GEWORLD.NET:
სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს წერილით მიმართა, რათა მსჯავრდებულ ახმედ აბილოვის სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. აბილოვმა სახალხო დამცველს 28 ივლისს მიმართა. მისი განცხადებიდან ირკვევა, რომ აბილოვი ქუთაისის № 2 დაწესებულების კორპუსის მესამე სართულის სამორიგეოში გადაიყვანეს, სადაც დაწესებულების თანამშრომლებმა, ვინმე ანზორმა და ირაკლიმ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მიზეზი პატიმრის მიერ გასეირნების მოთხოვნა იყო, რაზეც მან უარი მიიღო და განაცხადა, რომ შიმშილობას დაიწყებდა.
აბილოვი აცხადებს, რომ დაწესებულების თანამშრომლები მის ეთნიკურ წარმომავლობასაც შეეხნენ. შემდეგ მსჯავრდებული საკნის ტიპის სათავსში გადაიყვანეს და ხელბორკილები დაადეს. რეჟიმის უფროსი გაგა ლიპარტელიანი და კიდევ ერთი, მისთვის უცნობი თანამშრომელი, აიძულებდნენ დაჩოქებას, რაზეც აბილოვმა უარი განაცხადა. ამის შემდეგ ის კვლავ ცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ გადაიყვანეს ე.წ. ბოქსში და იქ ორი საათის განმავლობაში გააჩერეს შიშველი და ბორკილდადებული.
საკანში დაბრუნების შემდეგ აბილოვს თავის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება დაეწყო. მან ექიმთან შეხვედრა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ვიზუალური დათვალიერებისას აბილოვის სხეულზე შემდეგი დაზიანებები აღმოაჩინეს: ზურგის არეში დაახლოებით 10–15 სანტიმეტრის ზომის სამი სისხლნაჟღენთი, გულ–მკერდის და კისრის მიდამოებში მრავლობითი სისხლნაჟღენთები, ექსკორიაციები, ორივე ფეხის მუხლზე ფუფხით დაფარული ნაჭდევები, ორივე ხელის მაჯაზე ჰიპერემია, ნაჭდევი და შეშუპება თავის არეში.
სახალხო დამცველმა ასევე მოითხოვა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯომარემ დაუყოვნებლივ გადაიყვანოს აბილოვი სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება, რადგან მსჯავრდებული თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველისადმი მისი მიმართვის გამო მას შეიძლება საფრთხე დაემუქროს დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან.
პატიმრებისადმი სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უკვე წესად იქცა. დეპარტამენტის თავმჯდომარე ხათუნა კალმახელიძე კი ვიდეოპაემნებით ამაყობს და ამტკიცებს, რომ ქართულ ციხეებში ცხოვრება საამურია. ამ ისტორიაში კიდევ ერთი გარემოება იქცევს ყურადღებას: ქუთაისის № 2 დაწესებულებაში აბუ–გრეიბის წამების მეთოდების დანერგვა მიმდინარეობს.