Home რუბრიკები საზოგადოება გოროზი გუბერნატორი, ბლუ წამყვანი, «დაივერი» პრეზიდენტი და «ლინგვისტური კონტრაბანდა»

გოროზი გუბერნატორი, ბლუ წამყვანი, «დაივერი» პრეზიდენტი და «ლინგვისტური კონტრაბანდა»

869

GEWORLD.NET:
ამ რამდენიმე დღის წინ ერთმა საკმაოდ პოპულარულმა ტელეწამყვანმა თავისი მორიგი შოუ შემდეგი სიტყვებით დაიწყო: «მე დღეს ძალიან ვღელავ; იმედია, მაპატიებთ ყველა იმ შეცდომას, რომლებსაც მე დღეს დავუშვებ, მაგრამ იმედი მაქვს არ დავუშვებ» (ხაზი ყველგან ჩემია – ლ.ღ.). ერთი შეხედვით, თითქოს, არცთუ მთლად გამართულად აგებული, ჩვეულებრივი წინადადებაა, რომელიც სხვა დროს, ალბათ, ჩემს ყურადღებას არც კი მიიქცევდა, რომ არა ერთი, თანამედროვე ქართულ მეტყველებაში ფართოდ გავრცელებული ტიპობრივი უზუსტობა.

ვგულისხმობ არა იმას, რომ ჟურნალისტი წინასწარ ითხოვს პატიებას მოსალოდნელი შეცდომების გამო, მიუხედავად იმისა, რომ იმედი აქვს, «შეცდომებს არ დაუშვებს». ცხადია, ეს ერთგვარი «წაკეკლუცებით» შემოპარებული ორატორული ხერხია და თანაც იმდენად უწყინარი, რომ მასზე დროის დაკარგვა არც ღირს. როცა ტიპობრივი უზუსტობა ვახსენე, მხედველობაში მქონდა შესიტყვება – «შეცდომის დაშვება», რომელსაც თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით და ისეა მოდებული, რომ, ლამისაა, ერთადერთ სწორ გამოთქმად მივიჩნიოთ, არადა ოდესღაც რუსული ენის გავლენით გაჩენილი არასწორი გამოთქმაა, რომელიც ჩვენი ენის ბუნებისთვის სრულიად შეუფერებელია.
საქმე ისაა, რომ «შეცდომა» უნებლიე მოქმედების სახელია. ეს ისაა, რაც შენი სურვილის მიუხედავად, შენდა უნებურად შეიძლება დაგემართოს, ანუ – «შეცდე». მასთან «დაშვება» სიტყვისგან ნაწარმოები ზმნის შეწყვილება – «შეცდომას დავუშვებ» ან «შეცდომას არ დავუშვებ» და სხვა, – პირველი სიტყვის («შეცდომა») მნიშვნელობას ეწინააღმდეგება. «შეცდომას დავუშვებ» – უკვე აღარაა უნებლიე მოქმედება: რაკი «უშვებ», ე.ი. – შენ ასე გინდა. ამიტომაცაა, რომ ლექსიკონებში «შეცდომის დაშვება», «შეცდომებს უშვებს», «დაშვებული შეცდომები» მიჩნეულია ბარბარიზმებად და იქვე მითითებულია სწორი ვერსიაც: «შეცდომები მოსდის».
დიახ! ტელეწამყვანს უნდა ეთქვა – «იმედია, მაპატიებთ ყველა იმ შეცდომას, რომელიც მე დღეს მომივა (შეიძლება მომივიდეს)», – თორემ, სანამ პატიებას ითხოვდა, შეცდომა უკვე მოუვიდა.
ჩემი დიდი თხოვნა იქნება ყველა ქართველი ჟურნალისტის მიმართ, ჩვენი მშობლიური ენის ამდაგვარ თავისებურებებს ყოველთვის მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რამდენადაც გამართული მეტყველების დამკვიდრების საქმეში ჟურნალისტების როლი და მნიშვნელობა განუზომელია.
დღეს სწორედ სხვადასხვა ხასიათის შეცდომებზე ვისაუბრებ და შესაბამის მაგალითებსაც შეგახსენებთ. იმედია, საწყენად არავინ მიიღებს, თუკი საილუსტრაციო მასალის მოხმობისას წყაროც იქნება მითითებული: სულ ერთია, იქნება ის რიგითი ჟურნალისტი თუ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი: «მაშ როგორ უნდა გავსწორდეთ, თუ ჩვენი სიმრუდე არ გვეცოდინება?» (ილია).
