Home რუბრიკები საზოგადოება მამა პეტრე (კვარაცხელია): საეკლესიო კრება აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ და “ქვაბ-ავაზაკნი” დედა-ეკლესიიდან განვდევნოთ!

მამა პეტრე (კვარაცხელია): საეკლესიო კრება აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ და “ქვაბ-ავაზაკნი” დედა-ეკლესიიდან განვდევნოთ!

“საქართელოდა მსოფლიოს” ესაუბრა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია).
– მამა პეტრე, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ინტერვიუსთვის. ვგრძნობ, გააზრებული გაქვთ, რა მოჰყვება ამას, რამეთუ დღეს არც  პათეტიკის და არც მოჩვენებითი გულწრფელობის დროა. ახლა შეულამაზებელი სიმართლე უნდა ვთქვათ, თუმცა ამის გამო შეიძლება “ჯვარს გაცვან”. რამდენად ხართ მზად ამისთვის?
– ეს საუბარი ჩემი სურვილიც იყო, რადგან ვიცი, სიმართლეს არასოდეს გაურბიხარ. წმინდა ილია მართალი ბრძანებს: “ყოველი ერის გათახსირება მაშინ იწყება, როდესაც იგი თავის ისტორიას ივიწყებსო”. თუმცა შეიძლება ჩვენი ერის ისტორია არ დავივიწყოთ, მაგრამ დამახინჯებულად გვახსოვდეს ან სულაც, გარკვეული მიზნით,  არასწორად გვასწავლიდნენ. ეს კიდევ მეორე უკიდურესობაა, რამაც ძალიან სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ერი.  ჩვენ შეულამაზებელი, ნამდვილი ისტორია უნდა ვიცოდეთ, იმის მიუხედავად, როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს იგი.  მე დღეს სიმართლე ბოლომდე მინდა ვთქვა, რაც არა მხოლოდ მე, არამედ თითქმის მთელს ერს აწუხებს და სტკივა და ზუსტად ვიცი, ჩემს ამ ინტერვიუს რაც მოჰყვება. თქვენ მკითხეთ, ვარ თუ არა მზად შერისხვისთვის, სიმართლის გამო ჯვარცმისთვის? ყველა ქრისტიანი მოწოდებულია, რომ ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს. სახარებაში მაცხოვარი ბრძანებს: “სასუფეველი იიძულებისო”. ჩვენ შეიძლება ამ ჯვარცმას,  ტანჯვას, წამებას ვერ გავუძლოთ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე წინასწარ დავფიქრდებით. ქრისტიანობა მარტვილობაზე და მოწამეობაზე გადის; ქრისტეს რჯული არა მხოლოდ სიტყვით, ამბიონიდან ქადაგებითა და მოწოდებით, არამედ ჩვენი ცხოვრების წესით უნდა დავამოწმოთ.

შირაზს წამებული ქეთევან დედოფალი მახსენდება, რომელმაც წამების წინ განმარტოება სთხოვა ჯალათებს.  ეს განმარტოება მას ისევ უფალთან და არა საკუთარ თავთან მყოფობისთვის უნდოდა და, ვიდრე აწამებდნენ, უფალს შეავედრა საკუთარი ბედკრული ქვეყანა, სული. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: “სამშობლო, ქრისტე!”.
ყველა ქართველის მეხსიერებაში, აზროვნებაში, გენეტიკაში არის კოდი, რომელსაც ვერანაირი ძალა ვერასოდეს აღმოფხვრის. ეს არის მემკვიდრეობით გადმოცემული კოდი, რომელიც ძველი აღთქმიდან მოდის და ამ ძველ აღთქმას  – საფუძველთა საფუძველს ახალი აღთქმისა, უერთდება ქართველი ერის ისტორია,  მოწამეთა და წმინდა მამათა სისხლითა და ცრემლით ნაწერი! წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველი ბრძანებდა: “უფალი ჩემი სამშობლოაო”! ყველა ქრისტიანისთვის, მით უფრო ქართველისთვის, სამშობლო ქრისტეა!
დღეს ერთადერთი იმედი, რაც ქართველ ერს აქვს უფალთან ერთად, ეს არის ქართული სამოციქულო ეკლესიის ცხოველი სიტყვა,  სიტყვა, რომელიც გატარდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სიტყვა, რომელიც უნდა წარმოსთქვან იმ ადამიანებმა, ვისი იმედიც გვაქვს. დღეს თითქოს სასოწარკვეთილებაში ვართ, მაგრამ ასეც არ არის! ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ხდება ჩვენს გამოსაფხიზლებლად, ხდება იმისათვის, რომ წამოვდგეთ ფეხზე და ეს წამოდგომა უდრიდეს ლაზარეს მკვდრეთით აღდგომას.
