Home რუბრიკები პოლიტიკა არშემდგარი საინფორმაციო აფეთქება და მორიგი პროპაგანდისტული ისტერია

არშემდგარი საინფორმაციო აფეთქება და მორიგი პროპაგანდისტული ისტერია

732

GEWORLD.NET:
გასული წლის 22 სექტემბერს თბილისში აშშ-ის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებული კამპანია ამერიკულ მედიაში, მეორე კვირაა, გრძელდება. ეს კამპანია უცნაურად მოგაგონებდათ იმ ბომბს საელჩოსთან: მას, ერთი შეხედვით, ძალზე რეზონანსული საინფორმაციო «აფეთქება» უნდა გამოეწვია, მაგრამ (ჯერჯერობით) ისეთივე მოკრძალებული ეფექტი მოახდინა, როგორც უხარისხო ჩინურმა პეტარდამ. თუმცა ის, ალბათ, მაინც გვიბიძგებს, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს აშშ-რუსეთის ურთიერთობებში და როგორ აისახება ეს საქართველოს მომავალზე.

 
პატრიოტთა თამაშები-2
ვიდრე ამერიკული მედიის პუბლიკაციებს გადავხედავთ, ალბათ, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ განხილულ კამპანიას ჩავთვლით რეალურ ბრძოლად «გადატვირთვის» მომხრე-მოწინააღმდეგეთა შორის და არა მის იმიტაციად, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ვერსიას არსებობის საფუძველი ნამდვილად აქვს.
ვნებათაღელვა შემდეგი ინფორმაციის გამოქვეყნებით დაიწყო: «22 სექტემბრის ინციდენტთან დაკავშირებული მკაცრად გასაიდუმლოებული ანგარიშის შესახებ «Washington Times»-ს ორმა ჩინოვნიკმა მოუთხრო, რომლებსაც ის წაკითხული ჰქონდა. ისინი ამბობენ, რომ მოხსენებაში მხარდაჭერილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნები, რომელიც ამ აფეთქებას რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერს უკავშირებს». «დოკუმენტი პირდაპირ ადასტურებს ქართული მხარის დასკვნებს,» _ თქვა ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა, რომელიც ამერიკული დაზვერვის ანგარიშს გაეცნო. მან დაამატა, რომ მოხსენებაში საგანგებოდ აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა, ანუ «გრუ» აფეთქებების კოორდინირებას ახდენდა. მეორე ჩინოვნიკი, რომელმაც მოხსენების სამგვერდიანი რეზიუმე წაიკითხა, ამბობს, რომ იქ ერთხელ არის ნახსენები მაიორი ბორისოვი და მისი სახელი აფეთქებას უკავშირდება.
ორი ჩინოვნიკის ნათქვამის შეჯერებისას შეიძლება გარკვეული შეუსაბამობის განცდა გაჩნდეს. მეორე მათგანი ამბობს, რომ რეზიუმეში ბორისოვი ერთხელაა ნახსენები, თუმცა მისი ერთი ხსენება (როგორც მინიმუმი) საჭირო ქართული მხარის ვერსიის გადმოცემის დროს გახდებოდა. ხოლო თუ დოკუმენტის ავტორები «ქართულ ვერსიას» სრულად გაიზიარებდნენ, ბორისოვს, დოკუმენტში, დიდი ალბათობით, კიდევ ერთხელ ახსენებდნენ, ამჯერად საკუთარი დასკვნის ფარგლებში (საინტერესოა, იყო თუ არა ნახსენები დოკუმენტში კოჭოია და ამ ისტორიის სხვა ფიგურანტები?). თუმცა ჩავთვალოთ, რომ ეს ეჭვები უსაფუძვლოა და რუსების შესაძლო მოტივებზე გადავიდეთ.
