Home რუბრიკები საზოგადოება ზვიად ქორიძე: როგორ შეიძლება ჯაშუშური ქსელი გახსნას ჯგუფმა, რომლის ჯაშუშობაც ვერ დამტკიცდა

ზვიად ქორიძე: როგორ შეიძლება ჯაშუშური ქსელი გახსნას ჯგუფმა, რომლის ჯაშუშობაც ვერ დამტკიცდა

562

GEWORLD.NET:
ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ფოტორეპორტიორები – გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები გათავისუფლებულები არიან, ბრალი აღიარებულია, შეთანხმება – მიღწეული, თუმცა საზოგადოებამ ჯაშუშობის დამადასტურებელი მტკიცებულებები დღემდე ვერ იხილა. ქვეყანაში კი, როგორც «ბოროტი ხმები» ამტკიცებენ, ჯაშუშური ისტერია კვლავ გაგრძელდება და, შესაბამისად, ჟურნალისტებს შორის ისევ აქტუალურია კითხვა: ვინ იქნება შემდეგი?.. ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, დაპატიმრებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერ აქციაში აქტიურად მონაწილეობდა. იგი ფიქრობს, რომ, ფოტორეპორტიორების გათავისუფლების მიუხედავად, მასმედიის წარმომადგენლებმა საქმე შუა გზაზე არ უნდა მიატოვონ და უნდა გამოიძიონ, რა მოხდა სინამდვილეში. რა საფრთხის წინაშე დგას ქართული მედია და როგორ უნდა გაგრძელდეს ჟურნალისტების ბრძოლა, ზვიად ქორიძე გვესაუბრება.

