Home რუბრიკები საზოგადოება «რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?!» (ფს.2,1)

«რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?!» (ფს.2,1)

839

GEWORLD.NET:
ავადსახსენებელი კანონის მიღებისა და წმინდა სინოდის ცნობილი გადაწყვეტილების შემდეგ, ბევრს საუბრობენ მომხდარის მიზეზებსა და შესაძლო შედეგებზე. მოსაზრებები სხვადასხვაგვარია. მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, თუმცა ყველაზე ხშირად ასეთი არგუმენტი ისმის – უკანასკნელ წლებში ხალხის ეკლესიისკენ შემობრუნებამ, მართლმადიდებელი მრევლის მრავალრიცხოვნებამ და პრინციპულობამ გამოიწვია ის, რომ ხელისუფლების ნაწილმა ეკლესიაში ძლიერი კონკურენტი დაინახა და… ჩემთვის გაუგებარია, რატომ და როგორ შეიძლება ხელისუფლებამ დედაეკლესიაში მეტოქე დაინახოს, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ ხელისუფლების წარმომადგენელთა ძალიან დიდ ნაწილს ხშირად მოჰკრავთ თვალს ტაძრებში წირვა-ლოცვაზე, სადაც ისინი იქცევიან როგორც გულმხურვალე მორწმუნენი…

მაგრამ თუ სინანული, სიყვარული არ გვაქვს, რაღა ბედენაა წირვა-ლოცვაზე სიარული, მარხვა, ლოცვა? თუ ტაძრიდან გამოსულს ისევ შეგვიძლია უსიყვარულოდ, ბევრჯერ კი ცინიზმით, ჩავუაროთ მოწყალების მოლოდინში გამოწვდილ ხელს? რა აზრი აქვს ამბიონიდან სიყვარულის ქადაგებას, თუ თავად არ შეგვიძლია თუნდაც ყველაზე დაცემული მოყვასის სიყვარული? რა აზრი აქვს სამშობლოს სიყვარულზე «გულმხურვალე» საუბარს, თუ ამ სამშობლოს ნელ-ნელა დაკარგვას ვეგუებით? რა აზრი აქვს ქრისტეს სხეულის – ეკლესიის დასაცავად ხალხის მოწოდებას, თუკი თავად არ ვართ დარწმუნებული, რომ უფლის ამ მისტიური სხეულის დაცვას შევძლებთ? რა აზრის აქვს სიმართლისკენ მოწოდებას, თუკი ამ სიმართლის მთქმელს გავწირავთ, ტალახს ვესვრით, მიწასთან გავასწორებთ, მასხრად ავიგდებთ და შეურაცხადად ან უფრო მეტიც – ეკლესიის მტრად გამოვაცხადებთ? რა აზრი აქვს სიმართლის დამალვას მაშინ, როცა ისედაც დღესავით ნათელია ყველაფერი. რა აზრი აქვს «ჭირის მალვას», როცა იგი «ჭირი თავს ვერ მალავს»?
რა აზრი აქვს იმის მტკიცებას, რომ ყველაფერი კარგადაა, როცა ლამისაა საკუთარი სახლებიდან, საკუთარი მიწიდან გვერეკებიან? როცა მალე ჰაერსაც კი «მოზომილად» გვიწყალობებენ, ისიც მანამ, სანამ თვითონ დასჭირდებათ ჩვენი არსებობა… რა აზრი აქვს მეგობრობის მტკიცებას იმ ერთან, რომლის «გამორჩეული ნაწილი» საუკუნეების განმავლობაში თავისი საქციელით მხოლოდ იმას გვიმტკიცებს, რომ, თუკი რამ ამქვეყნად სანატრელი აქვს, ეს ქართველის განადგურება და მისი ღალატია? ან ვინ დაგვიჯერებს, რომ ერთიანნი ვართ, როცა სხვადასხვა მხარეს ვიყურებით, როცა გახლეჩილ-დანაწევრებულია ჩვენთვის ყველაზე სათაყვანებელი საუნჯე?
…»როცა რამ უბედურება გჭირს, დამნაშავე შენს თავში ეძებეო,» – ჩემთვის პატივსაცემმა სასულიერო პირმა მასწავლა. ჰოდა, უნდა ვაღიარო, რომ ყველა ეს უბედურება დავიმსახურეთ!
დავიმსახურეთ, რადგან დავდუმდით ან საკადრისად არ შემოვკარით მრისხანების ზარები, როცა ტაძრებს «ურალით» გვინგრევდნენ! როცა ამაღლება დღეს მშენებარე ტაძარს ანგრევდნენ და ამას «პატარა გაუგებრობას» უწოდებდნენ! როცა შენდობის დღეს ჯვარს იღებდნენ მის ნაცვლად შადრევნის ასაშენებლად!
