Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: პრიმიტიულმა, ცუდად აღზრდილმა, ზერელედ განათლებულმა და სასაცილო ხმით «მოჭყლოპინე» მიშამ...

გულბაათ რცხილაძე: პრიმიტიულმა, ცუდად აღზრდილმა, ზერელედ განათლებულმა და სასაცილო ხმით «მოჭყლოპინე» მიშამ და-გვა-ბე-ჩა-ვა!

846

GEWORLD.NET:
სამი წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს საბედისწერო ომიდან… რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში და როგორ ვითარდებოდა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი, რა ეტაპზეა ქართულ-რუსული ურთიერთობები და როგორია ეკლესიისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება, «საქართველო და მსოფლიოს» პოლიტოლოგი, ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი გულბაათ რცხილაძე ესაუბრა.

– 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამი წელი გავიდა… როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რა შეიცვალა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში ამ სამი წლის მანძილზე?
– ომმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოში გააჩაღა, ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი შედეგები მოიტანა. საქართველოს ტერიტორია კიდევ უფრო შემცირდა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ მომხდარის გამო, ქართულ საზოგადოებას ხელისუფლებისთვის პასუხი მოეთხოვა, პირიქით მოხდა. მიხეილ სააკაშვილის ძალაუფლება უფრო განმტკიცდა და ამაში მას კარგად დაეხმარა ოპოზიცია, როდესაც აგვისტოს ომის დროს, საკუთარი პოპულისტური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ხელისუფლებასთან დაპირისპირებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ხელისუფლების მიერ დანაშაულებრივი ომის დაწყებისთანავე ან თუნდაც საომარი მოქმედებების შეჩერებისთანავე რომ ამოეღო ხმა ქართულ ოპოზიციას და იმ მასკარადებში არ მიეღო მონაწილეობა, რომელიც 12 აგვისტოსა თუ 1 სექტემბერს გაიმართა, შეიძლება რუსეთს აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» დამოუკიდებლობა არ ეღიარებინა. სამწუხაროდ, ეს საერთო ქართული ტინგიცობა საქართველოსთვის ძალიან ცუდად დამთავრდა.
რუსეთმა კი იმისთვის, რომ აღნიშნულ რეგიონებში საკუთარი ჯარის ლეგიტიმურად დატოვების საშუალება მისცემოდა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და დღეს, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით თუ შევაფასებთ, რუსეთი არ არღვევს კანონს და ამასთან, მისი მოქმედება ეფუძნება ამ ტერიტორიებზე ჩატარებულ რეფერენდუმებს, რომლებიც მართალია, უსამართლოდ და ქართული მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ, მაგრამ მაინც ჩატარდა.
– კონფლიქტის რეგიონში დაძაბულობის კერა ომამდე უკვე არსებობდა, რამდენად ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას კონფლქიტის თავიდან აცილების საშუალება?
– დაძაბულობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც ხელისუფლებაში სააკაშვილი მოვიდა. 2004 წელს ხელისუფლებამ პირველად სცადა ცხინვალის კონფლიქტის ძალისმიერი გზით «გადაეჭრა», დაიღვარა სისხლი. შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, ირაკლი ოქრუაშვილმა კოდორის ხეობაში ყოვლად უკანონოდ შეიყვანა შინაგანი ჯარი და გააუქმა ადგილობრივი სვანი მოსახლეობისგან შემდგარი სამხედრო შენაერთი «მონადირე», რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა კოდორის ხეობას. ხელისუფლებამ დაარღვია საერთაშორისო ძალის მქონე შეთანხმება და დემილიტარიზებულ ტერიტორიაზე ჯარი შეიყვანა. ამას გარდა, სანამ საქართველოს ხელისუფლება ომს დაიწყებდა, ჯერ რუსული მხარისგან სამშვიდობო მანდატის გაუქმება უნდა მოეთხოვა, მაგრამ ხელისუფლება ასე არ მოქცეულა.
