GEWORLD.NET:
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრძანა, შეიქმნას სააგენტო, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულებს აღკვეთს. სააგენტო მთელ მსოფლიოში მოძებნის ძალადობის მასშტაბური აქტების პოტენციურ შესაძლებლობებს. ობამას აზრით, «ჰოლოკოსტიდან 66 წლის შემდეგ და რუანდაში სამოქალაქო ომიდან 17 წლის შემდეგ აშშ-ში ჯერ კიდევ არ არის შექმნილი მექანიზმი მსხვილმასშტაბიანი დანაშაულისა და გენოციდის თავიდან ასაცილებლად». ამას მოჰყვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკვე შედგენილია 33 ქვეყნის სია, რომელშიც ადამიანის უფლებები ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგას. თეთრი სახლის აზრით, ყველაზე რთულად საქმე ავღანეთში, კონგოში, ერაყში, მიანმაში, პაკისტანში, სომალიში, სუდანში და შრი-ლანკაზეა. ისინი «წითელ ჯგუფში» მოხვდნენ.
კიდევ 25 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, ნარინჯისფერ ჯგუფში მოხვდა. ამ ქვეყნებში ამერიკული ქვედანაყოფების გაგზავნა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება. რაკი ჩვენ ჯერ «გვაცდიან”, იმ ქვეყანას მივაპყროთ ყურადღება, რომელიც პირველ ადგილზეა ამ «წითელ სიაში». მართალია, იგი უფრო «შავ სიას წააგავს», მაგრამ რაკი წითელი ფერი რევოლუციურ ეპოსში «ვარდების რევოლუციის» ასოციაციებს აღძრავს, ჩვენც ქართული გადასახედიდან შევაფასოთ «საფრთხეები და გამოწვევები».
სულ ახლახან ამერიკულ პრესაში ბენ ლადენის ლიკვიდაციის დეტალები გახმაურდა. წყარო ამ სპეცოპერაციის მონაწილე ერთ-ერთი ამერიკელი ოფიცერი იყო. მისი განცხადებით, 2 მაისის ოპერაციის ჩატარებისას ტყვეების აყვანას არავინ აპირებდა. ირკვევა, რომ აშშ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში ბენ ლადენის განადგურების მეთოდების შესახებ ერთიანი აზრი არ ყოფილა. თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სპეცრაზმის ვერტმფრენებით გადასროლას აბოტაბადში, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადის მახლობლად, სადაც გამაგრებულ სახლში მსოფლიოს #1 ტერორისტი ეგულებოდათ.
რობერტ გეიტსის შიშებს საფუძველი ჰქონდა: მან კოლეგებს შეახსენა იმ ოპერაციის კრახი, რომელიც 1980 წელს თეირანში ამერიკელი მძევლების გათავისუფლების მცდელობას მოჰყვა. მაშინ ორი ვერტმფრენი ერთმანეთს დაეჯახა და რვა ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. გეიტსის მიერ შეთავაზებული სტრატეგიული ბომბდამშენებით საჰაერო დარტყმის იდეა უარყოფილი იქნა, რადგან, თუ ბენ ლადენის სახლში ბუნკერები აღმოჩნდებოდა, მაშინ სულ ცოტა, 32 აფეთქება გახდებოდა საჭირო, რაც მიწისძვრის ტოლფასია.
1 მაისს, შუაღამისას ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადის აეროდრომიდან ორი (ისევ ორი!) ვერტმფრენი აფრინდა, რომლებშიც სპეცრაზმი, თარჯიმანი და ძაღლი იმყოფებოდნენ. გადაფრენას 90 წუთი დასჭირდა. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, ბენ ლადენი სახლის მესამე სართულზე იმყოფებოდა. გეიტსის ცუდი წინათგრძნობა გამართლდა და მიზანთან მიახლოებისას ერთმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა. ავარიული დაჯდომის შემდეგ სპეცრაზმელებმა მისი აღჭურვილობა გაანადგურეს. ბენ ლადენის სახლის ალაყაფი მებრძოლებმა ააფეთქეს და ეზოში შეაღწიეს. მთელ მსოფლიოში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, თითქოს ოპერაცია მყისიერად და სრულიად უხმაუროდ ჩატარდა, ამერიკულ პრესაში ვკითხულობთ: «პაკისტანურ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილმა თარჯიმანმა აღელვებულ ხალხს მოუწოდა, დაშლილიყო და სახლებში წასულიყო».
