GEWORLD.NET:
იტყუება თუ არა ხელისუფლება, როდესაც რეგიონზე მზრუნველად და მოამაგედ მოაქვს თავი, რატომ არ უშვებენ მოსახლეობას ტყეში, რა ბიზნესთამაშებშია ჩართული ადგილობრივი ხელისუფლება. «საქართველო და მსოფლიოს» პოლიტიკური პარტია «თავისუფალი საქართველოს» კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გამგეობის წევრი გიორგი მოსიაშვილი ესაუბრება.
– თქვენ ცოტა ხნის წინათ განაცხადეთ, რომ კახეთის რეგიონში, მოსახლეობას ტყით სარგებლობის საშუალებას არ აძლევენ. თუ მიმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას და რა პასუხი მიიღეთ?
– მოსახლეობას ტყით სარგებლობა, უკვე ორი თვეა, საერთოდ აკრძალული აქვს, ხალხს შეშის გამოსატანადაც არ უშვებენ ტყეში. მოსახლეობა კანონის შესაბამისად ტყით სარგებლობაზე ნებართვის გაცემას მოითხოვს, მაგრამ ყველა მუნიციპალიტეტსა თუ სატყეო დაწესებულებაში გვეუბნებიან, რომ ტყის დაკეტვის დირექტივა მიიღეს. სატყეო სამსახურების თანამშრომლები პირად საუბარში აცხადებენ, რომ ეს ზეპირი მითითებაა და მათთვისაც გაუგებარია, თუ რატომ აკრძალა ტყით სარგებლობა ხელისუფლებამ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელსაც ამავე მიზეზით აეკრძალა მოსახლეობას შეშის გამოტანა ტყიდან, რის გამოც შეშის დეფიციტი შეიქმნა და საბოლოო ჯამში ფასების ზრდაც გამოიწვია, რაც ისევ ცალკეული «ნაციონალი ბიზნესმენების» ინტერესებში იყო. მაგალითად, თუ აკრძალვამდე 1 კუბმეტრი შეშა 35 ლარი ღირდა, შემდგომში მისი ფასი 60 ლარამდე გაიზარდა. გამოცხადდა ტენდერი, სადაც მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელმა აკაკი კუკუნაშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც გაჭირვებული მოსახლეობისთვის 1 კუბმეტრ შეშაზე ფასი 63 ლარამდე გაზარდა. რეალურად საქმე გვაქვს კონკრეტული ჩინოვნიკების კორუფციულ ინტერესებთან. ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ცდილობენ ამ დარგის მონოპოლიზებას.
– რა მოტივით არ უშვებენ მოსახლეობას ტყეში, იქნებ ხელისუფლება ტყეს გაჩეხვისგან იცავს?
– შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ხელისუფლება ტყის შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ტყე ისე იჩეხება, როგორც არასდროს. ვერ ნახავთ ვერც ერთ ქართულ კომპანიას, რომელიც გავლენას ახდენდეს ხეტყის გადამუშავებაზე, ამ დარგში მონოპოლია ჩინელებს აქვთ.
ჩინელებისთვის ფართოდ გაღებული ტყის კარი მოსახლეობისთვის ჩაკეტილია. მაგალითისთვის გეტყვით: შპს «სოფიო», რომელმაც თელავში ასზე მეტი ადამიანი დაასაქმა, დაკეტეს, მისი მფლობელი იგორ პაპუნაშვილი კი დაიჭირეს. დააპატიმრეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრები ბიზნესმენი ლუკა რამაზაშვილი, რომელმაც თავის საწარმოში, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი დიდი იყო, უამრავი ადამიანი დაასაქმა. მათ საწარმოებს დღეს უცხოელი ბიზნესმენები მართავენ, რომლებსაც ხეტყე პირველადი სახით, დაუმუშავებლად გააქვთ გასაყიდად, რაც თავისთავად ზღუდავს დასაქმებულთა რაოდენობას. ასეთი მაგალითები კახეთში მრავლადაა. არის შემთხვევები, როცა არ დააკავეს წარმოების ხელმძღვანელი, მაგრამ იმხელა ჯარიმა დააკისრეს, რომ ბიზნესის წარმოება, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. მაგალითად, ფირმა «ბერმუხას» მფლობელს ასი ათასობით ლარის ჯარიმა დააკისრეს, რის გამოც ის იძულებული გახდა, საქმიანობა შეეწყვიტა.
– კახეთის რეგიონში გაზიფიცირება უკვე განხორციელდა. რატომ ვერ ახერხებს მოსახლეობა ზამთარში ბუნებრივი აირით გათბობას და რატომ სჭირდება ხის მოჭრა?