–  მამა პეტრე, თქვენ თქვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გაატარეთ ბოლნისის ეპარქიაში,  სადაც ქართული მოსახლეობის სიმცირის გამო ქართულ სულს, ქართულ სიტყვას უჭირს და ტკივილი, რომელიც ახლა გალაპარაკებთ, თქვენთვის ახლობელია, ორგანულია. ჩვენი წინაპრების დაშვებულ შეცდომებს ახლა ვიმკით ბოლნისში და არა მხოლოდ იქ. თქვენ პროფესიით ისტორიკოსი ხართ და უპრიანიც არის დღევანდელი რეალობის არა მხოლოდ სულიერ, არამედ ისტორიულ ჭრილში განხილვაც. თქვენ წეღან აღნიშნეთ, ერმა თავისი ნამდვილი, და არა დამახინჯებული,  ისტორია უნდა იცოდეს, სავალალო შედეგამდე რომ არ მივიდესო (ალბათ, ამიტომაც ცდილობენ ისტორიის შელამაზება-გადაკეთებას!).
– დღეს უმძიმესი ჟამი დგას ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ნამდვილად არ დაწყებულა რამდენიმე წლის წინ, გუშინ თუ გუშინწინ. ამას საფუძველი ჩაეყარა მას შემდეგ, რაც (ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი) ქართველი ერი გამოცხადდა საზეპურო ერად, რაც დედა ღვთისმშობელმა მიირქვა იგი, ისევე, როგორც ჩვილი მაცხოვარი და დედა ღვთისმშობლის მადლითა და უშრეტი უკვდავე­ბით იკვებებოდა ჟამითი ჟამად და ასე იქნება ყოველთვის, განა იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ღვთის ნება და ჩვენ ამ ნებას ვერასოდეს შევეწინააღმდეგებით. გაჩნდა შური, გაჩნდა ბოღმა ჩვენი ერის მიმართ და ეს შური იქიდან წამოვიდა, საიდანაც ყველაზე მეტად ადვილი შესაძლებელი იყო, რომ წამოსულიყო. ძალიან ბევრია სათქმელი და ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ერთად თავმოყრა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ ან, ყოველ შემთხვევაში, შევეცადოთ მაინც, რისი თქმაც აუცილებელია. ის, რომ სომეხი ბუნებით მოღალატე და მზაკვარია, ამის შესახებ ჩემი სიტყვებით არ მინდა ვთქვა – მე მინდა მოვიშველიო წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველი: “და მერმე იქმნა ესევითარცა, რამეთუ ვითარც არს ნათესავი იგი სომეხთა, არა წრფელი, არამედ მზაკვარი და გულარძნილი და ბოროტი, მიმსგავსებული კლდეთა მათ, რომელნი დაფარულ არიან ზღვასა შინა და ვერ იხილავენ მათ მენავენი, ვიდრე არა სცენ ნავი და განტეხონ, ესრეთ სხვაზე იტყვიან იგინი და სხვაი უდს გულისა და სიწრფოებაი მათ თანა არა არს. და რაი საკვირველ არს, უკეთუ კაცსა იცრუენით, ვინაითგან თავადისა ღვთისა მიმართ სრულ არიან და მზაკვარ და ბოროტად აღმსაარებელ”, ანუ ბოროტი აღმსარებლებიო. ეს ძალიან გულსატკენია, როდესაც ჩვენ ასე ერზე ვსაუბრობთ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას. სიმართლეს შელამაზება არ სჭირდება, იმიტომ, რომ უფრო მეტად დამახინჯდება და უფრო მეტად დავზარალდებით და უფრო მეტად დავასხამთ მათ წისქვილზე წყალს. აქამდე ვცდილობდით, რომ ამაზე ასეთი ყურადღება არ გაგვემახვილებინა, მაგრამ სომხეთის წინააღმდეგ “ომი” – ეს ქართველი ერის სურვილის საწინააღმდეგოდ გახდა მისი ორგანული ნაწილი, რაც, ალბათ, არასოდეს დასრულდება, ვიდრე მეორედ მოსვლამდე. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რომ ჩვენ სომხეთთან “ომს” ვაწარმოებთ, არა ჩვენი ნებით, არამედ მათი ნებით, მთავარი ის არის, რომ ამ “ომში” ჩვენ არ უნდა დავმარცხდეთ არა როგორც ერი, არამედ როგორც მართლმადიდებლობის დამცველი ერი, იმიტომ, რომ ჩვენ უფალი ამაზე პასუხს მოგვთხოვს, მით უფრო, რომ მონოფიზიტობა, რომლის მიმდევრებიც სომხები არიან – ეს არის დამახინჯებულად მოწოდებული ცრუ სარწმუნოება, ანუ ფსევდო-სარწმუნოება და სომხებმა ძალიან კარგად იციან, რომ ცდებიან, მაგრამ მაინც აღიარებენ, რადგან ასე სჭირდება მსოფლიო პოლიტიკას, რაც მიზნად ისახავს გლობალიზაციასა და ინტეგრაციას.