ერთი სიტყვით, ამერიკულ ბოევიკებზე გაზრდილ მაყურებელს 2 მაისს, ქართული ნაციონალური არხების მსგავსად, მსოფლიო მედიამ არც აღელვებული ხალხი აჩვენა და არც ის დეტალები, რომლებიც ამ უცნობმა ოფიცერმა გაახმაურა. შემდგომ მოვლენები კვლავ გასცდა «მაღალპროფესიულად” ჩატარებული ოპერაციის ოფიციალურ ვერსიას: «სახლის სიახლოვეს სპეცრაზმელებმა ბენ ლადენის კურიერი – აბუ ახმედ ალ-კუვეიტი დახვრიტეს. შემდეგ მისი ძმა – აბრარი და მისი უიარაღო ცოლი ბუშრა მოკლეს. მებრძოლებს სახლის გეგმა არ ჰქონდათ. შიგნით მათ «ალ ქაიდას» ლიდერის ვაჟი – ხალიდი მოკლეს, რომელიც ასევე უიარაღო იყო. ბენ ლადენი საძინებელში იმყოფებოდა. წყაროს ინფორმაციით, იგი ცოლებს ამოეფარა. ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ქალი ფეხში დაჭრა და ორივე უკუაგდო. ამის შემდეგ მეორე მებრძოლმა ბენ ლადენს ესროლა. მას ტყვიები მუცელსა და თვალის არეში მოხვდა. «ღვთისა და ქვეყნის სახელით – ჯერონიმო, ჯერონიმო, ჯერონიმო!» – ასე შეატყობინეს სპეცრაზმელებმა ცენტრს დავალების წარმატებით შესრულების შესახებ. ამის შემდეგ ბენ ლადენის ცხედარი ცელოფანში მოათავსეს და ოკეანეში გადააგდეს”.
მხოლოდ ამ მცირე ფრაგმენტის მიხედვით რამდენი უიარაღო ადამიანია მოკლული? ან ვინ შეიძლება ზუსტად იცოდეს, ეზოში მოკლული მამაკაცი ბენ ლადენის კურიერი რომ იყო, თუკი სპეცრაზმელებს სახლის გეგმაც კი არ ჰქონდათ? ვისაც ქუჩაში ჩაცხრილული ახალგაზრდების საქმეში ქართული პოლიციის მიერ ჩადებული იარაღის ამბავი ახსოვს, მთელ ამ ლეგენდას ასე იოლად ვერ დაიჯერებს, ისევე, როგორც იმას, რომ მოკლული ნამდვილად ბენ ლადენი იყო: იგი ისე სასწრაფოდ გადააგდეს ოკეანეში, რომ ექსპერტიზა არავის ჩაუტარებია. ამის შემდეგ ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საქმეზე ამერიკული ექსპერტიზის ჭეშმარიტების გჯერათ?
ბენ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაცია 18 წუთში დასრულდა. ვისაც სტალონეს და შვარცენეგერის საეკრანო «გმირობები» ახსოვს, ის ივარაუდებს, რომ ამ დროის განმავლობაში ყოველმა ამერიკელმა «რემბომ» სულ ცოტა 18-ჯერ 2000 ტყვია გაისროლა, მაგრამ ესეც კინო-მითია. ასე სწრაფად ოთახის «ტყვიებით მორწყვა» მხოლოდ კინოში ხერხდება. სინამდვილეში, წუთში რომ 700 ვაზნა გაისროლო, სავაზნე კოლოფში ამდენივე ტყვია უნდა გეტეოდეს, იქ კი საშუალოდ 30 თავსდება.
მითებით ეს საქმე თავიდანვე დამძიმდა. ცოცხალი ბენ ლადენი არავის უნახავს, მკვდარი ოკეანეში მოისროლეს, მაგრამ ყველაზე განსაცვიფრებელი ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ერთ კვირაში მოხდა: მსოფლიო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 7 აგვისტოს ავღანეთის პროვინცია ვარდაკში ვერტმფრენი ჩამოვარდა (ესეც გეიტსის ნაწინასწარმეტყველები მეორე ჩამოვარდნილი ვერტმფრენი!), რის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა.
ახლა კი ყურადღებით! მათგან 30 ამერიკელი სპეცრაზმელი იყო, 7 – ავღანელი, ხოლო ერთი – თარჯიმანი! ამერიკული მედია მწუხარებით იუწყებოდა, რომ დაღუპულთა უმრავლესობა სწორედ ის სპეცრაზმელი იყო, რომელთაც ბენ ლადენის ლიკვიდაცია მოახდინეს. აქვე თუ «პაკისტანურ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილ თარჯიმანსაც» გავიხსენებთ, რომელიც ბენ ლადენის სახლთან შეკრებილ ხალხს აშოშმინებდა, სრული კომპლექტი სახეზეა! ჩამოვარდნილ ვერტმფრენშიც ერთი თარჯიმანი დაიღუპა. ამერიკული ტრადიციის თანახმად, როდესაც ფილმში ცხოველებს იღებენ, ტიტრებში აუცილებლად უთითებენ, რომ გადაღებებისას არც ერთი ცხოველი არ დაღუპულა. ამ შემთხვევაშიც, დაღუპულთა შორის არ არის მოხსენიებული ძაღლი, რომელიც ლიკვიდაციის ოპერაციისას «პირად შემადგენლობაში ირიცხებოდა».
