Home რუბრიკები საზოგადოება ჩემი მეგობარი ჯამლეტი

ჩემი მეგობარი ჯამლეტი

1467

GEWORLD.NET:
როგორც ჩვენი თაობის ყველა კაცის, არც ჯამლეტ ხუხაშვილის ცხოვრება ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. დაძლია, გადალახა. დღეს და უკვე დიდი ხანია, იგი საქართველოს უპირველესი სპორტული კომენტატორია, აღიარებული და მიღებული. თავისით მიაღწია ყველაფერს, მაგრამ:

– ყველაზე უფრო როდის გაგიჭირდა, ბატონო ჯამლეტ, და ვინ ამოგიდგა მაშინ მხარში?
– ალბათ, 1986 წელს, როცა ჩემი ძმა, ჩემი კერპი და სათაყვანებელი ადამიანი – ირაკლი ხუხაშვილი გარდაიცვალა. ყველაფერი, რაც კი მაქვს დადებითი, ყველაფერი, რაც კარგი შემიქმნია, მისი წყალობითაა. გამორჩეული პიროვნება იყო ყოველმხრივ – ქალაქში, რესპუბლიკაში. მას ეკუთვნოდა სიტყვები: «საქართველოში მე ყველგან ებრაელი ვარ. ერთი ნაბიჯითაც თუ გავცდები საქართველოს, ყველგან ქართველი ვარ».
ხანდაზმული ადამიანის სიბრძნე ჰქონდა, არადა, სულ 46 წლის იყო.
ეს დიდი ტკივილი და განსაცდელი გადამატანინა ჩემმა უახლოესმა უფროსმა მეგობარმა და კოლეგამ, ჩემი, როგორც სპორტული კომენტატორის პროფესიონალად ჩამომყალიბებელმა, საოცარმა პიროვნებამ კოტე მახარაძემ და მისმა ოჯახმა, ქალბატონმა სოფიკო ჭიაურელმა, – უწინარეს ყოვლისა.
და, რა თქმა უნდა, – ქართულ-ებრაულმა ძმობამ და მეგობრობამ, რომელიც, როგორც მეცნიერები ამბობენ, 26 საუკუნის უშორესიდან მოგვდევს და გვასულდგმულებს.
– რახან კოტე მახარაძე ახსენე, მასწავლებელი და მეგობარი შენი, მივყვეთ ამ ხაზს… კოტემდე მისასვლელი რა გზა გაიარე?
– კოტემდე ჩემი, დამწყები მოყვარულის დონეზე ჩაწერილი რეპორტაჟებით მივედი… 18 წლის ვიყავი, როცა კომენტატორობის სურვილი გამიჩნდა და მოვსინჯე კიდეც ჩემი შესაძლებლობა ამ ჩანაწერებით. სპორტის რამდენიმე სახეობაში უკვე ვიყავი პირველთანრიგოსანი, ზოგან – სპორტის ოსტატის კანდიდატი. სპორტული ჟინი მქონდა თავიდანვე, მიდრეკილება და მონაცემები… მოკლედ, ენერგიას ყველაფერში ვხარჯავდი. 60-იანი წლების დასაწყისში მივედი ამ ჩანაწერებით კოტე მახარაძესთან და დახმარება ვთხოვე. კოტე ადამიანების მხარდაჭერისა და დახმარების იშვიათი უნარით დაჯილდოებული პიროვნება გახლდათ.
– ლეგიონი იყო მათი რიცხვი.
– სწორედ ასე იყო. მეც მხარში ამომიდგა და იმ დღიდან ჩემი მასწავლებელი და გზის გამკვალავი გახდა. კოტე მახარაძის ხელდასმული გავხდი.
– და დაიწყე რადიოკომენტატორობა?
– რადიოში ვაკეთებდი სპორტულ რეპორტაჟებს, საქართველოს რადიოს პირველ არხზე, სადაც სპორტულ განყოფილებას თამილა კახიძე ხელმძღვანელობდა. უნდა გავიხსენო რადიოს უკანასკნელ ცნობათა მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი, სიმპათიური და სასწაულად თბილი ადამიანი ნიკოლოზ აბზიანიძე. მან დამიშვა რადიორეპორტაჟების ჩასაწერად, რომელთაც ისმენდნენ გივი ძნელაძე, შოთა ქარუხნიშვილი, თემო ნაცვლიშვილი და სხვები. ისინი ჩემი, არა მარტო როგორც დამწყები ჟურნალისტის, მხარდამჭერები, არამედ როგორც სპორტსმენის გულშემატკივრებიც იყვნენ – ვიყავი ხელბურთში სტუდენტთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, თავისუფალ ჭიდაობაში ქალაქის ჩემპიონი, დავდიოდი მაგიდის ჩოგბურთზე, ფეხბურთელთა ქალაქის ნაკრების შემადგენლობაში ვთამაშობდი და ა.შ.
