის ხელმძღვანელები ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდნენ».
მოწვევა მართლაც მოვიდა საქართველოში. «მივიღეთ ოფიციალური ნოტა, სადაც უკრაინის ადმინისტრაცია იწვევს საქართველოს მაღალ წარმომადგენლობას ინაუგურაციაზე, მაგრამ დელეგაციის დაკომპლექტება მოგვანდეს ჩვენ. შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა შემადგენლობის იქნება და ვისი ხელმძღვანელობით», – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის ამ სიტყვებით ცხადი გახდა, რომ მოწვევა პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის სახელზე არ მოვიდა და მას იქ არავინ ელოდა. ამიტომაც კიევში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გაემგზავრნენ.
პრეზიდენტი სააკაშვილი კი კვლავაც ჩემოდანზე იჯდა.
მაგრამ უცებ ბედმა გაუღიმა – შორეულ კოსტა-რიკაში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ლაურა ჩინჩილია მირანდას უთქვამს, ჩემი ინაუგურაცია მთელ ხიბლს დაკარგავს, თუ «დემოკრატიის შუქურა» არ გამინათებს წარმატებული პრეზიდენტობისკენ მიმავალ წინააღმდეგობებით აღსავსე გზასო.
შორია, მაგრამ რა ექნა? ადგა და წავიდა. მაგრამ ჯერ ვატიკანში რომის პაპს, ბენედიქტ XVI-ს შეხვდა7 მაისს. შემდეგ კი სან-ხოსეში ჩავიდა და ლაურა ჩინჩილია მირანდაც დააფასა. სააკაშვილი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების პრეზიდენტების გარდა, ვინც 9 მაისს ინაუგურაციაზე იყო მიწვეული. ამიტომაც უყურებდნენ გაოცებით – ნეტა, ეს თეთრი კაცი ვინ არისო…
არადა, სწორედ ამ დღეს მსოფლიო ლიდერები, მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის დამარცხების 65-ე წლისთავს და იოსებ ჯუღაშვილის მთავარსარდლობით მიღწეულ დიად გამარჯვებას აღნიშნავდნენ.
სააკაშვილის პრესსამსახური კი სიამაყით გვამცნობდა, რომ «საქართველოს პრეზიდენტი კოსტა-რიკის ახალ პრეზიდენტთან, ჰონდურასისა და გვატემალის პრეზიდენტებთან და სხვა სახელმწიფო მეთაურებთან საქმიან ვახშამზე იყო მიწვეული. შეხვედრებისას პრეზიდენტებს შორის საუბარი ესპანურ ენაზე მიმდინარეობდა». ესპანურიც სცოდნია!..
ეგ ყველაფერი კარგია, კარგი დაგემართოს, მაგრამ კოსტა-რიკიდან პრეზიდენტი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მისი დაკარგვა ვის გააკვირვებდა და ეწყინებოდა, მაგრამ მთლად გაურკვეველი სიტუაცია შეიქნა. თვითმმართველობის არჩევნების წინ უავგუსტესის გაუჩინარება შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ორთოდოქსი «ნაციონალებისთვის». მანამდე, აპრილში, თითქმის სამი კვირა აშშ-ში იმყოფებოდა. იქიდან რუმინეთში აპირებდა ჩასვლას, მაგრამ რუმინელებმა, შენი ჭირიმე, ვის აქვს შენი დევნის თავი, ეროვნულ დღესასწაულს აღვნიშნავთ და ერთი თვეში გამოიარეო. თბილისში 3 მაისს დაბრუნებული 6 მაისს პოლიციის აღლუმს დაესწრო, მერე ბათუმში სამკერვალო ფაბრიკა, საავადმყოფო და შოთა რუსთაველის ძეგლი გახსნა და უკვე 7-ში, როგორც გითხარით, რომის პაპს «დაუკრა თავი.» პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყებოდა, შეხვედრაზე სააკაშვილმა და რომის პაპმა რამდენიმე კონკრეტული და მნიშვნელოვანი თემა განიხილეს. კერძოდ, ლაპარაკი შეეხო ორმხრივი ურთიერთობის საკითხებსო. ამაზე იტყვიან ხოლმე: ნეტა, იმის ეშმაკი მქნა და გამაგებინა, რა ორმხრივი ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეთ «ღმერთის მოადგილესა» და «ჯოჯოხეთის მოციქულს»?
