Home რუბრიკები საზოგადოება მამა როსტომი: იცით ამ ინტერვიუს გამო რამდენი კაცი ჩამთვლის მტრად?

მამა როსტომი: იცით ამ ინტერვიუს გამო რამდენი კაცი ჩამთვლის მტრად?

2546

GEWORLD.NET:
არსებული ვითარების თაობაზე საკუთარ მოსაზრებებს «საქართველო და მსოფლიოს» ამჯერად სამების ტაძრის დეკანოზი, მამა როსტომი (ლორთქიფანიძე) უზიარებს.

– პირველ რიგში, მინდა ინტერვიუ ბოლო დროის ყველაზე ატუალური მოვლენით დავიწყოთ. მამაო როსტომ, რამ გამოიწვია საზოგადოების დიდი ნაწილისა და სასულიერო პირთა აღშფოთება, როდესაც პარლამენტმა რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიანიჭა? ხელისუფლება ირწმუნება, რომ აღნიშნული კანონი რელიგიურ კონფესიებს არანაირ პრივილეგიას არ ანიჭებს.
– როგორც ყოველთვის, ხელისუფლება ამჯერადაც არ არის გულწრფელი, საქართველოს საპატრიარქო კი ჯერ არ არის მზად ასეთი რთული საკითხების გადასაწყვეტად. აღსანიშნავია, რომ ამგვარი კანონი ბევრ ქვეყანაში მიიღეს, მაგრამ რეალურად არსად მუშაობს, უფუნქციოა. ეს არის ტრივიალური კანონი, რომელიც არსით თითქოსდა პიროვნების თავისუფალ არჩევანს განსაზღვრავს, მაგრამ უცხოეთში ამ პრობლემას სხვაგვარად ჭრიან. თუ, მაგალითად, ინგლისელისთვის დომინანტურია ანგლიკანური ეკლესია, ესპანელისთვის – კათოლიკური, იტალიას კი სულაც ვატიკანი მართავს, ჩვენთან სრულიად განსხვავებული რეალობაა. ტრაგიკულია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში მცხოვრები ვერც ერთი ერის წარმომადგენელი ვერ ვაქციეთ სრულუფლებიან მოქალაქედ და აქედან გამომდინარე, თუ ვიღაცის გული სხვაგან ძგერს, ის შენი ორგანული ნაწილი ვერ იქნება. ეს უნდა გავითვალისწინოთ.
მაინტერესებს, ვინც აღნიშნული კანონი დაამტკიცა, იცის, რომ რეალურად საქართველო 20 კილომეტრის იქით აღარ არსებობს? ქართული ენა, კულტურა, სახელმწიფოს გავლენა არ არსებობს, ვინაიდან ტერიტორიას ფლობს სხვა ეროვნების ხალხი, ის ხალხი, რომელიც ვერ გახდა ქართული კულტურის ნაწილი. მე თბილისში გაზრდილი კაცი ვარ და სომხებთანაც და სხვა ეროვნების ხალხთანაც მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებს, მაგრამ ერთია ინდივიდუალური ურთიერთობები და მეორე, – სახელმწიფოს პოზიცია. ნახავთ, ნინოწმინდაში, ახალციხეში, ტაშირში შეიქმნება ეპარქიები, რომლებიც ჩვენს ეკლესიაზე გაცილებით ძლიერი იქნება. რა საჭირო იყო ეს საკანონმდებლო ცვლილებები, ოდესმე რომელიმე კონფესიას საქართველოში წირვა-ლოცვაში ხელი შეშლია?
გვაქვს კიდევ ერთი უაზრო კანონი, რომელსაც კონკორდატს ეძახიან. ის ჯერ კიდევ შევარდნაძემ შემოიღო და პატრიარქმაც ხელი მოაწერა, მაგრამ ამდენი ხნის მანძილზე ამ კანონს არ უმუშავია და მას თვისობრივად რაიმე საინტერესო ცვლილება არ მოუხდენია.
– ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ კონკორდატი შეცდომა იყო და ეთანხმებით თეა თუთბერიძის აზრს, რომ კონკორდატი სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს?
– პარლამენტის მიერ ახლახან განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების მსგავსად, არც კონკორდატის გაფორმება ყოფილა გააზრებული ქმედება. როდესაც კონკორდატი ფორმდება ორ სუბიექტს შორის, გარკვეული უნდა იყოს როგორც ერთი, ისე მეორე მხარის ინტერესები, რაც არ მომხდარა. კონკორდატის გაფორმებისთანავე განსაზღვრული უნდა ყოფილიყო, ლოცვისა და ლიტურგიის გარდა, რას იღებდა საპატრიარქო საკუთარ თავზე, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტი, როგორც ეროვნული ცენტრი და ამგვარ  შემთხვევაში საქართველოში მოქმედი ყველა კონფესია დედაეკლესიის წიაღში მოექცეოდა.