ეს ყველაფერი წამოიწყო სასანიდურმა ირანმა ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში, მაშინ, როდესაც მან გადაწყვიტა ამიერკავკასიის სამი ძირითადი სახელმწიფოს დაპყრობა,  დამონება და დამორჩილება, მაგრამ იგი ვერაფერს გახდა, რამეთუ ამიერკავკასიის წამყვანი სახელმწიფო იყო ქართლი, რომელსაც წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა ანდერძად დაუტოვა: “ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა!”. აქედან გამომდინარე, იგი კარგად მიხვდა, რომ ქართლთან ვერც ხმლით და ვერც მუქარით ვერაფერს გახდებოდა, ამიტომ შორსგამიზნულად გადაწყვიტა,  ქართველების წინააღმდეგ იდეოლოგიური ომი ეწარ­მოებინა. ამისათვის, როგორც უდიდესი წმინდანი, გრიგოლ ღვთისმეტყველი აღნიშნავს, “მზაკვარი” სომხები გამოიყენა. მართლაც დაიწყო ბრძოლა ქართლისთვის, ქართლმა კი – ბრძოლა სარწმუნოებისთ­ვის! სომხეთი ამ დროს “დამოუკიდებლობას” ინარჩუნებდა. როგორ შეიძლება ერმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნო, როცა თვითმყოფადობას კარგავ, როცა საკუთარ თავზე ამბობ უარს, როცა სარწმუნოებას ღალატობ. იმის გამო, რომ ირანთან ფეხმორთხმული მჯდარიყო, ქართლს დაუპირისპირდა, სომხეთმა ქრისტეს მხოლოდ ერთბუნებრიობა აღიარა და ამისკენ მოუწოდა აღმოსავლეთ საქართველოს და შემდეგ უკვე მთელს ამიერკავკასიას.  მოხდა რა?  მოხდა ის, რომ დაიწყო ძალიან დიდი, ძლიერი რელიგიური შუღლი, თუმცა იმაზეც უნდა ვისაუბროთ, რომ ქართვე­ლებსა და სომხებს შორის დაპირისპირება არ ყოფილა ამ ორი თანამოძმე ერის ინტერესი, ამაში ყოველთვის იღებდა მონაწილეობას მესამე მხარე და ეს მესამე მხარე ამ შემთხვევაში ირანი გახლდათ. ბუნებრივია, მას ჰქონდა საყრდენი ქართლშიც გამყიდველების სახით, მაგრამ ეს საყრდენი შეიძლებოდა მას გამოცლოდა, თუმცა მან ერისა და ქვეყნის გამყიდველები კარგად გამოიყენა ქართლის წინააღმ­დეგ და ისევ სომხების წინააღმდეგაც, მაგრამ ამას, სამწუხაროდ, სომხები ვერ ხვდებოდნენ. მოხდა ისე, რომ მოსე, სომეხთა ეპისკოპოსი, რომელსაც საეპისკოპოსო კათედრა ცურტავში ჰქონდა,  დაუპირისპირდა ქართლის კათალიკოს კირიონს.  ჩვენ ვიცით მათი  მიმოწერის შესახებ მეშვიდე საუკუნეში, რასაც ეპისტოლარული ნაშრომები ქვია.
ცურტავის საეპისკოპოსო, რომელიც, თავის მხრივ, იტევდა ორ დიდ სამწყსოს – ქართულსაც და სომხურსაც, ყოველთვის იდგა მოწოდების სიმაღლეზე (მაშინ სომხები მართლმადიდებლები იყვნენ) და ერთ-ერთი ძლიერი იყო, რამეთუ სწორედ ის იყო ჩვენთვის სამხრეთის კარიბჭე, საიდანაც მტერი საქართველოში და მის გულში ადვილად ვერ  შემოაღწევდა და სწორედ ეს სამხრეთის კარიბჭე ჩამოგვიხსნა ირანმა სომხების მეშვეობით და ამით ადვილად დაეპატრონა არა მხოლოდ ჩვენს ტერიტორიას, არამედ პირველ რიგში – ჩვენს იდეოლოგიას და ეს იდეოლოგია ჩვენთვის იყო ქართველობა, როგორც წმინდა ილია მართალი აღნიშნავს, რელიგიაში გადაზრდილი.  ჩვენ არ ვიცით, სად მთავრდება მართლმადიდებლობა და სად იწყება ქართველობა  – ეს არის ჩვენთვის ერთი განუყოფელი მთლიანობა.