მათთან და, რა თქმა უნდა, კოტე მახარაძესთან ურთიერთობით ვსწავლობდი კომენტატორობას. დაბოლოს დამიშვეს პირდაპირ ეთერში…
– და გახდი, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ყალბი თავმდაბლობის გარეშე, ეროსი მანჯგალაძისა და კოტე მახარაძის შემდგომ, საქართველოში ნომერ პირველი რადიო და ტელეკომენტატორი…
– მე მთლად ასე არ ვფიქრობ, მაგრამ გმადლობთ დიდად… ჩვენს დროს კომენტატორი ეთერში ადვილად ვერ გავიდოდა. დიდი გზა იყო გასავლელი.
– მაგრამ საჭირო გზა.
– რა თქმა უნდა. ახლა მრავალი რადიოა და ტელევიზია, რომლებიც ისე მოკლე პერიოდში, მალ-მალე აღმოცენდა, რომ მათ მფლობელებს დრო არ ჰქონდათ, საუკეთესოთა შორის საუკეთესოების შესარჩევად. არადა, ეთერი ხომ უნდა შეევსოთ, კომენტატორი ხომ სჭირდებოდათ? იძულებულნი იყვნენ, კომენტატორობის მსურველები პირდაპირ ეთერში გამოეცადათ და უკეთესის არყოლის პირობებში შეენარჩუნებიათ, ვინც კი მათთან აღმოჩნდა.
ჩვენ ორი წელიწადი დაგვჭირდა სპორტის სახეობათა შესასწავლად, ქართული მეტყველების დასახვეწად, ეთერში სწრაფი აზროვნების უნარის გამოსამუშავებლად. გვასწავლიდნენ, გვამეცადინებდნენ.
დღეს ნიჭიერი კომენტატორი ბევრია. როცა ვუსმენ, ზოგი რამ შეიძლება ჩვენი თაობის კომენტატორების შესაშურიც იყოს. გავა დრო და გამოცდილება ბევრ რამეს შემატებს.
– ვიყოთ ამის იმედად. თუმცა ისიც არის, რომ საეთერო ამბიცია თუ შეგეყარა, ძნელად დასაძლევი იქნება!
– მძიმე ავადმყოფობაა… მაგრამ დავუბრუნდეთ ისტორიას. ჩემს შემდეგ მოვიდნენ ნუგზარ ჯუღელი, თემურ ჯაფარიძე, ტატო ლასხიშვილი, პავლე პატარქალიშვილი… თენგიზ ნათაძეც იყო პირველთა შორის, მაგრამ კომენტატორობისთვის თავი არ მოუკლავს.
– დათო სოკოლოვთან ერთად უპირველეს მამაკაც დიქტორად დარჩა საქტელერადიოს ისტორიაში. მანამდე კი ეთერში დავით ძიგუა მეფობდა…
– ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემი ახალგაზრდა კოლეგები, ერთი საათიც თუ დარჩებათ თავისუფალი, ამ დროს თავიანთი პროფესიონალიზმის ამაღლებას მოახმარენ.
– დიპლომატიური პასუხია.
– კოტე მახარაძემ მასწავლა – კოლეგებზე მხოლოდ კარგი ილაპარაკეო.
– კარგი რჩევა მოუცია.
– კოტეს შეეძლო ყოფილიყო პირველი ყველაფერში, რასაც ხელს მოჰკიდებდა.
– ამიტომაც ხომ არ დაარქვი საქართველოში პირველ სპორტულ რადიოს «ჯაკო» – ჯამლეტი და კოტე?
– კოტეს ოცნება იყო, საქართველოში გვქონოდა სპორტული რადიო და ტელევიზია. სპორტული ტელეარხი ახლახან გაიხსნა საქართველოში და მადლობა ამ საქმისთვის თავის დამდგმელ პიროვნებებს.
კოტემ 40 წლის წინათ გამანდო თავისი ოცნება. 40 წლის შემდეგ ფრთები შევასხი ამ იდეას. როგორც მარწმუნებენ, «ჯაკო» ერთადერთი სპორტული რადიოა ევროპაში. 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს და მხოლოდ სპორტზე საუბრობს.
– ვუსმენ თქვენს რადიოს და ვრწმუნდები, რომ ჟურნალისტებიც და პროდიუსერებიც კარგად შეგირჩევიათ. გაგიჭირდათ?
