GEWORLD.NET:
წვრილი შრიფტით აკრეფილი “სუბტიტრების ყურებით დაქანცული ჩვენი მოსახლეობა ვეღარც ფილმებს ადევნებს თვალს და ვერც იმ ტენდენციებს მიჰყვება, რომლებიც გულდაგულ შენიღბა ჩვენმა ხელისუფლებამ. ერთმანეთს მიყოლებული აბსურდული გადაწყვეტილებების სისტემაში მოქცევა იმიტომაც ჭირს, რომ შერლოკ ჰოლმსის მარტივი მეთოდია ამოქმედებული: თუ გინდა რაიმე გადამალო, ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე უნდა დადო.
საზოგადოება 5 ივლისიდან ღელავს. ხელისუფლებამ არც რელიგიური ორგანიზაციებისთვის სტატუსის მინიჭების სტახანოვური გრაფიკით განხილვა შეაჩერა და არც 7 ივლისს შეუხრია წარბი, როცა პატრიარქმა პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენება სთხოვა. ნაციონალური ტელევიზიების გვარდიამ უტიფრად გვამცნო, რომ პრეზიდენტს წინა საღამოს, 6 ივლისს, სასწრაფოდ მოუწერია ხელი კანონისთვის.
მოვლენათა დინამიკა ასე გამოიყურება: 1 ივლისს, პარასკევს, საგაზაფხულო სესიის დახურვის დღეს, პარლამენტმა ისეთი სიჩქარით მიიღო ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით, რომ არც საკომიტეტო მოსმენები გაუმართავს და არც კვალიფიციური იურისტებისთვის უკითხავს რჩევა. კენჭი უყარეს აშკარად დისკრიმინაციულ დოკუმენტს, რომელიც მხოლოდ ხუთ რელიგიურ ორგანიზაციას აძლევდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრაციის უფლებას. პატრიარქის თხოვნის მიუხედავად, პრეზიდენტმა რიგგარეშე სესია მოიწვია და 5 ივლისს ცვლილებები მეორე-მესამე მოსმენით სასწრაფოდ მიიღეს.
ეს რომ შემთხვევითობა არ არის, ადვილად დავრწმუნდებით, თუკი ორიოდე კვირით ადრე ასეთივე დამკვრელური გრაფიკით მიღებულ სხვა კანონპროექტს გავიხსენებთ. ოპოზიციურ «რვიანთან» ჩიხში შესული მოლაპარაკების ფონს გასაყვანად პალიკო კუბლაშვილმა ასევე პარასკევს, საღამოს მიართვა პარტიებს ხელისუფლების საბოლოო წინადადებები და ვადა ორშაბათამდე დაუთქვა. ორშაბათს, დილით «ახალი მემარჯვენეები» ტყვედ ჩაბარდნენ.
აქ კიდევ ერთი ანალოგია გეჩხირება თვალში: ამ შემთხვევაშიც მმართველმა პარტიამ აშკარად ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციული დოკუმენტი შექმნა. შეთანხმებით განსაზღვრული პუნქტები მხოლოდ მის ხელმომწერ სუბიექტებს უნდა შეხებოდა. ორშაბათის კაპიტულაციის შემდეგ «შეცდომა» გაასწორეს. ცვლილებები ყველა საარჩევნო სუბიექტზე გავრცელდა.
«შეცდომა» რელიგიურ ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც «გაასწორეს» და თავდაპირველად 5 ორგანიზაციისთვის მიღებული ცვლილებები ყველა დანარჩენსაც შეეხო, თუმცა იმ 5 ორგანიზაციას მივუბრუნდეთ. კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი უნდა მინიჭებოდა იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომელთაც «გააჩნიათ მჭიდრო ისტორიული კავშირი საქართველოსთან, კერძოდ: რომაულ კათოლიკურ ეკლესიას, სომხურ სამოციქულო ეკლესიას, მუსლიმანთა და იუდეველთა თემებს, ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიას».
სიჩქარესა და ვნებათაღელვაში არავის მიუქცევია ყურადღება იმისთვის, რომ ამ ჩამონათვალში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ნახსენებიც არ იყო, თუმცა ბაპტისტურ ეკლესიაზე გაცილებით უფრო ხანგრძლივი, «მჭიდრო ისტორიული კავშირი გააჩნია საქართველოსთან». საკანონმდებლო ბაკქანალიამ ასევე გადაფარა სხვა მნიშვნელოვანი საკითხი; შარშან, ზაფხულში (ოჰ, ეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ნოვაციებით გაჯერებული ცხელი ზაფხულები!) რამდენიმე რუსული სკოლა დაიხურა, მაგრამ მშობლები იმით დაამშვიდეს, რომ ბავშვები ქართულ სკოლებში სახელდახელოდ შექმნილ რუსულ სექტორზე გადაიყვანეს. ამავე დროს, გასულ სასწავლო წელს რუსულ სექტორზე პირველკლასელები უკვე აღარ მიიღეს.