როცა ჩვენი ქვეყანა მავანმა საკუთარ ავხორცობას ლამის გადააყოლა!
როცა დღისით თუ ღამით, ყველას დასანახად თუ ყველასგან მალულად, უმოწყალოდ გვიხოცავდნენ ბიჭებს! როცა სასამართლო დიდ «ამაოების ბაზრად» გადააქციეს!
როცა ამდენი წმინდა სისხლით მორწყულ მიწას ათასი ჯურის გადამთიელზე ყიდდნენ!
როცა დამშეულ ქვეყანაში «წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებზე» ხმამაღლა გაჰკიოდნენ! როცა საკუთარი სახლებიდან გამოდევნილ ლტოლვილებს ქუჩაში ძაღლებივით ერეკებოდნენ!
როცა «ერთმორწმუნის» თუ საერთოდ «ურწმუნოს» მიერ დახოცილი ჩვენი ჯარისკაცები საკადრისად ვერ მივაბარეთ იმ მიწას, რომლისთვისაც სიცოცხლე გაწირეს!
როცა ახალგაზრდობას «ბუჩქებისკენ» მოუწოდებდნენ! როცა ყველაფერი ეროვნული «მოძველებულ», «დრომოჭმულ» ღირებულებად შერაცხეს და სასაცილოდ აიგდეს!
როცა ყველას ერთად დამნაშავესაც და უდანაშაულოსაც «ჯაშუშის» იარლიყი მიაკერეს!
როცა ტელევიზიები სიცრუისა და სიყალბის ამბიონად გადააქციეს!
როცა ჰაგიოგრაფია და «ვეფხისტყაოსანი» მოზარდის ტვინისთვის ზედმეტად მიიჩნიეს!
როცა 7 ნოემბერი მოვითმინეთ!
როცა მარაზმად ქცეული «დემოკრატიული არჩევნების» მერე დამშეულ, მოტყუებულ ერს თვალში ნაცარი შეაყარეს! როცა იმ ვითომ პატრიოტ მამულიშვილებს დავუჯერეთ, ვინც ხალხი ყინვაში ნახირივით მორეკა და მერე გარეკა «ბრძნული გარიგების» სანაცვლოდ!
როცა ჩვენი ჯარისკაცები სადღაც, უცხო მიწაზე იღუპებიან რაღაც არარსებულის დასაცავად!
როცა 26 მაისს ხალხი უმოწყალოდ ჩახოცეს და ზოგიერთის გვამიც კი სანატრელი გაუხადეს ჭირისუფალს! როცა თუნდაც მდუმარე პროტესტი არ გამოვთქვით იქვე ახლოს, რუსთაველზე, სადაც ჯერ კიდევ წინა ღამეს დახოცილი ხალხის შეუმშრალი სისხლის გადასაფარად დაგებულ წითელ ხალიჩაზე ამაყად დააბიჯებდნენ «მსოფლიო კულტურის კორიფენი» და «ჩვენი დიაღ პატივსაცემი და პატივცემული ელიტა»!
როცა ენა წაგვართვეს და ერთხელაც არ დაგვაფიქრა იმან, რომ ამას ერის დაცემა უცილობლად მოჰყვებოდა! როდის წაგვართვესო, მკითხავენ და ვიცი, ისევ შემაჩვენებენ! როდის და როცა ყველასთვის სავალდებულოდ გახადეს ინგლისურის ცოდნა! როცა პირველ კლასელ ბავშვს, რომელმაც ქართულიც კი არ იცის რიგიანად, ინგლისური უნდა ასწავლონ და როცა ამაზე ერთმა დიდმა იერარქმა ხმა აიმაღლა, სასწრაფოდ «განათლების მტრად, ბნელად» მონათლეს!
დავდუმდით და ამ დუმილზე პასუხს ყოველდღე ცრემლითა და დამცირებით ვიმკით, როცა სინოდის სხდომას «უხილავად» ის ადამიანები ესწრებიან, ვინც, საეჭვოა, იქ ქრისტეს სიყვარულს მიეყვანა! როცა ჩვენი უპირველესი ტაძრის – სვეტიცხოვლის ეზოში მოციქულთა ხსენების დღეს «სალოცავად» ჩაყვანილი ხალხი ქრისტეს კი არა, «მიშას» ყვირის ხმის ჩახლეჩამდე! ღმერთო, შეგვინდე!!! ამის მერე ისიც აღარ გამიკვირდება, საკურთხევლიდან რომ გამოსძახოს მრევლს რომელიმე «პროგრესულად მოაზროვნე სასულიერო პირმა», დიდმა თუ პატარა იერარქმა – «დიდება მიშას – მეორე დავით აღმაშენებელს!». სასწრაფოდ მხოლოდ მიშას დავადანაშაულებთ ჩვენ, საბრალონი, ოღონდ ყველაფერს თავისი სახელი არ დავარქვათ და «ერთიანობა» არ დავარღვიოთ!
