Home რუბრიკები საზოგადოება ანზორ ბალუაშვილი: რომელი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გაბედავდა რომის პაპის ან რაბინატის თხოვნის...

ანზორ ბალუაშვილი: რომელი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გაბედავდა რომის პაპის ან რაბინატის თხოვნის შეუსრულებლობას?!

1082

GEWORLD.NET:
თბილისში, ფეთხაინის უბანში _ ქართულ იერუსალიმში დაბადებული და გაზრდილი, შემდეგ ისრაელში ასული, ბოლოს ამერიკაში დაფუძნებული მწერალი და ფილოსოფოსი ნოდარ ჯინჯიხაშვილი (ჯინი) თავის წიგნში «ჩემი თვითმკვლელობის ისტორია» ერთ ასეთ სენტენციას გვთავაზობს: «ჯალათი ჯარისკაცზე უკეთესია: იგი კლავს არამზადებს, ჯარისკაცი კი უდანაშაულოებს ხოცავს, კანონმორჩილებს». _ ეთანხმებით ამ აზრს, ბატონო ანზორ? _ ვეკითხები ცნობილ იურისტსა და დიპლომატს _ ანზორ ბალუაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ მუშაობდა, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი წარგზავნილი ისრაელში, ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტ-კონსულტანტია.

_ ამ დოქტრინას გაცნობილი ვარ და ყოველთვის ვცდილობდი, მომეძებნა ოპტიმალური ვარიანტი და გადავსულიყავი ნოდარ ჯინჯიხაშვილის მხარეს, მაგრამ არ გამომივიდა. ჯარისკაცი არის სიმბოლო ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, თანამოქალაქეების დაცვის უფლებითა და მოვალეობით აღჭურვილი ადამიანია. თუ ჯარისკაცი მტერს არ დაასწრებს და არ ესვრის, მაშინ, მისი სიცოცხლის გარდა, საფრთხის წინაშე დადგება ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მისი თანამოქალაქეების ნორმალური ცხოვრების პერსპექტივა.
ჯალათი დაქირავებული მკვლელია. თავის საქმიანობას რაიმე ზოგადსაკაცობრიო და ზნეობრივი სუბსტანციით კი არ წარმართავს, არამედ მოქმედებს როგორც მკვლელი, ჩვეულებრივი მკვლელი. მან არ იცის, სიკვდილმისჯილი მართლა არის დამნაშავე თუ უდანაშაულოა: რამდენი გვინახავს სასამართლოს ვერდიქტი, რომელიც უდანაშაულო ადამიანის დასჯის საფუძველი გამხდარა!
ჯარისკაცი მშვიდობიან მოსახლეობას არ ესვრის. თუ ამას მოიმოქმედებს, მაშინ ჯალათად იქცევა.
_ ჩრდილოეთ აფრიკისა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში არმია მოსახლეობის წინააღმდეგ რომ გამოჰყავთ, თუნდაც ამბოხებულების წინააღმდეგ, მაშინაც?
_ მაშინაც, რა თქმა უნდა! უეჭველად! თუ აქციების მონაწილენი იარაღს არ იყენებენ.
_ ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე პროფესიონალს, უპირველესად, პროკურატურაში, ისეთი მძიმე ტვირთი და პასუხისმგებლობა აწევს და აკისრია, როგორიცაა ადამიანის ბედის გადაწყვეტა. ამას მთელი თქვენი საქმიანობაც ადასტურებს. ვერდიქტი ახსენეთ. ხომ არ გაწუხებთ დღესაც თქვენი რომელიმე ბრალდება, რომელიც უსამართლო იყო? და საერთოდ, როგორ შეიძლება მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელება?