შედეგად, ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და საქართველოს ინტერესების რეალიზება რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების გარეშე წარმოუდგენელია. რაც უფრო მეტი დრო გადის, საქართველოს უფრო მეტ დათმობაზე მოუწევს წასვლა, ამიტომ არ შეიძლება დროის დაკარგვა და რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების რეალურ პრინციპებზე საქართველოში უკვე უნდა მსჯელობდნენ…
დიდი ხანი საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეას ვუჭერდი მხარს, ეს მისაღები იყო რუსეთისთვისაც და საქართველოსთვისაც, მაგრამ აგვისტოს ომმა ძირეულად შეცვალა რეალობა. ჩვენ ახლა მოგვიწევს ან აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან საბოლოოდ დამშვიდობება, ან პრიორიტეტების მკვეთრი ცვლილება და ნატოს ნაცვლად ოდკბ-ზე ორიენტაცია, ასევე – რუსეთ-ბელარუს-ყაზახეთის საბაჟო კავშირში შესვლა.
– საქართველოში ნატო უსაფრთხოების ლამის ერთადერთ გარანტად აღიქმება, საქართველოსთვის რა სარგებლის მოტანა შეუძლია ოდკბ-ში გაერთიანებას?
– ნატო როგორი გარანტი აღმოჩნდა, დავინახეთ. მე ჯერ კიდევ 2000 წელს ვწერდი პრესაში, რომ გზა ნატოსკენ ქვეყნისთვის ძალიან მტკივნეული და მეტიც, დამანგრეველი იქნება, მაგრამ ნატოში მაინც ვერ შევალთ. რომც შევიდეთ, საქართველო დასუსტებული და დაშლილი აღმოჩნდება ნატოს რიგებში, რაც აზრს უკარგავს ნატოსკენ სწრაფვას. სამწუხაროდ, ყველაფერი სწორედ ასე მოხდა განვლილ ათწლეულში. რაც შეეხება ოდკბ-ს, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებით საქართველოს საშუალება მიეცემა, პროცესებზე «შიგნიდან» მოახდინოს გავლენა და რუსეთი, რომელიც დღეს მტრად მოიკიდა ხელისუფლებამ, მოკავშირედ გაიხადოს. რუსეთისთვის საქართველო უფრო ძვირფასია სტრატეგიულად, ვიდრე ცალკე აღებული აფხაზეთი და «სამხრეთ ოსეთი». მთავარია, საქართველომ უნდა მოუხსნას რუსულ მხარეს ეჭვები, რომ საქართველო რუსეთისთვის მტრული სახელმწიფოა.
– რამდენადაც ცნობილია, რუსეთში მოღვაწე ქართველი პოლიტოლოგები სრულყოფილ ინფორმაციას ფლობენ რუსულ-ქართულ ურთიერთობებსა თუ შესაძლებლობებზე და ისინი დაუფარავად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს. მათ შორის, ალექსანდრე ჭაჭიამ არაერთხელ გააფრთხილა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის, ხოლო შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლება, რომ რუსეთთან კონფრონტაცია კატასტროფამდე მიიყვანდა ქვეყანას, რაც 2008 წელს ასრულდა კიდეც. თუმცა კონფრონტაცია დღემდე გრძელდება. მოსალოდნელია თუ არა ვითარების გამწვავება?
– საქართველო-რუსეთს შორის ვითარება ისედაც საკმაოდ დაძაბულია და უარესი აღარ მოხდება. თუმცა აუცილებლად მინდა აღვნიშნო ზოგიერთი პოლიტოლოგის ღვაწლი, პირველ რიგში, ალექსანდრე ჭაჭიასი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. იგი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის საქართველოს ხელისუფლებას დიალოგს სთავაზობდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რადიკალური, ანტირუსული კამპანია დაიწყო. ომამდე ცოტა ხნით ადრე, ალექსანდრე ჭაჭია რუსულ პრესაში წერდა, რომ იგი სკეპტიკურად იყო განწყობილი ქართულ-რუსულ ურთიერთობებში შექმნილი ვითარების მიმართ და მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებას ელოდა, რაც ძალიან მალე ახდა კიდეც.
