Home რუბრიკები ეკონომიკა კარლო კოპალიანი: საქართველოში ახალი დიდი თურქობა დაიწყო

კარლო კოპალიანი: საქართველოში ახალი დიდი თურქობა დაიწყო

939

GEWORLD.NET:
ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი კარლო კოპალიანი ნამოხვანჰესის მშენებლობას კატეგორიულად აპროტესტებს და ჰესის საშიშროების შესახებ რეალური ინფორმაციის გატანას ლეჩხუმის რეგიონში აპირებს. შესაძლოა, იგი ამ პროექტის წინააღმდეგ წამოწყებული საპროტესტო აქციების ლიდერადაც მოგვევლინოს.

 
– უპირველეს ყოვლისა, მინდა საზოგადოებას ის სამარცხვინო ფაქტი ვაუწყო, რომ ნამოხვანჰესის ე.წ. გრანდიოზული პროექტი, რომლითაც სააკაშვილი თავს იწონებს «google»-დან ამოღებული სურათებითა და სქემებითაა გაკეთებული.  ნამოხვანის დღევანდელი სახით მშენებლობის წინააღმდეგ იმერეთისა და ლეჩხუმის მოსახლეობის 70 პროცენტი გამოდის. სხვათა შორის თურქული კომპანია, რომელიც დღეს ამ ჰესს საქართველოში აშენებს, თურქეთშიც აპირებდა მსგავსი სიმძლავრის ჰესის – «იუსუფელის» მშენებლობის დაწყებას, თუმცა იმის გამო, რომ ორი სოფელი მშენებლობის წინააღმდეგ წავიდა, პროექტი არ შედგა. აქ კი მთელი რეგიონია ნამოხვანის ამ პირობებით აშენების წინააღმდეგი, თუმცა ხელისუფლებას საზოგადოების აზრი და ინტერესები არ ანაღვლებს, თურქი კი რას დაეძებს?!
– პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული პროექტით 2011 წლიდან საქართველოში უზარმაზარი საინვესტიციო პროგრამა ხორციელდება, რომელიც იმერეთსა და რაჭაში 20 ათას ადამიანს დაასაქმებს, გარდა ამისა, საქართველოს ელექტროენერგიის სახით მუდმივი ექსპორტის წყაროც ექნება…
– ამ «ბრძნული» დაპირებითაც ჩანს, რა განათლებულიც ბრძანდება ჩვენი პრეზიდენტი და რამდენად იცნობს იგი საკუთარი ქვეყნის გეოგრაფიას; ესე იგი რიონის ხეობა მთელი 35 კილომეტრის მანძილზე, რომელიც დაახლოებით 30 სოფელს მოიცავს, რაჭა ყოფილა, გამოდის, რომ იმერეთს რაჭა ესაზღვრება და არა – ლეჩხუმი. მსგავსი უვიცობა გაგონილა?! რიონის ხეობის ის სოფლებიც კი, რომლებიც დღეს იმერეთს ეკუთვნის და რომლებიც ასევე დატბორვის სფეროში ხვდება, ძველი ლეჩხუმის ტერიტორიაა. საერთოდ, რა შუაშია აქ რაჭა?!
რაც შეეხება დასაქმებას, სააკაშვილს ეს ტყული იმის გამო დასჭირდა, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ «დააბოლოს», რათა მშენებლობის წინააღმდეგ არ წავიდეს. არადა, პროექტის მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ 1 200 კაცის დასაქმებაა გათვლილი, აქედან ათასი ჩამოყვანილი თურქი იქნება, დანარჩენი კი – ქართველი, მაგრამ არ იფიქროთ, რომელიმე ქართველი იქ თანამდედობაზე დანიშნონ ან მაღალანაზღაურებად სამუშაოზე გაუშვან – ქართველები თურქების მონებად სჭირდებათ, შავი სამუშაოებისთვის.  მეტიც, ჩამოყვანილი თურქებისთვის ხელისუფლება ქართულ სოფლებში საცხოვრებლებს აშენებს. ხატოვნად რომ ვთქვათ, საქართველოში ახალი დიდი თურქობა იწყება, თან პირდაპირ ლეჩხუმის შუაგულში. ჯერ ხომ მთელი აჭარა გადასცა თურქებს  ამ ხელისუფლებამ, ახლა ლეჩხუმს მიადგა თურქეთის მხედრობით.
სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ თურქი ინვესტორები ამ პროექტში ფულს არ დებენ.
– ეს როგორ გავიგოთ, ბატონო კარლო?
– მაქვს ინფორმაცია, რომ თურქები – ნამოხვანის პროექტის ავტორები, ჰესისი ასაშენებლად სესხს მილიარდი დოლარის ოდენობით საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან იღებენ, გარანტად ჩვენი სახელმწიფო დგება. თუკი თურქები ამ ვალს არ დაფარავენ, რაც მოსალოდნელია კიდეც, მილიარდი დოლარი ჩვენი გასასტუმრებელი იქნება. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. თუკი სახელმწიფო თურქეთის თავდები უნდა გახდეს, მაშინ ამ ჰესით გამომუშავებული ელექტროენერგიაც საქართველოში უნდა რჩებოდეს. ამის შემდეგ სააკაშვილი ბედავს და ამ თურქებს ინვესტორებს ეძახის, ხოლო პროექტს საქართველოს ინტერესებზე მორგებულს არქმევს. ეს არის ყველაზე ანტიეროვნული პრეზიდენტის ქმედება.
დღეს ერთი მეგავატი სიმძლავრის კასკადის მშენებლობა მილიონიდან მილიონ ორასი ათას დოლარამდე ჯდება, ანუ ეს 450 მეგავატი მილიონ ორასი ათასზე რომ გავამრავლოთ, დაახლოებით 500 მილიონ დოლარს მივიღებთ. პროექტის ავტორები კი ორმაგ თანხას ითხოვენ სესხად. სად მიდის ის ნახევარი მიალიარდი თუ არა ვიღაც-ვიღაცების ჯიბეში? ვინ შეიძლება იყოს ის ვიღაც-ვიღაცები? – რა თქმა უნდა, ჩვენი «ძვირფასი» ჩინოვნიკები.
ეს პროექტი ხეთაგურმა გაახმიანა, რომლის უკან პრემიერი გილაური დგას, თუმცა ხეთაგურისგან აღარაფერია გასაკვირი მას შემდეგ, რაც ტყეების 49-წლიანი იჯარის განკარგულება გასცა და აღებულ ტერიტორიაზე აღმოჩენილ წიაღისეულზე, საბადოზე, მინერალური წყალზე და ა.შ. მეიჯარეს წარმოებისა და მარკეტინგის უფლება მიანიჭა, ისევე, როგორც ამ ზემოთქმულ განკარკულებაში, ნამოხვანის პროექტშიც დიდ კორუფციულ გარიგებას ვაწყდებით.
– კონკრეტულად რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ლეჩხუმისა და იმერეთის რეგიონები?
– პროექტის მიხედვით, 14 სოფელი იტბორება, თუმცა რეალურად ეს არის დეზინფორმაცია, რადგან, გარდა 14 სოფლისა, ჩაიძირება ისეთი სოფლები, რომლებიც პროექტში ნახსენები საერთოდ არ არის. რეალური საშიშროების წინაშე დგას მთელი ლეჩხუმისა და იმერეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე.
ლაჯანურჰესი 112-მეგავატიანია, ანუ ნამოხვანზე 4-ჯერ პატარა, თუმცა მდინარე ლაჯანურის ხეობაში კატასტროფულად შეიცვალა მდგომარეობა: 8 სოფლიდან 6 სოფელი დაიტბორა და დაახლოებით 250 კომლი გადასახლებაში მოჰყვა. წარმოიდგინეთ, რა მოხდება 450 მეგავატის კასკადის დაზიანების შემთხვევაში, რიონის ხეობიდან, სოფელ ჟონეთიდან ალპანამდე ყველაფერი დაიტბორება, ქუთაისი კი ნახევარ საათში წყალში აღმოჩნდება. აქ არ ვგულისხმობ სერიოზულ ავარიებს, არამედ – ნებისმიერი სახის დაზიანებებს, მითუმეტეს კარგად ვიცით, როგორი ხარისხის მშენებლობას აწარმოებს ჩვენი ხელისუფლება, ყვარყვარეს ციხესავით რომ მიაჭედ-მოაჭედებენ უცებ-უცებ, კატასტროფა გარდაუვალი იქნება.