დაიკარგა და დაიკარგა, სად უნდა გვეძებნა?! არ უნდა ამ კაცს პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი და რას ერჩით? ამისთვის აირჩიეთ, რომ ასეთი საზრუნავით დაგემძიმებინათ? კაცი ბევრად უკეთესად გრძნობს თავს საკუთარი სამშობლოსგან შორს, მით უფრო ვერ იტანს დედაქალაქს, რომელმაც არაერთხელ უარყო და რა გინდათ, სიძულვილზე სიყვარულითა და მზრუნველობით გიპასუხოთ? მართლაც უნიკალური შემთხვევაა – პრეზიდენტობა იმიტომ უნდოდა, რომ სულ საზღვარგარეთ ყოფილიყო, ოღონდ სახელმწიფოს ხარჯზე, განცხრომაში. მოგეხსენებათ, პრესტიჟის ამბავია და, წარმოიდგინეთ, რა გვიჯდება პირველი პირის ხანგრძლივი ვოიაჟები! რა ოფიციალური შეხვედრები, იყიდიან რომელიმე ფასიან ვახშამზე რამდენიმე ბილეთს, გვიჩვენებენ რამდენიმეწამიანი შეხვედრისა და ხელის ჩამორთმევის კადრებს და «გაიხარე, მუშავ, წამებულო!»
სამაგიეროდ, თავისი მოულოდნელი სტუმრობით ხომ «უხარებს გულს» სიურპრიზით გაოცებულ მასპინძლებს! ამათ ისიც არ ესმით, რომ სხვა ქვეყნის პრეზიდენტის ჩასვლა ადგილობრივი ხელისუფლების დიდი პასუხისმგებლობაა, სულაც თავი რომ დავანებოთ ქვეყნის პრესტიჟის შელახვას ამგვარი თავქარიანი ვოიაჟებით.
მოკლედ, როგორც იქნა, გამოჩნდა და დავმშვიდდით, რომ ფარსაგს არსად გადაეყარა. გავიხარეთ, მაგრამ «ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?»
ჩვენც ასე დაგვემართა. რაკი «ფანჯარა ლათინურ ამერიკაში» უკვე გაჭრილი იყო, ელდა გვეცა, როცა შევიტყვეთ, რომ 7 აგვისტოს, ბოგოტაში, კოლუმბიის ახლადარჩეული პრეზიდენტის – ხუან მანუელ სანტოს კალდერონის ინაუგურაცია უნდა გამართულიყო და, რაც მთავარია, ამ ევროპაში და ყოფილ საბჭოთა სივრცეში «ხელჩამოურთმეველ» სააკაშვილს იქაც ეპატიჟებოდნენ, თანაც ოფიციალურად. გაჩნდა მისი ხელმეორედ (თუ მერამდენედ?) დაკარგვის საფრთხე, მაგრამ რეინტეგრაციის საკითხებში მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა დაგვამშვიდა, «პრეზიდენტი აუცილებლად უნდა წავიდეს კოლუმბიაში რადგან ლათინური ამერიკა ჩვენი პარტნიორიაო» (მაინც რამდენ სისულელეს გათქმევინებს ადამიანს მინისტრობა?!). ეს ისეთი სასიხარულო მოულოდნელობა იყო, რომ პრეზიდენტის ხანგრძლივ დაკარგვასაც გადავიტანდით, ოღონდ ეს «პარტნიორი კოლუმბია» არ გაგვენაწყენებინა.
ასე იყო თუ ისე, სააკაშვილი ბოგოტაში გაემგზავრა. ინაუგურაციის ცერემონიაზე ლათინური ამერიკისა და მსოფლიოს სხვა ლიდერებიც იმყოფებოდნენ. სააკაშვილი აქაც ერთადერთი პრეზიდენტი იყო ევროპის კონტინენტიდან, რომელიც კოლუმბიის ხელისუფლებამ ბოგოტაში მიიწვია.
«მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ ძალიან მნიშვნელოვან და ისტორიულ მოვლენას. მინდა აღვნიშნო, რომ იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც დემოკრატიული ღირებულებები ფასეულია, კოლუმბია მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ამიტომ დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ამ შემოთავაზებას და ვესწრები ინაუგურაციის ცერემონიას,» – განაცხადა სააკაშვილმა. ნუ მიაქცევთ ყურადღებას კოლუმბიის დემოკრატიულობას, «ჩვენ ჩვენი ქეთო ვიტიროოთ».
