GEWORLD.NET:
პოლიტიკაში ან ავგიები მიდიან, ან ნეხვის ჭიები – იმდენად ბინძური საქმეა. ამას ადასტურებს ისიც, რომ ხელისუფლების სათავეში მოსული იქსი წინამორბედი იგრეკის ლანძღვითა და გინებით იწყებს «რეფორმატორულ» მოღვაწეობას. და აგრძელებს. მედროვეთა ტრადიციული მეთოდია. ამიტომ – შორს პოლიტიკიდან! მით უფრო, რომ «უჰალსტუხო საუბარი» ბატონ ლაურ მანაგაძესთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორთან, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემის წევრ-კორესპონდენტთან, უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორთან პოლიტიკას ორგანულად ვერ ეთავსება. და კიდევ იმიტომ, რომ ბატონი ლაური თავისი წინამორბედის, ქართული უროლოგიის მამამთავრის – ალექსანდრე წულუკიძის გახსენებით იწყებს ჩვენს აპოლიტიკურ შეხვედრას.
– იგი ქართულ მედიცინაში სრულიად გამორჩეული პიროვნება იყო, ჭეშმარიტად დიდი მედიკოსი. მან, იმ დროისთვის უკვე კარგმა ქირურგმა, პირველმა ამოიცნო, რომ უროლოგია დამოუკიდებელ დარგად განვითარდებოდა და თავისი მოღვაწეობაც ამ მიმართულებით წარმართა. მოიარა მთელი ევროპა, გაეცნო გერმანიის, საფრანგეთის წამყვანი სამედიცინო წრეების საქმიანობას იმ დროს, როცა ეს სივრცე ჩვენთვის დახურული იყო, და დასავლური მიმართულების ექიმად ჩამოყალიბდა.
ასეთადვე დარჩა.
მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული უროლოგიის პირველი ნაბიჯები – განყოფილების, კათედრის გახსნა (პირველის – საბჭოთა კავშირში), თბილისისა და საქართველოს უროლოგთა საზოგადოებების დაარსება, უროლოგიის ინსტიტუტის დაფუძნება თბილისში 1959 წელს (პირველი – საბჭოთა კავშირში), 1966 წელს მეორე ინსტიტუტი გაიხსნა კიევში, 1979 წელს – მოსკოვში. 1963 წელს მოსკოვთან სინქრონულად თბილისში პირველი ხელოვნური თირკმლის, ჰემოდიალიზის კაბინეტი გახსნა. მსოფლიოში მსგავსი განყოფილებები მხოლოდ ორი წლით ადრე ამუშავდა. საბჭოთა კავშირში პირველი უროლოგიური განყოფილება მისი ხელდასმით თბილისში 1964 წელს ამუშავდა.
პროფესორი წულუკიძე სტალინის პირადი უროლოგი იყო. თავისი მოღვაწეობის ამ სფეროზე მას არასოდეს სიტყვაც არ დასცდენია. არადა, რა საინტერესო იქნებოდა! საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკის უროლოგებისთვის იგი იმდენად გამორჩეული პიროვნება იყო, რომ თავადად მოიხსენიებდნენ – “князъ”. ხოლო პირადი შეხვედრების დროს ასე მიმართავდნენ: «პატერ ნოსტერ» (ლათინურიდან ითარგმნება, როგორც «მამაო ჩვენო»).
ამ დიდი ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბევრ საყურადღებო მომენტზე ისაუბრა ბატონმა ლაურიმ, მაგრამ თხრობის მდინარებამ შეიძლება შორს გაგვიტაცოს…
ჩემი მასპინძელი უროლოგიის ეროვნული ცენტრის მესამე დირექტორია, ინსტიტუტის დამფუძნებლის შემდეგ. მის კაბინეტში, გამორჩეულ ადგილზე, «თავადის» ბიუსტი დგას.
საქართველოს სამედიცინო ცენტრების წინ ყველგან ხელუხლებელია მედიცინის კორიფეთა ძეგლები – ეგნატე ფიფიასი, ივანე თარხნიშვილის, გიორგი მუხაძის, ნიკოლოზ ყიფშიძის, ოთარ ღუდუშაურის, ლუარსაბ შარაშიძისა და სხვათა კიდევ.