ზემოთ მოგახსენეთ, «შეცდომის დაშვება» ბარბარიზმია-მეთქი. იგი რუსული ენიდან შემოვიდა («ლჯგეცნბნმ ჯიბ,რე») და ჩვენი ენისთვის ბუნებრივი, სწორი ფორმა გააძევა, მაგრამ ეს ამბავი ჩვენი – ქართველების დასტურითა და თანხმობით მოხდა. ჩვენი ენა რომ ბინძურდება და ნაგვიანდება, ეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენივე დაუდევრობის ბრალია. ამის შესახებაც არაერთგზის ვართ გაფრთხილებულები, მაგრამ ყურისმგდები რომ არავინაა? – «დაუდევნელები ვართ ქართველები და კიდეც ეგ მოგვიღებს ბოლოს» (ილია).
ისე, კაცმა რომ თქვას, შეცდომაცაა და შეცდომაც: ზოგს უნებლიეთ, შემთხვევით წამოსცდება რაღაც, ზოგსაც უმეცრებით მოსდის ან დაუდევრობით, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ამგვარ წამოცდენათა ახსნა ხერხდება. მეტსაც მოგახსენებთ: ფსიქოლოგიაში კარგადაა ცნობილი ე.წ. «მცდართქმათა» ანუ «წამოცდენათა» მოტივაციები და მათი სიღრმისეული ფსიქო-ლინგვისტური ანალიზი ბევრი ისეთი ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა, რასაც თვით წარმომთქმელი ზოგჯერ საგულდაგულოდ მალავს. ერთია, როცა ადამიანმა არ იცის ამა თუ იმ საგნის სწორი დასახელება და ბარბარიზმს იყენებს, როგორც ეს დაემართა პრეზიდენტის მესტიაში სტუმრობის დროს გუბერნატორ ზაზა გოროზიას, რომელმაც დასმულ კითხვაზე ქვეყნის პირველ პირს უპასუხა: «ქვევით ყველას პადვალი ექნებაო». რა ქნას ახლა ამ კაცმა, თუ უცებ ვერ გაიხსენა, რომ «პადვალს» ქართულად «სარდაფი» ჰქვია. თანაც ეს ოხერი «სარდაფი» მეგრულადაც «პადვალია» (!), «ლამპოჩკის», «პროლის», «პატალოკის», «კარაკოშკის», «კრაოტისა» და სხვა «მეგრული» (!) სიტყვებისა არ იყოს. ისე, რომ ჰკითხოთ, რუსული და რუსები ეზიზღებათ ზოგიერთებს, მაგრამ რუსული ენის ტყვეობიდან სულაც არ ცდილობენ თავის დახსნას, პარლამენტის სხდომები იქნება ეს, სატელევიზიო გამოსვლები თუ პრივატული საუბრები.
მესტიის დათვალიერების დროს გუბერნატორი პრეზიდენტს მთავარი მოედნისკენ გაუძღვა. მიმდინარე მშენებლობებით კმაყოფილი პრეზიდენტი ჯერ სასტუმროებითა და რესტორნებით დაინტერესდა, რაზეც გოროზიასგან ამომწურავი პასუხები მიიღო და უცებ «მესტიის პიაცაზე» იკითხა: «ბათუმის პიაცასავით კონცერტები შეიძლება მოვაწყოთო?» «კი, აბა, რაო?!» – მიუგო გუბერნატორმა, რომელსაც აშკარად ეტყობა, რომ გოროზია (იხ. «გოროზი» – «ამაყი», «მედიდური», «ამპარტავანი», «კუშტი»); პრეზიდენტიც კმაყოფილებას ვერ ფარავს.
რომ არ დაგიმალოთ, კარგა ხანია, ეს «ბათუმის პიაცა» ჩამესმის და რომელიღაც უმეცარი ტელეჟურნალისტის მიერ დაუდევრად შემოთრეული ბარბარიზმი მეგონა, მაგრამ ნაჩქარევი დასკვნა გამიკეთებია: თურმე ჩვენს პრეზიდენტს თვითონვე შემოუტანია ეს ყოვლად გამოუსადეგარი და უსარგებლო, არასაჭირო ლექსემა ჩვენს ენაში. ამას ჰქვია «ლინგვისტური კონტრაბანდა» და ისევე დასჯადია ზოგ თავმოყვარე ქვეყანაში, როგორც ჩვეულებრივი კონტრაბანდის შეტანა.
