Home რუბრიკები პოლიტიკა დამარცხებული მთავარსარდლის შურისძიება

დამარცხებული მთავარსარდლის შურისძიება

1414

GEWORLD.NET:
ძეგლი, მონუმენტი თუ ობელისკი – ეს არის ღირსეულ მამულიშვილთა გამარჯვების, მათი გმირობის, დიდებისა და სახელის უკვდავყოფის სიმბოლური გამოხატულება, ერის, საზოგადოების მეხსიერება, რომელიც შეგვახსენებს, ვისი გორისანი ვართ და საიდან მოვდივართ. ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლება, უპირველესად კი, ქვეყნის პირველი პირი, მიზანმიმართულად ებრძვის ერის მეხსიერებას და ცდილობს, საყოველთაო სკლეროზი, ამნეზია დამართოს საკუთარ მოსახლეობას, რათა ჭეშმარიტად მაღალზნეობრივი სიმბოლოები ადვილად ჩაანაცვლოს უსახური ფსევდოფასეულობებით.

«ჰეროსტრატეს კომპლექსი»
მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტემიდეს ტაძარი ეფესოში ჰეროსტრატემ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო გადაწვა, რომ ისტორიაში შესულიყო, და მიზანსაც მიაღწია. როგორც ტომას ბრაუნი ამბობდა: «ჰეროსტრატე ცოცხლობს, დიანას (რომაელები არტემიდეს დიანას ეძახდნენ. – ზ.ჯ.) ტაძრის დამწველი, ხოლო მისი ამგები თითქმის აღარავის ახსოვს».
დღესაც მრავლად არსებობენ ადამიანები, რომლებიც განდიდების მანიით არიან შეპყრობილი და სასურველი მიზნის მისაღწევად მზად არიან ყველანაირი უკეთური საქციელის ჩასადენად. მათთვის მთავარია, მათ სახელს ხალხი ყოველთვის ახსენებდეს, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს – რა კონტექსტში. ამ მოვლენას ფსიქოლოგიაში «ჰეროსტრატეს კომპლექსს» უწოდებენ.
საქართველოში «ძეგლთმებრძოლობა» გრძელდება. უფრო სწორად, სააკაშვილის ბრძანებით ხელყოფა ხდება იმ ძეგლების, რომლებიც ეროვნული სიამაყის, გამარჯვებისა და გმირობისადმი მიძღვნილ სიმბოლოებს წარმოადგენს.
ამჯერად სააკაშვილის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი ჩვენი სათაყვანებელი მეფის – დავით აღმაშენებლის ძეგლი აღმოჩნდა, რომელიც ქუთაისის ცენტრში, მესხიშვილის თეატრის წინ იდგა და ამაყად გადაჰყურებდა იმ ქალაქს, საიდანაც დაიწყო საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლა.
როგორც ჩანს, სააკაშვილი ჰეროსტრატეს კომპლექსით არის დაავადებული, რადგან სხვა ვერაფრით აიხსნება ის ვანდალური ქმედება, რომელიც 7 აგვისტოს, ღამის ორ საათზე, ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართ განხორციელდა, როცა, ცხინვალის ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, მძინარე ქუთათურებს ცხვირწინ ააცალა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი მეფის ძეგლი.
სააკაშვილის რეჟიმის მორიგი სამიზნე ბათუმის ცენტრში მდებარე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ობელისკია, რომელსაც, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მალე ქალაქის გარეუბანში, უკაცრიელ ადგილას გადაიტანენ და აბსოლუტურ სიმყუდროვეში მოათავსებენ. ობელისკის ნაცვლად კი ტურისტების საამებლად ახალი საბაგირო აშენდება.
სააკაშვილი მიზანმიმართულად ატარებს ტურიზმის სახელს ამოფარებულ ანტიეროვნულ პოლიტიკას, რაც საქართველოს გადააქცევს უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველ ეგზოტიკურ ტერიტორიად, სადაც რუსთაველის, აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის გამზირებზე; ასევე სოფლის შარა-გზებზე ქართველების უმრავლესობა მათხოვრებად ჩამწკრივებული «გაალამაზებს» კავკასიურ სამოთხეს.