მოტივებთან დაკავშირებით, «Washington Times»-ს დევიდ სმიტის (უფროსი ბუშის ადმინისტრაციაში მუშაობდა, ამჟამად თბილისში «უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის» დირექტორია) მოსაზრება მოჰყავს: «ნაწილობრივ ისინი  ასეთ რაღაცებს იმიტომ აკეთებენ, რომ დასავლეთის წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა გააკეთონ მათ ასეთი რამ, _ თქვა სმიტმა, _ მათ საქართველოს დესტაბილიზაცია სურთ. მათ სურთ, რომ ის გამოიყურებოდეს, როგორც ქაოსში ჩაძირული, კანონიერებას მოკლებული ტერიტორია».
ჯოშუა ფუსტმა The Atlantic-ში ამ პოზიციას შემდეგი კომენტარი დაურთო: «მტკიცება იმისა, რომ რუსეთი, რაღაცას მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ დაგვაბნიოს, აშკარად პარანოიდალურია», კიდევ ერთ წერილში ამ ავტორმა სააკაშვილის ხელისუფლების მტკიცებულებები სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყენა: «ძნელია, ეს ბრალდებები წმინდა წყლის სიმართლედ აღიქვა. საქართველო რამდენიმეჯერ გამოჭერილ იქნა იმაში, რომ ჟურნალისტები შეცდომაში შეჰყავდა რეგიონში რუსეთის  ვერაგულ ქცევასთან დაკავშირებით. გვაქვს თუ არა საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ახლა იმავეს არ აკეთებს?»
«რა იყო თავდასხმის მიზეზი? თუ თავდასხმის მოწყობა სურდათ, რატომ გააკეთეს ეს ასე უხეიროდ?» _ კითხულობს ჯოშუა კუცერა (Eurasianet).
კუცერას გაკვირვება, ალბათ, ლოგიკურია. «გრუ»-ს სპეციალური დანიშნულების ძალებს 60 წელი ამზადებდნენ იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში ემოქმედათ. მათ მთავარ სამიზნეს ნატოს სამეთაურო პუნქტები, აეროდრომები, სარაკეტო ბაზები, კავშირგაბმულობის კვანძები წარმოადგენდა. უკლებლივ ყველა, მათ შორის მოსკოვის სამხედრო ძლიერების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი, დასავლელი ავტორი, რომელიც სხვადასხვა სტატიებსა თუ მხატვრულ ნაწარმოებებში ნატო-სსრკ-ის (რუსეთის) ჰიპოტეტურ კონფლიქტს აღწერს, მიუთითებს, რომ ამ ძალების სრული ნეიტრალიზება შეუძლებელია და ისინი ნატოსთვის სერიოზული ზიანის მიყენებას ნებისმიერ შემთხვევაში მოახერხებენ. თუ «გრუ» მის ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით შეეცდებოდა «საქართველო ქაოსში ჩაეძირა», ჩვენს თავს, ძალიან დიდი ალბათობით, დღემდე არნახული უბედურება დატრიალდებოდა. ამ  გარემოების გათვალისწინებით, ერთობ ლოგიკური არა მხოლოდ ჯოშუა კუცერას გაკვირვებული კითხვები ჩანს, არამედ მარკ ადომანისის აშკარად სარკასტული კომენტარი, რომელიც Forbes-ში გამოაქვეყნა: «დავუშვათ, რომ ვლადიმერ პუტინმა ამ ოპერაციის ჩატარების ბრძანება პირადად გასცა, ხოლო თვითონ ხითხითებდა როგორც მანიაკი და ამავე დროს თავის ოთახის ძაღლებს ფეხებით სცემდა. აგრეთვე, დავუშვათ, რომ მხოლოდ მსახიობ კიფერ საზერლენდის თბილისში ყოფნამ ხელი შეუშალა სპეცნაზს (აქ ადომანისი რუსულ შენაერთს გულისხმობს, რომელსაც «Spetsnaz»-ად იხსენიებს. _ რედ.) შტურმით აეღო საელჩოს შენობა და ყველა მისი ბინადარი ცოცხლად დაეწვა».