– კახეთი სრულად არაა გაზიფიცირებული, ამასთან, გაზით გათბობა მოსახლეობას ძვირი უჯდება. მაგალითად, თელავის მუნიციპალიტეტში გაზი დედაქალაქთან შედარებით ძვირია და ერთ კუბმეტრზე მისი ღირებულება 53 თეთრს შეადგენს. ფასების ზრდის დინამიკა 2009 წლიდან დაიწყო, როცა კუბმეტრი გაზი 10,5 თეთრი ღირდა, იმავე წლის მაისში კი უკვე 25 თეთრი გახდა, ხოლო ივლისიდან 45 თეთრამდე გაიზარდა.
ამას გარდა, რისკის ზონის სოფლების რიცხვში შედის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები: პატარძეული და ნინოწმინდა. მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინათ იქ ამოიფრქვა ნავთობი, რის შედეგადაც, განსაკუთრებით სიმსივნური დაავადებების რაოდენობამ იმატა. მოსახლეობა კომპენსაციას ითხოვს, ამ დრომდე არავის მიუღია. მოსახლეობის მხრიდან გაზის ტარიფის შემცირების თხოვნასაც კომპანია «სოკარი» და მარეგულირებელი კომისია არაფრად აგდებენ.
– თქვენი რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები უხარისხოდ დაგებულ გზებზე საუბრობთ და აცხადებთ, რომ თელავის აბსოლუტურად ყველა გზას აქვს სერიოზული ხარვეზი. რამ გამოიწვია ასეთი სიტუაცია?
– თელავის აბსოლუტურად ყველა გზას აქვს სერიოზული ხარვეზი. ცენტრალური გამზირები დაზიანებულია, გზებზე მოძრაობა კი – გართულებული. აყრილია ასფალტის დიდი ნაწილი, რაც კიდევ მოითხოვს დამატებით ხარჯებს გზების შესაკეთებლად და ეს მაშინ, როდესაც აღნიშნული გზების დასაგებად გასულ წლებში მილიონობით ლარი გამოიყო.
«თავისუფალი საქართველოს» წარმომადგენლებმა ამ დარგის სპეციალისტებთან ერთად შევისწავლეთ გზის ხარისხი, ასფალტის სისქე და დაგების მეთოდი. აღმოჩნდა, რომ უმრავლეს შემთხვევაში გზა ისეა დაგებული, რომ წვიმის დროს წყალი პირდაპირ შუა გზაზე მიედინება და ავტომანქანების გადაადგილებასაც საფრთხეს უქმნის, თუმცა ხელისუფლება ამ ყველაფერზე დუმს, ვინაიდან უხარისხო გზის არსებობა ისევ და ისევ პოლიტიკასთან და არჩევნებთანაა დაკავშირებული. გზის საფარის დაგებაში მონაწილე კომპანიები «ნაციონალური მოძრაობის» ძირითადი დამფინანსებლები არიან, დაფინანსებულები კი თანხის სანაცვლოდ დუმილს ამჯობინებენ.
კომპანიების ჩამონათვალი დიდია, მოვიყვან რამდენიმე მაგალითს: საგარეჯოში მდებარე შპს «კავკასავტომაგისტრალმა» 2010 წლის 31 მაისს სახელისუფლო პარტიას 80 ათასი ლარი შესწირა. «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» საარჩევნო ფონდში არჩევნების მეორე დღეს, 31 მაისს, თანხა ჩარიცხეს: შპს «ლოჭინმა» – 80 ათასი ლარი, შპს «ავტობანმა» – 60 ათასი ლარი, სს «თბილისმა» – 60 ათასი ლარი, შპს «გაზმშენი-4»-მა – 70 ათასი ლარი, შპს «საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის სამსახურმა» – 50 ათასი ლარი.
შპს საგზაო სამშენებლო კომპანია «სერპანტინი» თელავშია რეგისტრირებული. ეს ის ძირითადი კომპანიაა, რომელიც კახეთში, და მათ შორის თელავში, გზებისა და ინფრასტრუქტურის სამუშაოებს აწარმოებს. ამ კომპანიამ შარშან, მაშინ, როდესაც თელავში გზების კაპიტალური თუ ორმოული შეკეთება აწარმოა, «ნაციონალურ მოძრაობას» არჩევნებში გამარჯვებისთვის 50 ათასი ლარი ჩაურიცხა. ერთი წლის შემდეგ კი საგზაო კომპანია «სერპანტინის» მიერ დაგებული გზების (სრულად თუ არა) უმეტესი ნაწილი უკვე მწყობრიდანაა გამოსული.
– თქვენი რაიონული ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადებით, დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლებს დაცლა ემუქრება. რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა მოსახლეობა?