_ სამართალდაცვითი სტრუქტურები განსაკუთრებული ფენომენია. ამოსავალი წერტილი აქ მომუშავე პროფესიონალისთვის არის პატიოსნად, უშეცდომოდ, გამოწვლილვით გამოკვლევა საქმის, რომლის გამოძიება ანდეს და დააკისრეს. ზოგჯერ ხდება ისე, რომ მიუკერძოებლობა გადადის პროფესიულ თავმოყვარეობაში. ეს ავადმყოფობაა. ამიტომ უნდა მოქმედებდეს ისეთი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს ასეთ შემთხვევებს. არ დავმალავ, მქონია შემთხვევა, როცა წინ წამოწეულა საბრალდებო მიმართულება და მიცდია მისი გამყარება. ეს უკვე მცდარი გზაა. მაგრამ საკითხის დაყენებაც კი, რომ აღმოიფხვრას ამგვარი ცალმხრივობა, უტოპია იქნება. მას, ამ ადამიანს, უნდა ჰყავდეს აბსოლუტურად მიუკერძოებელი ზემდგომი, რომელიც დაარწმუნებს, რომ ასეთი საბრალდებო გადახრა მცდარია. ასეთ შემთხვევაში განიცდი კაცი სინდისის ქენჯნას.
მართლმსაჯულების სისტემის ზნეობრიობას მისი აბსოლუტური დამოუკიდებლობა განაპირობებს.
ჩემს პრაქტიკაში იყო საქმეები, რომელთა შესწავლის დროს ჯიქურად ვცდილობდი, მივწოლოდი საქმეს; იყო შემთხვევები, როცა ვითვალისწინებდი გარკვეული ელიტის მოსაზრებებს. აი, ეს უნდა იყოს გამორიცხული.
მე და ალე შუშანაშვილი, ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე, ხშირად ვდაობდით, რა გამოასწორებდა სიტუაციას და როგორი უნდა იყოს სამართლიანი მართლმსაჯულება. მიმაჩნდა და მიმაჩნია და ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება სახელმწიფო ძალაუფლების დამოუკიდებელი შტოა, სასამართლო მხოლოდ და მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული კორპუსით უნდა დაკომპლექტდეს, ეფექტიანად მოქმედებდეს დამოუკიდებელი იუსტიციის საბჭო! აი, მაშინ არ იქნება მართლმსაჯულება ყოველგვარი უკეთურების მიერ შერყვნილი.
_ თქვენს კონკრეტულ შეცდომაზე რას იტყვით?
_ დავუშვი შეცდომა და დღესაც ვერ მომინელებია… მაშინ უდიდეს საქმეთა გამომძიებლად ვმუშაობდი. დეტექტიური ისტორიაა, ძალიან საინტერესო, მაგრამ შორს წაგვიყვანს, და ამიტომ მოკლედ გეტყვით. დღესაც მახსოვს, 12 ივლისი იყო, როცა გენერალურმა პროკურორმა არონ ტაკიძემ ერთი უცნაური მკვლელობის გამოძიება დამავალა.
მსხვერპლი ახალგაზრდა ქალი იყო, რომლის გვამი, ტახტში ჩადებული შემთხვევით აღმოაჩინეს გლდანის მიწის ნაკვეთების ტერიტორიაზე, რომელიც მუშა-მოსამსახურეებს პირადი მოხმარებისთვის დასამუშავებლად ჰქონდათ სახელმწიფოს მიერ განაწილებული. ხელმოსაკიდი პრაქტიკულად არაფერი იყო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევით, ფაქტობრივი წვრილმანები ლოგიკურად ავკინძეთ და გამოიკვეთა სავარაუდო მკვლელი _ ახალგაზრდა კაცი, რომელიც ამ ქალის ქმარი იყო. წინასწარი პატიმრობა მოვითხოვე და პროკურორმაც ბრალდებას მხარი დაუჭირა.
წინასწარი პატიმრობა ხუმრობა საქმე არ არის.
გავაგრძელეთ გამოძიება და გაირკვა, რომ მოკლული აღმოჩნდა აბსოლუტური ორეული ჩვენ მიერ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ცოლის, რომელიც რაღაც ოჯახური კონფლიქტის გამო სახლიდან იყო გაქცეული.