მიუხედავად იმისა, რომ ამ თემას განსაკუთრებული ყურადღება ყველა ამერიკულმა გამოცემამ როდი დაუთმო, აშკარად ჩანდა, რომ კომენტატორებისთვის მთავარი იყო არა იმდენად იმის გარკვევა, თუ ვინ მოაწყო აფეთქება თბილისში, არამედ ის, თუ როგორ აისახება მთელი ეს ისტორია «გადატვირთვაზე». სენატორმა კაილმა «New York Times»-ს განუცხადა, «სანამ აფეთქება საქართველოში გამოძიებული არ იქნება და საკითხი არ გადაწყდება, რუსეთთან გადატვირთვის მცდელობები უნდა შეჩერდეს». «თუ ინფორმაცია დადასტურდება, ეს ცხადყოფს, რომ რუსეთი «ცივი ომის» ყველაზე ცუდი ტრადიციების აღორძინებას ახდენს» («Heritage foundation»). «გადატვირთვის» მოწინააღმდეგეთა რამდენიმე მჭექარე განცხადების შემდეგ თეთრ სახლში, როგორც ჩანს, მივიდნენ დასკვნამდე, რომ სიტუაციაში უნდა ჩაერიონ.
ბალადა თეთრ ფურგონზე 
ძნელი სათქმელია, რა ეწერა სინამდვილეში იმ ყბადაღებულ მოხსენებაში, რომლის შესახებ «Washington Times»-ი წერდა, თუმცა ძნელია, არ გაიზიარო «American Thinger»-ის ვარაუდი იმის თაობაზე, რომ «ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი არასოდეს გახდება». როგორც გაირკვა: «აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის ანალიტიკურმა დეპარტამენტმა, დაზვერვის ეროვნულმა საბჭომ, კონგრესს ამ აფეთქების ახალი ანალიზი მიაწოდა. ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა «Washington Times»-ს განუცხადა, რომ თბილისში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობაზე ერთიანი აზრი არ არსებობს». ამ ნაბიჯის შემდეგ, იმ «ძველი» მოხსენების სტატუსი და მისი ურთიერთმიმართება ახალთან ძლიერ გაურკვეველი გახდა.
თეთრი სახლის მეორე ნაბიჯი კიდევ უფრო საინტერესო იყო. ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, «New York Times»-მა გვამცნო, რომ «ამერიკის დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლები საიდუმლო მოხსენებაში მივიდნენ დასკვნამდე, რომ შარშან საქართველოში მომხდარი აფეთქებების უკან, მათ შორის აშშ-ის საელჩოსთან, შეიძლებოდა მდგარიყო რუსი ოფიცერი, მაგრამ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ადგილი ჰქონდა შეთქმულებას კონკრეტულად ამერიკული ობიექტების წინააღმდეგ»; მსგავს მიდგომას მაიორ ბორისოვის თანამემულეები შემდეგი გამონათქვამით აღწერენ: «я – не я, корова не моя» და საერთოდ, ამავე ჩინოვნიკმა თქვა, რომ «ვარაუდი რუსი ოფიცრის აფეთქებასთან კავშირზე ეფუძნება რამდენიმე წყაროს სადაზვერვო და სამართალდამცავი ორგანოებიდან, მათ შორის _ ქართული სამსახურებიდან. ჩინოვნიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ იყო მყარი შეფასება not a rock-solid assessment) და მასში არ არის კონკრეტული დასკვნა იმის თაობაზე, რომ აფეთქებები მოსკოვის ბრძანებით განხორციელდა».
ხოლო კომენტარი ამ ისტორიის შესაძლო ზემოქმედებაზე აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე ჯონ ბასმა გააკეთა: «აშშ-ის ელჩი არ იზიარებს მოსაზრებას ამერიკასა და რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტიკის ფაქტობრივი ჩაშლის შესახებ. «როგორც ბასმა განაცხადა, _ იტყობინება სააგენტო «პირველი”, _ «გადატვირთვის» პოლიტიკა იმთავითვე ისეთ სფეროებს ეფუძნებოდა, რომელშიც რუსეთსა და აშშ-ს საერთო ინტერესები აქვთ, ბოლო წლებში კი ამ სფეროებში ორივე ქვეყნისთვის გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა».
