Home რუბრიკები საზოგადოება ეს იყო პეტერბურგში, ანუ «ოქროს ფეკალიები»…

ეს იყო პეტერბურგში, ანუ «ოქროს ფეკალიები»…

806

GEWORLD.NET:
გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სააკაშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა: «დღემდე მახსოვს, როგორ შევხვდით მე და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს პირველად. ეს იყო პეტერბურგში, კონსტანტინეს სასახლეში. მე მივედი მასთან და ვუთხარი: – თქვენ იცით, ახლა ძალიან ბევრი პრობლემაა რეგიონში, საქართველოს არაღიარებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, როგორც რუსეთის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა თქვენ შეძლოთ და რაღაც კომპრომისები მონახოთ, ისეთი, რომელიც ყველასთვის ხელსაყრელი იქნება და საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს მათ რეინტეგრაციას საქართველოს შემადგენლობაში».

ორი პრეზიდენტის ბოლო შეხვედრა ასტანაში შედგა. მედვედევმა კვლავ შესთავაზა მას სოჭში ჩასვლა და ყველა პრობლემაზე მშვიდ ვითარებაში საუბარი. სააკაშვილი დაეთანხმა. «ამის შემდეგ მე ერთი თვის განმავლობაში ვამოწმებდი, არის თუ არა ქართველი ლიდერისგან რაიმე ინფორმაცია. არაფერი ყოფილა. სამაგიეროდ, საქართველოში მოუხშირეს ვიზიტებს ოკეანის გაღმიდან, იყო აშშ სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ვიზიტი, რის შემდეგაც ჩემმა კოლეგამ ჩემთან კავშირი დაკარგა. მიატოვა წერა, დარეკვა და საერთოდ, კავშირზე გამოსვლა. როგორც ჩანს, ახალი გეგმები გაჩნდა, რომელთა რეალიზებაც შემდგომში მოხდა» (საუბარია 2008 წლის ივლისზე, აგვისტოს ომამდე ერთი თვე იყო დარჩენილი).
მედვედევმა ინტერვიუ სამ მედიასაშუალებას მისცა – «პირველ კავკასიურს», რომელიც ძირითადად რუსეთის კრიტიკით არის დაკავებული (ამისთვის შეიქმნა), «რაშა თუდეის», რომელიც ინგლისურ ენაზე მაუწყებლობს და «ეხო მოსკვის» (ვენედიქტოვის სახით), რომელმაც სულ ახლახან სააკაშვილისგან ვრცელი ინტერვიუ აიღო და საქართველოდან მოხიბლული წავიდა. ჟურნალისტების ამგვარი შერჩევა რომ შემთხვევითი არ ყოფილა, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება, მით უფრო, რომ რუსეთის ფედერალურმა ტელეარხებმა პრეზიდენტის ინტერვიუს მხოლოდ მცირე ციტატები გაუშვეს საინფორმაციო პროგრამებში.
კავშირის იმგვარი დაკარგვა, რომელზეც მედვედევმა ილაპარაკა, აგვისტოს ომის დროს კიდევ ერთხელ მოხდა, ამჯერად სააკაშვილს სომხეთის ხელისუფლებამ ვერ მიაგნო. WIKILEAKS-ზე გამოქვეყნდა მასალები, რომლებშიც 2008 წლის ომის დღეებია აღწერილი. სომხეთში აშშ-ის დროებითი წარმომადგენლის, ჯოზეფ პენინგტონის წერილიდან ირკვევა, რომ საომარი მოქმედებების დროს სომხეთის ხელმძღვანელობის სატელეფონო ზარებს ქართული მხარე, უბრალოდ, არ პასუხობდა. იმ დღეებში სომხეთს სერიოზული პრობლემები შეექმნა სურსათით მომარაგებაში, რაც საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ხიდის აფეთქებამ გამოიწვია. პენინგტონი წერს, რომ სომხური მხარე რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა საქართველოსთან კონტაქტის დამყარებას. 15 აგვისტოს დილით «ზვარტნოცის» აეროპორტში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა სომეხ კოლეგასთან, ედვარდ ნალბანდიანთან შეხვედრაზე. პენინგტონთან შეხვედრისას ნალბანდიანმა განაცხადა, რომ სომხეთი თავს არიდებს ნებისმიერ ნეგატიურ განცხადებას საქართველოს მისამართით, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდება, ამას შეიძლება ჯავახეთის სომხების მწვავე რეაქცია მოჰყვეს. ამერიკელმა დიპლომატმა მას უპასუხა, რომ თავადაც ცდილობდა რამდენიმე დღის განმავლობაში სერჟ სარქსიანის სააკაშვილთან დაკავშირებას, მაგრამ ამაოდ.