– მას შემდეგ, რაც დაპატიმრებულმა ფოტორეპორტიორებმა ბრალი აღიარეს და სამივე მათგანი პირობითი მსჯავრით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, საზოგადოებაში კამათი გრძელდება. შეიძლება თუ არა ეს ფაქტი ჟურნალისტების გამარჯვებად ჩაითვალოს?
– ქართველი ჟურნალისტების სოლიდარობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის წყალობით, შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა საზოგადოებამ ამ ეტაპისთვის მისაღები გამარჯვება მოიპოვა. თუმცა მიმაჩნია, რომ გამარჯვებაზე მეტად ყურადღება უნდა მივაქციოთ შექმნილ ვითარებას: მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ ჯაშუშობასთან დაკავშირებული ვერანაირი მასალა ვერ წარმოადგინა, დაკავებულმა  ფოტოგრაფებმა ბრალი აღიარეს, რასაც მათი გათავისუფლება მოჰყვა და, თუ ეს საქმე  გამოუძიებელი დარჩა, მიმაჩნია, რომ ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს სერიოზული საფრთხე დაემუქრება, ვინაიდან მსგავსი ფაქტები კიდევ განმეორდება…
– ფიქრობთ, რომ ჟურნალისტების ბრძოლა უნდა გაგრძელდეს?
– რა თქმა უნდა, ჟურნალისტების ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ეს საქმე შუა გზაზე არ უნდა მივატოვოთ. ქართულმა საზოგადოებამ სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მიიღოს, რა მოხდა სინამდვილეში. უნდა ჩატარდეს ჟურნალისტური გამოძიება.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებულმა ფოტორეპორტიორებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და მას «სხვა აგენტების» შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჟურნალისტების დაჭერების სერია დაიწყება?
– შეიძლება მარტო ჟურნალისტები კი არა, საზოგადოების უფრო ფართო სპექტრის წარმომადგენლებიც დაიჭირონ, მაგრამ, თუ ხელისუფლებას ვინმეს დაპატიმრების სურვილი ჰქონდა, ისედაც შეეძლო ამის გაკეთება, ამისთვის სამი ფოტორეპორტიორის დაკავება არ იყო საჭირო. ამიტომ ვფიქრობ, ხელისუფლება ამგვარი ხმების გავრცელებით საზოგადოებაში, უბრალოდ, შიშს ნერგავს. არ შეიძლება საზოგადოებაში 1937 წლის ქიმერა ისევ გავაღვიძოთ. მოარული ხმები, თითქოს დაპატიმრებულებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და ახლა ბევრს დაიჭერენ, მითი მგონია. როგორ შეიძლება ჯაშუშური ქსელი გახსნას ჯგუფმა, რომლის ჯაშუშობაც ვერ დამტკიცდა?
ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა საზოგადოებაში შიშის გაღვივება იყო, რადგან დაშინებული საზოგადოების მართვა ძალიან ადვილია. ხელისუფლებას სურს, ყველას გვეშინოდეს, რომ ჩვენი ნებისმიერი აქტიურობა შეიძლება ჯაშუშობად მოინათლოს. ეს შიში უნდა დავძლიოთ.
არის მეორე ფაქტორიც: მალე საარჩევნო სეზონი დაიწყება და ხელისუფლება ამკვიდრებს შიშს, ხალხმა ქუჩაში პროტესტის გამოსახატად გამოსვლა რომ ვერ გაბედოს.
– თუმცა ხელისუფლება დემოკრატიული პრინციპების ერთგულად აცხადებს თავს.
– როგორ შეიძლება ხელისუფლებას დემოკრატობაზე პრეტენზია ჰქონდეს, როდესაც პრეზიდენტი ვერ ეგუება ცალკეული ადამიანების მოსაზრებებს? მაგალითად, ბათუმში ან სიღნაღში მიმდინარე მშენებლობა ვისაც არ მოსწონს, ამის გამო შეიძლება ადამიანს რუსეთის მონა ეძახოს?! განსხვავებული აზრის მიუღებლობა პირდაპირ მეტყველებს, რომ მთავრობა არადემოკრატიული ცხოვრების წესს ნერგავს. ხელისუფლებას ძალაუფლების ლეგიტიმურად ფლობის რესურსი ამოეწურა და ამგვარ ქმედებებზე გადავიდა.
– თქვენ ერთ-ერთი იყავით, ვინც დაპატიმრებული ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა, თუმცა ამის გამო კოლეგების მძაფრი კრიტიკაც დაიმსახურეთ. ითქვა, რომ თქვენი მოტივი მხოლოდ გრანტების მოზიდვაა. რეალურად რა მიზანი გქონდათ, როდესაც ვანო მერაბიშვილთან შესახვედრად მიდიოდით, და თავად თუ ხართ შეხვედრის შედეგით კმაყოფილი?
– მე არ ვუყურებ ამ საკითხს ასე მარტივად – კმაყოფილი ვარ თუ უკმაყოფილო. მე მიმაჩნია, რომ შს მინისტრს უნდა შევხვედროდით. იქნებ ახსნან, ვინც გვაკრიტიკებს, რა შედეგს ელოდნენ, რომ შევიდოდით ვანო მერაბიშვილთან და იქიდან სამივე ფოტორეპორტიორს ხელჩაკიდებულს გამოვიყვანდით? ან ელოდებოდნენ, რომ მივიდოდით, «გადადექი-გადადექი» უნდა გვეყვირა? ალბათ, ასეთი ქმედება იქნებოდა ეფექტური, მაგრამ ეს იქნებოდა ტაკიმასხარაობა.
შეხვედრაზე მყოფი 7 ადამიანიდან არავის უთქვამს, რომ დიდი იმედებით ხვდებოდა მინისტრს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შს მინისტრთან ორი საკითხის წამოჭრა: პირველი – დაკავებულების თავდებით გათავისუფლება და მეორე – ამ საქმის საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართვა.
– უკმაყოფილება იმანაც გამოიწვია, რომ შს მინისტრთან შეხვედრაზე წასული ჟურნალისტები თავად შსს-მ შეარჩია, როგორ ფიქრობთ, რატომ და რა ნიშნით შეგარჩიეს?
– შეხვედრაზე მყოფი ადამიანებიდან შვიდივე წარმოადგენს სხვადასხვა ორგანიზაციას, რომლებიც მედიაადვოკატირების კოალიციის წევრები არიან. ჩვენ მოვითხოვეთ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა და შევხვდით კიდეც. თუ სხვებსაც სურთ და ძალიან გულდაწყვეტილები არიან, რომ შეხვედრაზე ვერ მოხვდნენ, მოითხოვონ და მათ პირველი მე დავუჭერ მხარს, მაგრამ ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი, ვინც მინისტრს შეხვდა, თურმე საზოგადოება არ იცნობს და საერთოდ არავინ იცის, არიან თუ არა ჟურნალისტები.
– ნაწყენი ხომ არ ხართ კოლეგებზე?
– მათ პერსონიფიცირებას არ მოვახდენ, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, ილანძღონ, მაგრამ საქმეზე მეტი დრო დახარჯონ. სამწუხაროდ, საქართველოში ნებისმიერი აქტიურობა ისჯება.
ეს ხომ არ იყო კულუარული შეხვედრა, ჩუმად სადღაც  სარდაფში არ შევხვედრივართ მინისტრს. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა შემდგარიყო, სანამ შევხვდებოდით, გადახედეთ ქართულ მედიას, რა იწერებოდა, როგორ გვაქილიკებდნენ, ამათ მერაბიშვილი არ შეხვდებაო, შეგვხვდა და ვიღაცამ ახლა შეიძლება თქვას, რომ მას გავურიგდით, მაგრამ რაზე გავურიგდით, დაასაბუთონ, სხვა რა მოტივი უნდა მქონოდა, რა, ვანო მერაბიშვილი მომცემდა გრანტს?
მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრამ, ისევე, როგორც სხვა აქტივობებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ ამ ეტაპზე ტაქტიკური წარმატება მოვიპოვეთ.
– ჩვენ შიშის დაძლევაზე ვისაუბრეთ. მოგეხსენებათ, ლიბერალიზმის საფუძველიც პიროვნული თავისუფლებაა, რომელიც ყოველგვარ ძალადობას გმობს, რასაც ვერ ვიტყვით ყველა ქართველ ლიბარალად ცნობილ ადამიანზე. ისინი არათუ აპროტესტებენ ძალადობას, ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას ამართლებენ. რამ განაპირობა საქართველოში ლიბერალიზმის არასწორი გაგების დამკვიდრება?
– «კოალიციას ევროპული საქართველოსთვის» პრინციპულად სურს, საქართველოში ანტიევროპული მოძრაობა დაიწყოს. ხორცის ფასი რომ გაორმაგდა, ევროპის ბრალიაო, ამის თქმა სხვას რას ნიშნავდა? აღნიშნულ კოალიციაში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია გაწევრიანდა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ძალიან ახლოს იყვნენ ხელისუფლებასთან; მაგალითად, გია ჯანდიერი, მიხეილ თავხელიძე და სხვები… ისინი სახელად არიან ლიბერალები, სინამდვილეში კი ანტილიბერალური იდეებით გამოდიან. მათ სურთ, საქართველო იყოს არა ევროპული სახელმწიფო, არამედ სინგაპური, სადაც სრული ავტორიტარიზმია.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here