– ჩვენი ორგანიზაციის დედოფლისწყაროს თავმჯდომარემ თამილა გურაშვილმა ამ საკითხზე საგანგაშო განცხადება გაავრცელა. აზერბაიჯანის მოსაზღვრე ქართული სოფლების – სამთაწყაროსა და ფიროსმანის მოსახლეობის 70% მიწის დამუშავებას ვერ ახერხებს, დამუშავებულ სავარგულებს კი ხშირ შემთხვევაში ადიდებული მდინარე ალაზანი ანადგურებს. ალაზნის ჯებირები გამაგრებას საჭიროებს, გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, თუ ნაპირსამაგრი სამუშაოები დროზე არ განხორციელდა, შესაძლოა მდინარის ადიდების შედეგად ქართული მიწები აზერბაიჯანს დარჩეს.
ხელისუფლება კი მხოლოდ საკუთარ პიარს ეწევა, რისი დასტურიცაა თუნდაც უკვე მრავალჯერ ნახსენები ტრაქტორების თემა. ეს ტრაქტორები უცხოელების დასანახად გამოსაჩენ ადგილებზე დააყენეს და ხალხი ვერ სარგებლობს. სოფლის მეურნეობის დარგში ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ იქამდე მიგვიყვანა, რომ თვითონ სოფლის მოსახლეობა ბოსტნეულს ბაზარში ყიდულობს და მიწები დაუმუშავებელი აქვს.
– სოფლის მეურნეობის მინისტრი და კახეთის გუბერნატორი აცხადებენ, რომ წელს კახეთში მარცვლეულის კულტურების უპრეცედენტო მოსავალი მოვიდა.
– გუბერნატორისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებები არის სიცრუე და მხოლოდ იაფფასიან პიარზეა გათვლილი. შეიძლება წელს ერთ ჰექტარზე მართლაც მოვიდა უხვი მოსავალი, მაგრამ მთლიანობაში, წინა წელთან შედარებით, ეს ცოტაა, რადგან მიწები ნაკლებადაა დამუშავებული და ის მხოლოდ 30-40%-ს თუ შეადგენს. შეღავათი ვერ იქნება და არ იქნება მხოლოდ რამდენიმე «ნაციონალი» დეპუტატის მიერ მოყვანილი და რამდენიმე ჰექტარზე მიღებული უხვი მოსავალი, რადგან მოსახლეობის უმრავლესობამ ვერ შეძლო მიწის დამუშავება.
შირაქის უხვმოსავლიანი მიწების დიდი ნაწილი წელს დაუმუშავებელი დარჩა. მიზეზი კვლავაც საწვავის სიძვირე, ტექნიკის არარსებობა და სხვა გარემოებები იყო. დედოფლისწყაროში მიწების სოლიდურ ნაწილს კვლავ რამდენიმე «ნაციონალი ფერმერი» ფლობს. სამი სოფლის მიწა მხოლოდ ერთმა ფერმერმა შეიძინა. ასევე შირაქის მიწების დიდ ნაწილს ებრალები და ინდოელები ფლობენ.
-კახეთში ყოველ წელს აქტუალურია პრობლემა ყურძნის მოსავალთან დაკავშირებით, რა ვითარებაა წელს?
– ჩვენდა სამწუხაროდ, კახეთში ნამდვილად იჩეხება ვაზი და ამას ხელს უწყობს ხელისუფლება. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გლეხს ერთი ჰექტარი ვენახის გაჩეხვაში 2000 ლარს უხდის და ეს ფაქტი ხელისუფლებამ, ვითომდა გლეხების დახმარების მიზნით, «შეფუთა» და განაცხადა, რომ გადაუხდის მათ ამორტიზებული ვენახისა და ყურძნის ისეთი იაფფასიანი ჯიშების გაჩეხვაში, როგორიცაა «ვაქირულა», «რქაწითელი», «მწვანე» და სხვ…
ასევე არ შემიძლია არ შევეხო მტკივნეულ თემას, როგორიცაა ქართული პროდუქტების, მათ შორის – ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება. მას შემდეგ, რაც ქართული ღვინო აღარ გადის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში, ყურძენი გაიაფდა, რაც არსებული ხელისუფლების არაგონივრული პოლიტიკის დამსახურებაა.
თუმცა მოსახლეობას მინდა ოპტიმისტური სიახლეც ვაუწყო. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ბატონი კახა კუკავა, ბოლო წლებია, ინტენსიურად მუშაობს რუსეთის ბაზრის დაბრუნებაზე, ის რამდენიმე კვირის წინ მოსკოვში შეხვდა რუსეთის მთავარ სანიტარს, გენადი ონიშჩენკოს და გადაწყდა, რომ რუსეთის მხარე მზადაა, არათუ მოლაპარაკება აწარმოოს ქართულ ღვინის კომპანიებთან, არამედ კონკრეტული ფირმების პროდუქციების დაბრუნების საკითხიც განიხილოს. ეს კი ქართული მეღვინეობა-მევენახეობის გადარჩენის ერთადერთი რესურსია.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი