Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილმა სარკეების მსხვრევა დაიწყო?

სააკაშვილმა სარკეების მსხვრევა დაიწყო?

624

GEWORLD.NET:
პარანოია, შიზოფრენია, რეაქტიული ფსიქოზი… სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს, როდესაც რეჟიმის მორიგი გამოხდომის შესახებ ვიგებ, დროის ეკონომიის მიზნით, მაშინვე «ფსიქიატრის ცნობარს» ვშლი და სავარაუდო მოტივების დადგენას მისი მეშვეობით ვცდილობ. რა თქმა უნდა, შეიძლება რთულია ლოგიკური და კონსპიროლოგიური კონსტრუქციების აგება, ვარაუდების გამოთქმა, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკის ნებისმიერ კვლევას, საბოლოო ჯამში, მაინც ხსენებული ცნობარის გაყვითლებულ, დამამშვიდებელი ეფექტის მქონე ფურცლებამდე მივყავართ. მაშ ასე, «ფოტოგრაფების საქმე»… შიზოფრენია, პარანოია, რეაქტიული ფსიქოზია…

რკინის ფარდა ეშვება
«ფოტოგრაფების საქმესთან» დაკავშირებით ბევრი ვერსია გავრცელდა, მათგან ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი, ალბათ, ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ფოტოგრაფებს 26 მაისის დარბევის ამსახველი ფოტოების გავრცელება არ აპატია. ლოგიკა ამ ვარაუდში ნამდვილად არის და ის შეიძლება შემდეგმა ფაქტმა გაამყაროს: 26 მაისის შემდეგ შემოსავლების სამსახური «მედიაპალიტრაში» შევიდა, რომლის ერთ-ერთმა სტრუქტურამ, Palitra TV-მ აქციის არაადამიანური დარბევის შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში ერთ-ერთი საკვანძო როლი შეასრულა. რომ არა ახლახან დაპატიმრებული ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოები და Palitra TV-ს სანიმუშო მუშაობა ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ქართული და უცხოური საზოგადოებისთვის გაცილებით რთული იქნებოდა იმის გააზრება, თუ რა ჩაიდინა სააკაშვილის ხელისუფლებამ 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე.
ამ მასალების გავრცელების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი მსოფლიოში (საქართველოზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია), სავარაუდოდ, სამუდამოდ დაემშვიდობა ილუზიებს იმის თაობაზე, რომ საქართველოში საქმე აქვს «დემოკრატიის შუქურასთან», «სამაგალითო პოლიციასთან», «პროგრესულ ლიდერთან», მოკლედ ყველაფერ იმასთან, რაც ადრე ერთი ბანალური დიქტატურის სახეს ფარავდა. ცნობილი ფოტოები ასახავდა სააკაშვილის საქართველოს ისეთად, როგორიც ის სინამდვილეში არის, ყოველგვარი დამახინჯების ან შელამაზების გარეშე; ფოტოებმა ერთგვარი სარკის როლი შეასრულა, რომელშიც რეალობა 100%-იანი სიზუსტით აირეკლა.
რუსებს ერთი გენიალური ძველი ანდაზა აქვთ _ Неча на зеркало пенять, коли рожа крива; შემთხვევები, როდესაც ადამიანი საკუთარ სიმახინჯეს სარკეს აბრალებს, როგორც უკვე ვთქვით, აღწერილია სპეციალურ ლიტერატურაში, რომელთაგან განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ Jahrbuch fur psychoanlytische und psychopathologische Forschungen.  თუმცა, თუ განხილული ვერსიის ჩარჩოებში დავრჩებით, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ხელისუფლება სწორედ რომ სარკეების მსხვრევას შეუდგა; ფოტოგრაფების დაპატიმრება კი, სავარაუდოდ, შეიცავდა ძალიან მკაფიო მესიჯს მედიაში მომუშავე ყველა ადამიანის მიმართ.
