GEWORLD.NET
ყველაზე პოპულარული, ყველაზე მდიდარი, ყველაზე შეურიგებელი, ყველაზე გავლენიანი, ყველაზე მაგარი – ასე ამბობენ ხოლმე სააკაშვილზე, მაგრამ მსოფლიო რეიტინგებში მის გვარს ვერც ერთ ამ ნომინაციაში ვერ შეხვდებით. ერთადერთი შემთხვევა, როცა მას ამ სიტყვით – «ყველაზე» ოფიციალურ დონეზე მოიხსენიებენ, ევროპის მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს მეთაურია. ეს მართლაც ასე იყო – სააკაშვილი პრეზიდენტი 36 წლის ასაკში გახდა.
2003 წლის გაზაფხულზე ინგა გრიგოლიამ «მზის» ეთერში პოლიტიკოსთა დედების თოქ-შოუ მოაწყო. სტუდიაში მიხეილ სააკაშვილის, ლევან მამალაძის, გიორგი ისაკაძისა და ამ სტატიის ავტორის დედები მიიწვია. მრავალმხრივ საინტერესო ამ ეთერიდან მაყურებელი ბევრ რამეს შეიტყობდა იმ პოლიტიკოსთა შესახებ, რომელთა დედებიც გრიგოლიამ ერთმანეთს შეაჯიბრა. შეკითხვაზე, აპირებს თუ არა თქვენი შვილი პრეზიდენტობას, ერთადერთი, ვინც მცირედი პაუზის გარეშე დადებითი პასუხი გასცა, გამოიცნობდით, სააკაშვილის დედა იყო: «რატომაც არა?! რა არის იმაში უცნაური, რომ პრეზიდენტობა უნდოდეს?»
დედაჩემმა გაოცება ვერ დამალა: «როგორ, ასეთი იოლია პრეზიდენტობა, რომ ყველას უნდოდეს?!»
მიმდინარე წლის 1-30 ივნისს საინფორმაციო სააგენტო «რეგნუმმა» კომპანია «მედიალოგიასთან» ერთად რუსულ საინფორმაციო საშუალებებში პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მეთაურთა ხსენების სიხშირის კვლევა ჩაატარა. პირველ სამეულში ვიქტორ იანუკოვიჩი, ნურსულთან ნაზარბაევი და ალექსანდრე ლუკაშენკო არიან. ამასთან, ნაზარბაევი ერთბაშად ექვსი პუნქტით დაწინაურდა. ყირგიზეთის პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ დიდი ნახტომი გააკეთა – მან მთელი ხუთი პუნქტით აინაცვლა წინა თვეებთან შედარებით და მერვე ადგილზე აღმოჩნდა. მეოთხე ადგილზე სერჟ სარქსიანი გავიდა, მეხუთეზე კი – ილხამ ალიევი, მეთორმეტე ადგილზე – ალექსანდრე ანქვაბია, რომელიც პირველად აღმოჩნდა ამ სიაში და ისიც – ბაგაფშის გარდაცვალების «წყალობით». ედუარდ კოკოითი მეცხრე ადგილიდან მეთერთმეტეზე ჩამოქვეითდა. რაც შეეხება სააკაშვილს, მანაც სამი პუნქტით დაიწია და მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა. გაცილებით უარესი მდგომარეობა აქვს მას, ინფორმაციული კეთილგანწყობის თვალსაზრისით, – იგი უკანასკნელ ადგილზეა, მაინც რატომ?
მკვლევარების დასკვნით, სააკაშვილის მიმართ რუსული მედიის არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება იმით აიხსნება, რომ საქართველოს პარლამენტმა «თავისუფლების ქარტია» მიიღო, რითაც სსრკ სპეცსამსახურებისა და პარტიულ-კომკავშირული ელიტის წევრებს თანამდებობრივი შეზღუდვები დაუწესა. რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერის, ალექსანდრე ტორშინის განცხადებით, ამ ქარტიამ, ფაქტობრივად, ამოშალა საქართველო იმ ქვეყნების სიიდან, რომელთაც ფაშიზმი დაამარცხეს. მისი აზრით, ეს კურსი შემთხვევითი არ არის – იგი მოსახლეობის ყურადღების გადატანას ემსახურება იმ სასიცოცხლო საკითხებიდან, რომელთა მოგვარება სააკაშვილს არ შეუძლია.