ამას წინათ ვწერდი: «მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი»-მეთქი… ცხადია, საქართველოს ეს «საშიშროება» ნამდვილად არ ემუქრება, მაგრამ ახლა სხვა ნატვრა გამიჩნდა: მე რომ შს მინისტრი ვიყო, დღესვე შევქმნიდი «ენის პოლიციას» და ზემოხსენებულ თუ ქვემორე მოსახსენიებელ (ანუ მოსახსნელ!) «კონტრაბანდისტებს» სახელმწიფო ენის აბუჩად აგდებისთვის კუდით ქვას ვასროლინებდი, მაგრამ, ვატყობ, ჩემს ამ ოცნებასაც არ უწერია ახდენა.
«ბათუმის პიაცა», «მესტიის პიაცა»… რატომაც არა? ასე თუ გავაგრძელეთ, ბატონო მიხეილ, ბარემ ქვეყნის დედაქალაქსაც მივხედოთ! ნახეთ, რა მშვენივრად ჟღერს: «ვარდების პიაცა», «თავისუფლების პიაცა», «ვაგზლის პიაცა», «ავლაბრის პიაცა» (თანაც, თქვენი «რეზიდენციაც» იქვეა – «სასახლე» რომ უნდა რქმეოდა, წესით), ჰო, კიდევ: «გმირთა პიაცა», «პურის პიაცა» (ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მომწონს!); სამომავლოდ კი, იქნებ, გლდანისა და მუხიანის «პიაცებზეც» ვიფიქროთ?
ამის მერე რომელიმე მეზობელმა ჩვენზე რომ თქვას: «ეს ვრაცები (თუ – გურჯები) სულ გამოპრუტუნებულანო», არ იქნებიან მართლები?
რაო, ბატონო პრეზიდენტო! ვინმემ ჩაგაწვეთათ – «მოედანი» რუსული სიტყვააო და ამიტომ იტალიიდან ჩამოყვანილ არქიტექტორებს ბარემ «პიაცაც» შემოაყოლეთ? კი, მაგრამ არ გიფიქრიათ, რომ ქართული ენა მარტო თქვენი საკუთრება არ არის? თუ ჩემი არ გჯერათ, ამ მართალ კაცს მაინც მოუსმინეთ: «ენა საღვთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა. მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს» (ილია).
თქვენ შეგიძლიათ, შენობები, ქუჩები და ქალაქებიც კი გადააკეთოთ (და კიდევაც არაერთი გადაგიკეთებიათ), მაგრამ ენას ასე ხელაღებით არ შეეხოთო რომ გვაფრთხილებენ, ეს ყველას გვეხება, მათ შორის – თქვენც.
იტალიაზე გამახსენდა: მშვენიერი სახილველი იყო საქართველოს პრეზიდენტის თხილამურებით დაშვება სვანეთის თოვლიანი მთებიდან მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ ალბერტო ტომბასთან ერთად, რის შემდეგაც ეს ლეგენდარული იტალიელი მოთხილამურე პრეზიდენტმა ბათუმში მიიპატიჟა. ბარემ ვისარგებლებ შემთხვევით და ნახევრად ხუმრობით ზოგიერთ ლინგვისტურ დაკვირვებას შემოგთავაზებთ. სამწუხაროდ, მე ვერ დავაზუსტე, უთხრეს თუ არა ბატონ ტომბას, რას ნიშნავს ეტიმოლოგიურად «ბათუმი», სადაც პრეზიდენტმა წყალქვეშა ცურვის კლასი გვაჩვენა.
«ბათუმი», გავრცელებული ვერსიით, მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან – «Bატჰუს» («ბათუს») და ნიშნავს «ღრმას». ამბობენ, რომ, სევასტოპოლის შემდეგ, ბათუმის ნავმისადგომი ერთ-ერთი ყველაზე ღრმაა მთელი შავი ზღვის სანაპიროებზე (დაახლოებით – 58 მ.), რაც, თურმე, ნავსადგურის დიდ ღირსებად ითვლება.