სხვაგვარად, ალბათ, არც შეიძლებოდა მომხდარიყო: რეჟიმი იცვლება და საქართველოს მოქალაქეებს განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს. «დემოკრატობანას» თამაში დასრულდა, ამიერიდან სააკაშვილის ხელისუფლება, სავარაუდოდ, აბსოლუტურად შეუწყნარებელი გახდება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ობიექტურ ინფორმაციას ავრცელებენ. დღეს ბევრი კოლეგისთვის ეს ჯერ კიდევ დაუჯერებელი ჩანს, თუმცა გამორიცხულია, რეჟიმის ტრანსფორმაცია მედია-გარემოზე არ აისახოს. წარმოუდგენელია, აღვირახსნილი დიქტატურის პირობებში, რომლისკენაც სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ (შესაძლოა, უკვე მივედით კიდეც), მმართველებმა დამოუკიდებელი ან თუნდაც «ნაწილობრივ დამოუკიდებელი» მედიის არსებობა დაუშვან (მაგალითისთვის: «ლათინური ამერიკის ენციკლოპედია», II ტომი; ნიკარაგუა, სალვადორი და ასე შემდეგ, ანბანის მიხედვით. უფრო ახლოს _ უზბეკეთი, თურქმენეთი და სხვა).
ცხადია, XXI საუკუნეში შეუძლებელია, ყველას კამერა და კომპიუტერი ჩამოართვა და ინტერნეტი გაუთიშო. სააკაშვილს არ აქვს იმის რესურსი, რომ საქართველოს საზღვრებზე გაუმჭვირვალე «რკინის ფარდა» აღმართოს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება «სარკეების მსხვრევას» არ განაგრძობს. დღევანდელი ტენდენციების გათვალისწინებით, ზეწოლა მედიაზე, სავარაუდოდ, უფრო სერიოზული გახდება; ახლო მომავალში ვერც ჟურნალისტების დაპატიმრებას, ვერც სხვა სახის რეპრესიებს გამოვრიცხავთ. თამაშის წესები შეიცვალა, უფრო სწორად, თამაშის წესები აღარ არსებობს.
ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება ორი ფოტოგრაფის სატელეფონო საუბარს საბანკო რეკვიზიტების შესახებ ჯაშუშური საქმიანობის დამადასტურებელ მნიშვნელოვან ფაქტად წარმოაჩენს, ინფორმაციის ლეგალურ შეგროვებასთან და გავრცელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება სერიოზულ საფრთხეს დაუკავშირდეს. სხვათა შორის, ამ თემაზე რამდენიმე კოლეგასთან საინტერესო საუბარი მქონდა, რომლის რამდენიმე დეტალი მინდა გაგიზიაროთ.
იმპერიის უკანასკნელი სამურაი
«ფოტოგრაფების საქმის» კვალობაზე, კოლეგები იხსენებდნენ, თუ როდის, რომელ უცხოურ საინფორმაციო საშუალებასთან ჰქონდათ კონტაქტი და შეიძლება თუ არა ამის გამო ისინი შესაბამისი ქვეყნების ჯაშუშებად გამოაცხადონ. ყველას ქვეყნების თითქმის იდენტური ჩამონათვალი ჰქონდა: აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია. შედარებით იშვიათად ახსენებდნენ ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებს, აგრეთვე, ისრაელს, აზერბაიჯანსა და სომხეთს. პრინციპში, სულ ეს იყო, სხვა ქვეყნების მედიასაშუალებებს დიდად არ ვაინტერესებთ, მათ თავიანთი გასაჭირი ჰყოფნით.
მაგრამ ვინაიდან ბრძნული წიგნი «ჰაგაკურე» ჭეშმარიტ სამურაის მოუწოდებს, დროდადრო წაიტრაბახოს კიდეც, ავდექი და ვუთხარი: «თავის დროზე კონტაქტი იაპონელ კოლეგებთან მქონდა. მაშასადამე, როდესაც თქვენ გაგასამართლებენ, როგორც იმ ჩვეულებრივი ქვეყნების ბანალურ შპიონებს, მე იაპონიის მზვერავის განსხვავებული სტატუსი მექნება, რაც ჩემს სასამართლო პროცესს განსხვავებულ, რომანტიულ ელფერს შესძენს».