რა თქმა უნდა, სამართალმა პური ჭამა: აღმოვაჩინეთ ნამდვილი მკვლელი, რომელსაც სრულად მიეზღო, რაც ეკუთვნოდა. ის უდანაშაულო ახალგაზრდა, ცხადია, გამართლდა. მაგრამ, ორი კვირა კაგებეს იზოლატორში რომ დაჰყო, არასრულყოფილი გამოძიების მიზეზით, სწორედ ეს ვერ მომინელებია.
_ აღარ შეხვედრიხართ იმ ყოფილ ეჭვმიტანილს?
_ არა.
_ თქვენ ეს-ესაა თქვით, რომ გამომძიებელში ერთმანეთს უპირისპირდება პროფესიონალი და ადამიანი, ხოლო გადახრამ ბრალდებისკენ შეიძლება მცდარი გზით წაიყვანოს გამოძიება. მაგრამ ხომ არ გამორიცხავთ, რომ გარკვეულ შემთხვევაში წინასწარი განწყობის გარეშე საქმეში ჩართვა, უბრალოდ, გამორიცხულია, რადგან გაქვთ ინფორმაცია, იცნობთ ფაქტებს, გარემოებას, პროცესებს, რომლებიც ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ქვეყანაში. აფხაზეთის ომისკენ მიმყავს საუბარი. თქვენ ხელმძღვანელობდით საქართველოს პროკურატურის საგამომძიებლო ჯგუფს, რომელიც შეისწავლიდა ომის გამომწვევ მიზეზებს. ძნელი წარმოსადგენია ამ შემთხვევაში მიუკერძოებლობის შენარჩუნება _ წაგვგლიჯეს აფხაზეთი ბოლოსდაბოლოს!
_ ამ შემთხვევაში ადამიანური და პროფესიული ფაქტორები ერთმანეთს დაემთხვა. ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც ჩამომართვით, გითხარით, რომ აფხაზეთის ომი იყო შავი ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. უბედურება მოხდა.
_ ახლა თავიდან რომ ჩადგომოდით იმ ჯგუფს სათავეში, წლების შემდეგ გადასახედიდან შეცვლიდით რამეს, ბატონო ანზორ?
_ ჩვენ ვმუშაობდით ეთნიკური წმენდის პრობლემაზე. სხვა დანაშაულობანი არ შეგვისწავლია… პირდაპირ გეტყვით: არა, არაფერს არ შევცვლიდი.
_ რას იტყვით საქართველშო პირველი პრეზიდენტის _ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ეჭვებზე _ ეს ტრაგედია თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა?
_ ამ საკითხზე ჩემი ვრცელი ინტერვიუები გამოაქვეყნა «ასავალ-დასავალმა». პირველი ეტაპი ჩავატარეთ და აბსოლუტურად ვერავინ _ ვერც პარლამენტის კომისიამ შეცვალა ის გარემოებები, რომლებიც დამყარებული იყო ფაქტოლოგიურ მასალებზე.
_ ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს, შეიძლება ითქვას, თქვენ იყავით მოვლენების ეპიცენტრში, მუშაობდით სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნად. რა მოხდა მაშინ, ბატონო ანზორ?
_ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. მე ველოდი, რომ მოხდებოდა.
_ იყო ეს რევოლუცია თუ სახელმწიფო გადატრიალება?
_ რასაკვირველია, ეს იყო გადატრიალება, კლასიკური ფორმა სახელმწიფო გადატრიალების, მაგრამ, რაგინდ სამწუხარო იყოს, აუცილებლად უნდა მომხდარიყო.
