Home რუბრიკები პოლიტიკა რა უნდა გვესწავლა აგვისტოს ომისგან

რა უნდა გვესწავლა აგვისტოს ომისგან

645

GEWORLD.NET:
უკვე სამი წელი შესრულდა აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან. წესით, სამი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ დროის გადასახედიდან ცივი გონებით შეგვეფასებინა მომხდარი და აქედან დასკვნები გაგვეკეთებინა, მაგრამ საამისო არაფერი არ ჩანს. ხელისუფლება ისევ თავის «საფირმო» იდეოლოგიურ კლიშეს იმეორებს: რუსეთი დაგვესხა თავს, დახოცა ჩვენი ჯარისკაცები, წაგვართვა ტერიტორიები, ჩვენ ამას არ შევეგუებით და ა.შ. და ა.შ.

სამწუხარო რეალობა კი ცოტა სხვანაირია. ევროკავშირის ეგიდით შექმნილმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ ჰ. ტალიავინის ხელმძღვანელობით თავის დასკვნაში პირდაპირ მიუთითა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველომ განახორციელა არაპროვოცირებული სამხედრო ოპერაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ამის კონსტატაცია პირადად ჩემთვის და ალბათ მრავალი სხვა ქართველისთვისაც ფრიად მტკივნეულია და სამწუხარო, მაგრამ სიმართლეს ვერსად წაუვალთ: ყველას კარგად გვახსოვს ხელისუფლების ის საომარი რიტორიკა, რომელიც აგვისტოს მოვლენებს უძღოდა წინ, სამხედრო ბიუჯეტის, ტექნიკისა და შეიარაღების შესყიდვის მუდმივი ზრდა, უცხოელ სამხედრო სპეციალისტთა საიდუმლოდ მოწვევა, სააკაშვილის არაერთგზისი გოროზი განცხადებები ნებისმიერი მეთოდებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ და ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე მუდმივი უარის თქმა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფაქტიურ ხელისუფლებთან დიალოგისათვის დემონსტრაციული თავის არიდება, მათდამი ქედმაღლური და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, მუდმივი პროვოკაციები რუს მშვიდობისმყოფელთა წინააღმდეგ და ბოლოს, საკუთრივ 7 აგვისტოს ღამის და 8 აგვისტოს ოფიციალური განცხადებები ცხინვალში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის სპეცოპერაციის დაწყების შესახებ.
ზ. გამსახურდიას ხელისუფლების დამხობისა და ე. შევარდნაძის პრეზიდენტად გახდომის შემდეგ საქართველომ ცალსახად აიღო კურსი რუსეთთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტაზე, მთლიანად გადაეწყო აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე და მათივე მოთხოვნით გამოაცხადა ნატოში ინტეგრაციის კურსი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომელშიც კი არ შედიხარ, არამედ გღებულობენ. თუ გღებულობენ, ე.ი. რაღაცისთვის ხარ შენ საჭირო მათთვის და ამ საჭიროებიდან გამომდინარე გიყენებენ სხვადასხვა პირობებს და შესაბამისი პოლიტიკის, უპირველეს ყოვლისა, საგარეო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ. საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რაც ნატოში ინტეგრაციის კურსი გამოცხადდა, გამოიხატებოდა მხოლოდ ერთში – რუსეთთან კონფრონტაციაში. ნატოში გაწევრიანება კი თავისთავად გულისხმობს საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზის ან ბაზების შექმნას. შევხედოთ, რას ვესწრაფოდით ბოლო 20 წელი – რუსეთთან კონფრონტაციულ საგარეო პოლიტიკას, და მისი უფრო ეფექტურობისთვის – გამაგრებულს ნატო-ს სამხედრო ძალებით.
რაში გვჭირდებოდა ეს? უფრო სწორად, – ამერიკელებს?
შევეცდები, ამ კითხვაზე ცნობილი ქართველი პოლიტოლოგისა და პოლიტიკოსის, ჩვენი საზოგადოების საზოგადოებრივი საბჭოს აქტიური წევრის, ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას მოსაზრებებით ვუპასუხო:
ამერიკელებს საქართველო სამი რამის გამო სჭირდებათ: საქართველოზე შეიძლება გაატარო მილსადენები რუსეთის გვერდის ავლით, მეორე – აქ არის სამხედრო ინფრასტრუქტურა, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო აეროდრომები და მესამე – რუსეთის სამხრეთში ყოველგვარი ექსცესების ინსპირაციისთვის. ამ ამოცანების შესასრულებლად არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი არ არის აუცილებელი – მილსადენები აქ არ გადის, ხოლო აეროდრომები და საზღვარი რუსეთთან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეცაა. სრულიად ნათელი იყო, რომ ამერიკელები წააქეზებდნენ სააკაშვილს აგვისტოს ავანტიურაზე, რათა შეემოწმებინათ, რამდენად მზად იყო რუსეთი, გადაჭრით დაეცვა თავისი სტრატეგიული ინტერესები საკუთარ საზღვარზე. და ამავე დროს ისიც შეამოწმეს, რამდენად ეფექტური იყო მათი გაწვრთნილი ქართული არმია და რამდენად შეძლებდა საქართველო (მისი ხელისუფლება) ყოფილიყო შტატების სამხედრო დასაყრდენი რეგიონში, განსაკუთრებით, ირანთან შესაძლო ომის ფონზე.
