Home რუბრიკები საზოგადოება გაპარსული ტრაილერები და ჯიგრული გაგების სუბიექტები

გაპარსული ტრაილერები და ჯიგრული გაგების სუბიექტები

1690

GEWORLD.NET:
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება ზაფხულს ყოველთვის აქტიურად იყენებს მოსახლეობის სხვადასხვა ფენების გამოსახლების, შევიწროებისა თუ დატერორებისთვის, წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით ცხელი გამოდგა. «ჯაშუშურმა სკანდალმა» სიცხე ხელისუფლებასაც აუწია და ისევე აბსურდულად დამთავრდა, როგორც დაიწყო.
 

თუმცა ისტორია აქ არ დამთავრებულა. ლაშა ტუღუშმა, სანდრო ბარამიძემ და ვახტანგ ხმალაძემ საჯაროდ განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის საქართველოს ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. ამ მუხლის მიხედვით, «უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან მათი წარმომადგენლისთვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა, ანდა გამოძალვა, ან გატაცება, მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე, საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე».
იურიდიული კაზუისტიკის გარეშეც კი სრულიად ცხადია, რომ «და სხვაში» ყველაფერი შეიძლება იგულისხმო. ამ «და სხვას» გამო დააპატიმრეს ფოტორეპორტიორები, თან საქმეს გრიფი «საიდუმლო» დაადეს, რათა «ეს სხვა» რამ «სხვებს» არ გაეგოთ. საქართველოს სახალხო დამცველს უყურადღებოდ არ დარჩენია ამ «ლეგენდარული» მუხლის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი. შეგახსენებთ, რომ ე. წ. გიორგაძის მომხრეები სწორედ ამ მუხლით გაასამართლეს და ბევრი მათგანი დღესაც სასჯელს იხდის. ამავე მუხლით ზის ციხეში ვახტანგ მაისაიაც, იგივე მუხლი ჰქონდა მიყენებული სიმონ კილაძეს. მაშინ 314-ე მუხლის ანტიკონსტიტუციურობა არც სახალხო დამცველს გახსენებია და არც ჟურნალისტებს. სამაგიეროდ, დღეს სახალხო დამცველმა «საკუთარი ინიციატივით» შეისწავლა ამ მუხლის შესაბამისობა კონსტიტუციასთან და დაასკვნა, რომ მისი ფორმულირება არაკონსტიტუციურია.
სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა საქართველოს პარლამენტს, რათა მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის იმგვარი ფორმულირება, რომ გამოირიცხოს ნორმის კონსტიტუციის საწინააღმდეგო განმარტების შესაძლებლობა. თითქოს ყველაფერი რიგზეა – საზოგადოებამ პროტესტი გამოთქვა, სახალხო დამცველმა იგი ყურად იღო და პარლამენტსაც მიმართა, რათა კოდექსის შესაბამისი მუხლი გამოსწორდეს, მაგრამ ვინაიდან ჩვენი საზოგადოება ამგვარ «გულისხმიერებას» ნაჩვევი არ არის, მისი დაჯერებაც უჭირს. საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში სახალხო დამცველი უფრო ხელისუფლებას გაუფრთხილდა, ვიდრე მოქალაქეებს. საკონსტიტუციო სასამართლომ ან თავი უნდა მოიჭრას, ან აღიაროს, რომ 314-ე მუხლი ანტიკონსტიტუციურია. ამიტომ სჯობს, პარლამენტმა თავად შეიტანოს შესწორება კოდექსში, ვიდრე საკონსტიტუციო სარჩელი წააგოს.