დაიწყო ბრძოლა სარწმუნოებისათვის, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობა მაშინ  მოწოდების სიმაღლეზე იყო და ამ ყველაფრის თავი და თავი წარმოშობით სომეხი წმინ­და შუშანიკი ბრძანდებოდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ცურტავის ეპარქიაში სწორედ მან შემოიღო ორენოვანი მსახურება, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ,  რომ სომხები მაშინ მართლმადიდებლები იყვნენ.  ამ ორენოვანი მსახურებით ორივე  (ქართველი და სომეხი) ერი ერთობლივი ლოცვით ადიდებდა უფალს. ამაზე ლამაზი სანახაობა,  ალბათ,  არაფერი იქნებოდა! ეს იყო ქართველი და სომეხი მოძმე ერების ერთიანობის სიმბოლოც, თუმცა VI-VII საუკუნეების მიჯნა ალტერნატივის წინაშე აყენებს ქრისტიანული აღმოსავლეთის ქვეყნებს, ქალკე­დონიელობის აღიარება ბიზანტიის იმპერიაზე კურსის აღებას ნიშნავს, მონოფიზიტობა – სპარსეთის ქვეშევრდომობის აღიარებას. მალე მესამე ძალაც – ისლამი ჩაერევა საქმეში, ასეთ ვითარებში სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკა დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის შემდგომ ბედზე – აღმოსავლეთის ქრისტიან ქვეყნებს შორის ერთადერთია ქართლი, რომელიც ბიზანტიის მხარეზე გადაჭრით დგას, სწორედ მაშინ, როცა სპარსების უპირატესობა სავსებით აშკარაა. VII საუკუნის დამდეგს აღებული კურსი – ქალკედონური მრწამსის ქვეყნის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადება და ამ გეზის გა­ნუხრელი გატარება საშუალებას აძლევს ქართლს, ძლიერების ზენიტში თავი ბიზანტიის პოლიტიკურ-იდეოლოგიურ მემკვიდრედ გამოაცხადოს. V საუკუნის მეორე ნახევარში დაწყებული ბრძოლა დიოფიზიტობასა და მონოფიზიტობას შორის 608 წელს (ქალკედონის კრებაზე) ამიერკავკასიაში დიდი საეკლესიო განხეთქილებით დამთავრდა, რაც ყველაზე მეტად შეეხო ქვემო ქართლს, სადაც სომხებიც სახლობდნენ.  უკვე მონოფიზიტ სომხებს იქიდან უნდა ებრძოლათ დანარჩენი საქართველოსათვის, რათა თავიანთი ცრუ რელიგია – მონოფიზიტობა მათთვისაც მოეხვიათ.  მოხდა ძალიან დიდი დაპირისპირება – სომხეთის პატრიარქი აბრაამი სწორედ მოსეს, სომეხი ცურტაველი ეპისკოპოსის, მეშვეობით ცდილობდა ქართლისა და ქართლის მაშინდელი კათალიკოსის, კირიონის წინააღმდეგ ბრძოლას და იქ მონოფიზიტობის დამკვიდრებას. ამისთვის იყო შემოგზავნილი მოსე ეპისკოპოსი, რომელიც უკვე აშკარად გადადიოდა შეტევაზე, ცდილობდა, რომ მონოფიზიტურ სარწმუნოებაზე მოექცია არა მხოლოდ სომხები (მაშინ, როცა ის სომხებიც მართლმადიდებლები იყვნენ), არამედ ქართველებიც კი. მაგრამ სომხეთის ეს მზაკვრული პოლიტიკა მაშინ კრახით დამთავრდა, რადგან იმ დროს ჩვენი ეკლესია მოწოდების სიმაღლეზე დადგა.
როცა თანამედროვეობაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია ვიყოთ გულწრფელნი, თუ პარალელს წარსულთან არ გავავლებთ და ისეთ დიად წარსულთან,  როგორიც არის VII-VIII-IX საუკუნეების საქართველოს ისტორია, რამეთუ სწორედ იქიდან იწყება აშკარა დაპირისპირება სომხეთსა და საქართველოს შორის.
– მამა პეტრე, მოდი დავაკონკრეტოთ – სომხებსა და ქართველებს შორის დაპირისპირება, გნებავთ მტრობა,  სომხების მიერ მონოფიზიტობის აღიარებით, ანუ მათ მიერ მართლმადიდებლობის უარყოფით დაიწყო? მერე როგორ განვითარდა მოვლენები?