ძეგლებთან მებრძოლთა ინფექციამ, გნებავთ, ვირუსმა ექიმთა სფეროში ვერ შეაღწია. მედიკოსები განსაკუთრებული კასტაა. პოლიტიკურ მოღვაწეთაგან განსხვავებული, მაგრამ, მოდით, აქაც დავამუხრუჭოთ, რადგან შეიძლება აპოლიტიკურობის ლიანდაგიდან გადაგვივარდეს «ზეპარტიული მატარებელი» და მერე, მიდი და ეძებე მეისრე, ვისაც შეიძლება დააბრალო კატასტროფა.
ლაურ მანაგაძე უროლოგიის მამამთავარს პირადად არ იცნობდა, რადგან, როცა ალექსანდრე წულუკიძე გარდაიცვალა, იგი ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის მეექვსე კურსზე სწავლობდა. არასოდეს შეხვედრია, მაგრამ მის მიმართ ისეთი მოწიწებით იყო გამსჭვალული, რომ უროლოგიის ინსტიტუტის დირექტორად დანიშვნის (1985 წელს) შემდეგ კარგა ხანს თავს უფლებას არ აძლევდა, ამ დიდი პიროვნების სავარძელში ჩამჯდარიყო და მისეულ მაგიდაზე ემუშავა.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართულმა უროლოგიამ მისი ხელმძღვანელობით თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია, გაბედა და დაარღვია საკუთარი თავისთვის დაწესებული ტაბუ – ვაშინერს!
თაობათა ზნეობრივი ურთიერთობის თემა დავამთავროთ იმით, რომ ინსტიტუტში დღესაც მუშაობენ ხანდაზმული ადამიანები, ვინც იქ წულუკიძის დროს მივიდა.
– ეს შეიძლება ძალიან არათანამედროვე მიდგომად ჩამითვალონ, მაგრამ ასეთია ჩემი ცხოვრების წესი, – ამბობს რესპონდენტი და ასკვნის, – ბატონი ალექსანდრეს სული დღესაც აქ ტრიალებს. მისი თანამედროვენი იხსენებენ, რომ, როგორც კი მოადგებოდა კლინიკას მანქანით, ამას კი აუცილებლად შენიშნავდა ვინმე, ყველაფერი სხვაფერდებოდა, ყველანი იცვლებოდნენ – იგი ძალიან ძლიერი და უშეღავათო ხელმძღვანელი იყო, რაც ჩემში არ არის – ზედმეტად დემოკრატიულად ვმოქმედებ.
რატომ უროლოგია და არა სხვა?
– უროლოგიის სპეციალობა ჩვენს ახალგაზრდობაში, ვერ ვიტყვი, რომ პოპულარული იყო. თქვენ რატომ აირჩიეთ მაინც და მაინც ეს დარგი?
– ლეო ბოკერია მოსკოვში ჩემზე ორი კურსით წინ იყო. საერთო საცხოვრებელში კარის მეზობლები ვიყავით. ვმეგობრობდით. სწავლა ჩემთვის პრობლემა არ იყო. წარმატებულ სტუდენტად ვითვლებოდი. ლეო ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იყო. შემომთავაზა სტუდენტთა სამეცნიერო წრეში მისვლა, რომელსაც აკადემიკოსი კოვანოვი ხელმძღვანელობდა. მივედი და იქ მეცადინეობამ გამიტაცა, ტრანსპლანტაციამ – პირველ რიგში. მაშინ, შეიძლება ითქვას, იფეთქა ადამიანის ორგანოთა გადანერგვის პრაქტიკამ, რაც ჩემი ინტერესის სფერო გახდა. გამიმართლა და 1975 წელს ბედის უცნაურობის გამო აღმოვჩნდი აღმოსავლეთ ბერლინში აკადემიკოს მებელთან, გერმანელ ებრაელთან, რომლის ოჯახიც ფაშისტურ რეჟიმს რუსეთში გამოექცა და 1938-დან 1958 წლამდე იქ ცხოვრობდა. ისწავლა რუსეთში, გახდა უროლოგი და გდრ-ში დაბრუნდა. დღესაც ცოცხალია და ჯანზეა, 89 წლის არის. ვიმუშავე მის კლინიკაში, რომელიც მსოფლიო უროლოგიის დონეს არ ჩამოუვარდებოდა, აღჭურვილი იყო უახლესი ტექნიკური საშუალებებით.