2001 წლიდან, ავღანეთში ოპერაციის დაწყებიდან ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლია ამერიკელ სამხედროთა შორის. ცნობილია, როგორ მძაფრად რეაგირებს ამერიკა ყოველ დაღუპულ სამხედროზე, ამ შემთხვევაში კი ერთბაშად 30 საუკეთესო სპეცრაზმელი დაიღუპა, რომელთაც ამერიკის სარდლობამ თვით #1 ტერორისტის განადგურება ანდო. მიუხედავად ამისა, ამერიკას არც ნაციონალური გლოვა გამოუცხადებია და არც ამ «ნიუსს» უცოცხლია ერთ დღეზე მეტ ხანს. დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ მთელი ეს ისტორია არცთუ დამაჯერებელია. სამაგიეროდ, თუკი ვინმე ბენ ლადენის ლიკვიდაციის დეტალებში ჩაღრმავებას დააპირებს, მოკრძალებულ პასუხს მიიღებს, რომ ოპერაციის უკლებლივ ყველა მონაწილე დაიღუპა ძაღლის გარდა. ძაღლი კი, როგორც ცნობილია, ვერბალური ინფორმაციის წყაროდ არ გამოდგება.
ნატოს სარდლობამ დაადასტურა ვერტმფრენის ჩამოგდება, ხოლო ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ასოშეიტედ პრესს განუცხადა, რომ ვერტმფრენს მიწიდან ესროლეს. პასუხისმგებლობა ვერტმფრენის ჩამოგდებაზე თალიბებმა აიღეს. თანაც განაცხადეს, რომ იგი თვითნაკეთი ყუმბარმტყორცნით ჩამოაგდეს! ამ ინფორმაციებს დილეტანტიზმის ისეთი მძაფრი სუნი ასდის, როგორც «მუხროვანის ამბოხის» სცენარს. თუმცა როდის იყო, მოწაფე მასწავლებელს სჯობდა, მით უფრო პიარტექნოლოგიებში, რომლის ცოდნას ქართულ ხელისუფლებას დღემდე მტერიც უქებდა და მოყვარეც?
ამ დღეებში საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა თანაშემწეებს შეხვდნენ. ეს ინფორმაცია ისეთი პომპეზურობით გაავრცელა საქართველოს პარლამენტმა, თითქოს პარლამენტარის შეხვედრა მისი ამერიკელი კოლეგის თანაშემწესთან სამარცხვინო არ ყოფილიყოს. რანგების შესახებ რომ ქართულ ნომენკლატურას წარმოდგენა არ აქვს, ამაში არაერთხელ დავრწმუნებულვართ, თუნდაც დონალდ ტრამპთან საქართველოს პრეზიდენტის გაუგებარი და შეურაცხმყოფელი შეხვედრის მაგალითზე, მაგრამ პიარი ხომ მაინც ეხერხებოდათ?
მეორე დღეს ამ ინფორმაციას კიდევ ერთი «პიარ-შედევრი» შეემატა – კონგრესმენთა თანაშემწეებს ახლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც შეხვდა! თურმე, არც მეტი და არც ნაკლები, «შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ოკუპაციის საკითხს». ერთი სიტყვით, რაც პრეზიდენტებმა და გენერალურმა მდივნებმა ვერ გადაწყვიტეს, ახლა კონგრესმენთა თანაშემწეების გადასაწყვეტი გახდა!
«საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კანდელაკმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სტუმრებს. მათი შეფასებით, თანაშემწეები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ აშშ-ის კონგრესმენთა მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე და შესაბამისად, მათი სწორი და სრულყოფილად ინფორმირება მნიშვნელოვანი გარემოებაა», – იუწყებოდნენ სააგენტოები.
ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის გარემოებაა, რომ «დემოკრატიის შუქურად» მონათლული ქართული ხელისუფლება პრეზიდენტების დონიდან ნელ-ნელა, არათუ აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეების, არამედ უკვე კონგრესმენთა თანაშემწეების დონეზე ჩამოქვეითდა. იმ ვითარებაში, როდესაც ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი არაოფიციალური სტატუსის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებს ახერხებენ, ხელისუფლების ამ დონის «მნიშვნელოვანი შეხვედრები» ერთობ დამთრგუნველ ხასიათს ატარებს. სად გადის უფრო მოკლე გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოსაგვარებლად, ბავშვისთვისაც კი თვალსაჩინოა. ეს მხოლოდ იმ ქართველ ჩინოსნებს არ ესმით, რომელთა თავაწყვეტილმა პიარმა წითელი ვარდი ადამიანის უფლებათა საფრთხეების ნარინჯისფერ ზონაში მოისროლა.
ნანა დევდარიანი