ამ ზაფხულს კი ცნობილი გახდა, რომ რუსული სექტორიც გაუქმდა და ბავშვები ქართულენოვან სწავლებაზე გადაიყვანეს. მასწავლებლებს საგნების ქართულ ენაზე სწავლება დაავალეს, ხოლო ვინც, მაგალითად, ფიზიკას ან მათემატიკას რუსულენოვან მოსწავლეებს ქართულად ვერ ასწავლის, სამსახურს დაკარგავს. ინგლისური ენა პირველი კლასიდან სავალდებულო გახდა, ხოლო რუსულ ენას, როგორც მეორე უცხო ენას, მეშვიდე კლასიდან შეისწავლიან, თუმცა არჩევანი აქაც არის: ან რუსულს ისწავლი, ან გერმანულს, ოღონდ კვირაში ორ გაკვეთილზე.
«ჩვენ არა ვართ რუსული ენის წინააღმდეგი. თუ ხვალ რუსული ენა საყოველთაო ურთიერთობის ენა გახდება, თუ ყველასთვის _ ჩინელების, ნორვეგიელების, ამერიკელებისთვის აუცილებელი იქნება რუსული ენის ცოდნა წარმატების მისაღწევად, ჩვენც ვისწავლით რუსულს. ამიტომ იმ ენაზე გადავალთ, რომელიც წარმატების მისაღწევად მეტ შესაძლებლობას მოგვცემს,» _ განაცხადა სააკაშვილმა. შემდეგ ისიც დაამატა, რომ არ უყვარდა საბჭოთა კავშირი და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სსრკ საქართველოში არ დაბრუნდეს.
რატომ არ უყვარდა სააკაშვილს საბჭოთა კავშირი, როცა მისი ბებია-ბაბუები დღეს ეგზომ საძულველი საბჭოთა პროფესურის წარმომადგენლები იყვნენ და მაშინდელი ყველა პრივილეგიით სარგებლობდნენ, როცა დედა ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატი იყო, ხოლო ბიძა – საბჭოთა სუკის ჩინოსანი, როცა უკრაინის სსრ-ში საერთაშორისო ინსტიტუტში სწავლობდა, ხოლო საბჭოთა კავშირის სასაზღვრო ჯარში ფიცს რუსულ ენაზე დებდა?
თუმცა «ძაღლ იყოს მისი მკვდრისასა», _ რაღა დროს ოცი წლის წინათ გარდაცვლილი სესერეკაა, ჩვენ ჩვენს ცხვრებს მივხედოთ! უკვე მივხედეთ: ცხვარი არაბებმა გაზიდეს საქართველოდან; ღორი გაწყდა, როცა რამდენიმე წლის წინათ შემოტანილი ვაქცინებით აცრა მოსახლეობამ (ვინც ვერ აცრა, ღორები გადაურჩა!). სამაგიეროდ, შემოტანილი გაყინული ღორის ხორცით იხეირეს იმპორტიორებმა. ძროხის შენახვა გლეხს აღარ უღირს: ურჩევნია, პირდაპირ ხარკი უხადოს ცეზარ ჩოჩელს.
ქართველი ებრაელები საბჭოთა წლებშიც მხოლოდ ხახამის დაკლულ ხორცს მიირთმევდნენ. წესს არავინ არღვევდა. ვინ დანიშნა ჩოჩელი ქართველების ხახამად, გაუგებარია. ან რატომ არის მხოლოდ მის «ბოინში» დაკლული ხორცი ჩვენთვის ქაშერი? და რატომ უნდა უხადოს კილოგრამზე 1,20 ლარი გლეხმა, როცა თავ-ფეხს, ფაშვსა და ტყავს ისედაც ცეზარი იტოვებს? რამზესს (მისი შვილის სახელია) გაფიცებ, რა დაგიშავეს ქართველებმა?
ბიბლიური პატრიარქები რამდენიმე ასეულ წელიწადს ცოცხლობდნენ, ვიდრე წარღვნის შემდეგ უფალმა ადამიანებს ხორცით კვების უფლება არ დართო. ამბობენ, რომ ნოეს შემდეგი თაობების სიცოცხლე ამიტომ გახდა ასეთი ხანმოკლე. იქნებ ჩოჩელი ჩვენს დღეგრძელობაზე ზრუნავს? პეტრე-პავლობას გახსნილდა და ხორციც ამან გამახსენა, ალბათ. თუმცა არც სულიერ საზრდელში გვაქვს საქმე უკეთ.