ამერიკელი დიპლომატი ასევე მიუთითებს, რომ საზღვრის დაკეტვის გამო შეყოვნდა სომხეთში მომავალი ტვირთები 30 ვაგონი მარცვლეულით, დიზელის საწვავით, ნავთით. იგი სადახლოზე გააჩერეს. სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთი გააჩერეს ასევე ფოთის პორტშიც. გაზის მიწოდება კი განახევრდა, თუმცა რუსეთიდან საქართველოს იგი უწყვეტად მოეწოდებოდა. 9 აგვისტოს სომხეთში საავიაციო საწვავის მხოლოდ 6 დღის მარაგი ჰქონდათ დარჩენილი. სომხეთის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართა, რათა დაეყოლიებინათ საქართველო ტვირთების გამოტარებაზე.
2008 წლის აგვისტოში მიმდინარე მოვლენების მთელი ეს აღწერა გასაკვირი არ არის. სომხეთის ხელმძღვანელობა ვერანაირად ვერ დაუკავშირდებოდა ქართველ კოლეგებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თითქმის მთელი მმართველი ელიტა ქვეყნის საზღვრებს იყო მიმწყდარი და გაქცევას ლამობდა. გასაკვირი მხოლოდ ის არის, რომ ამის შესახებ, ბადრი ბიწაძისგან (მაშინდელი საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) განსხვავებით, არც ამერიკელები და არც სომხები ინფორმირებული არ ყოფილან.
ცხადია, მთელ ამ ისტორიას ნორმალურ სახელმწიფო მმართველობასთან არაფერი აქვს საერთო. თუმცა ესეც კი არაფერია იმასთან შედარებით, რაც აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე ქართულმა ხელისუფლებამ ჩაიდინა – დსთ-დან გამოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა. ერთი შეხედვით, იმ თანამეგობრობიდან, რომლის ლიდერი ქვეყანაც შენს ტერიტორიაზე ჯარებს შემოიყვანს, დიახაც, უნდა გამოხვიდე, მაგრამ სინამდვილეში ეს სრულიად გაუთვლელი (ან გათვლილი და, შესაბამისად, ანტიქართული) ნაბიჯი იყო. ამან რუსეთს ხელ-ფეხი გაუხსნა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის. დსთ-ს შეთანხმებებით, წევრი სახელმწიფოს ტერიტორიებზე ახალი სახელმწიფოს ცნობა გამორიცხული იყო.
თანამეგობრობა საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეობის აღიარებას ეყრდნობა. უფრო დაზუსტებით რომ ითქვას, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარებაზე დგას, მაგრამ, თუკი რომელიმე წევრი სახელმწიფო ტოვებს თანამდებობას, იგი თავად ამბობს უარს ამ შეთანხმებაზე. სრულიად კანონზომიერად, რუსეთმა ორ კვირაში აღიარა საქართველოს ტერიტორიაზე ორი ახალი სახელმწიფო.
ის, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაზე კრიტიკულ მომენტებში «კავშირს კარგავს» საკუთარ მეზობლებთან, არაფერია იმასთან შედარებით, რაც დსთ-დან გასვლის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ მოგვიტანა. საქართველოს ხელისუფლებამ ამ უდროო დემარშით თავად შექმნა მის ტერიტორიაზე ორი ახალი სახელმწიფოს აღიარების წინაპირობა. ან მათ საქართველოს სახელით  დადებული ხელშეკრულებები არ წაუკითხავთ (რაც თავისთავად უბედურებაა), ან კარგად იციან მათი შინაარსი და მაინც გადადგეს ეს ნაბიჯი (რაც საქართველოს ინტერესების პირდაპირი ღალატია).
შორს წაგვიყვანს იმაზე ლაპარაკი, რომ კოსოვოს პრეცედენტი «სულ სხვაა», მაგრამ რომ არა ეს პრეცედენტი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება რუსეთისთვის ასე იოლი ვერ გახდებოდა. ჩვენმა ხელისუფლებამ შეიძლება ბევრი იქირქილოს ნაურუსა და ვენესუელაზე, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მერე რა, თუ დასავლეთი არ აღიარებს ამ ორ წარმონაქმნს, ამის პრეცედენტიც უამრავია: ჩრდილოეთ კვიპროსს, თურქეთის გარდა, არავინ აღიარებს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ნატოში მისი ყოფნისთვის. თავის მხრივ, საბერძნეთი მაკედონიას არ აღიარებს, რუსეთი – კოსოვოს და ა.შ.