რუსეთში მოღვაწე ქართული დიასპორა ომის შემდეგ გააქტიურდა, რაც თუნდაც ნაგვიანევი იყოს, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ფაქტორია. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება  არ მიესალმება დამოუკიდებელი ქართველების გააქტიურებას, იგი მხოლოდ თავის მიერ დაფინანსებულ და მორჩილ «დიასპორას» აღიარებს… ნახეთ, რა გამოდის – საქართველოს ხელისუფლება არა მარტო რუსეთის ხელისუფლებას, არამედ რუსეთში მცხოვრებ წარმატებულ და ავტორიტეტულ ქართველებსაც დაუპირისპირდა. ყველა მათგანი ქვეყნის მტრად გამოაცხადა.
– მოგეხსენებათ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კიევში რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდა. ზოგიერთები ამ შეხვედრის მიღმა პოლიტიკურ საფუძველს ხედავენ. რას შეცვლის პატრიარქის ვიზიტი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში?
– საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი ყოველთვის თანმიმდევრულად იღვწის, რათა ქართველ და რუს ხალხს შორის ქრისტიანული ურთიერთობები და სიყვარული სუფევდეს. თავად პატრიარქების შეხვედრის ფაქტი და რუსული მხარის მიერ იმის დაფიქსირება, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართული ეკლესიის პრიორიტეტია აღიარებული, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია და ცოტას არ ნიშნავს.
ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია პატრიარქის მოღვაწეობა, თუმცა ის დათმობები, რაც პატრიარქმა დაუშვა სააკაშვილის მიმართ, შეცდომა იყო. როდესაც ხალხისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისაღები, მაშინ საპატრიარქო აცხადებს, რომ პოლიტიკაში არ ერევა. ასე მოხდა ახლაც. არადა, ხელისუფლებამ საპატრიარქოს დისკრედიტაცია მოახდინა, ვინაიდან რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით კანონში შესულ ცვლილებაზე საპატრიარქოს ჯერ მძაფრი რეაქცია ჰქონდა, შემდეგ კი უკან დაიხია. მესმის, რომ პატრიარქი სააკაშვილს, როგორც სულიერ შვილს, ისე ეპყრობოდა, ცდილობდა სიკეთისკენ მოექცია, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
– ამერიკულმა გამოცემა STRATFOR-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა პატრიარქების შეხვედრას. წერილში ნათქვამია, რომ «ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა გაფუჭდა და პატრიარქმა გადაწყვიტა, რომ აღარ არის აუცილებელი, მიჰყვეს ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკას… ილია მეორემ ხელისუფლების გამოწვევა გადაწყვიტა»…
– არანაირი გამოწვევა რუსეთის პატრიარქთან შეხვედრის ფაქტი არ არის. ილია მეორე რუსეთის პატრიარქს შეხვდა, პუტინსა და მედვედევს ხომ არა; მაგრამ, მათაც რომ შეხვდეს, ვერც ამაში ვხედავ ცუდს ვერაფერს. სამწუხაროდ, ამგვარ ნაბიჯებს გამოწვევად ხელისუფლება აღიქვამს ხოლმე.
– დაპირისპირება საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის მოჰყვა კანონს, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს ანიჭებს, თუმცა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რელიგიურ კონფესიებს ეს კანონი პროვილეგიებს არ მიანიჭებს. ემუქრება თუ არა საფრთხე მართლმადიდებლურ ეკლესიას?
– ეს კანონი ბევრ რამეს ცვლის. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თავად კონფესიები როგორ მოიქცევიან, რას მოითხოვენ. მათ თუ დაიწყეს მიწების შესყიდვა და რელიგიური ნაგებობების აშენება, რისი უფლებაც ამ კანონით ეძლევათ, ეს, რა თქმა უნდა, გაამძაფრებს დაძაბულობას და უარყოფით შედეგებს მოიტანს. თუ გაჩუმდებიან და არ გამოიყენებენ ამ უფლებას, პრობლემა გაიყინება, თუმცა საფრთხე მუდმივად იარსებებს.
