Home რუბრიკები საზოგადოება თავდასხმა ჟურნალისტზე – დუშეთში

თავდასხმა ჟურნალისტზე – დუშეთში

819

GEWORLD.NET:
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესულ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტს, მანანა ქველიაშვილს თავს დაესხა დაცვის სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც ჟურნალისტს ხელჩანთა გამოჰგლიჯა და გაჩხრიკა. ჟურნალისტის თქმით, დაცვის სამსახურის თანამშრომლებს გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ირმა ჯანგირაშვილი გაეკიდა და მოუწოდებდა, ჩანთაში არაფერი ჩაედოთ.

გამგებელთან ან მის მოადგილესთან შეხვედრის უშედეგო მცდელობის შემდეგ, ჟურნალისტს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით დეპუტატთან, ზურაბ ოტიაშვილთან შეხვედრა შესთავაზეს. მან დასვა კითხვა, თუ  რა უფლებამოსილება ჰქონდა საკრებულოს რიგით დეპუტატს და რამდენად კომპეტენტური იყო იმ საკითხებში, რომლებიც მას აინტერესებდა. ჯანგირაშვილმა მიპასუხა:„ოტიაშვილი ისაა, თქვენმა ცენტრმა (იგულისხმება მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი) „რუხ კარდინალად“ რომ მოიხსენია. რეალურად ეგ ადამიანი კურირებს ყველაფერს დუშეთში, ამიტომ, თუ გინდა ინფორმაციის მიღება, ჯობია, შეხვდეო“.
მანანა ქველიაშვილი მოგვითხრობს: „ირმა ჯანგირაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ჩავედი. ირმა ერთ-ერთი ოთახისკენ გამიძღვა, ის იყო კარი უნდა შეეღო და კაბინეტში შევსულიყავით, რომ მოულოდნელად დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაცვის თანამშრომელი მომიახლოვდა, ხელჩანთა გამომგლიჯა და მითხრა, რომ უნდა გაეჩხრიკა. დაცვას დავედევნე და სასწრაფოდ ჩემი ჩანთის დაბრუნება მოვთხოვე. მესმოდა, როგორ მოდიოდა ჩემს უკან ირმა ჯანგირაშვილი და დაცვისგან ითხოვდა, ჩემს ხელჩანთაში არაფერი ჩაედოთ. დაცვის თანამშრომელს დაცვის ოთახის შესასვლელ კართან დავეწიე. ჩემი ხელჩანთა, რომელიც უკვე გახსნილი იყო, ხელიდან გამოვტაცე და ახსნა-განმარტება მოვთხოვე, თუ რა უფლებით წამართვეს ხელჩანთა და რა უფლებით ატარებდნენ ჩხრეკას. დაცვის სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, რომ უშუალოდ ზურაბ ოტიაშვილის დავალებით მოქმედებდა. მე მოვითხოვდი, განემარტათ, რა უფლება ჰქონდა ზურაბ ოტიაშვილს, დაცვისთვის ჩემი გაჩხრეკა დაევალებინა.
ამ დროს ოტიაშვილის კაბინეტიდან გამოვიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე ნინო ხუციშვილი, რომელმაც განმიცხადა, რომ ეს სტანდარტული პროცედურა იყო. ირმა ჯანგირაშვილი დაცვას სთხოვდა, ჩემთვის თავი დაენებებინა და მუშაობის საშუალება მოეცა. დაცვის თანამშრომელმა მითხრა, რომ  მხოლოდ დიქტოფონისა და ტელეფონის დაცვასთან დატოვების შემთხვევაში შევძლებდი ზურაბ ოტიაშვილთან შესვლას. ნინო ხუციშვილმა კი დაამატა, რომ ოტიაშვილთან მხოლოდ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგებოდა და არანაირი ინტერვიუს ჩაწერის საშუალება არ მექნებოდა.
მაშინ ნინო ხუციშვილს, ირმა ჯანგირაშვილსა და დაცვის ორ თანამშრომელს ვუთხარი, რომ ზურაბ ოტიაშვილის გაცნობის სურვილი არ მქონდა და, თუკი ჩემს კუთვნილ ნივთებს არ დამიბრუნებდნენ, არც შევხვდებოდი. ამის შემდეგ ირმა ჯანგირაშვილმა მთხოვა, დამეცადა. ის ოტიაშვილის სამუშაო ოთახში შევიდა, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი მითხრა, რომ შემეძლო ოტიაშვილთან ინტერვიუს ჩაწერა იმ საკითხებზე, რაზედაც მანამდე შევთანხმდით.