ვაღიარებ, რომ იაპონელ კოლეგებს ინფორმაციას ვაწვდიდი, მეტიც, ტელეფონითაც კი ვესაუბრებოდი მათ. ვზივარ ახლა ჩემს მყუდრო ბაღში, საკურას ფოთლების ცვენას ვაკვირდები. წინ იმპერატორის პორტრეტი მიდევს, მარცხნივ _ ერთი ფიალა საკე, მარჯვნივ _ გაშიშვლებული მახვილი; ყოველი შემთხვევისთვის კიმონოც გავიხადე. «ხარაკირის დროს მთავარია, თავიდან მახვილი მარცხნიდან მარჯვნივ და ზემოთ მიმართო, დანარჩენს თვითონ მიხვდები, შვილო,» _ მეუბნებოდა ხოლმე ჩემი უშუალო კურატორი, პერლ-ჰარბორის ვეტერან, მხცოვანი პოლკოვნიკი ჰაიტეხირო კობაიაში. «ნუ ღელავთ, სენსეი, _ ვპასუხობდი ამაყად, _ მე იმპერიას არ შევარცხვენ».
ამომავალი მზის სხივებში წარსულის აჩრდილები მიახლოვდებიან. ვხედავ, თუ როგორ ზის მოხუცი სენსეი, მზვერავთა სკოლის ეზოში და კურსანტებს ღირსებაზე ესაუბრება. ის საუბარი ბუნდოვნად მახსოვს, ვინაიდან მაშინაც საკეთი გაბრუებული საკურას ვუყურებდი, თუმცა შემდეგ ჭკუა ვიხმარე და კონსპექტი გადავიწერე. ის საკმაოდ მოკლე იყო, რადგან სამი იაპონური იეროგლიფით გაცილებით მეტი ინფორმაციის გადმოცემა შეიძლება, ვიდრე ჩვენებური სამი ასოთი, თუ, ცხადია, გამონაკლის შემთხვევებს არ ჩავთვლით.
«კაცი, რომელიც სულელს ემორჩილება, თვითონ ხდება სულელი, _ ჩუმი ხმით ამბობდა პოლკოვნიკი კობაიაში, _ კაცი, რომელიც ლაჩარს ემორჩილება, ღირსებას კარგავს». შემდეგ მან მოყვა გრძელი, ტოკუგავას სეგუნატის დროინდელი ისტორია, რომელშიც ფიგურირებდა ვიღაც თავადი, რომელსაც ყველგან მტერი ელანდებოდა, შიშისგან მიწაზე დახოხავდა და თავის კიმონოს ჭამდა. ცხადია, მასზე არ ვსაუბრობდით, რადგან ასეთ ადამიანებზე მსჯელობა თავისთავად ინტელექტის შეურაცხყოფაა და სენსეი ამას არ გვაკადრებდა. მისი ყურადღების ცენტრში იმ თავადის ვასალების ტრაგიკული ბედი მოექცა, რომელთაც ისტორიის ფინალისკენ აღარავინ თვლიდა არა მხოლოდ სამურაებად, არამედ კაცებად საერთოდ. ზოგი მათგანი ამის გამო ჩუმად იტანჯებოდა, უმრავლესობამ კი ღირსებაზე ფიქრს თავი დაანება და სინდისზე ხელი აიღო. «მაგრამ, სენსეი, _ წამოხტა უცებ ერთ-ერთი კურსანტი, იოში ფუტიდა, _ რა უნდა ექნათ? ხარაკირი გაეკეთებინათ?». «არავითარ შემთხვევაში, _ სწრაფად მიუგო პოლკოვნიკმა და თვალებში ჩახედა, _ ხოლო იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინათ იმ სამურაებს, ორშაბათისთვის რეფერატს დამიწერ».