კონკორდატი კი არანაირ პრივილეგიას მართლმადიდებლობას არ ანიჭებს, უბრალოდ წერია, რომ საქართველოს სახელმწიფო აღიარებს ქართული ეკლესიის დამსახურებას ერისა და სახელმწიფოს წინაშე. რეალურ უფლებებს ის ეკლესიას არ ანიჭებს. საჭიროა, კანონში ჩაიწეროს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის დედაეკლესია.
თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში დღეს არის იერარქიულად მაღალ საფეხურზე მყოფი ხალხი, რომელსაც ძალიან ეშინია.
– მამა ელიზბარმა ჩვენთან ინტერვიუში სასულიერო პირებს შორის დამკვიდრებული შიში ახსენა. თქვენც ფიქრობთ, რომ ეს შიში არსებობს? რისი შეიძლება ეშინოდეს სასულიერო პირს?
– წარსულის. საკუთარი ბიოგრაფიის. მაგალითად საბჭოთა პერიოდს მოგიყვანთ, როცა სათანადო ორგანოებს პირდაპირი მითითება ჰქონდა, ყველა წვრილფეხა კრიმინალი, ფსიქოლოგიურად ავადმყოფი დაეწინაურებინა, რათა მათ ჰქონოდათ წარსული, რომლისაც შეეშინდებოდათ. არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ გუშინ მოქმედებდა ჩვენთან ეს რეჟიმი…
– უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ «ვინც ეკლესიაში განხეთქილებას ცდილობს, მოწამეობრივი სისხლითაც კი ვერ განიწმინდება».
– მე კათოლიკოსის შთამომავალი გახლავარ. თავს ვიტეხ და გულს ვიხეთქ იმისთვის, რომ დედაეკლესია ფეხზე დადგეს. მე ის კაცი ვარ, რომელმაც ანაფორა მაშინ ჩაიცვა, როდესაც ეკლესიაში შესვლა მაინც და მაინც კარგ საქციელად არ ითვლებოდა. მე როგორ შეიძლება ვიყო ეკლესიისთვის ცუდის მოსურნე? ვინმემ რამე მომცა? ოდესმე გავიყიდე? მე რომ ხანდახან უკმეხად ვლაპარაკობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი მინდა. ილია მართალი ბრძანებს, ბრიყვებს ჰგონიათ, რომ ვიღაცას ვედავები და ვწიხლავ, ბრიყვი იმას ვერ წაიკითხავს, რაოდენი სიყვარული და დარდია ამის უკან.
მე მინდა სულიერებაზე უფრო მეტი ვიფიქროთ. გული მტკივა, როგორ შევიძულეთ და გადავაყოლეთ ქვეყანა კუჭსა და ძღომას, ზერელე ევროპელობას. ჯერ კიდევ ილია მართალმა ბრძანა, ამდენ ხალხში კაცი არ არის, რომ ფიქრი ვანდო, აზრი ჩემი გავუზიაროო… მე კი ამას გეტყოდით:
არაფრის იმედი არ მაქვს, არც სამადლოდ დავალ ცადო,
არაფერი არ გამოვა, არაფრისთვის უნდა ვცადო.
პერსპექტივა არ ჩანს. რად უნდა ამას ბევრი საუბარი, რომ საქართველოს წამყვანი საზოგადოება პრიმიტიულია; განათლება – ცუდი, მამაკაცური სიამაყე – დაბალ დონეზე, ოცნება – პატარა, ფრთები – შეკვეცილი! საქართველოში იმდენი პარტიაა, იმდენი, მგონი, პრობლემა არ გვაქვს. სამოქალაქო საზოგადოება დაშლილია და დაქსაქსული, პარტიები გაუთავებლად ყბედობენ არჩევნების თაობაზე. ახლა ერი უნდა გამთლიანდეს.
– ერის გამთლიანება როგორ წარმოგიდგენიათ?
– ჩვენ მონარქისტული წყობილების დამკვიდრების იდეა გვაქვს…
– მონარქიასაც ჰყავს მოწინააღმდეგეები. არსებობს სერიოზული არგუმენტები, რომელთა შორის ერთ-ერთი ისაა, რომ მეფის შენახვა, უხეშად რომ ვთქვათ, ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება და ამის სახსრები, უბრალოდ, არ გაგვაჩნია.
– პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი საპრეზიდენტო აპარატის შენახვა იაფი ჯდება? სავარძელში ჩამჯდარი მეფე არ გვინდა. არ მინდა მკითხველი დაიბნეს და ეგონოს, რომ ჩვენ ფეოდალური საქართველოს აღდგენაზე ვოცნებობთ. არა, ჩვენ გვსურს მონარქიის აღდგენა, რადგან ვფიქრობთ, რომ სამშობლოს სიყვარული, ზნეობრიობა, ფიქრი ადამიანის ღირებულებაზე, ტრადიციულად და ისტორიულად მონარქიის პერიოდში ჩამოყალიბდა, რისი მყარი დასტურიც საქართველოს ისტორიაა.
– ბაგრატიონების უმრავლესობა უცხოეთშია გადახვეწილი და ზოგიერთმა მათგანმა ქართულიც არ იცის. დღეს გეგულებათ ვინმე, ვინც ღირსეულ მეფობას შეძლებს?
– რა თქმა უნდა, გვეგულება. ერეკლე მეფის შთამომავალი, ნიჭიერი რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონი.
– ის თუ არის თანახმა?
– ასე არ ვუყურებთ საკითხს. დღეს საქართველო კატასტროფის წინაშეა და უნდა გადავარჩინოთ. არავის არ ვეკითხებით, თანახმაა თუ არა. ახლა არაა კეკლუცობის დრო, არის მომენტი, როდესაც ჯვარს გკიდებენ და უნდა ატარო ეს ჯვარი, შეთანხმებებისთვის არ გვცალია.
უნდა დაიშალოს ამდენი პარტია და შეიქმნას სამი – მემარჯვენე, მემარცხენე და ცენტრისტული, რომელიც მონარქისტული ორიენტაციის ხალხს გააერთიანებს.
– საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკლესია ყველაფერს აკეთებს მორწმუნეთა უფლებების დასაცავად. «ჯერი ახლა ხელისუფლებაზეა. წმინდა სინოდის მიმართვიდან გამომდინარე, ველოდებით ქმედით დადებით ნაბიჯებს»… რას ელოდება საპატრიარქო ხელისუფლებისგან?
– არ მინდა ამგვარი ფრაგმენტალური ამონარიდების მიხედვით საპატრიარქოს განცხადებებზე ვისაუბრო. საპატრიარქოს არ აქვს ჩამოყალიბებული ხალხთან ურთიერთობის პოლიტიკური კონსტრუქცია. უფრო მეტიც, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ეკლესია არ არის პოლიტიკური ორგანო, ასეთი რამ მე არათუ საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიაში არ მახსოვს. ქეთევან დედოფალი არ იყო პოლიტიკოსი? აბა, რისთვის ეწამა? ის როგორც კი გადაწყვეტდა, შაჰ-აბასის ხასა გამხდარიყო, საქართველო აღარ იარსებებდა, რადგან მართლმადიდებლობა ქართველობას ნიშნავს.
– ზოგიერთი სასულიერო პირი ახალი რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩატარების იდეით გამოდის, როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ეს?
– ეს არის გახსენება იმ მშვენიერი აქტისა, რომელიც დავით აღმაშენებელმა განახორციელა. ამისთვის ჯერ ეპისკოპოსად, სამღვდელო პირად განათლებული კაცი უნდა დაჯდეს, რომელიც პიროვნული ღირსებებით იქნება შემკული. ანაფორის ჩაცმა არ არის მღვდლობა, მღვდლობა ცხოვრების წესია.
– პრესაში დაბეჭდილმა თქვენმა ერთ-ერთმა ინტერვიუმ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და საგანგებო სინოდის ოქმიც კი შედგა. რა გადაწყვეტილება გამოიტანა სინოდმა და რა ურთიერთობა გაქვთ საპატრიარქოსთან ამჟამად?
– არავითარი კავშირი არ მაქვს საპატრიარქოსთან. მე მხოლოდ ჩემს გულისტკივილს გამოვთქვამ. ყველა კარგად მიცნობს, მიდით და, რომელ სასულიერო პირსაც გნებავთ, ჩემზე ჩუმად ჰკითხეთ, რომელს გადაუტანია ჩემდენი, ვის უტარებია ჩემზე მძიმე ჯვარი… შეიძლება თავის ქება გამომდის, მაგრამ იძილებული ვარ, ყველას პასუხი გავცე. ასეთი რამ სრულიად საქართველოს ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს და არა სინოდმა.