– დიახ, როგორც კი დაშორდა სომხეთი მართლმადიდებლობას, იგი დაუპირისპირდა საქართველოს; მალე ეს რელიგიური უთანხმოება აშკარა პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დღეს, როცა მავანნი ფიქრობენ, როგორ შეიძლება სასულიერო პირი იყოს პოლიტიზებულიო, მე მხოლოდ იმას ვეტყვი – ხომ ხედავთ, რომ რელიგია ცალკე ორგანიზმი არ არის, რელიგია არის სახელმწიფოში და, თუ ჩვენ რელიგია, როგორც იდეოლოგია, სახელმწიფოსთვის, სახელმწიფოებრივი მოწყობისთვის, მისი ფეხზე დაყენებისთვის არ გამოვიყენეთ, მაშინ  წარმატებას ვერასოდეს მივაღწევთ. სარწმუნოება მხოლოდ ის კი არაა, დავდგეთ და წირვა-ლოცვა ჩავატაროთ ან მოვისმინოთ! მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას უჭირდა, ათონის ივერ­თა მონასტერი მიატოვა ბერად შემდგარმა თორნიკე ერისთავმა, ისევ აბჯარი აისხა და საბრძოლველად გაემართა. ქვეყანას უჭირდა მაშინაც, როდესაც კირიონ ქართლის კათალიკოსმა იდეოლოგიური, რელიგიური ბრძოლა დაუწყო სომეხთა კათალიკოსს –  აბრაამს. აბრაამის წინააღმდეგ ეს ბრძოლა კირიონს არ გაუმართავს სომხების მიმართ შურის, ანგარების ან სი­ძულვილის გამო. იგი ჭეშმარიტ რწმენას, ანუ ქვეყანას მტკიცედ იცავდა. არა მგონია, ეს რომელიმე სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში სომხეთის, მიმართ წარმოებული მტრობის პოლიტიკა იყოს! როცა თავს გესხმიან და სარწმუნოების წართმევას გიპირებენ, თავი უნდა დაიცვა ერმა! კირიონ კათალიკოსმა გააკეთა ის, რისთვისაც იგი ქრისტესგან იყო მოწოდებული, რასაც ნებისმიერი კათალიკოს-პატრიარქი გააკეთებდა ასეთ დროს. ამიტომ მე ღრმად მწამს და მჯერა, რომ დღეს გულანთებული ქართველი, რომელიც მხოლოდ პატრიარქის იმედად არის, დედამიწაზე პატრიარქის აჩრდილს ადევნებული,  ელოდება მის გონიერ გადაწყვეტილებას. მე ღრმად მწამს, ჩვენი პატრიარქი სწორედ ასე მოიქცევა, რამეთუ იგი კირიონის შთამომავალია და იმას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება,  ბოლო მოეღება.
ის კანონი რელიგიური კონფესიების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე ასე დაჩქარებული წესით მიიღო,  საუკუნის შეცდომაა, დანაშაულია, ღალატია და ამისთვის მომავალი თაობა პასუხს აუცილებლად მოგვთხოვს (თუ კიდევ დარჩა ქართველი). ეს არ არის მხოლოდ აფხაზეთის, სამაჩაბლოს, ტაო-კლარჯეთის, ჰერეთის ტრაგედია, ეს უფრო მეტია, ხალხო! დღეს ჩვენ უნდა ვაღიაროთ და გულწრფელად ვთქვათ, რომ დღეს, ფაქტობრივად, არა ტერიტორიას, არამედ სარწმუნოებას გვართმევენ და გვართმევენ თბილისში, იქ, სადაც ამდენი სასულიერო პირი ვდგავართ.  რისთვის ვდგავართ? სად არიან მესაზღვრე ბერები? სად არიან დიდი თუ პატარა იერარქები?
როდესაც XIV საუკუნეში თემურ-ლენგმა საქართველოში რვაგზის ილაშქრა, მას ჰქონდა მხოლოდ ერთადერთი მიზანი – დაემარცხებინა და პირისაგან მიწისა აღეგავა მართლმადიდებლობა. იმ დროს ჩვენ ძალიან ბევრი წმინდანი გვყავს – გავიხსენოთ ქვათახევის ისტორია, ბირთვისის ციხე, ხუთასი ბოლნელის ისტორია. მაგრამ ზოგიერთმა ვაიპოლიტიკოსმა გიორგი VII-ს პოლიტიკა უარყოფითად შეაფასა, რამეთუ მის დროს ქვეყანამ ძალიან დიდი ზარალი განიცადაო. შეიძლება ქვეყანამ ტერიტორიულად მართლაც ძალიან დიდი ზარალი განიცადა, ამას მოჰყვა ისეთი ტერმინები, როგორიცაა “ნასახლარი, ნასოფლარი”, “ნაქალაქარი”, მაგრამ რომ არა გიორგი VII,  ქართველი ერი მართლმადიდებლობას ვერ შეინარჩუნებდა. როდესაც 1403 წელს უკანასკნელი ხელშეკრულება გაფორმდა საქართველო­სა და თემურ-ლენგს შორის, თემურ-ლენგმა ქართველი ერი მართლმადიდებლად აღიარა! ეს იყო ამ ბრძოლაში ქართველებისა და მისი მეფის უდიდესი გამარჯვება. თვით პირსისხლიანმა თემურ-ლენგმაც კი, რომელიც ქართველი ერის წინააღმდეგ არა მხოლოდ ტერიტორიისთვის, მისი დაპყრობისთვის, დამონებისა და დამორჩილებისთვის, არამედ იდეოლოგიურად იბრძოდა, საქართველოს სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობა აღიარა!..
