GEWORLD.NET:
რა არის კონდომი, ანუ პრეზერვატივი, საქართველოში ყველამ იცის. სკოლებში ან-ბანიდან პირდაპირ გან-დონზე გადადიან. კაცობრიობას დღემდე ვერ დაუდგენია, საიდან მოდის ეს სახელწოდება: ერთი ვერსიით, – ინგლისის მეფის, კარლოს II-ს ეპოქაში მცხოვრები, არცთუ ცნობილი ექიმის სახელიდან; მეორე ვერსიით, – იტალიური guantoe-guanto-დან, რაც ნიშნავს ხელთათმანს. ჩამოიცვი ხელთათმანივით და დაზღვეული ხარ არასასურველი მემკვიდრის გაჩენით თავსდამტყდარი პრობლემებისგან, ბეკინა სამანიშვილს რომ დაემართა, ხომ გახსოვთ, ისეთისგან.
კონდომი – პრეზერვატივის ალტერნატიული დასახელება, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებაა.
და – არა მარტო. რადგან ფრიად ფართოდაა განფენილი მისი სინონიმების ნაირფერი სპექტრი მრავალეროვან თანამედროვე ლინგვისტიკაში, მახვილსიტყვიერებაში გინების ზღურბლზე – კონდომს ცუდ კაცს უწოდებენ, უსიამოვნო ადამიანს, უსინდისოსა და უნამუსოს, ნაძირალასა და მახინჯს.
«ღამის წინდააო», – ასეც იტყვიან რაიც ჩამოცმასთან ასოცირდება და ორიგინალის უშუალო დანიშნულებასთანაა ახლოს.
გერმანიაში პრეზერვატივს «პარიზელს» უწოდებენ, საფრანგეთში – «ინგლისურ კაპიუშონს», აშშ-ში – «ჯიმის ქუდს», სამხრეთ აფრიკაში – «ფრანგულ წერილს».
უმდიდრესი გამაა.
მაგრამ რა კავშირია კონდომსა და ლენინურ შაბათობას შორის, თავს დავდებ, არც თქვენ იცით, ვერც ვიკიპედიაში ამოიკითხავთ!
ამიტომ დაძაბეთ ინტელექტი!
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი გვატყობინებს: «დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დოდო ჩოხელი რაიონის გამგებელს ლაშა ჯანაშვილს სასამართლოში უჩივის: «სამსახურიდან იმიტომ გამათავისუფლეს, რომ ზურაბ ოტიაშვილის კაბინეტის ფანჯრიდან ეზოში გადაყრილი პრეზერვატივების ასაკრეფად არ მივედი,» – ამბობს ჩოხელი.
ოფიციალური ინფორმაცით, სამსახურიდან ის იმიტომ გაათავისუფლეს, რომ 21 მაისს გამართულ შაბათობაში მონაწილეობა არ მიიღო».
დოდო ჩოხელი რაიონის გამგებელს კი უჩივის, მაგრამ ზურაბ ოტიაშვილი ჰყავს მიზანში ამოღებული, რომელიც საკრებულოს რიგითი წევრია, მაგრამ ისეთი გავლენით სარგებლობს, რომ რაიონში, ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ეს კაცი იღებს. დუშეთის მოქმედი გამგებელი ლაშა ჯანაშვილი მხოლოდ შემსრულებელიაო.
ოტიაშვილსა და ჩოხელს ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბათ, რაც ამ მნიშვნელოვანმა კაცმა მისგან «ამბების მიმტანი და ინფორმატორი ვერ შექმნა».
იჩივლა ჩოხელმა და, რა თქმა უნდა, მისი საჩივარი «მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატმა მოსამართლემ დუშეთის მუნიციპალიტეტში თეიმურაზ ჯერვალიძემ არ დააკმაყოფილა».
სხვა სად და როდის დაუკმაყოფილებიათ?
არც უნდა დაეკმაყოფილებინა.
დაკმაყოფილება ნიშნავდა, რომ დოდოსთან დაპირისპირებული ორივე ადამიანი კონდომის რომელიმე სინონიმად უნდა ეღიარებინა.
იმასაც ნიშნავდა, რომ დუშელი კალიგულა ისეთ მგზნებარებაში იყო შესული, რომ კონდომს კონდომზე იცვლიდა, იმდენს და ისეთი სიხშირით, რომ შაბათობის მოწყობა გახდა საჭირო მუნიციპალიტეტის ეზო-გარემოში ეკოლოგიური ბალანსის აღსადგენად, ანუ იქაურობის გასაწმენდად «საწარმოო ნარჩენებისგან».