ამ სამი სიგნალით ობამას ადმინისტრაციამ ნათლად აჩვენა, რომ მას გაცილებით უფრო აინტერესებს ურთიერთობები სამკუთხედში «აშშ-რუსეთი-ჩინეთი», ვიდრე სამკუთხედში «უტიაშვილი-ბორისოვი-კოჭოია», და ამასთანავე, დაიკავა პოზიცია, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს საელჩოსთან მომხდარი აფეთქების გამოყენებას «გადატვირთვის» ჩასაშლელად.
რამდენად  დიდი იყო შანსი, რომ ეს ისტორია «გადატვირთვაზე» რეალურ გავლენას მოახდენდა? პრეცედენტი, რომელთანაც პირდაპირი პარალელის გავლება შეიძლება არ არსებობს, თუმცა შეგვიძლია ორი ისტორია გავიხსენოთ: 1999 წლის გაზაფხულზე მოსკოვში აშშ-ის საელჩოსთან იუგოსლავიის დაბომბვასთან დაკავშირებით მასობრივი დემონსტრაციები იმართებოდა, საელჩოს ქვებს უშენდნენ, ხოლო მოქანდაკე ალექსანდრე სუსლიკოვმა შენობას ცეცხლი გაუხსნა. საელჩო, ფაქტობრივად, ალყაში იყო, თუმცა არანაირი გავლენა ამ ფაქტებს აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე არ მოუხდენია.
იმავე გაზაფხულზე ამერიკულმა ავიაციამ გაანადგურა ჩინეთის საელჩო ბელგრადში. ვაშინგტონი ირწმუნებოდა, რომ ეს შეცდომის გამო მოხდა, თუმცა პეკინი მის არგუმენტებს ეჭვით ეკიდებოდა; ჩინელმა დემონსტრატებმა აშშ-ის წარმომადგენლობები დაარბიეს. პასუხისმგებელი მფრინავებისთვის სამიზნეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი უილიამ ბენეტი იყო. «Los Angeles Times»-ის ცნობით, ის სამსახურიდან «დაშვებული ფატალური შეცდომების გამო» დაითხოვეს. აქ საინტერესო მომენტს ვუახლოვდებით: ერთის მხრივ, არსებობდა თეთრი სახლი ოფიციალური ვერსიით; მეორე მხრივ კი _ უილიამ ბენეტი, რომელსაც პოტენციურად შეეძლო მომხდარის ალტერნატიული ვერსია გაეხმოვანებინა. 2009 წლის 22 მარტს მან მეუღლესთან ერთად გასეირნება გადაწყვიტა. თვითმხილველების თქმით, პარკში მის კვალდაკვალ თეთრი ფურგონი შევიდა, შემდეგ საეჭვო ხმაური გაისმა, მოკლედ ცოცხალი იმ გასეირნებიდან უილიამ ბენეტი არ დაბრუნებულა. ცხადია, არაფერი მიუთითებს ამერიკელი ძალოვანების კავშირზე ამ ტრაგიკულ ინციდენტთან და ვერავინ გამორიცხავს, რომ ბენეტი პარკებში თეთრი ფურგონებით მოხეტიალე კრიმინალების მსხვერპლი არ გახდა. რაც შეეხება აშშ-ჩინეთის ურთიერთობებს, რამდენიმეთვიანი დაძაბული რიტორიკის შემდეგ ის ისევ ძველ კალაპოტს დაუბრუნდა.