– მამაო, აგვიხსენით, სინამდვილეში რას წარმოადგენს პარლამენტის მიერ მიღებული ეს კანონი და გულწრფელად გვითხარით, ამ კანონის მიღებით, სომხებმა თექვსმეტსაუკუნოვანი იდეოლოგიური ბრძოლა “მოგვიგეს”?
– ამ ეტაპზე სომხებმა მოგვიგეს. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ეს კანონი სომხების საამებლად მიიღო! ჩვენ ამის აღიარება გვიჭირს, არ გვინდა. იცით, რა არის? მოდი ხმამაღლა ვთქვათ – ეს კანონი ისევ ჩვენს ქვეყანაში მიიღეს, მაგრამ მიიღეს სომხური ლობის ზეწოლით და მიიღეს ისევ ნახევრად თუ მთლიანად სომხებმა! ეს თაობა წავა, ეს ხელისუფლება გადაეგება, მაგრამ ეს კანონი არ უნდა დარჩეს ძალაში. და თუ ჩვენ ხმას კიდევ არ ამოვიღებთ, თუ ამასაც ისე შევეგუებით, როგორც აფხაზეთის, სამაჩაბლოს, ტაო-კლარჯეთის, ჰერეთის ტრაგედიას,  მაშინ არ გაგვიკვირდეს, თუ ერთ დღეს სომეხი მოგვადგა “ჰავლაბარში”, სამების ეზოში და გვითხრა – ეს ჩემი წინაპრების მიწაა,  ძვალთშესანახია (ისედაც ამას ამბობენ სულ და სამების ტაძარი გულზე ლოდად აწვებათ) და თქვენს გვერდით ჩვენც ტაძარი უნდა ავაშენოთ, სამების ეზოში ერთი სომხური ტაძარი აუცილებლად უნდა არსებობდესო! ეს აუცილებლად მოხდება! ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ და უფრო მეტიც – ის,  რაც სააკაშვილმა გააკეთა, მასზე მზაკვრული რა შეიძლება მოხდეს? მან გააკეთა არა იმიტომ, რომ გული ძალიან შესტკიოდა სომხებზე, არამედ იმიტომ, რომ ქართველ ერს დაანახოს, რომ ეკლესიის მესვეურები არიან ლაჩრები! რომ ეკლესიის მესვეურები სააკაშვილისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ ხმას ვერ ამოიღებენ. და ამის დემონსტრირება დღეს უკვე მოხდა! რასთან გვაქვს საქმე? სააკაშვილმა ქართულ სამოციქულო ეკლესიას ავტორიტეტი ვერ აპატია და უნდა, ეს ავტორიტეტი ქართველი ერის თვალში შეუბღალოს და მიწასთან გაასწოროს! ის თავის თავს,  მის თანამედროვეებსა და ქვეშევრდომებს არასოდეს აპატიებს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მასზე უფრო დიდი ავტორიტეტია! ეს ადამიანი აბსოლუტურად არაფრით განსხვავდება ტირანისაგან! ამ კანონთან შეგუება უკვე ძალიან დიდი შეცდომა, ძალიან დიდი დანაშაული იქნება! ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება მასობრივი გამოსვლები, რაც სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ ეკლესიაში განხეთქილება მოხდეს – ერთი მხარე გავიდეს ქუჩაში და აქციები მო­აწყოს, მეორე მხარემ დაუცადოს პატრიარქს,  როდის მიიღებს ლოცვა-კურთხევას, რომ მერე გავიდეს! ეს ყველაფერი შორს გამიზნული ბოროტებაა! ის, რაც ვერ განახორციელა მოსე სომეხმა ეპისკოპოსმა VII საუკუნეში, გავაკეთეთ ჩვენ XXI საუკუნის გარიჟრაჟზე, მაშინ, როდესაც დედამიწა, ყოველ შემთხვევაში ასე მგონია, რომ ჩალით არ არის დაფარული! ეს არის შორს გამიზნული პოლიტიკა! არ არის პათეტიკების დრო, ჩვენ სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ და არ უნდა შეგვეშინდეს იმის, რა შეიძლება ამას მოჰყვეს!