ზურაბ ოტიაშვილის ე. წ. კაბინეტში, რომელიც სინამდვილეში საკონფერენციო დარბაზი აღმოჩნდა, დუშეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ხელმძღვანელ ირმა ჯანგირაშვილთან ერთად შევედი. მას შემდეგ, რაც ოტიაშვილს მივესალმე, აღმოვაჩინე, რომ ოთახში ასევე იყო ნინო ხუციშვილიც, რომელიც მთელ საუბარს დაესწრო.
პირველი კითხვა, რაც ზურაბ ოტიაშვილს დავუსვი, ჩემს გაჩხრეკას ეხებოდა. მან აღნიშნა, რომ ჟურნალისტები ხშირად უნებართვოდ იწერენ საუბრებს, ამიტომ შევეცადე, წინასწარ თავი დამეზღვია და ჩამწერი აპარატურა არ შემოგეტანათო.
მე ჩანთიდან ბლოკნოტი და კალამი ამოვიღე და დუშეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ნაციონალ დეპუტატთან, ზურაბ ოტიაშვილთან ინტერვიუს ჩაწერა დავიწყე.
მომდევნო კითხვა ატრაქციონებს ეხებოდა, რაზეც ოტიაშვილისგან არასრული და ზედაპირული პასუხი მივიღე.
მეორე თემა დუშეთის ხევს ეხებოდა. ოტიაშვილმა, ფაქტობრივად, დუშეთის მოსახლეობა დაადანაშაულა „დუშეთის ხევის“ პრობლემის არსებობის გამო.
ცალკეული დეტალები, რაზე საუბარიც სცადა ოტიაშვილმა:
თავდაპირველად ის ჩემი რედაქტორის ვინაობით დაინტერესდა, თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ მისი ვინაობა ისედაც იცოდა. „მთიულიშვილია თუ ვიღაც, რატომ არ მოდის და არ მეცნობა“? მე ვუთხარი, რომ, თუ რედაქტორი მის გაცნობას აუცილებლობად მიიჩნევდა, შეხვდებოდა.
ამის შემდეგ ოტიაშვილმა აგდებულად მოიხსენია კახეთის საინფორმაციო ცენტრი და თქვა: „კაციშვილი არაა კახეთში ამ ცენტრის მაქებარი“. სამაგიეროდ ენერგიულად შეუდგა თავის ქებას და ცდილობდა, დავერწმუნებინეთ, რომ თვითონ ძალიან პოპულარულია დუშეთში. ამაში დასარწმუნებლად მირჩია, ქუჩაში გავსულიყავი და პენსიონერებისთვის მეკითხა აზრი. საუბარში ნინო ხუციშვილი ჩაერია, რომელმაც თავის მხრივ დაადასტურა, რომ ბატონი ზურაბი თურმე ძალიან უყვართ დუშეთში. შემდეგ კი მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მე მაშინვე მოვითხოვე ნინო ხუციშვილისგან, დაესახელებინა კონკრეტული ფაქტი, კონკრეტული სტატია, რომელშიც ცრუ ინფორმაცია იყო მოცემული. ხუციშვილმა განაცხადა, რომ „ასეთი ნიუსი ბევრი იყო“, მაგრამ კონკრეტული ფაქტების დასახელება მაინც ვერ შეძლო.
საუბარში ოტიაშვილმა რამდენიმეჯერ ახსენა სიტყვა ადამიანობა და სამშობლოს წინაშე დამსახურება; ცდილობდა, საკუთარ „ღვაწლზე“ ესაუბრა, თუმცა რამდენჯერაც თემას გადაუხვია, იმდენჯერ გავუმეორე ის კითხვები, რომლებზეც პასუხების მიღება მჭირდებოდა. გაღიზიანებულმა ოტიაშვილმა კი მომიგო: „არ მაცლით საუბარს. აი, მაგალითად, თქვენ რა გაგიკეთებიათ სამშობლოსათვის?“…
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირმა ჯანგირაშვილმა ინტერვიუს მანძილზე არაერთხელ მთხოვა, ზურაბ ოტიაშვილისთვის საშვების შესახებ მეკითხა, თუ რატომ უნდა სჭირდებოდეს ჟურნალისტს საშვის გამოწერა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შენობაში შესასვლელად, და თუ ეს ასე აუცილებელია, მაშინ ხომ შეიძლება გაკეთდეს აკრედიტაცია, რომლითაც ჟურნალისტები თავისუფლად გადაადგილდებიან გამგეობის შენობაში.
