Home რუბრიკები ისტორია 22 ივნისი _ ხსოვნისა და მწუხარების დღე

22 ივნისი _ ხსოვნისა და მწუხარების დღე

1673
22 ივნისი _ ხსოვნისა და მწუხარების დღე

2020 წლის 22 ივნისს დიდი სამამულო ომის დაწყების 79 წლისთავია. სწორედ ამ დღეს, გამთენიისას, ფაშისტური გერმანია ომის გამოუცხადებლად დაესხა თავს საბჭოთა კავშირს. გერმანელთა ავიაციამ მასირებულად დაბომბა საბჭოთა აეროდრომები, სარკინიგზო ხაზები და სადგურები, სამხედროსაზღვაო ბაზები, მშვიდობიანი ქალაქები და სსრკის სიღრმეში 250-300 კმის მანძილზე შეიჭრა.

1941 წლის 22 ივნისს, დილის 4 საათზე, დაიწყო ყველაზე საშინელი ომი საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ომი, რომელიც 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ნაწილი იყო.

დიდი სამამულო ომის დაწყებამდე ფაშისტურ გერმანიას დაპყრობილი ჰყავდა ევროპის ბევრი ქვეყანა და ამ ქვეყნების რესურსების (ცოცხალი ძალა, ნედლეული) გამოყენებით შეუტია საბჭოთა კავშირს. სსრკ-ის წინააღმდეგ გერმანიასთან ერთად იბრძოდნენ რუმინეთი, იტალია, სლოვაკეთი, ფინეთი, უნგრეთი და ნორვეგია. საბჭოთა ხალხებმა ერთობლივი მძლავრი წინააღმდეგობით უპასუხეს ფაშისტებსა და მის მოკავშირეებს და გმირულად იცავდნენ თავიანთ სამშობლოს.

უმძიმესი სისხლისმღვრელი ომი, რომელიც 1418 დღეს გაგრძელდა, 1945 წლის 9 მაისს დასრულდა ბერლინში ფაშისტური ბლოკის განადგურებით. ამ ომში საბჭოთა კავშირმა 26,6 მლნ ადამიანი დაკარგა, მათგან 8,7 მლნ ბრძოლის ველზე დაეცა, 7,42 მლნ ნაცისტებმა გაანადგურეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 4,1 მლნ დაიღუპა საოკუპაციო რეჟიმის სასტიკი პირობების გამო, 5,27 მლნ ადამიანი კი კატორღული სამუშაოების შესასრულებლად წაიყვანეს გერმანიასა და მის მოკავშირე ქვეყნებში, მათგან მხოლოდ 2,65 მლნ დაბრუნდა სამშობლოში; 450 ათასი იმიგრანტად იქცა, 2,65 მლნ კი ტყვეობაში დაიღუპა.

22 ივნისი _ ხსოვნისა და მწუხარების დღე

აღსანიშნავია, რომ ხსოვნისა და მწუხარების დღის აღნიშვნა 1992 წლიდან დაიწყო, თავდაპირველად ამ დღეს მამულის დამცველთა ხსოვნის დღე ეწოდებოდა. 1996 წლის 8 ივნისს კი რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის განკარგულებით რუსეთის ფედერაციაში დაწესდა ხსოვნისა და მწუხარების დღე.

22 ივნისი _ ხსოვნისა და მწუხარების დღე

2007 წლის 24 ოქტრომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ცვლილებებს კანონშისამხედრო დიდებისა და ხსოვნის დღეების შესახებ რუსეთში”, ხსოვნის დღეების ჩამონათვალში შევიდა ახალი თარიღი _ 22 ივნისი _ დიდი სამამულო ომის დაწყების ხსოვნისა და მწუხარების დღე. ამ დღეს რუსეთის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში _ სანქტპეტერბურგში, ვოლგოგრადში, სევასტოპოლში, აგრეთვე, ბელარუსის ქალაქ ბრესტში იმართება ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, პატრიოტული აქციები, ყვავილებით ამკობენ უცნობი ჯარისკაცის საფლავს.

2009 წლიდან ხსოვნისა და მწუხარების დღეს ტარდება მემორიალური აქცია “ხსოვნის სანთელი” _ სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ანთებული სანთლებით მიდიან დიდ სამამულო ომთან დაკავშირებულ ადგილებზე. ამ აქციამ მოიცვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთი რესპუბლიკა. ახლახან ცნობილი შეიქნა, რომ რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობა “გამარჯვების ვოლონტიორების” წევრები მოსკოვის ოლქში 300 ათას სანთელს აანთებენ. სხვათა შორის, ამ თარიღს ბელარუსში დიდი სამამულო ომის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს უწოდებენ, უკრაინაში _ მწუხარებისა და ომის მსხვერპლთა ხსოვნის პატივისცემის დღეს.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here