მებელმა დამიბარა და მითხრა, რომ ვინაიდან იგი კარგად იცნობდა საბჭოთა კავშირს, არ მირჩევდა ძირითად სპეციალობად ტრანსპლანტაციის არჩევას, რადგან საამისო «სამუშაო ფრონტი» საქართველოში ფრიად უმნიშვნელო იქნებოდა, ამიტომ ან მოსკოვში დაბრუნება მიჯობდა, სადაც დიდი მასშტაბების გამო შეიძლება უკეთესი სიტუაცია ჩამოყალიბებულიყო, ან ამერჩია უროლოგია. დამარწმუნა ამაში და მეც დავყევი მის რჩევას. მე მგონი, გამიმართლა.
– პირველი დისერტაცია?
– მოსკოვში დავიცავი აკადემიკოს კოვანოვოს ხელმძღვანელობით 1970 წელს, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ. პრობლემა თირკმლის გადანერგვას ეხებოდა. კოვანოვმა ინსტიტუტში დარჩენა შემომთავაზა. ბინაც მომცეს და მე და ჩემი მეუღლე ლეგალური მოსკოველები გავხდით. მაგრამ გავიდა ორი თუ სამი წელიწადი და მივხვდი, რომ თუ გავაგრძელებდი აქაურ ლაბორატორიაში მუშაობას, ძალიან დიდი დროის განმავლობაში დავრჩებოდი სხვისი ჩანაფიქრების განმახორციელებლად. იერარქიული განსხვავებულობა აქ მყარად იყო გამჯდარი: უფროსი თაობის მკვლევარები ჩაიფიქრებდნენ რაღაც იდეას, რომლის რეალიზება მე უნდა მომეხდინა. ეს ხელს არ მაძლევდა და ამიტომ გადმოვედი თბილისში, ქირურგიის ინსტიტუტში, სადაც სრული დამოუკიდებლობის პირობები შემიქმნეს, ჩამაბარეს ექსპერიმენტული ლაბორატორია, პატარა კლინიკური განყოფილება მომცეს.
– საინტერესოა, ვინ გიპატრონათ მოსკოვში, ვინ ამოგიდგათ მხარში? თუ დაგრჩათ სასიამოვნო მოგონებები?
– რა თქმა უნდა, დამრჩა. მაგრამ კონტაქტები არც ახლა გამიწყვეტია. კარგი დრო იყო… საკვანძო ადამიანებზე თუ მეკითხებით, ვინც ჩემი ბედის განსაზღვრაში გარკვეული როლი ითამაშა, გიპასუხებთ, რომ, რასაკვირველია, ასეთი ლეო ბოკერია იყო. როგორც ვთქვი, პირველად მან მიმიყვანა სტუდენტურ სამეცნიერო წრეში, ხოლო როცა ინსტიტუტი დაამთავრა და წავიდა, სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ მის ნაცვლად მე ამირჩიეს. აკადემიკოს კოვანოვზეც ვილაპარაკეთ. მან მიშუამდგომლა ასპირანტურაში ჩასაბარებლად და გავხდი ერთადერთი არამოსკოველი ასპირანტი მეცნიერებათა აკადემიის ხაზით. ისიც უნდა ვთქვა, რომ, როცა კოვანოვს თბილისში დაბრუნების შესახებ ვუთხარი, ოღონდ ინსტიტუტში დავრჩენილიყავი, ორწლიანი სტაჟირება შემომთავაზა საფრანგეთში, სადაც მეუღლესთან ერთად მიმავლენდნენ.
– ასეთი შემოთავაზებები, შესანიშნავი პერსპექტივა და მნიშვნელოვანი კონტაქტები სამეცნიერო წრეებში… რატომ გამორბოდით თბილისში?