ამ კვლევასაც გადააქვს ყურადღება – 26 მაისის დარბევიდან, მართლმადიდებელი ეკლესიის იგნორირებიდან, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული «უხამსი წინადადებიდან» და სხვ. მაგრამ რაში დასჭირდა ეს «რეგნუმს»? კეთილი, ვთქვათ, ფოტორეპორტიორების «ჯაშუშური სკანდალი» ივლისში მოხდა და ამ კვლევაზე ვერ აისახებოდა, მაგრამ «პადოშას» ქარტია, მიუხედავად მის გარშემო ატეხილი აყალ-მაყალისა, ისტორიას ვერ შეცვლის. ისტორია ის არის, რაც უკვე მოხდა და არა ის, რასაც «პადოშა» დაწერს. საქართველოს ამოშლა ფაშიზმის დამმარცხებელი ხალხების სიიდან არც ტორშინს შეუძლია და არც სააკაშვილს. თუ რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირები ისევე ლამობენ ისტორიის გადაწერას, როგორც ქართველი ლიბერტარიანელები, მით უარესი რუსეთისთვის!
ზოგადად, სხვადასხვა სახის კვლევები იმდენად ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს გვიჩვენებს, რომ მათ მიმართ ნდობა მხოლოდ დამკვეთებს თუ აქვთ შერჩენილი. სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევებით ბევრ საინტერესოს გაიგებ. მაგალითად, ერთ-ერთი შარშანდელი კვლევის მიხედვით, სააკაშვილი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ქართველად დასახელდა. მეორე ადგილზე პაატა ბურჭულაძეა, მესამეზე კი – ედუარდ შევარდნაძე. ყველაზე გავლენიან ქალებში პირველი ორი ადგილი სააკაშვილის ცოლმა და დედამ დაიკავეს. ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან მესამე ადგილი ჯერაც პარლამენტის ექსთავმჯდომარეს – ნინო ბურჯანაძეს უკავია.
გასაოცარი შედეგების ჩემპიონი მაინც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტია (IRI); 2010 წლის ოქტომბერში, ნაჩქარევად მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების კვალდაკვალ, IRI-ს კვლევით, საქართველოს მოსახლეობის 56% თანახმაა, 2013 წელს სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს! ამავე კვლევით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოსახლეობის 42% უჭერს მხარს, მთელ დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს კი – 22%. IRI-მ 26 მაისის დარბევის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ოპერატიულობა გამოიჩინა და სასწრაფოდ გამოაქვეყნა ახალი კვლევის შედეგები: თურმე სააკაშვილს მოსახლეობის 78% უჭერს მხარს (საყურადღებოა, რომ ნაცმოძრაობის მიერ შეკვეთილ და დაფინანსებულ კვლევაშიც კი გრინბერგის კომპანიამ 2010 წლის ოქტომბერში, ანუ დარბევამდე 7 თვით ადრე სააკაშვილს 67%-ზე მეტი ვერ გაუფორმა)! იქვე IRI-ს ექსპერტებმა შეფასებაც გააკეთეს, რომ ასეთი მხარდაჭერა სააკაშვილს არასოდეს ჰქონია. კი მაგრამ, ბატონებო, მან ხომ 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 94% მიიღო! თუმცა ეს რა გასაკვირია, როცა იმავე IRI-მ 2008 წლის ომის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან ომმა სააკაშვილის რეიტინგი გაზარდა და მას მოსახლეობის 46%-ის მხარდაჭერა აქვს! 2010 წლის ოქტომბერში IRI-მ კიდევ ერთი კვლევით გააოცა ომწაგებული საქართველო. მის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობას სჯერა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სწორედ სააკაშვილს შეუძლია.
კერძოდ, შეკითხვაზე, – ვინ უკეთ შეძლებს, მოაგვაროს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, – გამოკითხულთა 49%-მა სააკაშვილს დაადო ხელი. 5% იმედს გიორგი თარგამაძეზე ამყარებს, 3% – შალვა ნათელაშვილზე, ამდენივე – ირაკლი ოქრუაშვილზე, 2% კი – ირაკლი ალასანიაზე.
გრინბერგის კომპანიის ზემოთ ნახსენები კვლევის შედეგები (2010 წლის ოქტომბერი) სრული სახით ასე გამოიყურება: სააკაშვილსა და «ნაცმოძრაობას» 67% უჭერს მხარს, ოპოზიციური ლიდერებიდან გიორგი თარგამაძეს – 47%, ხოლო ირაკლი ალასანიას – 40% (ჯამში ამ მხარდაჭერის პროცენტი 154-ია, მაგრამ ამასაც არა უშავს – «ვარდების რევოლუციის» შემდგომ არჩევნებზე ზოგიერთი რეგიონი სტაბილურად აჭარბებს 100%-ს ხმების დაჯამებისას!). «ნაცმოძრაობის» წინააღმდეგი გამოკითხულთა 28% აღმოჩნდა. ამასთანავე, 83%-მა მიუთითა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ (ვითომ მანამდეც იქ არ იყო!) უმუშევრობასთან დაკავშირებული სიტუაცია გამოსწორდა. ამას არ ეთანხმება მხოლოდ 15%. გრინბერგის კომპანიის შედეგებს არანაირად არ ესადაგება IRI-ს 2009 წლის კვლევა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის მოსახლეობა ყველაზე დიდ გამოწვევად სწორედ უმუშევრობას (59%), ტერიტორიულ მთლიანობას (45%) და ეროვნულ უსაფრთხოებას ასახელებს (13%).