22 სექტემბრის აფეთქებას თბილისში, რომელსაც მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია, ალბათ, მაინც არ ჰქონდა არანაირი შანსი აშშ-რუსეთის ურთიერთობაზე შესამჩნევი ზეგავლენა მოეხდინა. გამორიცხული არაა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიდეოკამერები საელჩოსთან დააფიქსირებდა მაიორ ბორისოვს რაციით ხელში (,,Лютик, Лютик, я Ромашка!”), ორი ზესახელმწიფო რაიმე გამოსავალს უხერხული სიტუაციიდან მაინც გამონახავდა.
ცივი ომის ცხელი წერტილი
სააკაშვილის ხელისუფლებისთვის და მისი ამერიკელი თანამოაზრეებისთვის (სენატორი მაკეინი და სხვები), «გადატვირთვაზე» საძულველი სიტყვა, სავარაუდოდ, არ არსებობს. თეზისს «ყველაზე უკეთ საქართველოს გადატვირთვა იცავს», ისინი სერიოზულად არ განიხილავენ. საინტერესოა, რა არის ალტერნატივა? კონფრონტაცია? ახალი «ცივი ომი»?
საქართველოს მსგავსი, მესამე სამყაროს პატარა და არასტაბილური ქვეყნების ხვედრი «ცივი ომის» დროს ძლიერ არასახარბიელო იყო. ერთი ზესახელმწიფო მხარს ხელისუფლებას უჭერდა, მეორე კი _ შეიარაღებულ ოპოზიციას ან სეპარატისტებს, დროდადრო ისინი როლებს ცვლიდნენ; ყალიბდებოდა ყოვლად ამაზრზენი რეჟიმები, იღვრებოდა სისხლი, იხოცებოდა ხალხი. «გადატვირთვის» დასრულება, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ, მთელი პლანეტა თუ არა, პოსტსაბჭოთა სივრცე მსგავსი ბრძოლის ველად გადაიქცევა, აშშ-რუსეთის ამ კონფრონტაციით კი მხოლოდ ჩინეთი იხეირებს.
თუ აშშ-რუსეთის დღევანდელი ურთიერთობები, რაც პრაგმატულ ბალანსს და კონსესუსს ეფუძნება, წარსულს ჩაბარდება. საქართველოსთვის ეს, სავარაუდოდ, უსაფთხოების ისეთ დეფიციტს დაუკავშირდება, რომელიც შეიძლება მხოლოდ «შავ ხვრელს» შევადაროთ. ამან შეიძლება ქვეყნის შემდგომი დანაწევრება და სამოქალაქო ომიც კი გამოიწვიოს; თუ საქართველო აშშ-რუსეთის მწვავე კონფრონტაციის (ერთ-ერთი) არენა გახდება, სხვა სცენარი ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ამავე დროს, «ახალი ცივი ომი», ალბათ, ერთადერთი შესაძლებლობაა სააკაშვილისთვის ხელისუფლებაში 2013 წლის შემდეგაც დარჩეს და ის, როგორც ჩანს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავის ამერიკელ თანამოაზრეებს «გადატვირთვის» ჩაძირვაში დაეხმაროს.
ამას, სავარაუდოდ, მშვენივრად აცნობიერებენ ვაშინგტონში და გამორიცხული არაა, რომ თეთრ სახლს გაუჩნდეს ცდუნება _ «სააკაშვილის ნაღმი» სასწრაფოდ გაანეიტრალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინ იცის, კიდევ რა სიურპრიზებს შესთავაზებს ბარაკ ობამა საქართველოს, რბილად რომ ვთქვათ, ექსცენტრიული მმართველი. საქართველოს ოპოზიციური სპექტრის ამოცანა (ცხადია, თუ ხელისუფლებაში მოსვლა გულწრფელად სურთ) ამ კონტექსტში, ალბათ, ისაა, რომ შეეცადონ, დაარწმუნონ ამერიკელი პარტნიორები, რომ ამის გაკეთება აუცილებელია, თანაც რაც მალე, მით უკეთესი; დღევანდელი ვითარება ამისთვის კარგ წინაპირობებს ქმნის.
დიმიტრი მონიავა
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here