– გულის ძახილი, მიწის ყივილი, დაბრუნების სურვილი და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა. თორემ მოსკოვში, პირდაპირ გეტყვით, აღიარება არ მაკლდა. არც ერთ ქართველ ექიმს, ვინც პერიფერიაზე საქმიანობდა, არც ერთ ქართველ მკვლევარს, ვინც ბიოლოგიასა და მედიცინაში მუშაობდა, არ ჰქონია რუს მეცნიერებთან ერთად გამოცემული წიგნი, სადაც იგი პირველი ავტორი იქნებოდა. მე მაქვს ასეთი წიგნი და ეს ჩემთვის დიდი პატივია. ახლა მეორე წიგნს ვამზადებთ.
– ბატონი ლეო ბოკერია დღეს პირველ კაცადაა აღიარებული.
– მთლიანად მედიცინაში. არა მარტო გულის და სისხლძარღვთა ქირურგიაში, სადაც მოღვაწეობს, მთელ რუსულ მედიცინაში იგი გამოკვეთილად პირველი კაცია.
კიბით, რომელიც მაღლა ადის
– სადოქტორო დისერტაცია 1981 წელს დაიცავით, საკანდიდატოდან 11 წლის შემდეგ. თითქოს ხანგრძლივი პაუზაა.
– თუ იმ სამუშაოს მოცულობას გავითვალისწინებთ, რომელიც ამ პერიოდში შევასრულე, ასე არ გამოჩნდება. ექსპერიმენტული ნაწილი საქართველოში გავაკეთე. ჩვენს ქვეყანაში დღესაც ვეებერთელა პრობლემაა გადასანერგი თირკმლის მოძიება. თუმცა გადანერგვის ოპერაციებს რეგულარულად ვაკეთებთ.
– ამიხსენით, თუ შეიძლება.
– გადასანერგ თირკმელს მშობლებისგან, და-ძმებისგან ვიღებთ. გვამური ტრანსპლანტაცია დღემდე საქართველოში გამოყენებული არ არის და საამისო პერსპექტივას ვერც ვხედავ. ამან მიბიძგა, მეძებნა სხვა გზა.
არსებობს სიცოცხლესთან შეუთავსებადი სიმახინჯეები, რომლებიც ამოცნობადია დაბადებამდე. მაგალითად, შეიძლება ნაყოფი იყოს უთავო. ექოსკოპიით ამის დაფიქსირება ძალიან ადვილია. ჩემი იდეა იყო, ამ გზის გამოყენება გადანერგვისთვის. გავაკეთეთ ექსპერიმენტები საქართველოში, რომლებიც მინიმუმ ძალიან საინტერესო და იმედის მომცემი იყო. ჩემს მასწავლებელთან, მებელთან რომ ჩავედი ბერლინში და შესრულებული სამუშაოს შესახებ რომ ვესაუბრე, მან მთხოვა ამ ექსპერიმენტების გამეორება ღორებზე.
– იმიტომ, რომ ადამიანთან ღორია ყველაზე ახლოს?
– ორგანიზმის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა. გადანერგვის ექსპერიმენტები იქაც გავაგრძელეთ და, როცა დავრწმუნდით, რომ შედეგი რეალური და დადებითია, ოპერაციები ადამიანებსაც გავუკეთეთ.
იდეის ავტორი ვიყავი მე და სადოქტორო დისერტაციაც ამ პრობლემაზე მე დავიცავი.
– სხვადასხვა დარგის გამოჩენილ ექიმებთან საუბრისას, ყურადღება მივაქციე, რომ ყველანი თავ-თავიანთ მიმართულებებს მსოფლიოში და საქართველოში ყველაზე უფრო გავრცელებულად მიიჩნევენ. თუ ადგილების მიხედვით გრადაცია არის შესაძლებელი, უროლოგიურ დაავადებებს რომელი ადგილი უკავია?