ამ ცხელ ზაფხულში სატელევიზიო ანძის საკითხიც ოპერატიულად მოაგვარა ხელისუფლებამ. ჟურნალისტებმა აქციებიც ჩაატარეს, ვერას სულ «სტოპ» უძახეს, მაგრამ აუქციონზე (ამას უფრო პირდაპირ მიყიდვას თუ დაარქმევს ადამიანი) ანძის მართვის უფლება გაყიდა. ელექტრონული აუქციონი 1 აგვისტოს 17 საათზე უნდა დაწყებულიყო. დაიწყო და ზუსტად ერთ წუთში დამთავრდა. მართვის უფლება სწორედ იმ ერთადერთმა დარეგისტრირებულმა მყიდველმა მოახერხა მინიმალური ბიჯით. 2 აგვისტოს კი გაირკვა, რომ ანძის აწ უკვე მმართველი კომპანია «გოლდენ კომია», რომელიც სულ ახლახან, 11 ივლისს, ერთ საათში დარეგისტრირებულა. ანძაში 12-მილიონიანი ინვესტიციების ჩადებას ვინმე ვასილ ბოლაშვილი აპირებს, რომლის სახელზეც რეესტრში «გოლდენ კომი» დარეგისტრირდა. როგორც ჩანს, ილფისა და პეტროვის უკვდავ პერსონაჟს, იატაკქვეშა მილიონერ კარეიკას ქართველი მიმდევრები გაუჩნდა.
ზაფხულში, როცა ცხელა, პრეზიდენტი დროს, ძირითადად, ბათუმში ატარებს, თუმცა არც სვანეთში თხილამურით სრიალზე ამბობს უარს. ახლა მან უკვე იცის, რომ სვანეთიდან სწრაფდაშვებით ზღვაში ჩაყვინთვა არ ღირს. სამაგიეროდ, ჟურნალისტების საჯარო «გაფარჩაკების» შემდეგ დასკვნა გამოიტანა და ახლა, ძირითადად, «გაუპარსავ მძღოლებსა» და «ჯიგრული გაგების სუბიექტებს» ერჩის, თუმცა ამ კონტექსტში არც სამოდელო სააგენტოს გოგონები ავიწყდება. მათ ფუნქციას სააკაშვილი ასე განსაზღვრავს: «გაუპარსავი ტრაილერის მძღოლების ტვინის დაბნელება». ტრაილერის გაპარსვას, როგორც ჩანს, ის მებაჟეები ახერხებდნენ, რომლებიც ახლა უცხო ენაზე მოჟღურტულე მოდელებმა უნდა შეცვალონ. უთუოდ ასე უნდა იყოს, თორემ პრეზიდენტი სხვაგვარად იტყოდა – «ტრაილერის გაუპარსავ მძღოლებს» ახსენებდა.
საქართველოს განსაკუთრებულობას სააკაშვილი სწორედ ამ ზღაპრული საბაჟოს სახით ხედავს, მაგრამ არც საფრთხე ავიწყდება. მისი თქმით, აქამდე საქართველოს მთავრობასთან ბრძოლა ერთადერთი ნიშნით წარმოებს – დააბრუნონ ქვეყანა «ჯიგრულ, ნაგვიან, კრიმინალურ, კორუფციულ ყოფაში». პრეზიდენტის განცხადებით, ეს ბრძოლა, რასაც ღირსების აღდგენას ეძახიან, ყველაზე დიდი უღირსობაა მსოფლიოში. ეს უღირსობა განსაკუთრებულობად აღიარებს არა ნიჭს, არამედ უბნელობას და ვინმეს შვილობას, თუმცა პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სამთავრობო შენობების დერეფნებში არასოდეს დაბრუნდებიან «ჯიგრული გაგების» სუბიექტები. მან საზოგადოებას შეახსენა, რომ ქურდულ მენტალიტეტსა და «ჯიგრულ ცხოვრებას», ასევე, ეროვნული დამოუკიდებლობის ჩამოშლის მცდელობასა და კრიმინალს შორის პირდაპირი კავშირია. «როცა არ გინდა სახელმწიფო და უარყოფ დემოკრატიის პირობებში წესრიგს, უარყოფ მოწესრიგებულობას, მაშინ ამას მოჰყვება ის, რაც არის მსოფლიოს 90%-ში – ნაგავი ქუჩებში, საღამოს გარეთ გასვლის შიში, კორუმპირებული მებაჟეები, კორუმპირებული პოლიციელები, გაძნელებული ცხოვრება და ა.შ.,» – დასძინა პრეზიდენტმა.