პროკურატურაში მუშაობისას არაერთხელ განმიცხადებია, რომ, თუ ასე გაგრძელდებოდა, რევოლუცია გარდაუვალი იქნებოდა. 2001 წლის დასაწყისში პროკურატურის ორგანოებიდან დიპლომატიურ სამსახურში გადავედი. ისრაელში, საქართველოს საელჩოში რომ ჩავედი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,  თუ რა უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა აღთქმულ ქვეყანაში ჩვენს პრეზიდენტს მისი დამსახურებისა გამო ებრაელების წინაშე. ყოველნაირად ცდილობდნენ დაგვხმარებოდნენ და აბსოლუტურად გულწრფელები იყვნენ ჩვენთან ურთიერთობის დროს. სწორედ მაშინ ვიგრძენი ჩემი უსუსურობა: თურმე არაფერი ვიცოდი, რაც ჩემს ქვეყანაში ხდებოდა. მხოლოდ იქ გავიგე. ერთმა ცნობილმა სახელმწიფო მოღვაწემ მითხრა მაშინ: _ თქვენ ისეთ მდგომარეობაში ხართ, როგორშიც ისრაელი იყო 1950 წელს. ან ჩვენს მსგავსად გამოასწორებთ ვითარებას, ან დაიღუპებით.
_ რატომ გაავლო ასეთი პარალელი?
_ 1949 წლის ბოლოს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენ გურიონთან შედის ისი ჰარელი, მოსადის _ ისრაელის საიდუმლო სამსახურის ახლად დანიშნული დირექტორი, რომელმაც ამ თანამდებობაზე 37 წელიწადს იმსახურა. ვიტებსკელი იყო. მინახავს კიდეც იგი 84-85 წლისა, როცა თელ-ავივის ბაღნარში ისვენებდა. შედის და ეუბნება პრემიერს: _ როგორც ჩანს, ღმერთი სამართლიანი იყო, როცა მთელ მსოფლიოში მიმოგვაბნია. მტანჯავს ფიქრი, ღმერთის წინააღმდეგ ხომ არ წავედით? შევქმენით ჩვენი სახელმწიფო. შევქმენით კი? ვფიქრობ, რომ რაღაც კონგლომერატი შევაკოწიწეთ კორუფციონერებისა და მკვლელების, სისასტიკითა და ქვენა გრძნობებით გამორჩეული ადამიანების. გაგიგიათ, დევიდ, მსგავსი რამ _ 16 ქვეყანაში 16 რეზიდენტი მყავს, მსოფლიოში არ მოიძებნება მათნაირი პროფესიონალები, და ექვსი თვეა, არც ერთ მათგანს ხელფასი არ მიუღია. შემხვდა მეგობარი, რომელსაც ისევ ფიზიკოსი ვგონივარ. გაჭირვებული კაცი თევზის რეწვითაა დაკავებული. მან მითხრა, რომ ნაარიიდან 1200 შეკელის ღირებულების თევზს იაფაში დამკვეთს რომ გაუგზავნის (თელ-ავივის მისადგომებთან) 200 შეკელი რჩება, რადგან დანარჩენი ათასი შეკელი ჩვენს სამართალდამცავებს, ბანდიტებსა და მკვლელებს მიაქვთ. ჩვენი მოსამართლეები მხოლოდ შეკელზე ფიქრობენ, ასევე _ სხვები. შევქმენით კი სახელმწიფო?
ბენ გურიონს უპასუხია: _ კი, ბევრი გვყავს ნაძირალა, მაგრამ ჩვენს სახელმწიფოს ავაშენებთო.
აი, ეს მითხრა ისრაელის ერთმა ცნობილმა სახელმწიფო მოღვაწემ: _ თუ ჩვენსავით თქვენც გადამჭრელად არ იმოქმედეთ, თქვენგან აღარაფერი დარჩება.
2001 წლისთვის ჩვენი ეკონომიკა კოლაფსში აღმოჩნდა, ზნეობის აბსოლუტური დევალვირება მოხდა, საგადასახადო სისტემამ 600 თუ 700 მილიონი ლარი ვერ ამოიღო, მაშინ, როცა გადამხდელებიდან 3,5-4 მილიარდი ლარი გადიოდა.