– უროლოგია არის სრულიად განსაკუთრებული სპეციალობა – მეც მათსავით ვსაუბრობ – და აგიხსნით რატომაც არის. დღეს უკვე ნაყოფზე ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში კეთდება უროლოგიური ჩარევები, ცხადია, ახალშობილობის პერიოდშიც და, ამასთან ერთად, უროლოგები ოპერაციებს უკეთებენ სრულიად ხანდაზმულებს. ადამიანის სიცოცხლის ნებისმიერ მონაკვეთში საჭიროა უროლოგია, რასაც ყველა სხვა სპეციალობაზე ვერ იტყვი. უროლოგიის ავადმყოფები კაციც არის და ქალიც.
ონკოლოგები იჩემებენ, რომ სიკვდილიანობის მიზეზი ყველაზე ხშირად კიბოა, კარდიოლოგები ამტკიცებენ, რომ სისხლძარღვთა დაავადება კატასტროფულად საშიშია.
მე სხვაგვარად ვუყურებ საკითხს: ავადმყოფისთვის, რომელიც «კედელთანაა მიყენებული», მნიშვნელობა არ აქვს, მისი დაავადება რამდენადაა გავრცელებული და რომელ ადგილზე დგას.
– სტატისტიკა ნაკლებად აინტერესებს.
– რა თქმა უნდა. სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი უროლოგიური დაავადებები არ არის, მაგრამ, ვთქვათ, პროსტატის კიბო მამაკაცებში ფილტვების კიბოს შემდეგ მეორე ადგილზეა. სტატისტიკიდან ყველას შეუძლია მისთვის მომგებიანი მონაცემების ამოკრეფა.
ვინ ასწავლის ახალ თაობას?
– მოწაფეები გყავთ?
– იცით, მე სხვაგვარად დავსვამდი საკითხს. ყოველთვის არ ხდება ისე, რომ პირადად ასწავლო, მაგრამ იცი, ვის შეუძლია, რომ ასწავლოს. უთანხმდები შენს უცხოელ კოლეგას, რომ უგზავნი ახალგაზრდას კონკრეტული მიზნით – აითვისოს ამა თუ იმ დარგის უახლესი მიღწევები, რათა დაბრუნების შემდეგ შეძლოს მისი, ამ დარგის, აქსელერაცია, განვითარება. ჩვენ გვყავს ბრწყინვალე ბავშვთა უროლოგი ზაზა ჭანტურია, რომელმაც სამიდან ექვს თვემდე იმუშავა დასავლეთის სახელგანთქმულ კლინიკებში და დღეს ევროპაში ცნობილი ექიმია.
– ხანდაზმული კოლეგების მიმართ თქვენს ჰუმანურ დამოკიდებულებაზე ვისაუბრეთ. ახალგაზრდებთან ურთიერთობაზე რას იტყვით?
– არ ვმალავ, რომ ახლა 67 წლის ვარ. რომ 37 წლის, ან 47 წლის ასაკში მანუალურად უკეთესი ქირურგი ვიყავი, ვიდრე დღეს ვარ. ყველა ასეა, მაგრამ შეიძლება ყველა ხმამაღლა არ აღიარებს, რომ ასეა.
მე გავზარდე უძლიერესი უროლოგები, რომლებიც ამ შენობაში, ჩვენს ცენტრში მუშაობენ. ერთ-ერთია არჩილ ჩხოტუა, რომელიც, არაერთი წელიწადია, ზეწარმატებულად აკეთებს თირკმლის გადანერგვას. მან სამი წლის განმავლობაში მოიარა ისრაელი, იტალია, გერმანია და შემდეგ დაგვიბრუნდა. იგი ჩემზე უკეთ აკეთებს ოპერაციებს. ეს არ ნიშნავს, რომ მე მას აღარ ვჭირდები: იგი ცდილობს, ოპერაცია არ გააკეთოს, თუ მე შენობაში არა ვარ. იმიტომ, რომ ზოგჯერ გამოცდილება არის საჭირო, მხარში მდგომი დაგჭირდება… ამ როლში, ისე მგონია, რომ ჯერ კიდევ ვვარგივარ.