კარგი კაცი იყო ცხონებული სენსეი, თუმცა მთავარ თემას დავუბრუნდეთ. ბოლო მოვლენები აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის, განსაკუთრებით კი მედიაში დასაქმებული ადამიანების წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენოს მათი კონტაქტი უცხოურ საინფორმაციო საშუალებებთან და უცხოელებთან. ამიტომ, ალბათ, ლოგიკური იქნება, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს ახალი მუხლი «უცხოელებთან არასანქცირებული კონტაქტების შესახებ»; მსგავსი მუხლი ადრე არაერთი ტოტალიტარული სახელმწიფოს კანონმდებლობაში არსებობდა.
აგრეთვე, ალბათ, უმორჩილესად უნდა ვთხოვოთ ჩვენი კანონმდებლობის ბურჯს, ჩვენს სოლონს და ლიკურგეს ერთ ფლაკონში, დეპუტატ პავლე კუბლაშვილს, რომ შეადგინოს კანონპროექტი «ტელეფონით საუბრის შესახებ», სადაც მკაფიოდ გაიწერება, რა ტიპის საუბრებია დასჯადი. არარაციონალურია, ყველა შპიონაჟისთვის დაიჭირო, ამას პროგრესული კაცობრიობა ვერ გაიგებს. ისედაც ხომ ყველა დაგვცინის, შემდეგ უარესი იქნება. ახალ რეალობაში კი ხელისუფლება ციხეში ზოგს ტელეფონით საუბრისთვის ჩააყუდებს, ზოგს უცხოელებთან კონტაქტისთვის და ვეღარავინ იტყვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას შპიონომანია და ღრმა კოგნიტურ დისონანსზე დაფუძნებული შიზოიდური ტიპის პარანოიდალური ინდუქციური ფსიქოზი სჭირს. საქართველოს იმიჯს წაადგება, ბატონო პავლე…
გაითვალისწინეთ, ბატონო პავლე, რომ ამ საქმეში პირადი დაინტერესება არ მაქვს. მე იაპონელ ჟურნალისტებთან კონტაქტი მქონდა და საპატიმროში, სავარაუდოდ, სწორედ იაპონიის ჯაშუშის სტატუსით წავალ, სადაც სევდიანად ვიფიქრებ იმაზე, რომ სადღაც იქ, ფუძიამას მწვერვალზე, ამაყად ფრიალებს იმპერიის თეთრი ბაირაღი მასზე გამოსახული ამომავალი მზით.
გვირაბის ბოლოს
ჩვენ, შესაძლოა, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში, სავარაუდოდ, თვისობრივად ახალი ეტაპი იწყება, რომელსაც თავისი დამთრგუნველი უიმედობით მხოლოდ «ბნელ საუკუნეებს», «ბნელ ხანას» თუ შევადარებთ, ანტიკური სამყაროს განადგურებას რომ მოჰყვა. მუდმივი ეკონომიკური კრიზისი, აღვირახსნილი დესპოტიზმი, გაუნათლებლობა, ბარბაროსული «ღირებულებებისა» და ზოგადი ბარბაროსობის საყოველთაო დამკვიდრება, უუფლებობა, სოციალური კავშირების რღვევა, მედიცინისა და კულტურის დეგრადაცია და, რაც მთავარია, უიმედობა, იმის განცდა, რომ სინათლე გვირაბის ბოლოს არასოდეს გამოჩნდება.