სააკაშვილმა კოლუმბიის ახლად არჩეულ პრეზიდენტს – ხუან მანუელ სანტოსს პირადად მიულოცა არჩევნებში გამარჯვება. ასევე, შეხვდა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს. კოლუმბიისა და დომინიკის ლიდერებთან საუბარი ძირითადად ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და ქვეყნების დაახლოებას შეეხებოდა. შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა ალვარო ურიბემ სტუმრად ჩასული პრეზიდენტების პატივსაცემად ვახშამი გამართა. ქვეყნების პირველმა პირებმა არაოფიციალურ ვითარებაში ისაუბრეს. მიხეილ სააკაშვილი ბრაზილიისა და ჰონდურასის პრეზიდენტებს ესაუბრა და, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ თავისი დემოკრატიულობის გამოცდილება გაუზიარა, ალბათ, ისევ ესპანურად!
საღამოს ინაუგურაციაც გაიმართა და, რაკი ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ამით დასრულდა, თანაც აგვისტოს ომის ორი წლისთავი იყო, სამშობლოზე დამაშვრალი პრეზიდენტი სააკაშვილი სასწრაფოდ საქართველოში გამოეშურა…
ნურას უკაცრავად! ისევ დაიკარგა გაურკვეველი ვადითა და მიმართულებით!
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამჯერადაც დუმილი ამჯობინა ან რა უნდა ეთქვათ, როცა პრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მხოლოდ 11 აგვისტოს გავრცელდა. ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი ერთდღიანი ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში შემავალ კარიბის ზღვის კუნძულ არუბაზე იმყოფებოდა, სადაც არუბას პრემიერ-მინისტრს, მიშელ (გოლფრაიდ) ემანს, ასევე, არუბის გუბერნატორს, ფრედის რეფუნჯოლის შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს კარიბის რეგიონის ურთიერთობის თაობაზე სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან. ეს ინფორმაცია 11 აგვისტოს გავრცელდა.
აი, კიდევ ერთი პარტნიორიც ვიპოვეთ, ბატონო თემურ (იაკობაშვილო)! მაგრამ არუბას საინფორმაციო საშუალებებში რომ არაფერი თქმულა ამ «ოფიციალური» შეხვედრების შესახებ? გასაგებია, ვაცალოთ რა, კაცს დასვენება – ეს კუნძული ხომ მილიონერთა საყვარელ დასასვენებელ ადგილად ითვლება!
დაისვენე კაცო, ვინ გიშლის, მაგრამ გულებს მაინც ნუ დაგვიხეთქავ, გვითხარი, რომ კარგად ხარ და იყავი მანდ, სულ ნუ ჩამოხვალ, თუ ასე გეჯავრებით!
არუბას შემდეგ სააკაშვილის კვალი ისევ დაიკარგა. სააგენტო «პირველი» კი იტყობინებოდა, რომ არუბაში ერთდღიანი ვიზიტის შემდეგ სააკაშვილი მეორე დღესვე, 12 აგვისტოს აშშ-ში ჩაფრინდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ დაუკონკრეტდებიათ, რა იყო სტუმრობის მიზანი, «რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა» და ვიზიტი ოფიციალური იყო თუ კერძო.
ესეც მეორე დაკარგვა. არ დაგვცალდა სიხარული, მაინც გამოჩნდა – დაღლილი, გასავათებული… რამდენი უმუშავია, საქართველოზე ფიქრში ღამეები უთენებია…
ასე გასრულდა დაკარგულის 2010 წელი.
2011-ში სააკაშვილის კიდევ ერთი მცდელობა, ნიადაგი მოესინჯა პოსტსაბჭოთა სივრცეში, კრახით დამთავრდა. ამ წერილში ბევრი რამის შეხსენება მიწევს თქვენთვის, მაგრამ რა უჭირს, მოვიწყოთ «გახსენების წუთები». ხომ გახსოვთ, გივი თარგამაძემ ორაზროვნად რომ განაცხადა, ერთი კაცის სახე მაინტერესებს, პრეზიდენტობას როცა გამოეთხოვებაო. მაშინ გივი რევოლუციურ ტალღაზე იყო და «ჩეგევარობდა». ის «ერთი კაცი» მეოთხედ გახდა თავისი ქვეყნის პრეზიდენტი და, როგორ ფიქრობთ, რა მოხდა?