სომხების პატრიარქი გარეგინი იყო ჩამოსული და თითქოს “დამარცხებული” გაბრუნდა სომხეთში, მაგრამ მან თავისი “იუდას კუდი” საქართველოში მაინც მოიქნია და მისი ეს მოქნეული კუდი ასწლეულებს გადასწვდება! თუ ჩვენ დღეს მოწოდების სიმაღლეზე არ დავდექით, აღვიგვებით პირისაგან მიწისა და დაიწყება მართლაც განუკითხაობა, ანარქია და მეო­რედ მოსვლა იმაზე ადრე დადგება, ვიდრე ჩვენ გვგონია! მართალია, ეკლესიაში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, ძალიან ბევრი ნაკლი აქვთ სასულიერო პირებს, მაგრამ საქართველო მაინც არის მართლმადიდებლობის კუნძული, საქართველოში მაინც ვინახავთ ქრისტეს სახელს, მაინც გვწამს, მაინც გვჯერა და მაინც გვქვია მორწმუნეები. მე არა ერთხელ ვყოფილვარ წმინდა მიწაზე, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შევსულვარ და გული მტკენია – ისტორიულად იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და მაცხოვრის აღდგომის ტაძრის გასაღები მემკვიდრეობით ქართველს ეკუთვნოდა! დღეს იქ ერთი ტაძარიც კი აღარ გვაქვს! ყველა დავკარგეთ! წმინდა იაკობის ტაძარი კი XVII საუკუნეში სომხებმა წაგვართვეს!
კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ჩვენ დღეს მიღებულ ამ კანონს შევეგუეთ, მაშინ უარესის ღირსი ვიქნებით, თუმცა ვფიქრობ – უარესი რა შეიძლება მოხდეს? ამაზე უარესი, უბრალოდ, აღარ არსებობს! ამაზე გაჩუმება არაფრით შეიძლება! წმინდა ილია მართალი ჯერ კიდევ XIX საუკუნის 90-იან წლებში წერდა “ქვათა ღაღადში”, – ყოველთვის ცდილობს, სომეხი ერი, რომ ქართველები დააკნინოს და ქართველების ჩაგვრით მან საკუთარი უპირატესობა დაამტკიცოსო. უფრო მეტიც – ვინც კი ჩვენ წმინდანი გვყავს, ვინც კი გამორჩეული მამულიშვილი გვყავს, მათი აზრით, წარმო­შობით ყველა სომეხია! მეტი რაღა უნდა მოხდეს! საერთაშორისო კონფერენციებზე სომხები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ სვეტიცხოველი და ჯვარი სომხური წარმოშობისაა! მეტი რა­ღა შეიძლება წაგვართვან! მაგრამ აქ მხოლოდ სომხეთზე არ არის აქცენტი, მოდი ესეც ვთქვათ და ბოლომდე გულწრფელნი ვიყოთ! მართალია, ასეთია მათი ბუნება, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს?  თუ ის მე მიპყრობს, თუ ის ჩემ წინააღმდეგ გამოდის, მჩაგრავს, გასდის და იმიტომ. ამ შემთხვევაში მე – ეკლესია, ანუ ოფიციალური მხარე, რას ვაკეთებ?  ურთი­ერთსაპირისპირო აზრზე ვართ ქართველი ერი, თითქოს იმედიც დავკარგეთ და ერთმანეთთან გამუდმებით ვსვამთ კითხვას: “რა გავაკეთოთ? ვის მივყვეთ? რა გზას დავადგეთ, ვის მივენდოთ?” “არსაიდან ხმა, არსით ძახილი!”, მაგრამ საღათას ძილს მიცემული ქართველი ერი, ასე თუ ისე, ილიას მკვლელობის დღეს გამოფხიზლდა! დღეს ილიას სიკვდილზე უფრო მეტი გვჭირს ქართველებს! მაშინ ილია მოკლეს, მაგრამ იდეა – ვერა; კირიონ II მოკლეს, მაგრამ მამულიშვილის გვირგვინი სამშობლოს სამსხვერპლოზე კიდიაო, დაგვიბარა მან. დღეს კი იმას გვართმევენ, რისთვისაც ილია და კირიონი მოკლეს! ესაა უბედურება! ამას ჩვენ არასოდეს არ უნდა შევეგუოთ. ილია წმინდანია, კირიონი წმინდანია, ამბროსი ხელაია წმინდანია, რომელმაც გენუის კონფერენციას მიმართა – გული ჩემი ეკუთვნის სამშობლოს, სული – ღმერთს, მძორს კი, რაც გინდათ,  ის უქენით, ჯალათებო! და სწორედ რომ გული სამშობლოს ეკუთვნის და სული ღმერთს, იმ მიზანს გვართმევენ, რისთვისაც ჩვენ გავჩნდით დედამიწაზე!
…სულს გვართმევენ, რომ გვაქციონ უსიცოცხლო,  “N”და “X” ადამიანებად.