ვისოცკის ჰქონდა ასეთი სიმღერა “Жираф большой – ему видней ”. სააკაშვილმაც «ყველაფერი იცის, ყველაფერს ხედავს». ჩვენ კი, უბრალო მოკვდავებს, გვიჭირს ხოლმე იმის გაგება, თუ რას გულისხმობს. ვითომ რით ვერ არის ვერონიკა ქობალია «ჯიგრული გაგების სუბიექტი», ვერ მოახერხა ანძის ჯიგრულად «გასუხარება»? ან საღამოს გარეთ გასვლის შიში რამ გაახსენა? «არაკორუმპირებული» პოლიციის მსხვერპლთა ჩამონათვალმა ხომ არა? ნაგავმა, რომელიც ელექტროენერგიის მრიცხველზეა მიბმული? გაძნელებულმა ცხოვრებამ? ივარაუდება, რომ ახლა ცხოვრება სულაც არ არის ძნელი. ვისთვის – როგორ!
ერთს ნამდვილად ვერ დაუკარგავ ჩვენს ხელისუფლებას. იგი ოპერატიული და ეფექტიანია – რასაც გადაწყვეტს, აუცილებლად გააკეთებს. თუ არ გამოუვიდა, რაიმეს ახალს გამოიგონებს. ჩავარდნილი ჯაშუშური სკანდალის შემდეგ აუცილებელია ახალი «ცხელი» თემა. რაკი საჭიროა, «ჯიგრებიც» მოიძებნებიან და «უღირსებიც». ეს ის ხალხია, ვისაც, სააკაშვილის შესავალის მიხედვით, «გაგვაუბედუროს, უნდა»! აი, სწორედ ამაშია საქართველოს განსაკუთრებულობა! ქვეყანა, რომელსაც «ყვარყვარე თუთაბერი» და «დათა თუთაშხია» ჰყავს, იოლად ეგუება ყვარყვარეს ციხეს და იმედით ელის, როდის ჩამოჰკრავს ზარს ჭაში დაყუნთული ზებო. ეგუება და ელის, რადგან იცის, რომ ეს ყველაფერი ოდენ ზღაპარია. ზღაპარი კი ყოველთვის კეთილის გამარჯვებით სრულდება.
სამაგიეროდ, არც ზღაპართან და არც კეთილ ბოლოსთან არაფერი აქვს საერთო ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც აბუ-გრეიბის წამების მეთოდები დაინერგა. მსჯავრდებული ახმედ აბილოვი ამ დაწესებულების კორპუსის მესამე სართულის სამორიგეოში გადაიყვანეს, სადაც თანამშრომლებმა, ვინმე ანზორმა და ირაკლიმ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მიზეზი პატიმრის მიერ გასეირნების მოთხოვნა იყო, რაზეც მან უარი მიიღო და განაცხადა, რომ შიმშილობას დაიწყებდა.
დაწესებულების თანამშრომლები მის ეთნიკურ წარმომავლობასაც შეეხნენ. შემდეგ მსჯავრდებული საკნის ტიპის სათავსში გადაიყვანეს და ხელბორკილი დაადეს. რეჟიმის უფროსი გაგა ლიპარტელიანი და კიდევ ერთი, მისთვის უცნობი თანამშრომელი, აიძულებდნენ დაჩოქებას, რაზეც აბილოვმა უარი განაცხადა. ამის შემდეგ ის კვლავ ცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მერე ე. წ. ბოქსში გადაიყვანეს და იქ ორი საათის განმავლობაში გააჩერეს შიშველი და ბორკილდადებული.