გვყავს ამიკო პერტია, უძლიერესი უროლოგი, ზაზა მეზვრიშვილი, შალვა მშვილდაძე, გიორგი მანაგაძე, ჩემი ვაჟი – ერთი თაობის ექიმები. ისინი უკეთ აკეთებენ ოპერაციებს, რასაც მე ავადმყოფებთან არასოდეს ვმალავ. ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გამიკეთებია, არის ის, რომ ეს თაობა აღვზარდე. ახლა მოდის შემდეგი თაობა, მაგალითად, – 35 წლის დათო ნიკოლეიშვილი.
არის ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი ჩვენს დარგში – ლაპარასკოპული უროლოგიური ოპერაციები – გაჭრის გარეშე, დიდი განაკვეთების გარეშე. დღეს უროლოგია უამისოდ უკვე წარმოუდგენელია. დათო ნიკოლეიშვილი ლაიპციგში ბატონ შტოლცენბურგთან, მსოფლიო მასშტაბის უროლოგთან, დაოსტატდა, ისე შეისწავლა ამ ოპერაციების კეთება, რომ დღეს იგი ძალიან წარმატებული ქირურგი გახდა. აღარ არის საჭირო მაინც და მაინც საზღვარგარეთ წასვლა ასეთი ოპერაციის გასაკეთებლად.
ახლა უკვე გვჭირდება მეორე დათო ნიკოლეიშვილი, რადგან ძალიან მალე მხოლობით რიცხვში სპეციალისტის ყოლამ შეიძლება პრობლემები შეგვიქმნას, ვიწრო ადგილი შეიძლება წარმოგვექმნას.
– ინტუიცია და ექიმი – როგორ უყურებთ ამ პრობლემას? ტექნიკურმა პროგრესმა გამორიცხა ინტუიცია?
– ჩემი შეხედულებით, არა, არ გამორიცხა. მრავალჯერ დადასტურდა ეს. ჩვენ ძალიან სახიფათო დარგში ვმუშაობთ. მოულოდნელობანი ხშირად ხდება. ამიტომ საჭიროა, რომ ღმერთი იყოს შენთან, რადგან ეშმაკი მუდამ იქ ტრიალებს, სადაც სიავის გაკეთება შეუძლია.
გამოცდილებამ დამანახა, რომ ერთია, როცა პაციენტი არის ექიმი ან საზოგადოდ ცნობილი პიროვნება და სულ სხვაა პათოლოგიურად მშიშარა ადამიანი, რომელიც, როგორც გოლგოთაზე, ისე მიდის საოპერაციოდ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მე უფრო დაძაბული ვარ, ვიდრე ჩვეულებრივი, ყოველდღიური მუშაობის დროს. ასეთ შემთხვევაში ინტუიცია ხშირად გიკარნახებს, როგორი მოულოდნელობისთვის უნდა იყო მზად. ინტუიცია, პროფესიონალიზმი და გამოცდილება ერთი მთლიანობაა, თუ შეიძლება ითქვას, ხელიხელჩაკიდებულნი დადიან.
– პაციენტის ნდობა ექიმისადმი, მისი ყოვლისშემძლეობის რწმენა არ უნდა იყოს უმნიშვნელო ფაქტორი დადებითი შედეგის მისაღწევად.
– რომანტიკული პერიოდი მედიცინაში, საუბედუროდ, დამთავრდა. ჩემი საექიმო მოღვაწეობის პირველი ორი-სამი ათწლეულის ჟამს ჩვენ – ექიმსა და პაციენტს ერთმანეთი გვიყვარდებოდა, ჩვენი მეგობრობა წლობით გრძელდებოდა, ოჯახებითაც კი. მოკვდა ის დრო. უწინ მეუბნებოდნენ, რომ დასავლეთში ექიმები ავადმყოფებს არ უმალავენ მათ დაავადებას, რომ აქვს კიბო. ეს საჭიროაო იმისთვის, რომ დაალაგოს თავისი დარჩენილი სიცოცხლე – მოაგვაროს პრობლემები, დაამთავროს დაწყებული საქმე. მიამიტურად აღვიქვამდი ამას, დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი დასავლეთში პროგრესულები არიან. მაგრამ ახლა ვიცი, რომ მათი ეს მეთოდი მცდარია.