ოტიაშვილის თქმით, საშვის სისტემა გამგეობაში ახალი დანერგილია და ამიტომ თანამშრომლები ჯერ კიდევ სწავლობენ. შემდეგ დაამატა: „თქვენ როგორ ფიქრობთ, იმ დაცვას, გარეთ რომ დგას, შეუძლია აკრედიტაციის ან რამის გარჩევა?“
აღსანიშნავია, რომ ოტიაშვილთან შეხვედრამდე ირმა ჯანგირაშვილს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში მომუშავე ადამიანების ვინაობისა და მათ მიერ დაკავებული თანამდებობების სიის მოწოდება ვთხოვე. ჯანგირაშვილი თავდაპირველად დამთანხმდა, მითუმეტეს მას ეს სია უკვე გამზადებული ჰქონდა, თუმცა ასლის გადასაღებად წასულმა „აღმოაჩინა“, რომ ამ სიის გადმოცემის უფლება არ ჰქონდა. რატომ არ მომაწოდა სია ირმა ჯანგირაშვილმა, ამაზე ოტიაშვილმა მიპასუხა: „დუშეთის მუნიციპალიტეტში ისეთი ხალხი მუშაობს, რომელთაც ლაპარაკი არ შეუძლიათ. ორ სიტყვას ვერ გეტყვიან, ვერ ილაპარაკებენ. ეს ხალხი თავის საქმეს აკეთებს. ლაპარაკით რამდენიმე ადამიანი ილაპარაკებს“. ოტიაშვილმა ისიც მითხრა, რომ ჩვენ მისთვის არც ფოტოს გადაღების უფლება გვაქვს. „მე მირჩევნია, საქმე ჩუმად ვაკეთო და ჩრდილში დავრჩე, “ – ასეთი „არგუმენტით’’ გაამართლა  მისი პოზიცია. მე მას შევახსენე, რომ ის საჯარო პირი იყო და არა მეცენატი, და რომ ის ე.წ. საქმეს ხალხის ფულით აკეთებდა (თუ მართლა რამეს აკეთებს!) და არა – საკუთარი ჯიბის ფულით.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, მიმეღო კონკრეტული პასუხები კონკრეტულ კითხვებზე, საკრებულოს დეპუტატი ზურაბ ოტიაშვილი გამუდმებით ცდილობდა საუბრის სხვა თემაზე გადატანას. მე დემონსტრაციულად ავდექი და ვუთხარი, რომ მასთან ინტერვიუ დამთავრებული იყო. მთელი ინტერვიუს მანძილზე მქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ოტიაშვილი ჩვენს საუბარს ტელეფონით იწერდა. ამიტომ დამშვიდობებისას ვუთხარი: „ვიცი, რომ ამ საუბარს იწერდით, ამიტომ  ჩვენი საუბრის ჩანაწერს თუ დამიბლუთუზებთ, კარგი იქნება- მეთქი“. ამის თქმაზე ოტიაშვილი გაბრაზდა: „თქვენ მე ვინ გგონივართ, 15 წელი უშიშროებაში ვიმუშავე და მაგას ვიკადრებო?“.
უკვე კარისკენ მიმავალმა ვუპასუხე: „სწორედ იმიტომ, რომ უშიშროებაში მუშაობდით, ლოგიკური იყო, ჩანაწერი გაგეკეთებინათ–მეთქი’’. „არ გჯერათ, მაგრამ არ ვიწერდი არაფერს. ან რაში უნდა გამოვიყენო ჩვენი საუბარი, განა რაზე ვისაუბრეთ ისეთზე?! აი, ნახეთ, ეს ჩანაწერი არსად არ დაგხვდებათო,“ – ოტიაშვილმა ამ სიტყვებით მისდაუნებურად დაადასტურა ჩემი ეჭვი და ცდილობდა მისი უაზრო საუბარი გაეგრძელებინა.
ზურაბ ოტიაშვილი: რატომ მიდიხართ, გგონიათ, დაგიჭერთ?
მანანა ქველიაშვილი: როგორ დამიჭერთ?
ზურაბ ოტიაშვილი: რატომ? ვერ მოგერევით?
მანანა ქველიაშვილი: თქვენ არ ხართ უფლებამოსილი პირი, ვისაც ადამიანის დაჭერის უფლება აქვს. საკრებულოს რიგითი დეპუტატი ხართ!
ზურაბ ოტიაშვილი: უშიშროებაში 15 წელი ვმუშაობდი. იმნაირები დამიჭერია…
რედაქციისაგან: მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი მომხდართან დაკავშირებით დღეს სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს და რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს მიმართავს. ამასთან, მზადდება მასალა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის დახურვის მიზნით, როდის, სად, ვისზე და რა ზეწოლა განახორციელეს ზურაბ ოტიაშვილმა და დუშეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. სტატიაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის, კერძოდ, მუქარის, იძულების, თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და სიტყვის თავისუფლების ხელყოფის ნიშნები, რის გამოც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართავს.
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here