საკანში დაბრუნების შემდეგ აბილოვს თავის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება დაეწყო. მან ექიმთან შეხვედრა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ვიზუალური დათვალიერებისას აბილოვის სხეულზე შემდეგი დაზიანებები აღმოაჩინეს: ზურგის არეში დაახლოებით 10-15 სანტიმეტრის ზომის სამი სისხლნაჟღენთი, გულ-მკერდისა და კისრის მიდამოებში მრავლობითი სისხლნაჟღენთები, ექსკორიაციები, ორივე ფეხის მუხლზე ფუფხით დაფარული ნაჭდევები, ორივე ხელის მაჯაზე ჰიპერემია, ნაჭდევი და შეშუპება თავის არეში.
სახალხო დამცველმა მოითხოვა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დაუყოვნებლივ გადაიყვანოს აბილოვი სხვა დაწესებულებაში და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება, რადგან მას შეიძლება საფრთხე დაემუქროს დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან. პატიმრებისადმი სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა უკვე წესად იქცა. დეპარტამენტის თავმჯდომარე ხათუნა კალმახელიძე კი ვიდეოპაემნებით ამაყობს და ამტკიცებს, რომ ქართულ ციხეებში ცხოვრება საამურია.
ერთხელ, როცა სახალხო დამცველი ვიყავი, მაშინდელ მაღალჩინოსნებს მთავრობის სხდომაზე ვურჩიე, საკუთარი ხარჯით თითო საკანი მაინც გაერემონტებინათ, «რა იცით, რაში დაგჭირდეთ-მეთქი». ამ ნათქვამს «ვარდების რევოლუციის» შემდეგ სრულიად არასახუმარო გაგრძელება მოჰყვა. დაპატიმრებულმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა საკუთარი საკნების მოწესრიგება დაიწყეს, შემდეგ კი ციხეების გიგანტური მშენებლობის ეპოქაც დაიწყო და პატიმრების რაოდენობაც გაოთხმაგდა. იმ პერიოდში ერთმა მაღალჩინოსანმა ცოლს ციხიდან შემოუთვალა: «იქნებ სკამები შემომიგზავნო, თორემ აქ ისეთი ხალხია, საწოლზე ჩამოჯდომა ეუხერხულებათ და ჩამოვწყდით ფეხზე დგომითო»!
«Пешком постою.!» – ამბობდა საბჭოთა კინოკომედიის გმირი, რომელსაც დაჯდომა არ შეეძლო საჯდომში ჩარჩენილი საფანტის გამო. მაინც ჩასვეს. მისი თანამზრახველები კი ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდნენ: «გაუმარჯოს საბჭოთა მართლმსაჯულებას, – ყველაზე ჰუმანურს მსოფლიოში»! ჩვენი მართლმსაჯულება არც საბჭოთაა და არც ჰუმანური. იგი იმდენად ლიბერალურია, რომ ალუმინის ქურდობისთვის გაცილებით მეტს უსჯიან, ვიდრე ბრეივიკს, რომელმაც 84 უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა. ერთმა ფორუმელმა ინტერნეტში დაიჩივლა: «თითო მოკლულზე თითო წელი მაინც მიუსაჯონო»!
ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, იმ კინოგმირივით, ცხოვრებას პერსონალური ავტომობილის ფანჯრიდან აკვირდებიან. მინა აწეული აქვთ, კონდიციონერი – ჩართული. მათ არ ცხელათ. არც შიათ, არც წყურიათ, არც გართობა აკლიათ და არც დასვენება. მათი ბედნიერება ის არის, რომ არ ესმით, რატომ დადიან დანარჩენები ფეხით და სამარშრუტო ტაქსში 80 თეთრის გადახდა ენანებათ. არ ესმით, რატომ არ გადის მოსახლეობა სრულ სამედიცინო შემოწმებას ექვს თვეში ერთხელ. ვერ ხვდებიან, რატომ შეიძლება ცუდ ხასიათზე იყო და თანაც – მშიერი. ვერ გაუგიათ, რატომ ვართ ჩვენ ასეთი არაადეკვატურები. ოღონდ გაუგებარია, როგორ შეიძლება იყო ადეკვატური იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც საკუთარი ხალხის ცხოვრებას სრულიად მოწყვეტილია?!
ნანა დევდარიანი 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here