– მართლაც განსაკუთრებით რთულია კადრების შერჩევა. კოტე მახარაძის რადიოში შესაბამისი დონის კომენტატორი, მიმომხილველი, წამყვანი უნდა მოვიდეს. არასწორი ქართულით მეტყველება ჩვენთან ორმაგი სირცხვილია. ბევრნი მოვიდნენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტების კურსდამთავრებულები. უმეტესობამ ვერ გაუძლო, ზოგი – დარჩა. მათგან ზოგიერთი სხვადასხვა არხებზე დამკვიდრდა. მიხარია, რომ «ჯაკოს» გამოზრდილები არიან.
დღეს ჩვენთან მართლაც კარგი წამყვანები მუშაობენ ნინო გურულის თამადობით, რომელიც გრიშა ჩიგოგიძის «პიონერფილმის» აღზრდილია.
– ჩვენი გავროშასი?
– დიახ, და დიდი მადლობა მას ამისთვის. გრიშამ ბევრი კარგი ახალგაზრდა გამოგვიზარდა. მისი ნამოწაფარნი «ჯაკოში» აგრძელებენ ჟურნალისტურ მოღვაწეობას და ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა.
– ბატონი კოტე, როგორც ვიცი, ამაყობდა თავისი მოწაფითა და აღზრდილით ჯამლეტ ხუხაშვილით. შენ ვის დაასახელებ «შენს ჯამლეტ ხუხაშვილად»?
– ნინოს, რა თქმა უნდა, გურულს, რომელსაც ჯამლეტს ეძახიან. ათვისების საოცარი ნიჭი და უნარი აქვს. უკვე მიჰყავს რეპორტაჟები კალათბურთის, ჭიდაობის შეხვედრების. ნიჭიერი გოგონაა.
ადრინდელი პერიოდიდან დავასახელებ ტატო ლასხიშვილს, რომელიც თვალსაჩინო ტელეკომენტატორი დადგა, ამჟამად ცნობილი ჟურნალისტია, გაზეთ «სვობოდნაია გრუზიას» რედაქტორობს; პავლე პატარქალიშვილს, ერთად ვმეცადინეობდით და რაღაც რჩევებს ვაძლევდი ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე.
დღესაც არ მეზარება ახალგაზრდებთან მუშაობა. თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ კოლეგებს მაინცდამაინც არ სიამოვნებთ შენიშვნები.
– ჯამლეტ ხუხაშვილს დღეს იცნობენ არა მხოლოდ როგორც სპორტულ კომენტატორსა და «ჯაკოს» ხელმძღვანელს, არამედ როგორც კალათბურთელების მწვრთნელს.
– ეს არის ჩემი მეორე ცხოვრება, რომელსაც, უკვე 40 წელია, არ ვღალატობ. დავამთავრე მწვრთნელთა აკადემიები უკრაინაში, სანკტ-პეტერბურგში, «დინამოში» მწვრთნელად ვიმუშავე. სიგიჟემდე შევიყვარე ეს პროფესია.
მეამაყება, რომ NBA-ს პირველი ქართველი კალათბურთელი ვლადიმერ სტეფანია მე ჩავაბი სპორტის ამ შესანიშნავ სახეობაში. მე და გივი ბიჭიაშვილმა მივაკითხეთ მას სახლში და თითქმის ძალით წამოვიყვანეთ. ჩემს გუნდში ვარჯიშობდა, შემდეგ გადავეცით ლევან ინწკირველს, ბოლოს ჭაბუკთა ნაკრებში დაგვიბრუნდა.
ისე მოხდა, რომ ჩემთან აღმოჩნდა სულ ახალგაზრდა შერმადინი თავის ძმასთან ერთად. სამი წელიწად-ნახევარი ვარჯიშობდა სპორტის სასახლის იმ პატარა დარბაზში, სადაც დაოსტატდნენ «დინამოს» ძველი თაობის კალათბურთელები. შერმადინის სპორტული გზა ასე წარიმართა: ნატახტარი, თბილისი და ევროლიგის ჩემპიონობა «პანათინაიკოსის» შემადგენლობაში, საბერძნეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი, შემდეგ სლოვენიის თასის მფლობელობაც მიუმატა ამ ყველაფერს.
შემდეგ ბედის კიდევ ერთი გაღიმება: გორის რაიონის სოფელ ზერტიდან მომიყვანეს ხუთი ძმა რევაზაშვილი. ეს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი თითქმის სრულად ჩამოვიყვანეთ თბილისში. სპორტის სასახლესთან ვუქირავეთ ბინა, მათი შენახვა ჩვენმა სკოლამ საკუთარ თავზე აიღო.
ხუთივე ბიჭი უნიჭიერესია. მედიკოსებმა გვითხრეს, რომ მათი საშუალო სიმაღლე 210 სანტიმეტრზე ნაკლები არ იქნება. წარმოიდგინეთ, ხუთი ძმა, რომელიც ერთ გუნდში ითამაშებს.