ამ პოლიტიკას ემსახურებოდა სააკაშვილის გადაწყვეტილება, როცა ბათუმის ახალ ბულვარს აბუ-დაბის შეიხის, ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანის სახელი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო უწოდა, რომ რამდენიმე ათასი ძირი პალმა გვაჩუქა (შეიხს მადლობა საჩუქრისთვის!), მაგრამ ორიოდ თვის წინათ ქუთაისში ყველასთვის საყვარელი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის თაოსნობით დარგული ხეივანი უსინდისოდ გაჩეხა ველოტრეკისთვის ადგილის გამოსათავისუფლებლად, ქუჩისთვის მწერლის სახელის დარქმევაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
ჰეროსტრატე-სააკაშვილს დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართ პირველად არ განუხორციელებია ასეთი ვანდალური აქტი. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავზე დადო, რითაც მან სცადა, შეექმნა ვირტუალური რეალობა, რომ თითქოს ის დავითის «მემკვიდრე» და საქმის გამგრძელებელია. ამას ხელს უწყობდა ნაცპროპაგანდისტული მანქანა, რომელმაც მისი გაპრეზიდენტებისთანავე აქტიურად დაიწყო მითების გავრცელება, მიზნად სააკაშვილის, როგორც ახალი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლის, წარმოჩენას რომ ისახავდა და მისი სახელის უკვდავყოფას «მიხეილ რეფორმატორის» ზედწოდებით ცდილობდა. მაგრამ სააკაშვილს დიადი მეფისთვის მიბაძვა არც უცდია. უფრო მეტიც, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მისი დაკნინება დაიწყო და საქართველოს გამაერთიანებელი და არაბების ოთხსაუკუნოვანი მმართველობისგან თბილისის განმანთავისუფლებელი მეფე ლამის დედაქალაქიდან «გააძევა».
უკვე არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სააკაშვილი ვერ იტანს ეროვნულ გმირებს, გამარჯვების აღმნიშვნელ სიმბოლოებს (მონუმენტებს), რადგან გმირობა და გამარჯვება მისი პიროვნებისა და მმართველობისთვის დამახასიათებელი არ არის. შეიძლება ითქვას, ის ანტიაღმაშენებელია და ამიტომაც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დიადი მეფის სახელი შეურაცხყოს. ეს ერთგვარი შურისძიებაა, რადგან აღმაშენებელი მთავარსარდალია, ოღონდ, სააკაშვილისგან განსხვავებით, გამარჯვებული მთავარსარდალი, რომელმაც მოქნილი დიპლომატიური და სამხედრო პოლიტიკის გატარებით შეძლო ძლიერი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. სააკაშვილის მმართველობა კი ქვეყნის დაშლა-დაქუცმაცებასთან და ტერიტორიების დაკარგვასთან ასოცირდება. ამიტომაც ებრძვის მაღალი მიხეილი დიდ აღმაშენებელს. ამიტომაც აქცია საქართველოს ისტორიაში ყველაზე უძლიერესი მთავარსარდალი დიღმის «საგზაო ინსპექტორად».
ასევე, ერთი წლის წინათ, სააკაშვილის ბრძანებით, გორის ცენტრიდან ღამით ბარბაროსული მეთოდებით, საქართველოს მოქალაქეებისგან მალულად და მათივე აზრის გაუთვალისწინებლად აიღეს სტალინის ძეგლი, სწორედ ის ძეგლი, რომლის სიახლოვეს აგვისტოს ომის დროს რუსული ავიაციის მიერ შეშინებული მაღალი მიხეილი ლამის ატირებული ფორთხავდა (ეს სამარცხვინო კადრი ქართველი ერის მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება) და ვინ იცის, იქნებ მსოფლიოში უდიდეს მთავარსარდალს დახმარებას სთხოვდა ან «ერთგულებას» ეფიცებოდა, გადარჩენის შემთხვევაში. თუმცა ამას ვერასდროს გავიგებთ.
აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის რეჟიმმა სტალინის ძეგლის არსებობის მიზანშეწონილობის საკითხი სწორედ აგვისტოს ომის დროს განცდილი მარცხის შემდეგ დააყენა, ვინაიდან მაღალი მიხეილის სახელს დაჩრდილვით კიდევ ერთი გამარჯვებული მთავარსარდალი ემუქრებოდა,  რადგან, მიუხედავად სტალინის პიროვნების კრიტიკული გააზრებისა და მის მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებისა, შეუძლებელია უარყო სტალინის, როგორც მსოფლიოში უდიდესი მთავარსარდლის, გენიალურობა, რომელმაც იხსნა კაცობრიობა ფაშისტური ბოროტებისგან.  ამ რეალობას არა თუ მისი ძეგლის მალულად აღება, არამედ ცხრაკლიტულში გადამალვაც კი ვერ შეცვლის.
ჰეროსტრატე-სააკაშვილის ბრძანებითვე აიღეს ბათუმში რამდენიმე წლის წინათ ილია ჭავჭავაძის ძეგლი, რომელიც მწერლის სახელობის თეატრის წინ იდგა; სანაცვლოდ დაიდგა ნეპტუნის მოოქროვილი ქანდაკება, რომლის კვარცხლბეკი მკერდმოშიშვლებული ქალებით არის დამშვენებული მაღალი მიხეილის ეროტიკული ფანტაზიების გასაღვიძებლად.
«ჰეროსტრატეს» დენთმა ასევე შეიწირა ქუთაისის დიდების მემორიალი, რომლის აფეთქებამაც ორი ადამიანის (დედა-შვილის) სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს მემორიალი ეძღვნებოდა იმ ასი ათასობით ქართველ მეომარს, რომლებიც ფაშიზმის წინააღმდეგ ომში დაიღუპნენ და თავი გასწირეს სამშობლოს გადასარჩენად.
ეს ყოველივე დანაშაულებრივი პოლიტიკაა, რომელმაც ყველასთვის ცხადი გახადა, რომ სააკაშვილი ქართველი ერისთვის არა თუ ეროვნული გმირი, არამედ ანტიგმირია და მის მიერ გატარებული ავანტიურისტული და კოლაბორაციონისტული პოლიტიკის შედეგად საქართველო დაშლა-დაქუცმაცების, ეროვნული დეგრადაციის, სოციალური უსამართლობისა და ეკონომიკური სტაგნაციის გზას დაადგა.
LA LIBERTE ECLAIRANT LE MONDE
«თავისუფლება მსოფლიოს განმანათლებელი» – ასე ეწოდება მსოფლიოში ყველაზე ცნობილ მონუმენტს, რომელიც უფრო «თავისუფლების ქანდაკების» სახელით არის ცნობილი. თავისუფლების ეს სიმბოლო ამერიკელებში სიამაყის განცდას, ხოლო ამერიკაში ჩასულ ტურისტებში აღტაცებას იწვევს, მისი სიმბოლური დატვირთვის გამო, თუმცა ამ მონუმენტის მრისხანე მზერას და გასხივოსნებულ გვირგვინს მსოფლიოში ყველასთვის თავისუფლება და კეთილდღეობა როდი მოაქვს, მაგრამ ამაზე სხვა დროს…
ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ პრეზიდენტმა ობამამ ამერიკელებისა და კონგრესის დაუკითხავად მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და «თავისუფლების ქანდაკება» ლიბერთი-აილენდიდან (თავისუფლების კუნძული) სადმე ნიუ იორკის გარეუბანში გადაიტანა ან თუნდაც მის გემოვნებას შეეწირა ლინკოლნის მემორიალი – ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მონუმენტი, რომელიც ვაშინგტონში ნაციონალურ მოლზე არის აგებული.
ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება გახდება ობამას იმპიჩმენტისა და საყოველთაო შერისხვის საფუძველი, მაგრამ საქართველო ხომ «სულ სხვაა». აქ საზოგადოება მხოლოდ ამომრჩეველია, რომელიც ძალაუფლების მოსაპოვებლად გამოიყენება, მისი აზრი კი არავის აინტერესებს; საკანონმდებლო ორგანო სანოტარო ბიუროს როლს ასრულებს და პრეზიდენტის ნება-სურვილს ემორჩილება; კონსტიტუცია და კანონი მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ დაირღვეს; დემოკრატიას ავტორიტარული რეჟიმი შირმად იყენებს, უფრო სწორად დემოკრატიის სახელით დემოკრატიას ასამარებს; ესოდენ ნანატრი ლიბერალიზმის (როგორც სოციალიზმის მარწუხებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა) სახელით ეროვნული თავისთავადობა და პიროვნული თავისუფლება იდევნება და ა.შ.
ზურაბ ჯამბურია
P.S. როგორც ჩანს, სააკაშვილს დამარცხებული მთავარსარდლის მდგომარეობა ძალიან აწუხებს, ამიტომ ყველა მონუმენტს, რომელიც ომში გამარჯვების და გმირობის სიმბოლოს წარმოადგენს, ვერ იტანს და დევნის სასტიკად (იქნებ ძეგლების დამარცხება მაინც შეძლოს). ისე, წლების შემდეგ ქართველმა ერმა დამარცხებული მთავარსარდლის ძეგლი სად უნდა დადგას?… ალბათ, გორში… «შიშისგან მიწაზე მფორთხავი პრეზიდენტის» ძეგლის სანახავად უამრავი ტურისტი მოაწყდება საქართველოს.
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here