როგორ იდგამს ყოველდღე სიცრუე და ფარისევლობა გამარჯვების გვირგვინს და როგორ «მდუმარე მორჩილებით» ვიტანთ ამას! ბევრჯერ როგორ უშინაარსოდ ვამბობთ «უფალო შეგვიწყალენ». ღმერთო! უფალო ჩვენო იესო! და ამის მერე კიდევ გვიკვირს, რატომ დაგვამსგავსეს მასას! «დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!..»
ზარივით ჩამესმის დავით მეფსალმუნის სიტყვები – «წარსწყმიდნენ შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა» (ფს.5, 6). ჩამესმის და მეშინია, ამდენი სიცრუისა და ფარისევლობის და იმ სასჯელის, რასაც ვიმსახურებთ! შენ შეგვეწიე, უფალო, და მოწყალე თვალით გადმოგვხედე, ისევ მოსიყვარულე მამასავით და არა მრისხანე მსაჯულივით, რასაც უდავოდ ვიმსახურებთ! გაგვინათე შენკენ სავალი გზები!.. გვაშორე სიცრუე და ორპირობა, ფარისევლობა და მზაკვრობა… «კაცი მოსისხლე და მზაკვარი სძაგს უფალსა» (ფს.5, 7). ის ვინც შენთვის საძაგელია, მე როგორ შევიყვარო, უფალო?! ვერ შევიყვარებ! ტყუილსა და ფარისევლობას ისევ მირჩევნია, სიმართლე ვთქვა და შენი წყრომა არ დავიმსახურო!..
უფრო მეტ სასჯელსაც ვიმსახურებთ, რადგან ისინი, ვინც სიყვარულისკენ მოგვიწოდებენ, თავად მტრობენ ერთმანეთს, ვინც ხშირად გვახსენებს, რომ «ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად», აქაური სიკეთეების დათმენას გვიქადაგებს, თავად ემონება და ვერ დაუთმია მიწიერი სიამენი… სცენად გადაიქცა ის ადგილი, რომელიც ყველა მორწმუნისთვის წმიდაა…
ალბათ, ისევ დედა ღვთისა გვიფარავს, თორემ ამდენი სიყრუის, სიყალბისა და სიმუნჯის მერე როგორ ვარსებობთ?..
ახლა ამ ტკივილის, იმედგაცრუების დროს კიდევ ერთხელ გავიხსენებ ამონარიდს უწმინდესის ერთ-ერთი ძველი ეპისტოლედან: «ერს, ისევე, როგორც პიროვნებას, აქვს ღირსების გრძნობა… ჩვენ ეს გრძნობა განსაკუთრებით გამოკვეთილად გვქონდა და ამანაც გადაგვარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ბრძოლა წავაგეთ და მრავალი წელი დამპყრობელთა უღლის ქვეშ ვიყავით, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილს ღირსება არ დაუკარგავს, რაც თავისუფლებისათვის ჩვენს მუდმივ ბრძოლას ასაზრდოებდა… ერის ღირსებას და მის სიმტკიცეს ღირსეული ადამიანები განაპირობებენ… ბედნიერია ის ქვეყანა, სადაც ასეთი პიროვნებების სიმრავლეა. საქართველო არის ჩვენი გენი, ჩვენი ენა, ღვთისა და მოყვასისადმი გამოვლენილი ჩვენი სიყვარული, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი… ჩვენი მოგებული თუ წაგებული ბრძოლები, წინაპართა დადებითი და უარყოფითი თვისებები… საქართველო ურღვევია, როგორც კვართი უფლისა! თითოეული ჩვენგანი ატარებს მას. საქართველო მე ვარ. იგი ჩემშია და მე – მასში!»
ღმერთო, როგორ მინდა, მჯეროდეს, როგორ მინდა, დავინახო, რომ ღირსება ისევ შემოგვრჩა! რომ ყველაფერწართმეული, სულამოგლეჯილი და შეურაცხყოფილი ერი იმას მაინც დავიცავთ, რის გარეშეც აღვიგვებით პირისაგან მიწისა!..