იმის შემდეგ, რაც რელიგიური ორგანიზაციების შესახებ კანონპროექტი სირბილით გაატარეს პარლამენტიდან პრეზიდენტის რეზიდენციამდე, მისთვის ხმის არმიმცემმა დავით ბაქრაძემ დაგვამშვიდა: «სანამ არსებული ხელისუფლება ქვეყნის სათავეშია, ქართულ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმება არ გადაიხედება და მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული უფლებები ექნება». პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მან ისიც განაცხადა, რომ საქართველოში არსებობს ძირითადი ფუნდამენტალური ღირებულება _ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია.
გაიხარეთ! ახლა მარტო იმათ აღარ დაუძახებენ ფუნდამენტალისტებს, ვინც მართლმადიდებლობას ბაქრაძის მეგობრებისგან იცავდა! თუმცა აქ სხვა რამ არის საყურადღებო: ბაქრაძემ მრევლი დააშანტაჟა, _ თუ არ გინდათ, კონსტიტუციური შეთანხმება გაუქმდეს, ჩვენ უნდა ვიყოთ ხელისუფლებაშიო! ალალი, ბიჭებო!
სინოდის სხდომის გადაწყვეტილების მომლოდინე მრევლიც და წინა დღეებში საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანებიც სხვადასხვა იმედით იყვნენ, მაგრამ ყველაზე უკეთ სათქმელი ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა: მე აქ მართლმადიდებლობის გამო კი არ მოვედი, ეროვნული გრძნობა შემიგინესო. ეროვნული და მართლმადიდებლური იმდენად შერწყმულია ქართველებში, რომ ერთი მეორეს ნიშნავს, თუმცა მხოლოდ წინა საუკუნეში გატოლერანტებულ ევროპელებს ამას ვერ აუხსნი. იქ ხომ რჯულსაც და ენასაც მორიგი ჰერცოგი «უნიშნავდა» ხალხს. მამულს რაც შეეხება, ევროპის საზღვრები იმდენჯერ მიიჭრ-მოიჭრა გამარჯვებული სახელმწიფოების მიერ, რომ მათთვის არც აფხაზეთის გამო წუხილია გასაგები და არც _ ოსეთის.
ერთხელ სტრასბურგში კარგა მოზრდილი ჯგუფი ვიყავით ჩასული. გვიან საღამოს ტრამვაიში ჩავსხედით, მაგრამ გზა აგვერია. ვატმანს ხან ინგლისურად ვკითხეთ, ხან ფრანგულად, მაგრამ ჩვენკენ არც მოუხედავს, ვიდრე ერთი ახალგაზრდა არ მივიდა და ყურში რაღაც არ ჩასჩურჩულა. გახარებულმა ვატმანმა ხუთიოდე წუთში გაგვიჩერა და ჩვენი სასტუმროსკენ მიმავალი გზა აჩვენა იმ ახალგაზრდას. ჩამოვედით თუ არა, ყველამ ის ვიკითხეთ, თუ რა უთხრა ამ ბიჭმა ასეთი მანამდე სფინქსივით მდუმარე ვატმანს.
_ ის ვკითხე, რაც ყველას გვაინტერესებდა, ოღონდ გერმანულადო, _ გვიპასუხა მან და სიცილით დაამატა, _ ასე მითხრა, რაკი ამ ჩემს გერმანულ მიწაზე გერმანულად დამელაპარაკე, ლიანდაგიდანაც რომ დამჭირდეს ტრამვაის გადაყვანა, სასტუმრომდე მაინც მიგიყვანო!
ნურავის ჰგონია, რომ პოლიტკორექტულად დადუმებულ ევროპაში პატრიოტები ან მორწმუნეები არ არიან. არიან, მაგრამ საკუთარ გულს ასკდებიან. ერთხელაც, შარშან, თვით გერმანიის კანცლერმა თავი ვეღარ შეიკავა და მკვახე განცხადება გააკეთა: «ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გერმანულად არ ლაპარაკობს, ჩვენთვის არასასურველია». სტრასბურგელმა ვატმანმა მას რამდენიმე წლით დაასწრო ამის თქმა. შემდეგ მერკელმა ისიც გაიხსენა, რომ 60-იანი წლების დასაწყისში გერმანია უცხოეთიდან მუშახელს იწვევდა: «დღეს ისინი ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ. ჩვენ თავს ვიტყუებდით, ვამბობდით, რომ ოდესმე ისინი წავლენ, მაგრამ სულ სხვანაირად გამოვიდა».
ნურავინ გაღიზიანდება, თუ ქართველებსაც აღარ უნდათ თავის მოტყუება, არც ჩოჩელის დაწესებული მარხვა უნდათ და არც გარეგინ II-ს შეკვეთილი კანონები.
პატარაობისას რომ დამაცემინებდა, ბებია მეტყოდა, _ წყალობაო! კარგა ხნის შემდეგ გავიგე, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა წინაპრების შიშით ამ დალოცვის პირველ სიტყვას გულში ამბობდა, სრულად კი ახლა უკვე მე ვლოცავ ჩემს შვილიშვილს: ღვთის წყალობა!
ნანა დევდარიანი