აგვისტოს ომში ჩაურევლობის შემთხვევაში რუსეთი მთლიანად დაკარგავდა სახეს და ავტორიტეტს ჩრდილოკავკასიელი ელიტების თვალში, ჩრდილოეთ კავკასიაში იფეთქებდა სეპარატისტული განწყობები, იქაური მოხალისეები გადმოვიდოდნენ ოსების დასახმარებლად და ჯამში დაიწყებოდა მასშტაბური კავკასიური ომი, ერთ-ერთ ეტაპზე საჭირო გახდებოდა მასში დიდი სახელმწიფოებისა და სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების მონაწილეობა.
დამოუკიდებელი აფხაზეთი არის მაგნიტი ჩრდილოეთ კავკასიის ყველა სეპარატისტული ძალისთვის. და თუკი ამ ჩრდილოკავკასიელ სეპარატისტებს ამერიკელები მხარს დაუჭერენ საქართველოდან, აღორძინდება თურქეთის გენშტაბის ძველი იდეა კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის შესახებ დედაქალაქით სოხუმში. ეს მომავალში რუსეთის სამხრეთის დაშლას გამოიწვევს, საქართველოს ისტორია კი ნათლად გვაჩვენებს, რომ რუსეთის კონტროლიდან გამოსული ჩრდილოეთ კავკასია საქართველოსთვის დაუძლეველი რისკია.
აი, ასეთია აგვისტოს ომის მიზეზები. სხვისი ინტერესების რეალიზაციას შევწირეთ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე, დავკარგეთ ტერიტორიები, ქვეყანა მოექცა სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში. სამაგიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გულუხვი ძღვენი ვაი-ვაგლახით შესრულებული დავალებისთვის იმ 4,5 მლრდ. აშშ დოლარის სახით, რომელიც ვითომდა დევნილების დასახმარებლად და განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოუყვეს საქართველოს.
მაშ, რა უნდა ესწავლებინა ჩვენთვის აგვისტოს ომს?
სამწუხაროდ და ქართველებისთვის სავალალოდ, ის დამღუპველი პოლიტიკა, რომელმაც აგვისტოს ომამდე მიგვიყვანა, დღესაც წარმატებით გრძელდება და დამატებითი მიმართულებებიც შეიძინა – ქვეყნის ტერიტორიულად დაკნინებისა და საქართველოს მოსახლეობის ფიზიკურად დამონების შემდეგ ინტენსიური შეტევები დაიწყო იმ უკანასკნელზე, რაც ქართველებს ჯერ კიდევ შემოგვრჩა – ჩვენს ენაზე და მართლმადიდებლურ რწმენაზე.
მავანნი დარწმუნებული არიან, რომ სხვა ყველაფერს, რაც-კი ქართულ სახელმწიფოებრიობასა და ქართველობას განსაზღვრავს, უკვე ბოლო მოუღეს და გადამწყვეტი, განადგურების დამაგვირგვინებელი ეტაპის რეალიზაცია დაიწყეს.
მინდა ისევ ბ-ნ ალ. ჭაჭიას დავეთანხმო მის მოსაზრებებში:
საქართველოს დღევანდელ ელიტას ეს აბსოლუტურად არ აღელვებს. ისინი ჩამოაყალიბეს, გამოზარდეს, დააფინანსეს, მათ მხარს უჭერენ და მთლიანად აკონტროლებენ შეერთებული შტატები. საქართველოს დღევანდელ ხელისუფალთ თითქოს მომავალი უზრუნველყოფილი აქვთ.
სხვა საქმეა საქართველო. ამერიკაში აქტიურად განიხილავენ ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტას იმგვარად, რომ ერთ-ერთი მხარე დააკმაყოფილონ საქართველოს ტერიტორიის ხარჯზე – ყარაბაღი დარჩეთ სომხებს, სანაცვლოდ აზერბაიჯანმა მიიღოს აზერბაიჯანელებით დასახლებული საქართველოს მიწები, ანდა სომხეთი დათმობს ყარაბაღს და სანაცვლოდ მიიღებს სომხებით დასახლებულ საქართველოს ტერიტორიებს.
აჭარა, პრაქტიკულად, დაკარგულია. თურქები აჭარიდან აღარ გავლენ, იმიტომ, რომ იქ ჩადებული აქვთ ძალიან დიდი კაპიტალი. ამ რეგიონს უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს თურქეთისთვის. ათასობით თურქი უკვე მუდმივად ცხოვრობს ბათუმში და ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ბათუმში უკვე თურქულ სახელებს არქმევენ ქუჩებს. ამერიკისთვის თურქეთი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი მუსლიმანურ სამყაროში, ამიტომ შეერთებული შტატები არ შეეწინააღმდეგება თურქეთს ექსპანსიის გაძლიერებაში. უფრო მეტიც, თურქეთი აუცილებლად შეეცდება, რომ აფხაზეთი აღიარონ დამოუკიდებელ ქვეყნად, ვინაიდან თურქეთს არ აწყობს ამ რეგიონში რუსეთის მონოპოლია. ამერიკა ამასაც არ შეეწინააღმდეგება.