P.S. ამასწინათ ერთ-ერთ სოციალურ ქსელზე ერთმა, მაშინ ჩემთვის უცნობმა, ქალბატონმა წერილი მომწერა, წერილი, რომელმაც შემძრა და რომელიც, ალბათ, მთელი ცხოვრება მემახსოვრება:
«2006 წლის ნოემბერი იდგა. მეცხრე თვეში ორსულად ვიყავი და გართულებების გამო ღუდუშაურის კლინიკაში ვმკურნალობდი. ჩემი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, რადგან უკვე საკმაოდ ასაკიანი პირველი, ნანატრი შვილის მოლოდინში ვიყავი, თუმცა ყველაზე მეტად იმას განვიცდიდი, რომ ტაძარში წირვა-ლოცვაზე წასვლა არ შემეძლო. მთელი ცხოვრება ღვთის მოშიშებაში გავატარე. შეშუპება, მაღალი წნევა, ცილები – ძალიან რთული მდგომარეობა მქონდა, მაგრამ ექიმების აკრძალვის მიუხედავად, მაინც წავედი ტაძარში.
სუნთქვა მიჭირდა, მაგრამ ზიარების მოლოდინი ძალას მაძლევდა. სული კბილით მეჭირა. როგორც იქნა, ნანატრი წამი დადგა და ბარძიმს მივუახლოვდი, შეშუპებისგან სახე დეფორმირებული მქონდა, პირი კი გავაღე, მაგრამ მღვდელი მიმეორებდა – უფრო დიდზე გააღე პირიო. არ ვიცი, რა შეუჩნდა, მაგრამ საშინლად გამლანძღა: «შე ეშმაკის მოციქულოო» და გამომაგდო.
ატირებული ვერ გამოვედი ტაძრიდან, იქვე კუთხეში მივიყუჟე და უფალს ვევედრებოდი, ძალა მოეცა, საავადმყოფომდე რომ მიმეღწია. მერე მღვდელმა ქადაგება დაიწყო და ხმამაღლა ამბობდა – ზოგჯერ ეშმაკი სხვადასხვა სახეს იღებს – ხან ქალისას, ხან კაცისას და, როცა ზიარებისას პირს არ აღებენ, ამით შეიძლება გამოიცნო, ტაძარში ვინ არის შემოსული, ეშმაკი თუ ანგელოზიო!.. ყველამ ჩემკენ მოიხედა, ვეღარ გავუძელი და გარეთ გამოვედი, ხესთან მივედი. ამის მერე აღარაფერი მახსოვს.
გონს რომ მოვედი, უკვე საავადმყოფოს საოპერაციოში ვიყავი. სიკვდილს ვებრძოდით მე და ჩემი ქალიშვილი. საკეისრო კვეთა გამიკეთეს. იმდენად მძიმედ ვიყავი, რომ ორმოცი დღე საავადმყოფოში ვიწექი. იმ დღის მერე არ ვზიარებულვარ. ვმარხულობ, ვლოცულობ, აღსარებასაც ვამბობ, ზეთისცხებაზეც დავდივარ, მაგრამ ვერ ვეზიარები – როცა ბარძიმს ვხედავ, ის ტკივილი მახსენებს თავს. ძალა მეცლება და უკან ვბრუნდები. ვიტანჯები იმ ტაძრის დანახვაზეც, რომლიდანაც იმ მღვდელმა «ეშმაკოს» ძახილით ორსული ქალი ფაქტობრივად გარეთ გამომაგდო…
მთელი ამ ხნის განმავლობაში უფალს მხოლოდ იმას ვევედრებოდი, იმ მღვდლის მიმართ სიძულვილი არ გამღვივებოდა… თუმცა დამრჩა ტკივილი, ენითგამოუთქმელი ტკივილი, რომელიც დღესაც გულს მიფლითავს, მაგრამ სიძულვილს ისევ ტკივილი მირჩევნია…»
ამის დაჯერება არ შემეძლო. უნდა ვაღიარო, რომ ბევრად უკეთ ვიგრძნობდი თავს, ამ ქალბატონს რომ ეცრუა. მაგრამ ვაი, რომ სიმართლეს ამბობდა!.. უცებ გამახსენდა გამოთქმა – ორსულს ძაღლსაც კი არ უქნევენ ხელსო. კიდევ უფრო მეტად შემძრა ამ ამბავმა – მღვდელმა, ღვთის მსახურმა ორსული ქალი ეშმაკად მონათლა და ტაძრიდან გააგდო… ადამიანის სულს სამუდამო დაღი დაასვა!.. მე არავისი დასჯა მაქვს გონებაში, არც სისასტიკის მომხრე ვარ, მაგრამ…
შორენა სიხარულიძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here