ათი ათასობით კორუმპირებული დავითხოვეთო, რომ ამბობენ, გული მტკივა, რადგან ეს ადამიანები აღმოჩნდნენ კორუმპირებული სისტემის მსხვერპლნი, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკით მოპყრობამ დააყენა ამ გზაზე. თვეში 60 ლარსაც რომ ვერ მისცემ მილიციელს თუ პოლიციელს, მათგან არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს.
_ გაიგეთ ეს ამბავი და გულში ჩაიხვიეთ?
_ არა. ჯერ კიდევ 2002 წლის თებერვალში ისრაელიდან წერილები გამოვუგზავნე ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას, სადაც ვასაბუთებდი, რომ ეკონომიკური დანაშაულობანი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით საშიშ ქმედებებს გაუტოლდა. გადამჭრელი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, ისინი თავიანთი ორგანიზებულობით დივერსიისა და საბოტაჟის კლასიკურ ფორმად ჩამოყალიბდებოდა. ხაზგასმით ვამბობდი, რომ საჯარო მოხელეთა ზღვარგადასული თვითნებობა, ზნეობის არნახული მასშტაბით დევალვაცია, ტოტალური სიცრუე, დროული და სწორი გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა, ზოგჯერ წინასწარი განზრახვით ბლოკირება განაპირობებდა ქვეყანაში კატასტროფული მოვლენების განვითარებას. წერილები გამოვუგზავნე ქვეყნის ხელმძღვანელობას, სადაც ეს ყველაფერი გადმოვეცი და ჩემი წინადადებებიც წამოვაყენე.
_ თქვენი დაბრუნება ქვეყნის მართვის უმაღლეს ეშელონში ამან ხომ არ განაპირობა?
_ ზუსტად ეს იყო.
_ მაგრამ ვერ მოასწარით?
_ რას მოვასწრებდი, როცა აგვისტოში ჩამოვედი. ორი-სამი მწვავე თათბირი კი ჩავატარეთ, მაგრამ ეს წყლის ნაყვა იყო, რაც ვუთხარი კიდეც ბატონ პრეზიდენტს მთავრობის სხდომაზე. საჭირო იყო კარდინალური ღონისძიებების განხორციელება.
ქვეყანაში ყველა რესურსი არსებობდა მდგომარეობის გამოსასწორებლად.
_ ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ მითხრა, რომ უნდა შევდგომოდით კორუფციის აღმოფხვრას და არ დაგვცალდაო.
_ დიახ. არც დრომ, არც სიტუაციამ ჩვენთვის არ იმუშავა.
თქვენ მითხარით, რომ 2003 წლის ნოემბერში მოვლენების ეპიცენტრში ვტრიალებდი. დიახ, ასე იყო და, მაშინ უსისხლოდ რომ დამთავრდა სახელმწიფო გადატრიალება, ეს კიდევ ერთი დასტურია იმდროინდელი პრეზიდენტის _ ედუარდ შევარდნაძის ჰუმანიზმისა და დემოკრატიულობის. როცა ძალის გამოყენებაზე დაიწყეს ლაპარაკი, მაშინ მან თქვა, რომ არც ერთი ჩვენგანის არა თუ თანამდებობა, სიცოცხლეც კი არ ღირს ჩვენი მოქალაქის სისხლის წვეთადაც კი. საშინელებაა იმის წარმოდგენა, რა დატრიალდებოდა, რამდენიმე თავზეხელაღებული რომ გამოჩენილიყო და ცეცხლი გაეხსნა. ამ ჩვენი ძლევამოსილი «რევოლუციონერების» კვალი და სახსენებელი ისე გაქრებოდა, როგორც ცხელ ქვიშაზე დასხმული ჭიქა წყალი.
აორთქლდებოდნენ.