ეკლესიასთან სახელმწიფოს ურთიერთობას რაც შეეხება, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებაში ორი პირობითი ჯგუფი მოქმედებს: პირველ ჯგუფს წარმოადგენენ საკუთრივ სააკაშვილი, დათო ბაქრაძე, გიგი წერეთელი, რუსუდან კერვალიშვილი, გიგი უგულავა, კობა სუბელიანი და სხვები, რომლებიც არ ვიცი, დიდ მორწმუნეებს თამაშობენ თუ მართლა სწამთ, მაგრამ დასანახად ნამდვილად «პატრიარქისტები» არიან. ისინი სანთლებით ხელში, დიდ რელიგიურ დღესასწაულებზე ტაძარში მრევლის წინა რიგებში დგანან ხოლმე, ხშირად სტუმრობენ პატრიარქს მის რეზიდენციაში, იწვევენ მას სხვადასხვა ღონისძიებაზე. არის მეორე, უფრო მცირე, მაგრამ ასევე გავლენიანი ჯგუფი, რომელსაც ხელისუფლებაში ყველაზე მკაფიოდ გიგა ბოკერია განასახიერებს (თუმცა მასთან ერთად მე ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილსაც მოვიაზრებ). მას ზურგს უმაგრებენ «თავისუფლების ინსტიტუტის» ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტური გაერთიანებები, ისინი საკუთარ გულგრილ დამოკიდებულებას ეკლესიისადმი არ მალავენ, საზოგადოებას თავს არ აჩვენებენ მორწმუნე ქრისტიანებად და თავიანთ იდეოლოგიურ პოზიციას ღიად აფიქსირებენ. მაგრამ ეს ორივე ჯგუფი ერთნაირად იბრძვის ეკლესიის წინააღმდეგ – ერთი ფარულად, მეორე ღიად.
ღვთის მადლით, ეკლესიაში მრავლად არიან პრინციპული მოღვაწეები, რომლებიც ეკლესიაზე ხელისუფლების უდიდეს ზეწოლას  უმკლავდებიან და თეთრს თეთრს არქმევენ, შავს – შავს. მაგრამ ეს მაინც არ არის გრიგოლ ხანძთელის ეკლესია და საქართველო. რაც – ერი, ის – ბერიო, ნათქვამია, ამიტომ რაც ხდება, ნუ გვიკვირს…
– თუ ხელისუფლების პოლიტიკას გადავხედავთ, ის არასდროს ღიად არ ილაშქრებდა ეკლესიის წინააღმდეგ. იყო მსგავსი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელი?
– ახლა ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი პერიოდია, ოპოზიცია განეიტრალებულია – ქუჩის ოპოზიცია სცემეს, მისი აქტივისტები დააპატიმრეს. საპარლამენტო ოპოზიციაც დისკრედიტირებულია, «რვიანი» კი საერთოდ დაიშალა. სააკაშვილი მიხვდა, რომ ოპოზიცია ვერც არჩევნებს უგებს და ვერც რევოლუციას უწყობს მას, და გათავხედდა. ჯერ ხორცი გააძვირეს, მერე – ტრანსპორტი, ნაგვის გატანის ტარიფი ელექტროენერგიის ხარჯვას დაუკავშირეს. ხალხი კი ამასობაში ცხვრის ფარად იქცა. ხელისუფლების ექსპერიმენტმა (რომლის რეალური ავტორი შეერთებული შტატებია) მეტად საინტერესო შედეგი გვაჩვენა: ჩვენი კარგად მოვლილი და ნაკვები, ყოყლოჩინა საზოგადოება, რომელიც მკერდზე მჯიღს იბაგუნებდა, «რუსეთის იმპერია» ვერაფერს დაგვაკლებსო, ერთმა პრიმიტიულმა, ცუდად აღზრდილმა, ზერელედ განათლებულმა და სასაცილო ხმით «მოჭყლოპინე» მიშამ დააბეჩავა.
– რუსეთ-ამერიკას შორის ამ ეტაპზე ურთიერთობების გადატვირთვის ერთგვარი ტორპედირება მიმდინარეობს. რა როლს ასრულებს ამ პროცესში საქართველო?
– საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გარკვეული დესტრქუციული როლის შესრულებას, რათა უფრო მეტად მოიპოვოს ამერიკის მხარდაჭერა და შედეგად მეტი დაფინანსება მიიღოს. თუმცა საქართველოს არ აქვს არანაირი ბერკეტი, ზეგავლენა მოახდინოს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, საქართველო ამ ურთიერთობებში ობიექტია და არა სუბიექტი.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here