ავადმყოფები დღეს წარუმატებლობის მიზეზებს ეძებენ არა დაავადებაში, არამედ ექიმში. ამიტომ დღეს ექიმი იძულებულია, ავადმყოფს უთხრას, რაც სჭირს, რადგან კედელთანაა მიყენებული. უფრო მეტიც, ჩვენთან, საქართველოში ჟურნალისტებს რატომღაც სურთ, რომ ეს თემა ყოველთვის დაძაბულად ტრიალებდეს მასმედიაში, გამწვავებული იყოს. თან ისეთ სისულელეებს აქვეყნებენ, გაოცდები კაცი. აი, ერთი ფაქტი: ქუთაისში ავადმყოფს, რომელსაც სისხლი გადაუსხეს, დაემართა შიდსი. ამ ფაქტს ყველა არხზე ატრიალებდნენ, იმეორებდნენ ისე ხშირად, თითქოს მსოფლიოში მომხდარი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. ამ დროს ეს ხიფათი სისხლის გადასხმის ნებისმიერ შემთხვევაში დევს. დასავლეთში წინასწარ გაწერინებენ ხელს, საქმის კურსში გაყენებენ, რომ ასეთი საფრთხე გამორიცხული არ არის.
– კი, მაგრამ გადასასხმელ სისხლს, დონორებს ხომ წინასწარ იკვლევენ და ამოწმებენ?
– ასეა. მაგრამ, თუ შიდსი აქვს დონორს, საწყის სტადიაში იმუნოდეფიციტი ამოცნობადი არ არის. დაავადებულია, მაგრამ ამის გაგება შეუძლებელია.
ასე მოხდა ქუთაისში. ამათ კი დაანგრიეს ქვეყანა. ამიტომ ყველა პაციენტს, რომელსაც სისხლის გადასხმა სჭირდება, უნდა მოაწერინო ხელი იმაზე, რომ იგი საქმის კურსშია ჩაყენებული შესაძლო საფრთხის შესახებ.
ცხოვრება გაიძულებს.
მასმედია თითქოს ჩასაფრებულია, «დანაშაულის» საპოვნელად და სკანდალის ასაგორებლად. ერთხელ ჩემთან ჟურნალისტი გოგონა მოვიდა, ალბათ, 25 წლისა, და როგორც პროკურორმა დაკითხვა მომიწყო.
ვუთხარი:
– შვილო, თუ კონტროლის პალატიდან ან პროკურატურიდან ხართ, მაშინ ჩემი პასუხი იქნება – მიბრძანდით ბუღალტერიაში და გაგარკვევენ. თუ ჟურნალისტი ხართ, ნუთუ არ გაინტერესებთ, სად მოხვედით, რას ვაკეთებთ, რას ვმკურნალობთ?
ეგ არ მაინტერესებსო. თქვენ და ჩემ შორის განსხვავება არ არის, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, თქვენ – თქვენსას.
ჭკუა დამარიგა.
– უსუსური მცდელობაა მიკრო «ექიმთა საქმის» – გასული საუკუნის ცნობილი პროვოკაციის აგორების, საზოგადოებისთვის იმ აზრის ჩაგონების, რომ ექიმები, როგორც ძველი ფორმაციის ყველა სპეციალისტი, «ჩასარეცხები», «მავნებლები» და «ხალხის მტრები» არიან. რა ნდობაზე შეიძლება ასეთ ვითარებაში ლაპარაკი?!
– მე არ ვუყურებ ქართულ ტელეარხებს, მხოლოდ შემეცნებით პროგრამებს ვრთავ. მაგრამ მასმედია, ეტყობა, იმით ხელმძღვანელობს, რომ მასას მაინც და მაინც სკანდალური ამბების მოსმენა სურს.
ეს მცდარი და მავნე პოლიტიკაა, რადგან ამ შემთხვევაში ყველაზე ცუდ დღეში ავადმყოფები ვარდებიან, არ იციან, ვის ენდონ და ენდონ კი ექიმებს საერთოდ? ამას კი უამრავი უბედურება მოჰყვება, როგორც წესი.