იცოდნენ, რომ შევარდნაძე სისხლს არ დაღვრიდა და მათი «გულადობაც» ამით აიხსნება.
_ რა თქმა უნდა, დამერწმუნებით, რომ ისრაელის ხელისუფლება, მოქალაქეები ყოველთვის კეთილგანწყობილი ყურადღებით ეკიდებოდნენ საქართველოს. საუკუნეებში გამოვატარეთ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა… მაგრამ ფაქტია, რომ, ერთი ხანია, ბზარი გაჩნდა ჩვენს ურთიერთობაში. ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. ფუქსის საქმეში უნდა ვეძებოთ. მე არ გკითხავთ ამ სკანდალის სამართლებრივი ასპექტის თაობაზე, მაგრამ ადამიანურად როგორ აფასებთ იმ რეზონანსს, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმემ გამოიწვია?
_ საქმის მასალებს არ ვიცნობ და თავს ვერ მივცემ ისეთი ფუფუნების უფლებას, რასაც ზოგიერთი პოლიტიკოსი ან ჟურნალისტი თავის თავს აძლევს. მაგრამ, როცა ისრაელში ვესაუბრებოდი გარკვეული წრეების წარმომადგენლებს, ისინი კი ყურადსაღები პიროვნებები არიან, ვერაფერი ვუთხარი მათ მიერ წამოყენებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რაც ამ სკანდალის ფორმას შეეხებოდა _ ეს ადამიანები უმაღლეს დონეზე ოფიციალურად მიიწვიეს, ჩამოიყვანეს, დააპატიმრეს. თავიდან კი არ აიცილეს დანაშაული, სპეციალურად ჩაადენინეს.
ამჟამინდელი დაძაბულობა კი, დარწმუნებული ვარ, დაცხრება.
_ იმედი ვიქონიოთ, მაგრამ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის რომელიღაც გუნდის მიერ წამოყრანტალებული იდიოტური პასუხი კითხვაზე ჰიტლერმა კარგი რა გააკეთა და _ ყველა ებრაული ოჯახი უფასო გაზით უზრუნველყოო, ეს მარტო იუმორთან მწყრალად ყოფნით ვერ აიხსნება. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ «ხალისიანთა» შორის ჩვენი მთავრობის ორი მინისტრი აღმოჩნდა, რომლებიც იქ ესწრებოდნენ და პროტესტი არანაირი ფორმით არ გამოუხატავთ. შემდეგ კი მოიხადეს ბოდიში, მაგრამ _ დაგვიანებით, როცა მთელი ამბავი ატყდა ამ იუდოფიური ფრაზის გამო.
_ ამ კერძო შემთხვევის ახსნა გაუნათლებლობით თუ შეიძლება. ამის მთქმელსაც და ტაშის დამკვრელსაც, ეტყობა, არაფერი გაუგია ჰოლოკოსტის შესახებ, წარმოდგენა არ აქვთ ფაშიზმის კაცთმოძულეობაზე და ა.შ. 26 საუკუნის მანძილზე ვერავითარმა ქარტეხილმა ვერ შეარყია ჩვენი მეგობრობა და, არა მგონია, ამ სულელურმა გამოხდომამ რაიმე ავნოს.
ისე კი ნიშანდობლივია: რაღაც დავაკელით ახალგაზრდების აღზრდას და, რაც უარესია, მთავრობის წევრთა შერჩევაშიც ყველაფერი რიგზე არ გვაქვს.
_ რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შეიძლება გთხოვოთ კომენტარი?
_ კონფესიებთან დაკავშირებით პრობლემების მოწესრიგება რთული არ არის. მაგრამ, როცა ქვეყნის სულიერების საჭეთმპყრობელი, უწმინდესი და უნეტარესი გთხოვთ, ნაჩქარევად ნუ მიიღებთო გადაწყვეტილებას, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვუწონებ პარლამენტარებს, ან ვინც გინდა იყოს, ამ თხოვნის იგნორირებას. ასეთი რამ დაუშვებელია!