იმის მოიმედეობა, რომ დასავლეთი ამ ორი ტერიტორიის რუსეთის მიერ აღიარებაზე რაიმე მნიშვნელოვან რეაქციას მისცემდა, 2008 წლის სექტემბერშივე დასრულდა – დასავლეთს რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ მიუღია ან რა სანქციები უნდა მიეღო – გაზისა და ნავთობის გარეშე დატოვებდა საკუთარ თავს, თუ საქართველოსავით რუსეთის უზარმაზარ ბაზარზე იტყოდა უარს? პირიქით, ახალი სადემარკაციო ზოლი უკვე მკვეთრად ყოფს რუსეთისა და დასავლეთის გავლენის ზონებს და მისი წყალობით დასავლეთს შეუძლია მშვიდად იყოს, თავისი ნავთობსადენის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ამერიკელი მკვლევარი მარკ ალმონდი, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, წერდა:
«უკანასკნელად კავკასიაში ინტერვენციის შესახებ კამათი ბრიტანეთის იმპერიის ორ გიგანტს შორის წარმოებდა ზუსტად 90 წლის წინათ. ლორდი კერზონი ამტკიცებდა, რომ კავკასიაში ბრიტანეთის ყოფნა აუცილებელია იმისთვის, რომ არ შევუშვათ იქ რუსები და უზრუნველვყოთ ადგილობრივი სახელმწიფოების ნორმალური განვითარება. «ჩვენ უნდა დავრჩეთ კავკასიაში, რათა ფეხზე დავაყენოთ კავკასიის ხალხები».
კერზონს ეწინააღმდეგებოდა არტურ ბელფური, რომლის აზრით, საეჭვოა, დასავლურ ნეოკოლონიალიზმს საერთოდ შეეძლოს რაიმეს კეთება, გარდა საკუთარი ინტერესების დაცვისა. «თუ მათ საკუთარი თავის გამათრახება სურთ, რატომ უნდა შევაჩეროთ?.. უნდა დავიცვათ ბათუმი, ბაქო, რკინიგზა მათ შორის და მილსადენი».
მერე კი მოვიდა წითელი არმია და ბოლო მოუღო როგორც კერზონის ნათელ იმედებს, ასევე – ბელფურის შავ ცინიზმსაც…»
ახლა, 90 წლის შემდეგ, ვითარება შეიცვალა, მაგრამ ჩვენთვის უკეთესობა არ ჩანს: დასავლეთი და რუსეთი საკუთარი ინტერესების დაბალანსებას საქართველოს ხარჯზე ახერხებენ. ჩვენმა ხელისუფლებამ კი იმდენი მოახერხა, რომ სტამბოლის სამიტის შემდეგ საქართველოდან მთლიანად გაყვანილი რუსული ბაზები ტრიუმფალურად დააბრუნა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში!
ნანა დევდარიანი
P.S. 1993 წელს, როცა სოხუმს ვკარგავდით, პრემიერმინისტრმა ოთარ ფაცაციამ დეპუტატებს მისვლა გვთხოვა. შეხვედრაზე იგი დსთ-ში შესვლის აუცილებლობაზე ლაპარაკობდა. არგუმენტები იმდენად არასერიოზული იყო (თურმე ფქვილის, შაქრისა და ზეთის დეფიციტის გამო იყო აუცილებელი დსთ-ს წევრობა!), რომ აღშფოთება ვერ დავმალე: – ის მაინც თქვით, რომ აფხაზეთს ვკარგავთ, ქვეყანა შეიძლება დაგვეშალოს-მეთქი!
ვისაც დსთ-ში შესვლა დღესაც საქართველოს ღალატი ჰგონია, შევახსენებ, რომ იმ უბიუჯეტო და უჯარო სახელმწიფომ 13 თვე და 13 დღე იომა, ხუთ დღეში არ ჩაუბარებია აფხაზეთი! მას შემდეგ კიდევ 15 წლის განმავლობაში აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება რუსეთს თავშიც არ მოსვლია, თუმცა ოსები და აფხაზები ამას მუდმივად სთხოვდნენ. თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოებისთვის კუთვნილი პრეფერენციებით მთელი იმ წლების განმავლობაში საქართველოდან მხოლოდ არაქართველები სარგებლობდნენ, ეს კი უფასო ჯანდაცვის და უმაღლესი განათლების პროგრამები იყო, ხოლო ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრობლობაში დსთ-ს შეღავათები «ოქროს ფეკალიებს» გადავაყოლეთ.
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here