ეს ნამდვილი აღმოჩენაა, გინესის რეკორდების წიგნში შესატანი ფაქტია.
– ჩვენი კალათბურთელების ბოლოდროინდელ წარმატებებს რით ახსნით?
– მე და ბესიკ ლიპარტელიანს, რომელიც დღეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, ხოლო 1994 წელს, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველად შედგა (ბესიკი სათავეში ჩაუდგა ამ გუნდს, მე ვიყავი გუნდის უფროსი, მეორე მწვრთნელი – ნოდარ ქორქია) და ჩვენთან ერთად ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, ხელმძღვანელობას სჯეროდა, რომ ნაკრები წარმატებას მიაღწევდა და ყველაფერს ვაკეთებდით საამისოდ.
ორჯერ ზედიზედ გავედით ევროპის ნახევარფინალში. სამწუხაროდ, შემდეგ წლებში ეს ბარიერი ვეღარ დავძლიეთ.
ახლა, სავსებით ლოგიკურად, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ვასპარეზობთ და გვყავს ისეთი გუნდი, რომლის იმედად შეგვიძლია ვიყოთ. მჯერა, რომ ლიტვაში აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას.
– მაშ, დაველოდით 31 აგვისტოს, პირველ მატჩს ბელგიის ნაკრებთან და თქვენს რეპორტაჟებს კლაიპეტადან.
– სიამოვნებით წარვუძღვები ამ რეპორტაჟებს პირველი არხის პროგრამით. იღბლიან კომენტატორს მეძახიან და მჯერა, რომ არც ამჯერად მიღალატებს ფორტუნა.
– გუნდი, რომელსაც წვრთნი, და თელავივის «მაკაბი» ერთმანეთს რომ შეხვდეს, ვის უქომაგებ?
– 16 აგვისტოს გაიმართება ისრაელისა და საქართველოს ნაკრები გუნდების შეხვედრა. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი რჩება ჯამლეტ ხუხაშვილი და ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოს მთელი ებრაელობა. მაგრამ ისრაელის ნაკრებს ყველანი ვუქომაგებთ, როცა იგი რომელიმე სხვა ქვეყნის გუნდს შეხვდება. რეფერენდუმი არ ჩამიტარებია, მაგრამ ვამბობ, რომ ასეა. ჩვენ არასდროს ვივიწყებთ, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც არასდროს არ შეუვიწროებიათ ებრაელები. შემთხვევით პროვოკაციებზე ლაპარაკი არ ღირს, ვისგანაც გინდა მოდიოდეს ისინი.
თემურ უგულავას და მის გუნდს, სპორტის სასახლის ხელმძღვანელობას ვუხდი მადლობას. დღეს სპორტის სასახლეში რომ ფუნქციონირებს კალათბურთის სკოლა, სადაც სპორტის ამ სახეობას 200-მდე ბავშვი ეუფლება, მათი დამსახურებაა.
– ჯამლეტ ხუხაშვილის ხელმძღვანელობით.
– ჩემი და ჩემი კოლეგების, რომელთა შორის არ შეიძლება არ დავასახელო ნოდარ ქორქია, ალეკო ბერიაშვილი, მიხეილ ხუხაშვილი, თენგიზ ფიცხელაური, მედიკო სურგულაძე, ვაჟა მხეიძე, დათო რიზაშვილი, თამაზ ოქრუაშვილი, მიხეილ კობეშავიძე, აწ გარდაცვლილი ლევან ინწირკველი, ალექსანდრე კილაძე. ყველა მათგანი სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ჩვენი «მაკაბის» კლუბში.
– თქვენი ცხოვრების გზა, კაცობა, პროფესიონალიზმი მაფიქრებინებს, რომ ისეთივე ჯამლეტი დარჩები, როგორსაც იცნობდა და იცნობს ჩვენი სამშობლოს – საქართველოს საზოგადოებრიობა.
– აქ მოვიშველიებ დედაჩემის, რომელიც 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, ერთ ბრძნულ გამოთქმას: საქებარსა მაქებარი რომ არ ჰყავდეს, უქებარი დარჩებაო. ვაქოთ ყველა, ვინც საქებარია.
კიდევ ერთ ფრთიან ფრაზას იმეორებდა დედა: გაახილე კარგზე თვალი, ცუდზე – დახუჭეო.
– რას გულისხმობ?
– იმ სპეკულაციურ გამოხდომებს, რომლებითაც დღეს ცდილობენ, ბზარი შეიტანონ ქართულ-ებრაულ ურთიერთობებში.
– ამიტომაც იყო, რომ ჩვენს საუბარში დედის რჩევას მივყევით და მხოლოდ კარგზე გავახილეთ თვალი.
ესაუბრა არმაზ სანებლიძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here