რომელი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გაბედავდა რომის პაპის ან რაბინატის თხოვნის შეუსრულებლობას?!
ამ საკითხში თავს კომპეტენტურად ვერ მივიჩნევ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ნაცვალგების პრინციპი. უმჯობესი იქნება, რომ ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდნენ.
_ აქეთ მართლმადიდებლურ ეკლესიას უპირისპირდება ჩვენი ხელისუფლება, იქით რუსეთთან სულ უფრო ღრმავდება უფსკრული, ჩვენ კი ვდგავართ ერთ ნაპირზე და ვიყეფებით. გაუგებარი და (თავს უფლებას მივცემ, ვთქვა) მავნე დიპლომატიაა.
_ რაგინდ მტკივნეული და მიუღებელი შეიძლება მოგეჩვენოთ ის, რის თქმასაც ვაპირებ, მაინც ვიტყვი: იმაზე უფრო საშიში ვითარება შეიძლება შეიქმნას საქართველოში, როგორზეც უკვე ვილაპარაკეთ, თუ რუსეთთან ურთიერთობა არ აღდგება.
_ ამჟამად რასა იქმთ, ბატონო ანზორ?
_ როგორც თავისუფალი მოქალაქე, სამართალსა და მოკრძალებული დიპლომატიური გამოცდილების საფუძველზე კონსულტირებას ვუწევ დიპლომატიური და სამართლებრივი კვლევით დაინტერესებულ პირებს, დანარჩენ დროს ვკითხულობ წიგნებს და შვილიშვილებთან ვერთობი.
ღმერთი სამართლიანია, ქართველი ხალხი იმსახურებს მშვიდობას, კეთილდღეობასა და უკეთეს მომავალს. ვნატრობ, რომ აღდგეს საქართველოს ერთიანობა, რომელიც მეზობლების კბენითა და, როგორც თქვენ თქვით, ყეფით  ვერასოდეს აღდგება.
_ ხომ არ აპირებთ მემუარების დაწერას?
_ არა. იმიტომ, რომ ბევრს გული დასწყდება, იმიტომაც, რომ სიმართლეს ბოლომდე მაინც ვერ ვიტყვი… ჩემი მწირი მონაცემების საფუძველზე კი გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია. ჩემს ამ პოზიციას ზუსტად მიესადაგება ასეთი სენტენცია: «სანამ შეგიძლია, დელიკატურად თქვი «არა». მაგრამ თუ «ხო» თქვი, ბოლომდე მიჰყევი».
_ ვინმეს თუ დაუძალებია თქვენთვის _ ელიტას, ხელმძღვანელობას _ გამოძიების ისე წარმართვა, რომ ვინმესთვის, სლენგს თუ ვიხმართ, «შეგეტენათ» დანაშაული?
_ ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა მსგავსი რამ. არც გაუბედავს ვინმეს, არც მე გამიბედავს ჩემი თანამშრომლებისთვის. მადლობა ღმერთს, ცოცხლები არიან და დაინტერესებულ ადამიანებს დაუდასტურებენ.
თუმცა პროფესიული დავა და კამათი ყოველთვის გვქონდა.
ესაუბრა არმაზ სანებლიძე
 
P.S. კარგა ხანს გაგრძელდა ჩვენი საუბარი, რაც და რაც ითქვა, იმაზე მეტი ნაგულისხმევი იყო, ქვეტექსტში მოცემული და მისახვედრი. და, ღმერთო ჩემო, რა მართალი ყოფილა ამ პუბლიკაციის დასაწყისში ნახსენები ნოდარ ჯინჯიხაშვილი (ჯინი), რომელიც ამბობდა: «ადამიანები, რომლებიც იგებენ მხოლოდ იმას, რისი გაგებაც შეიძლება, ცოტას იგებენ».
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here