სინოდს, უბრალოდ, არ სურს განსხვავებული აზრის მოსმენა. როდესაც მათ შენეულ, მათგან განსხვავებულ ვარიანტს სთავაზობ, მათი მხრიდან ეს  ღალატად ფასდება.
პატრიარქი ერთადერთი ფიგურაა, ვისთანაც პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება, მაგრამ არ მიშვებენ. საპატრიარქოში ისეთი მექანიზმი შექმნეს, წარმოუდგებელია პატრიარქთან შეხვედრა. არადა, მთავრობის ყველა წევრი მას თავისუფლად ხვდება. 8 წელიწადია, პატრიარქი არ მინახავს.
– თქვენ ერთ დროს პატრიარქის პირადი მდივანი იყავით…
– მაშინ დაცვაც არ იყო პატრიარქის ირგვლივ, მე ვიყავი და გარშემო «კაგებეს» წვრილფეხა «სტუკაჩები» ირეოდნენ. რვა წელი ვიყავი პატრიარქის მდივანი და, მგონი, საკმარისი დრო იყო, ჩემი ავი ზრახვები გამომეჩინა, თუ ასეთი მქონდა. გაიხსენებს ვინმე ერთ ფაქტს მაინც, რომ რამეში შევცდი ან ფუფუნებაზე გავიყიდე?
– 2009 წელს თქვენ მიტრითაც დაჯილდოვდით, ამის შემდეგ რამ გამოიწვია თქვენსა და საპატრიარქოს შორის დაპირისპირება?
– ვგავარ მე იმ კაცს, მიტრით რომ იყიდი? როდესაც მიტრის წამოსაცმელად თავი დააკლდათ, მე წამომაცვეს. ხომ მხედავთ, მახურავს მიტრა? ჯვარსაც არ ვატარებ. რომ შემოგხედავენ, ისედაც უნდა მიხვდნენ, რომ მღვდელი ხარ.
– მაგრამ ხომ არის ეკლესიური კანონმდებლობით განსაზღვრული საერთო კანონიკური წესები, ყველა სასულიერო პირმა რომ უნდა დაიცვას? თქვენ არც მღვდლის ანაფორას ატარებთ…
– არავითარი კანონი არ არსებობს. ბერძნებიც არ ატარებენ ჯვარს. საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს. სათნოებანი, რომელიც ბაგისგან და გულისგან გამოვა, იმან უნდა წარმოგაჩინოს და არა აღკაზმულობამ. ეს იმას სჭირდება, ვინც შემთხვევით მოხვდა ეკლესიაში.
– თქვენ სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდით, მონაწილეობდით ფილმებში, რის გამოც ხშირად გაკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ დიდი სჯულის კანონის მიხედვით თქვენი მღვდლად კურთხევა არ შეიძლებოდა.
– ისინი კომპეტენტურები არ არიან. მე განათლებით კინორეჟისორი ვარ და, როდესაც ჩემი რომელიმე კოლეგა იღებს ფილმს ანთიმოზ ივერიელზე ან რაიმე რელიგიურ სიუჟეტს, ვინ უნდა იყოს კონსულტანტი? ან თუ მე ვჭირდები კადრს, რა მოხდა, რომ მონაწილეობა მივიღო? ეს რა, ქრისტიანობას ანგრევს? თავად იესო ქრისტე შემოქმედი ღმერთია. ჩვენ მის გზას მივყვებით და, რაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება, იმას გავაკეთებ.
– თქვენ, უკვე სასულიერო პირმა, განაცხადეთ, რომ მრევლს ვერ მიატოვებდით და აფხაზეთის ომშიც წახვედით…
– კი, მე ვიბრძოდი აფხაზეთში…
– იბრძოდით? სასულიერი პირს შეუძლია იარაღის ხელში აღება?
– როდესაც ქვეყანას მირბევენ, ქალებს მიუპატიურებენ, შვილებს მიკლავენ და ორსულ ქალებს შუაზე აპობენ, შეიძლება ასეთ დროს იმაზე ფიქრობდე, სამოთხეში ვერ მოვხვდებიო?
იცით, ამ ინტერვიუს გამო რამდენი კაცი ჩამთვლის მტრად? მაგრამ არ შემიძლია, რასაც ვფიქრობ, არ ვილაპარაკო; არ შემიძლია ხმამაღლა არ ვთქვა, რომ დღეს ქართველ ერს გადარჩენა სჭირდება…
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here