– ექიმი თავის ჯანმრთელობაზე ზრუნავს?
– თუ ჩემზეა ლაპარაკი, არა. ჩემს ცხოვრებაში არასოდეს დამიმუხრუჭებია. ამ ნიშნით ფატალისტი ვარ: რაც მოსახდენია, მოხდეს! წელს ვიყავი ლაიფციგში, სადაც ჩემი გული გამოიკვლიეს, აღმოჩნდა, რომ ის უფრო უკეთესია, ვიდრე უწინ იყო. ექიმს ვკითხე: სიგარეტს ვეწევი, როგორ მოვიქცე-მეთქი? ჩემთვის და თქვენთვის სიგარეტისთვის თავის დანებება უკვე გვიანააო. ინფარქტი რომ გადავიტანე, სტენტირება გამიკეთეს და მეორე დღეს ოპერაციაზე ვიყავი. არც შვებულებაში გავსულვარ, არც დამისვენია.
კონკურენცია ძალიან გამძაფრდა. აშენდა ახალი კლინიკები, მასობრივად ინერგება ახალი ტექნოლოგიები. ჩემი სიმდიდრე ისაა, რომ ჩვენ რომ გვყავს, ასეთი გუნდი არსად არ არის. არ მერიდება ამის თქმა. შარშან საიუბილეო კონფერენცია რომ ჩავატარეთ, საკუთარ თავს ვუთხარი: მოკვდა ის დრო, როცა მოხსენებებს კითხულობდნენ. ამას «ცოცხალი ქირურგია» სჯობია. ჩვენ აქ გვაქვს ექვსი საოპერაციო, საიდანაც «მეტეხის» კონფერენცდარბაზში რეალურ დროში გადაიცემოდა ოპერაციები, რომლებსაც ჩვენი ქირურგები აკეთებდნენ. მათთან დამყარებული იყო ორმხრივი კავშირი, კონფერენციის მონაწილეებს შეეძლოთ ოპერაციის მსვლელობისას შეკითხვით მიემართათ ჩვენებისთვის და პასუხიც ოპერატიულად მიეღოთ.
ფანტასტიური ოპერაციები გაკეთდა და არც ერთი მე არ გამიკეთებია. რამდენიმე უცხოელს წინადადება მივეცი, თვითონ გაკეთებინათ ოპერაციები.
უშიშარი კაცი ვარ, მაგრამ ერთადერთი, რისიც მეშინია, არის ის, რომ ჩემი არავინ წავიდეს ახალ კლინიკებში.
– იყო ამის მცდელობა?
– ერთადერთი ქალბატონი წავიდა ჰემოლიზის განყოფილებაში. გულდასაწყვეტი იყო. მაგრამ იგი ჩვენთვის, ასე ვთქვათ, თანმდევი პროდუქტი იყო. ყველა წამყვანი სპეციალისტი ადგილზეა.
– ესე იგი, ვერავინ მოგერიათ.
– ვერ მოგვერია, მაგრამ ვიცი, რით ცდილობენ მორევას. ძალიან წარმატებულად აკეთებს ჩხოტუა თირკმლის გადანერგვას. კონკურენტები აპირებენ, გერმანიიდან ჩამოიყვანონ ქირურგი, რომელიც მათთან გააკეთებს მსგავს ოპერაციებს. ქართულ სამედიცინო საზოგადოებაში რა დარგიც წარმატებულია (ამაზე მინდა მინისტრს ვესაუბრო), რა საჭიროა მაინც და მაინც უცხოეთიდან სპეციალისტის ჩამოყვანა?! ამით თქვენ ებრძვით ადგილობრივ კადრებს, ხელს არ უწყობთ მათი ავტორიტეტის ამაღლებას.
ესაუბრა არმაზ სანებლიძე
უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმებს თავი მოაქვთ ვითომ რამის მაქნისები არიან; ხალხს ატყუებენ ორმაგ ფულს სძალავენ პირადად მე 20წლის ადამიანი გამაუბედურეს, ქვეყანა არ მუშაობს,.
batoni lauri zlieri urologia