«ბნელი საუკუნეების» შესახებ ერთმა ისტორიკოსმა, საკმაოდ საინტერესო რამ თქვა: «ამ დროს გაქრნენ არა მონები (იგულისხმა რა მონათმფლობელობის ჩანაცვლება ფეოდალიზმით), არამედ თავისუფალი ადამიანები». დღევანდელი საქართველოც, სავარაუდოდ, იმ მიჯნას უახლოვდება, როდესაც მასში თავისუფალი ადამიანის გაჩერება შეუძლებელი გახდება. სისტემა მას ან დაიმორჩილებს, ან ქვეყნიდან წასვლას აიძულებს, ან, უბრალოდ, გადაუვლის. ამ ახალი ეპოქის თვალშისაცემი ნიშნების დანახვა ყოველ ნაბიჯზე, ალბათ, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საზოგადოება, ალბათ, იმაშიც დარწმუნდა, რომ ხსნას შექმნილ მდგომარეობაში არც ერთი ოპოზიციური პარტიისგან არ უნდა ელოდოს. გამორიცხული არაა, რომ მათ სათავეში პროგრესულად მოაზროვნე, კარგი ადამიანები დგანან, თუმცა ისინი ალტერნატიული პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზებას ვერა და ვერ ახერხებენ. აგერ «ექვსიანმა» გვამცნო, რომ ეროვნული მასშტაბით იწყებს კამპანიას სახელწოდებით «მახსოვს!», რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე გასტანს და რომლის მიზანი იქნება «უსამართლო ხელისუფლების ჭეშმარიტი სახის წარმოჩენა და იმის დემონსტრირება, თუ რისი დავიწყება არ შეიძლება».
ზოგადად, «მახსოვს!» მშვენიერი სახელწოდებაა სკლეროზის (ან მარაზმის) მსხვერპლთა საზოგადოებისთვის, მაგრამ, ალბათ, აჯობებს, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველას ყველაფერი ახსოვს და ხელისუფლების სახესაც ყველა მშვენივრად ხედავს. დღეს, სავარაუდოდ, უფრო აქტუალური იქნებოდა საუბარი პრინციპული ხასიათის გადაწყვეტილებებზე და არა სკლეროზის ზოგად პროფილაქტიკაზე. «ექვსიანს», ცხადია, სხვა ძლიერ პროგრესული ინიციატივებიც აქვს და მას, ალბათ, წარმატებები უნდა ვუსურვოთ, მაგრამ საზოგადოებას, სავარაუდოდ, სხვა თემები აინტერესებს; ყველაზე მნიშვნელოვანი კი მისთვის დღეს, ალბათ, უიმედობის დამარცხებაა.
«ბნელი საუკუნეების» მსგავს ეპოქებს, როდესაც ერთიანი სოციალური ქსოვილი ცალკეულ დათრგუნულ ატომებად იშლება, ერთადერთი დადებითი მომენტი ახასიათებს. ადამიანები ხსნას ეძებენ და მათი ინტერესი რელიგიის მიმართ მკვეთრად იზრდება. რაღაც მომენტში მათ ახსენდებათ, რომ ქრისტე არა მხოლოდ მანუგეშებელია, არამედ გამათავისუფლებელიც და თავისუფლების მოპოვებაც სწორედ ამ ფაქტის გაცნობიერებიდან იწყება. შუა საუკუნეების ისტორიას რომ არ ჩავუღრმავდეთ, შეგვიძლია პრაქტიკულად ჩვენს დროში ლათინურ ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდეთ, როდესაც ყველაზე სასტიკი მარიონეტული დიქტატურების პირობებში დაიბადა «გათავისუფლების თეოლოგია», რომელმაც ბიძგი უსერიოზულეს პოლიტიკურ პროცესებს მისცა. დღეს ლათინური ამერიკა გაცილებით თავისუფალია ადგილობრივი ტირანებისგან და მათი უცხოელი პატრონებისგან, ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინ იყო და ამაში ძალიან დიდი როლი იმას მიუძღვის, რომ ყველაზე რთულ და უიმედო მომენტში ადამიანები საკუთარ რწმენაზე და მისგან გამომდინარე პრინციპებზე დაფიქრდნენ. გამორიცხული არაა, რომ გათავისუფლების თვისობრივად ახალი იდეოლოგია საქართველოშიც ქრისტიანობის მყარ ფუნდამენტზე აღმოცენდება.
დიმიტრი მონიავა
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here