მე ამ შემთხვევაში ამაზე უფრო მეტად თვით სიტყვა «ბათუმის» ეტიმოლოგიამ დამაინტერესა.
ალბერტო ტომბას, აბა, საიდან ეცოდინებოდა ან ვინ ეტყოდა, რომ, რასაც «ბათუმი» ნიშნავს ბერძნულად («ღრმა»), იმასვე ნიშნავს მისი გვარი – «ტომბა» («ღრმა») მეგრულად. ვინ იცის, იქნებ, ეს «ღრმა» ჩემპიონი სულაც ჩვენებურია და ბედის უკუღმართობით დედასამშობლოს მოწყვეტილი განგებამ კვლავ შინ დაგვიბრუნა? იქნებ, ამიტომაც უყივლა სისხლმა და მესტიაში მისივე სახელობის «სათხილამურო სკოლის» გახსნა მოისურვა?…
სანამ ტომბა სკოლას გახსნიდეს, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთი სასტუმრო გახსნა ბათუმში. აქედანვე მოგახსენებთ, რომ ამ წერილში არ ვაპირებ სასტუმროს გახსნაზე პრეზიდენტის გამოსვლის იმ მონაკვეთის განხილვას, სადაც იგი ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელსა და ზოგ სხვა «ინტელექტუალს» (ეს მისეული ეპითეტია) «ამკობს». ამის შესახებ ჩემი აზრი სხვაგან უკვე გამოვთქვი. აქ კი ამ გამოსვლის წმინდა ენობრივი ასპექტები მაინტერესებს. ამიტომ დავიწყოთ ტელეკომპანია «იმედის» წამყვანის – ლაშა ხარაზიშვილის შესავალი ტექსტიდან. – ამ დროს ეკრანს აწერია: «სრიალი ტომბასთან ერთად, ახალი სასტუმრო და დაივინგი»; სიუჟეტის ავტორი: «მესტიის შემდეგ პრეზიდენტმა სარფში, დაივერებთან ერთად, წყალქვეშა ყვინთვისთვის ჩაძირული გემი დაათვალიერა».
ამ ჟურნალისტს რომ სცოდნოდა, რას ნიშნავს ქართულ ენაში «ყვინთვა», მაშინ «წყალქვეშა ყვინთვას» ხომ არ იტყოდა? «დაივერებზე» ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი ლაშა ხარაზიშვილს მოვუსმინოთ: «ამ წუთებში ბათუმში სასტუმრო «რადისონი» იხსნება… ჩვენ პირდაპირ ეთერში ვრთავთ ბათუმს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს სასტუმრო «ბლუ რადისონს», რომელიც ბათუმში შენდება (შენდება? ანუ ჯერ დასრულებული არაა და მაინც იХსნება? – ლ.ღ.) გახსნის საქართველოს პრეზიდენტი. შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორ იხსნება ახლა, ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი…  როგორ ხსნის საქართველოს პრეზიდენტი «ბათუმი ბლუ რადისონს» ქალაქში… (ასე დაბნეული ლაშა ხარაზიშვილი მე არასოდეს მინახავს. როგორც ჩანს, მას აცნობეს, რომ ჩართვა ჯერ ვერ ხერხდება, თუ – სასტუმროს გახსნის ცერემონია იგვიანებს და ლაშაც «დღის სხვა თემებზე» გადავიდა. – ლ.ღ.) ბათუმს  ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით»…
აქ დროებით გამოვტოვებ სასტუმროს გახსნაზე პრეზიდენტის გამოსვლის ამბავს და ისევ წამყვანის საფინალო ტექსტს გაგაცნობთ: «ეს იყო პირდაპირი ჩართვა ბათუმიდან, სადაც გაიხსნა სასტუმრო «რადისონ ბლუ ივერია» (! – ლ.ღ.), რომელიც გახსნა ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა მიმართა იქ შეკრებილ საზოგადოებას და მიულოცა ახალი სასტუმრო ქალაქს, ზოგადად, ბათუმელებს და საზოგადოებას, ასევე აღნიშნა, რომ ბათუმის «რადისონ ბლუ ივერია» იქნება, გარდა ქალაქის განვითარებისა და გალამაზებაში შეიტანს იგი ძალიან დიდ წვლილს ტურისტების მოზიდვაშიც».