გაგიკვირდებათ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა «იმ კაცს» – ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ჯერ კიდევ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე მიულოცა! მისი ინაუგურაცია 21 იანვარს გაიმართა და საკუთარ ინაუგურაციაზე ქართველი კოლეგა… არ მიიწვია! ლუკაშენკოს პრესმდივანმა კი განაცხადა, ბელარუსში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სხვა ქვეყნების ლიდერებს სპეციალურად არ იწვევენ. ყველა ქვეყანას საკუთარი ტრადიცია აქვს, მათ შორის ინაუგურაციის შემთხვევაშიცო.
სააკაშვილმა ყველას დაასწრო მილოცვა, უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის ბოლო ანგარიშში კი ეწერა: «ბელარუსმა არჩევნები საოცარი დარღვევით ჩაატარა, შემდეგ კი სასტიკად გაუსწორდნენ მათ, ვინც ამის გაპროტესტებას შეეცადა». Freedom House -ის კვლევითი განყოფილების დირექტორმა არჩი პადინგტონმა აღნიშნა, რომ «მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ავტორიტარული რეჟიმების აგრესიულობის ზრდა დროში დაემთხვა მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების უუნარობას, ავტორიტარული სამყაროს გამოწვევისთვის ეპასუხათ, ამას კი მთელ მსოფლიოში თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობისთვის სერიოზული შედეგები აქვს».
ამჯერადაც დარჩა ჩვენი უავგუსტესი საყვარელი სანახაობის გარეშე.
მაგრამ წლეულს მაინც არ გაუცრუვდა იმედი – აგერ არ არიან ჩვენი სამხრეთამერიკელი პარტნიორები? წელიწადში ერთხელ სადმე როგორ არ იქნება პრეზიდენტის არჩევნები?
ჰოდა, გამოჩნდა პერუს ვარიანტი. 29 ივლისს სააკაშვილი ლიმაში პერუს ახლადარჩეული პრეზიდენტის, ოლანტა ჰუმალას ინაუგურაციას დაესწრო.
ასევე შეხვდა ალეხანდრო ტოლედოს, რომელიც პერუს პრეზიდენტი 2001-2006 წლებში იყო და პანამის პრეზიდენტს – რიკარდო მარტინელის. რასაკვირველია, ორმხრივი ურთიერთობისა და რეგიონალური მნიშვნელობის საკითხები განიხილეს და, ბუნებრივია, ამჯერადაც ესპანურად ისაუბრებდნენ!
სტუმრებს შორის სააკაშვილი კვლავაც ერთადერთი არასამხრეთამერიკელი ლიდერი იყო, არადა, ინაუგურაციაზე მთავრობათა მეთაურები, მაღალი რანგის დელეგაციები და საპატიო სტუმრები 109 ქვეყნიდან ჩავიდნენ.
მაგრამ მათ აღარაფერი აოცებდათ – უკვე იცოდნენ, რომ «ის თეთრი კაცი» მათი პარტნიორი იყო!
მოგეხსენებათ, ერთი და იმავე სახეების ყურება მოსაბეზრებელია და ლიმას მერს – სუზანა ვილარანსაც შეხვდა, რომელიც საქართველოში განხორციელებული რეფორმებითა და მიღწეული წარმატებებით დაინტერესდა. საუბარი ასევე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსაც შეეხო. მხარეებმა ქალაქების დამეგობრების პერსპექტივაც განიხილეს. გიგი უგულავა კი არ იყო ამ შეხვედრაზე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მაინც დამეგობრდებიან თბილისი და ლიმა!
ამჯერად გადავრჩით – პრეზიდენტი მალე დაგვიბრუნდა, მაგრამ მაინც როდემდე უნდა გაგრძელდეს სააკაშვილის ლათინურამერიკული სახიფათოდ ცეცხლოვანი ტანგო აშშ-თან და ევროპასთან? ჩვენ ხომ უკვე ვნახეთ რუსეთთან «კაზაჩოკის» ცეკვამ რა მოგვწია?
ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ საქართველომ არჩევანი არა ევროპაზე ან თუნდაც აზიაზე, არამედ შორეულ ლათინურ ამერიკაზე შეაჩერა. შესაბამისად, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ სულ მალე საქართველოში პერუგარჭობილები ვივლით და, რაც მთავარია, თავსაც მოვიწონებთ – ყველას განსხვავებული და ორიგინალური გვექნება…
ბონდო მძინარაშვილი
ვიხალისე 😀