გრინბერგის მიერ გამოკითხულთა 58%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება და დადებითი ცვლილებების ტემპი უფრო ჩქარია, ვიდრე სააკაშვილამდე იყო. 26% ამ მოსაზრებას არ იზიარებს. იმავე გამოკითხვით ისიც გაირკვა, რომ საქართველოს (!) და თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა გიგი უგულავას უჭერს მხარს.
პოლიტიკოსები საკუთარ რეიტინგებს როგორმე შეაჯერებენ, მაგრამ, რაც შეეხება უმუშევრობასა და ცხოვრების დონეს, ორი წლის წინათ ესტონელმა და ქართველმა სოციოლოგებმა დამოუკიდებელი კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. გამოკითხულთა 37%-მა აღიარა, რომ შემოსავალი მხოლოდ კვებისთვისაც კი არ ჰყოფნის. 34% არ შიმშილობს, მაგრამ ტანსაცმელს ვერ ყიდულობს. 24%-ს კვება და ჩაცმა არ უჭირს. 4%-ს საშუალება აქვს, შეიძინოს ხანგრძლივი მოხმარების საგნები და მხოლოდ 1%-ს შეუძლია ბინის ან სხვა უძრავი ქონების შეძენა. ამასთანავე, რესპონდენტთა 75% 2009 წელს პერიოდულად ან საერთოდ არ მუშაობდა. სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას მაღალი შეფასება მისცა 7%-მა (1999 წელს ეს მაჩვენებელი 19% იყო), საშუალო – 32%-მა (1999 წ. – 44%), დაბალი – 51%-მა (1999 წ. – 27%). ერთი სიტყვით, 1999 წელთან შედარებით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება თვალსაჩინოა.
იმავე პერიოდში, ინტერნეტ-გამოკითხვის მიხედვით, რომელშიც 5974 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა (ცნობისთვის: IRI-ს გამოკითხვები მხოლოდ 1500 რესპონდენტში ტარდება), მათი 65%-ის ოჯახის წევრები საშოვარზე საზღვარგარეთ არიან წასული.
საბოლოოდ დაგაბნიე ამ ციფრებით, მკითხველო, ხომ? აი, სწორედ ეს არის «გამოყენებითი» სოციოლოგიის დანიშნულებაც. მთავარი ის კი არ არის, რომ შენ გშია და გწყურია, არამედ – ის, თუ რამდენი პროცენტი უჭერს მხარს სააკაშვილს და რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება! მთავარი არც ის არის, რომ სასწრაფო გადაუდებელი სოციოლოგიური დახმარების ბრიგადები მუდამ მზად არიან, სააკაშვილისთვის ხელსაყრელი შედეგები გამოაცხონ. არც ის, რომ რუსებმა ისიც აღარ იციან, რაზე უსაყვედურონ სააკაშვილს და მისი პოლიციური მიღწევებით მოდიან აღტაცებაში. მთავარი სულ სხვა რამ არის: არასოდეს უნდა დაუჯეროთ სხვის სიტყვებს, დაუჯერეთ საკუთარ თვალებს!
ნანა დევდარიანი
P.S. ინგა გრიგოლიას იმ გადაცემაში, რომელზეც სტატიის დასაწყისში მოგახსენეთ, წამყვანმა ასეთი შეკითხვაც დასვა: «როგორ შეაფასებთ თქვენი შვილების საქმიანობას»? სააკაშვილის დედამ საკუთარი შვილი ხუთიანზე შეაფასა. დედაჩემმა გაოცება ვერ დამალა: «კი მაგრამ, თუ ქვეყანა იქცევა, არაფერი კეთდება და ყველაფერი ძალიან ცუდად არის, საკუთარ შვილს ხუთიანს რაში უწერს? ძალიან მიყვარს ჩემი შვილი, ყველა ასაკში წარმატებული იყო, სკოლაც ოქროს მედალზე დაამთავრა, გაჭირვებული ადამიანების უფლებებს იცავს, მაგრამ დამაკმაყოფილებელზე მეტს არ დავუწერდიო». ვიდრე სოციოლოგიური კვლევები პედაგოგიურ ნიჭს მოკლებული დედის ინსტინქტით იქნება ნაკარნახევი, ჭეშმარიტ სურათს ვერ დავინახავთ. ამას ისევ ერთი კაცის სუბიექტური შეფასება სჯობს, რომლისთვისაც მიშა მართლაც მაგარია!