ამ ბოლო წინადადების ჩიქორთულზე მე კომენტარს არ გავაკეთებ, აქ ყველაფერი ნათელია, მაგრამ მინდა ტელეწამყვანს ვკითხო:
ბატონო ლაშა, ხომ ვერ მეტყვით, რა ჰქვია იმ სასტუმროს, რომელიც ბათუმში გაიხსნა? ხვდებით, ხომ, ამას რატომაც გეკითხებით? კეთილი! ახლა მკითხველსაც შევახსენოთ, რომ თქვენ ეს სასტუმრო ახსენეთ 5-ჯერ: 1. «რადისონი»; 2. «ბლუ რადისონი»; 3. «ბათუმის ბლუ რადისონი»; 4. «რადისონ ბლუ ივერია»; 5. «რადისონ ბლუ ივერია». თანაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არც ერთი თქვენ მიერ ტელეკომენტარში გამოყენებული დასახელება ამ სასტუმროსი არ არის სწორი! დიახ, არც ერთი! რა თქმა უნდა, მე არ «ჩაგიშვებთ» და დიდ ვანო-მრისხანესა და ერის ხერხემალს არ შევატყობინებ, როგორ მოატყუეთ ტელემაყურებელი, როცა უთხარით – «შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორ იხსნება ახლა, ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი…» სინამდვილეში კი, ცხადია, სასტუმროს გახსნაზე იყო საუბარი და არა იმის შესახებ, რომ იმ დღეს ბათუმში «იხსნებოდა საქართველოს პრეზიდენტი». ამაზე რუსები გვეტყოდნენ: «ნუ, რებიატა, რაზმეჩტალის!».
რაც შეეხება ტელეჟურნალისტების მიერ უტიფრად და თვალების დაუხამხამებლად შემოტანილ კიდევ ერთ «ლინგვისტურ კონტრაბანდას» – «დაივინგს» და იმავე ფუძის «დაივერს», ადამიანებო! ქართველებო და არაქართველებო! ჟურნალისტებო თუ ხელისუფალნო! «დაივერი» «მყვინთავია» და «დაივინგი» – «ყვინთვა»… და თქვენ გინდათ ასეთი «ენობრივი ქცევით» ააშენოთ ახალი საქართველო?!
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ლაშა ხარაზიშვილი არ არის სხვებზე უარესი წამყვანი, მე მისთვის სხვა დროსაც მიმიდევნებია თვალყური, მაგრამ იმას, რაც მას იმ დღეს დაემართა ტექსტის კითხვისას (იხ. «ქრონიკა», 20.07.2011 წ.), შესაბამისი სახელი ჰქვია და ეს ფსიქოლინგვისტებისთვის  კარგადაა ცნობილი. ამ «მცდართქმასა» და «მცდარკითხვას» თავისი ახსნა აქვს და საფუძვლად უდევს ე.წ. ქვეცნობიერი აღიარებები. ამ თვალსაზრისით კი ძალიან საინტერესო იყო საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა «რადისონ ბლუ, ბათუმის» გახსნაზე. დიახ! ბატონო ლაშა! ასე ჰქვია ბათუმის ახალ სასტუმროს. ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად გაწეული დახმარებისთვის კი მადლობას მოვახსენებ «რადისონ ბლუ ივერიისა» და «რადისონ ბლუ, ბათუმის» საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერს, ქ-ნ ნატალია ლუჩანინოვას, რომელმაც გაკვირვება ვერ დაფარა, როდესაც ვუთხარი, ბათუმში «რადისონ ბლუ ივერია» გაგიხსნიათ-მეთქი. ბატონო ლევან, თქვენ ხომ იცით, რომ «რადისონ ბლუ ივერია» თბილისში დგასო? მე კი ვიცოდი, მაგრამ, აბა, «ტელეიმედისთვის» არ დამეჯერებინა?
მომილოცავს: დღეიდან საქართველოში («რადისონის» წყალობით) უკვე ორი ბლუ «გვყავს» – «ბლუ ივერია» და «ბლუ ბათუმი».
ახლა აქ შევისვენოთ ერთი კვირით და მომავალ ოთხშაბათს განვაგრძოთ საუბარი იმ ზემოხსენებული ფსიქო-ლინგვისტური მოვლენის შესახებ, რომელსაც პირობითად შეიძლება დავარქვათ – საქართველოს პრეზიდენტის «ქვეცნობიერი აღიარება».
ლევან ღვინჯილია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here