თავისთავად განადგურდება ლეჩხუმისა და იმერეთის რეგიონში არსებული ზოგიერთი ისტორიული ძეგლი. მეთოთხმეტე საუკუნით დათარიღებული დერჩის ნათლისმცემლის ეკლესია.
განადგურდება რიონის ხეობისა და იმერეთისთვის  დამახასიათებელი ფლორა და ფაუნა, შესანიშნავი ვაზის ჯიშები, ჩაიძირება სასაფლაოები, საიდანაც უკვე მიცვალებულების ამოღება და გადასვენება უნდა ხდებოდეს, ასევე ტარდებოდეს სანიტარული დამუშავება.
გასაოცარია, მშენებლობა ისე იწყება, შესწავლილი არ არის გლობალურ კლიმატზე ზემოქმედება, გეოლოგიური მონაცემები. არადა, კასკადის მშენებლობისას აუცილებელი ხდება ტყეების გაჩეხვა, ახალი გზების გაყვანა, მოსახელობის გასახლება და კომპენსაციის  მიცემა; არაა ნახსენები ეკოლოგიის მხრივ მოსალოდნელი შედეგები, არაა გამოკვლეული   მღვიმეების კავშირი ერთმანეთთან. შესაძლოა, ავარიული მდგომარეობის დროს წყალმა სულაც ყუმისთავის მღვიმეში გამოხეთქოს. რომელი ერთი ჩამოვთვალო, როგორც ხედავთ, რიგ საჭირბოტო პრობლემებს აიგნორირებენ.
პროექტი შეფასებული არ არის არც ფინანსურ-ეკონომიური კუთხით, ალბათ, იმიტომ, რომ გამჟღავნდებოდა, თუ რამდენად აღემატება ზარალი  სარგებელს. მითუმეტეს 20-25 წლის განმავლობაში ამ ჰესით გამომუშავებული ელექტროენეგიის  ერთი მეგავატიც კი არ მიეწოდება საქართველოს მოსახლეობას.  საქართველოს ელექტროენერგიის მხრივ იმდენად არ უჭირს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რისკების ფასად  ნამოხვანი აშენდეს, მითუმეტეს, როცა თავად ქართველებზე 2-თეთრიან ელექტროენერგიას 18 თეთრად ჰყიდიან?!
– თქვენ თავად ბრძანდებით ლეჩხუმის წარმომადგენელი და თუ გეგმავთ ამ პროექტის წინააღმდეგ რაიმე კონკრეტულ ქმედებას?
– ნამოხვანის სახით საქართველოს შუა გულში სერიოზული ბომბი იდება. ასე რომ, მხოლოდ საუბრით საქმეს არ ეშველება. ვაპირებ, ლეჩხუმის ყველა სოფელი მოვიარო და ადგილობრივებს დეტალურად ავუხსნა, რა საშიშროების წინაშე დგებიან, როგორ იმეტებს მათ ხელისუფლება ბუნკერში მოსროლილი ნაგავივით.  რატომ უნდა დავმალო სიმართლე, როცა ათასობით ადამიანი უნდა დაზარალდეს და შეეწიროს უპასუხისმგებლობას, ათობით სოფელი რატომ უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა?! ადგილობრივებმა ელემენტარულად თავდაცვა უნდა შეძლონ და ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.  ხელისუფლებას მოსახლეობის გაბრიყვების ნებას არ მივცემ. ყველა ლეჩხუმელსა და იმერელს მოვუწოდებ, მშობლიურ კუთხეში ჩავიდეს, საკუთარ ხალხს გააცნოს ხელისუფლების მზაკვრული გეგმა. მხოლოდ სადღეგრძელოები და გულზე მჯიღის ცემა არ შველის საქმეს.
ხმა უნდა ამოიღოს კოლხეთის დაბლობმა, ფოთმა, ქუთაისმა და საერთოდ მთელმა დასავლეთ საქართველომ. თუ ქართული საზოგადოება ერთად იქნება, პრობლემა მოგვარდება. საკმარისია, გავიხსენოთ რაჭის შემთხვევა, როცა ონში მსგავსი ჰესის მშენებლობა დაიგეგმა, იმის გამო, რომ მთელი რაჭა ფეხზე დადგა, პროექტი დღემდე შეჩერებულია.
ესაუბრა ეკა რობაქიძე 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here