Home რუბრიკები საზოგადოება ხელისუფლების სახალხო დამცველი

ხელისუფლების სახალხო დამცველი

ფოტორეპორტიორების „ჯაშუშური“ სკანდალის კვალდაკვალ ლაშა ტუღუშმა, სანდრო ბარამიძემ და ვახტანგ ხმალაძემ საჯაროდ განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლის საქართველოს ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. კერძოდ, ეს მუხლი ასე გამოიყურება:
მუხლი 314. ჯაშუშობა
1. უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან მათი წარმომადგენლისთვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა, ანდა გამოძალვა, ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე, საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
2. ჯაშუშობა, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ან რამაც საქართველოს ინტერესისთვის მძიმე შედეგი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.
სარჩელის ავტორები მიუთითებდნენ, რომ ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებული დეფინიცია „სხვა ინფორმაცია“ მეტისმეტად ფართო და ბუნდოვანია. იგი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 24.4 და 42.5 მუხლებს. იურიდიული კაზუისტიკის გარეშეც კი სრულიად ცხადია, რომ „და სხვაში“ ყველაფერი შეიძლება იგულისხმო. ამ „და სხვას“ გამო დააპატიმრეს ფოტორეპორტიორები, თან საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაადეს, რათა „ეს სხვა“ რამ „სხვებს“ არ გაეგოთ.
საქართველოს სახალხო დამცველს უყურადღებოდ არ დარჩენია ამ „ლეგენდარული“ მუხლის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი. შეგახსენებთ, რომ ე.წ. გიორგაძის მომხრეები სწორედ ამ მუხლით გაასამართლეს და ბევრი მათგანი დღესაც სასჯელს იხდის. ამავე მუხლით ზის ციხეში ვახტანგ მაისაიაც, იგივე მუხლი ჰქონდა მიყენებული სიმონ კილაძეს. მაშინ 314–ე მუხლის ანტიკონსტიტუციურობა არც სახალხო დამცველს გახსენებია და არც ჟურნალისტებს. სამაგიეროდ, დღეს სახალხო დამცველმა „საკუთარი ინიციატივით“ შეისწავლა ამ მუხლის შესაბამისობა კონსტიტუციასთან და დაასკვნა, რომ მისი ფორმულირება არაკონსტიტუციურია. „სხვა ინფორმაცია იმდენად ფართო შინაარსის სიტყვათა შეთანხმებაა, რომ მასში, ფაქტობრივად, შეგვიძლია ვიგულისხმოთ ნებისმიერი ინფორმაცია ნებისმიერ თემაზე, თანაც, მათ შორის, არა მარტო ფაქტები, არამედ პირის აზრები და შეხედულებებიც,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ოფიციალურ საიტზე.
„სრულიად არამიზანშეწონილია დემოკრატიულ საზოგადოებაში პირის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯა ისეთი „სხვა ინფორმაციის“ მოპოვება–გავრცელებისთვის, რომელიც, საიდუმლო ინფორმაციისგან განსხვავებით, არ შეიცავს მონაცემებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობების, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს,“ – განმარტავს სახალხო დამცველი.
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ კანონის 21–ე მუხლის თანახმად, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა საქართველოს პარლამენტს, რათა მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლის იმგვარი ფორმულირება, რომ გამოირიცხოს ნორმის კონსტიტუციის საწინააღმდეგო განმარტების შესაძლებლობა.
თითქოს ყველაფერი რიგზეა – საზოგადოებამ პროტესტი გამოთქვა, სახალხო დამცველმა იგი ყურად იღო და პარლამენტსაც მიმართა, რათა კოდექსის შესაბამისი მუხლი გამოსწორდეს, მაგრამ ვინაიდან ჩვენი საზოგადოება ამგვარ „გულისხმიერებას“ ნაჩვევი არ არის, მისი დაჯერებაც უჭირს. საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში სახალხო დამცველი უფრო ხელისუფლებას გაუფრთხილდა, ვიდრე მოქალაქეებს. საკონსტიტუციო სასამართლომ ან თავი უნდა მოიჭრას, ან აღიაროს, რომ 314–ე მუხლი ანტიკონსტიტუციურია. ამიტომ სჯობს, პარლამენტმა თავად შეიტანოს შესწორება კოდექსში, ვიდრე საკონსტიტუციო სარჩელი წააგოს.
რაკი პარლამენტშიც ყველა ვერ ერკვევა იურიდიულ წვრილმანებში, სახალხო დამცველმა საკმაოდ გამჭვირვალედ მიანიშნა: „სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს სახალხო დამცველის მიერ გამოგზავნილ საკანონმდებლო წინადადებას. ეს თავიდან აგვაცილებს, ერთის მხრივ, უფლებადამრღვევი საკანონმდებლო ნორმების პრაქტიკაში გამოყენებას, რაც თავისთავად მკვეთრად გააუმჯობესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას; მეორეს მხრივ, დაზოგავს ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს, რაც გამოწვეული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში დავის წარმოებით“.
სახალხო დამცველის მიმართვაში პარლამენტის მიმართ არაფერია ნათქვამი ამ ანტიკონსტიტუციური მუხლით გასამართლებულ ადამიანებზე, რომლებიც სასჯელს იხდიან; არც იმაზეა ნათქვამი რამე, თუ ეს მუხლი შეიცვლება, შეამსუბუქებს თუ არა ეს პატიმრების მდგომარეობას. სამაგიეროდ, სტრიქონებს შორის იკითხება სურვილი, რომ ხელისუფლებამ არავითარ  შემთხვევაში არ წააგოს საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here