ამერიკელები არ მოითმენენ მართლმადიდებლობის გაძლიერებას საკუთარ კოლონიაში. ვერც ერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ისინი ვერ დამკვიდრდნენ, იმიტომ, რომ მართლმორწმუნე ხალხისთვის მიუღებელია მათი ღირებულებები. ამერიკის მიზანია, შეცვალოს ხალხის მენტალობა, ამიტომაც სააკაშვილი მუდმივად საუბრობს ამის თაობაზე. ზბიგნევ ბზეჟინსკი პირდაპირ ამბობდა, რომ კომუნიზმის დანგრევის შემდეგ ამერიკას ერთი მტერი დარჩება – მართლმადიდებლობა. საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია, რომელსაც გააჩნია ქვეყნის განვითარების ხელისუფლებისაგან განსხვავებული მოდელი. ქართველი პოლიტიკოსები არ ეძებენ ხალხის მხარდაჭერას. მათთვის მთავარი პერსონა არის აშშ-ის ელჩი საქართველოში. ოპოზიციას არა აქვს და არც ექნება ხალხის მხარდაჭერა, ვიდრე ის არ ჩამოყალიბდება ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად და არ დადგება ეროვნულ საწყისზე.
ერთადერთი, რაც დღეს საქართველოს გადაარჩენს, ეს არის ეროვნულ ნიადაგზე მყოფი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, რომელიც იმოქმედებს მართლმადიდებელ ეკლესიასთან მჭიდრო კავშირში.
აი, ამ ყველაფერზე უნდა აეხილა ჩვენთვის თვალი აგვისტოს ომს.
აგვიხილა კი?
დასასრულ, მინდა მკითხველს ერთი საგულისხმო ეპიზოდი გავახსენო, როცა ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი უნდა ჩამოსულიყო ბათუმში. სამთავრობო ტელევიზიებმა ჩვეული რიხით დააანონსეს, რომ იგი თბილისში სპეციალურად ჩამოვიდოდა პრეზიდენტთან შესახვედრად. ქ-ნმა რაისმა კი ბათუმში ჩამოსვლისთანავე დემონსტრაციულად აქცია ზურგი სააკაშვილს, აეროპორტს მიაშურა და სადღაც გაფრინდა გოლფის სათამაშოდ. ყველა ქართული მედია, ელექტრონულიც და ბეჭდვითიც, მაშინ ამას იმით ხსნიდა, რომ თურმე კ. რაისი განაწყენებული იყო მ. სააკაშვილზე ამ უკანასკნელის მიერ შავკანიანების აგდებულად მოხსენიების გამო. მე კი მგონია, რომ კ. რაისმა მ. სააკაშვილს ზურგი აქცია და მასთან საუბარზე უფრო მნიშვნელოვნად «გოლფის თამაში» მიიჩნია იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტთან გულთბილი შეხვედრით იგი მხოლოდ დაადასტურებდა ეჭვებს, რომ საქართველოს წაქეზება აგვისტოს ომზე თბილისში მისი ვიზიტის (2008 წლის ივლისში) მთავარი მიზანი იყო.
ასეთია ამერიკელთა დამოკიდებულება მარიონეტებთან – სანამ სჭირდები, გეფერებიან და «დემოკრატიის შუქურას» გეძახიან, გამოგიყენებენ და მერე გოლფის სათამაშოდაც არ დაგპატიჟებენ. ესეც უკეთეს შემთხვევაში. წარსულში რომ არ დავიხიოთ, სულ ახლანდელი მაგალითები გავიხსენოთ, რა ბედი ეწიათ ერთ დროს ამერიკის ფავორიტებს: სადამ ჰუსეინი ჩამოახრჩეს მისმა გუშინდელმა პატრონებმა, ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ჯერ ჩამოაგდეს, ახლა შინაპატიმრობაშია და ასამართლებენ, ლიბიის ლიდერს – მუამარ კადაფის გამუდმებით ბომბავენ და – თუ ცოცხლად ჩაიგდეს ხელში, სახრჩობელა არც მას ასცდება; ტუნისის პრეზიდენტი ჩამოგდების მერე კომაში «ჩავარდა» და ა. შ. ხოლო უკლებლივ ყველას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს და ფული წაართვეს. ასე მოექცნენ ამერიკელები ედუარდ შევარდნაძესაც, რომელიც, მიუხედავად მათ წინაშე უზარმაზარი დამსახურებისა, პრეზიდენტის პოსტიდან სახელმწიფო გადატრიალებით გააძევეს და ასე მოექცევიან ისინი მ. სააკაშვილსაც, როცა ბოლომდე გამოწურავენ. კ. რაისმა ამაზე უკვე მიანიშნა.
ტარიელ გაგნიძე,
არასამთავრობო ორგანიზაცია
«ისტორიული მემკვიდრეობის» თავმჯდომარე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here