სწორედ რომ საწარმოოს ნარჩენებისგან: ინდოეთის ქალაქ ვარანასში დღეში 600 ათას პრეზერვატივს გამოიყენებენ ინდოელი ქალების კაბის (წამოსასხამის) – სარის საწარმოებლად. მქსოველი ქალები საფეიქრო მაქოებს უსვამენ პრეზერვატივებს, დაზგების ლაითად ასამუშავებლად.
პრეზერვატივი ერთჯერადი გამოყენებისთვისაა ვარგისი, შემდეგ გადააგდებენ. წარმოიდგინეთ 600 ათასი გადაყრილი კონდომი ყოველდღიურად.
მოსამართლემ, ეტყობა, არ გამორიცხა დუშეთის მუნიციპალიტეტის ფანჯრებიდან ინდოელი ქალების მიერ ნახმარი პრეზერვატივების გადაყრის შესაძლებლობა.
ჩინელები ხომ მოგვიმრავლდნენ საქართველოში და ინდოელებს ვინ დაადო ვეტო?!
ან სულაც ბრაზილიელი მხატვრისა და სკულპტორის – ანდრიან ბერტანის მიმდევარი ჩასახლდა ოტიაშვილის კაბინეტში! ვინაა ბერტანი? ორიგინალური შემოქმედია, რომელიც ავლაბრის რეზიდენციის წინ მოძრავი ქანდაკების სტილში მუშაობს, პრეზერვატივებისგან სკულპტურებს ძერწავს და პრეზერვატივებისავე სამოსს აცმევს.
უცხოელ არქიტექტორებზე გადარევა ხომ გვჭირს, და არ შეიძლება დუშეთის, ერთ, ცალკე აღებულ რაიონში კონდომების მოქანდაკე რომ მიეწვიათ?!
ჰოდა, მაინც და მაინც იმ კაცს შეაჩეჩეს, ეტყობა, წუნდებული პრეზერვატივების პარტია. იმანაც აიღო და ფანჯრიდან გადაყარა ქანდაკების მასალა.
აგერ, ბატონო, სულ ახლო აღმოსავლეთში გლეხებს პრეზერვატივებით გადააქვთ წყალი, თულუხჩობენ; სახლების მშენებლობის დროს ბეტონის ფენებს კონდომებით «ადუღაბებენ» და სახურავების წყალგაუმტარობას ასე უზრუნველყოფენ; მეგზევეები კი დამდნარფისიან როფებში ჰყრიან კონდომებს ასფალტისთვის უმეტესი სიგლუვის მისაცემად.
საწარმოო პროცესის შემადგენელი ელემენტია პრეზერვატივი.
ეგებ, დუშეთის რაიონშიც დანერგეს ავტობანების დაგების მსგავსი ტექნოლოგია? ოტიაშვილის ფანჯრიდან ეზოში გადაყრილი კონდომები გამოხშირული წუნდებული სამშენებლო პროდუქციაა და არა მაინც და მაინც ის, რაზეც არაორაზროვნად მიგვანიშნებს სამსახურიდან მოხსნილი დოდო ჩოხელი?
კონდომების შაბათობაზე არ მივედიო… მიდით, თორემ გადაგიყოლებენ ეს მართლა კონდომები. ამიტომ, დუშელებო და სხვებო, – ყველანი შაბათობაზე! და ნუ ეძებთ ვლადიმერ ილიჩის მხარზე გასადებ მორს საზოგადოებრივი სიკეთის ამაღლებაში თქვენი პირადი წვლილის შეტანის დემონსტრაციის მიზნით. კეთილი ინებეთ და წაიკუზეთ – სხვანაირად ვერ შეძლებთ ახალ ნაწვიმარზე ამოსული სოკოების მრგვალ-მრგვალი ქუდებივით უხვად მიმობნეული კონდომების აკრეფას.
პეტრე ვაწაძე
P.S. ყველაზე უვარგის კაცს გახვრეტილი კონდომის სახელით ამკობენ. რა დასამალია და, როდესაც გავიგე, თუ როგორ გააგდეს სამსახურიდან ქალბატონი, რომელმაც ხელმძღვანელი პირის სამუშაო კაბინეტიდან გადაყრილი, ექსპლუატაციაში ნამყოფი პრეზერვატივებისგან ეზოს გასუფთავებაზე უარი თქვა, უნებურად წამომცდა ერთადერთი სიტყვა – გან-დონი! ადრესატს მკითხველი თავადაც მიხვდება.