ჩვენ დღეს ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ – ეს არის იდეოლოგიური ბრძოლა, ეს არის რელიგიური ომი! ამ კანონით მხოლოდ სომხეთის ეკლესია კი არა, ისლამიც მართლმადიდებლობას გაუთანაბ­რდა! ბოლნისი, აჭარა მეჩეთებით “დამშვენდება”. ახალქალაქი და კუმურდოს ეპარქია სომხებით გაივსება და  თბილისშიც ისინი მოგვადგებიან და რა დარჩება დასაცავი?  აღარაფერი! რა უნდა წაგვართვან?  აღარაფერი! ჩვენ დღეს თუ მშვიდად შევეგუეთ იმას, რასაც გვართმევენ, მაშინ ხვალ და ზეგ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ჩვენს საკუთარ ქვეყანაში ვიქნებით უცხოტომელები! და ამის პრეტენზია აქვთ სომხებს! სომხები უკვე ხმამაღლა აცხადებენ, რომ ჩვენ ბასკების შთამომავლები ვართ და ესპანეთში უნდა დავბრუნდეთ – ამას “მეცნიერულად” ამტკიცებენ. და საქართველო არის მათი კუთვნილი ტერიტორია! ძალიან მაინტერესებს, ამ სახის ხელშეკრულებას ან სომხეთი, ან აზერბაიჯანი თუ მოაწერდა ხელს?! პასუხი ერთია – არა!
მაშინ, როდესაც მე ბოლნისშიც კი თავისუფლად არ მაქვს იმის უფლება, რომ ელიას მთასთან ახლოს აღვმართო ჯვარი იმიტომ, რომ აზერბაიჯანელების რისხვა არ დავიმსახურო, მაშინ, როცა სომხეთში ერთი ქართული ტაძრის გახსნის უფლებასაც არ გვაძლევენ, რაც ჩვენია, იმასაც გვეცილებიან, როგორ შეიძლება, ჩემს ქვეყანაში ისლამის მიმდევრები, სომხეთის ეკლესია აქციო საჯარო სამართლის იურიდიულ პირად? ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა მოხდეს?!
–  აგვიხსენით, რა განსხვავებაა დიოფიზიტობასა და მონოფიზიტობას შორის, ანუ ჩვენსა და სომხების რწმენას შორის?
– მონოფიზიტობა აღიარებს მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას ქრისტესას, დიოფიზიტობა კი – ღვთაებრივსაც და ადამიანურსაც, ანუ სინამდვილეში იმას, რითაც ბრძანდებოდა  ჩვენთან მიწაზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე.  ქრისტე რომ მხოლოდ ღვთაებრივი ბუნებისა ყოფილიყო, დედამიწაზე ადამიანთა შორის ვერ იქნებოდა, ადამიანურად ვერ გაიგებდა ადამიანის ტკივილსა და სიხარულს, და თუ ადამიანურად ადამიანის ტკივილი ვერ გაიგე და თუ ადამიანის დაცემის ფასი არ იცი, მისი წამოდგომის ფასი ვერასოდეს გეცოდინება, ანუ, სომხების აზრით, გამოვდივართ ფარისევლები, რომლებიც სარწმუნოებას ბრმად მივუყვებით.
…როდესაც ყოველწლიურად ძალიან ბევრი მომლოცველი ჩადის მაცხოვრის ტაძარში, იქ მხოლოდ მართლმადიდებელ პატრიარქს აქვს უფლება, შევიდეს კუვუკლიაში და გამოაბრძანოს ღვთაებრივი ცეცხლი.  სომხებს ყოველთვის ჰქონდათ იმის ამბიცია, რომ თვითონ შესულიყვნენ და გამოებრძანებინათ ღვთაებრივი ცეცხლი –  შევიდნენ კუვუკლიაში და რა? ცეცხლმა გახეთქა და გადმოვიდა იმ სვეტიდან, რომელთანაც მართლმადიდებლები იდგნენ – ამის კლასიკური მაგალიათია ის გახლეჩილი ლოდი! ამის მერე, ფაქტობრივად, სომხებს სათქმელი აღარაფერი აქვთ! მაგრამ ისინი მაინც ლაპარაკობენ და ლაპარაკობენ, იმიტომ, რომ გასდით! აღარ უნდა გაუვიდეთ ის, რასაც ამბობენ! ესე იგი ჩვენ არ ვართ მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ სიმართლეს ვერ ვიცავთ და ისინი ტყუილს იცავენ, წარმოიდგინეთ, ისინი ტყუილებით გამოდიან მართალნი და ჩვენ სიმართლით ვცდებით და იცით, რატომ?  იმიტომ, რომ ამ სიმართლეს ვერ ვიცავთ და კარგი აპოლოგეტები და სარწმუნოების დამცველები არ ვართ. ქრის­ტეს დაცვა არ სჭირდება, ქრისტე მარადიულად მეფობს, უფალი მეფობს! მაგრამ ქრისტეს დაცვა ისევ ჩვენ გვჭირდება იმ დამოკიდებულებისათვის, რა დამოკიდებულებაც უნდა გვქონდეს ჭეშმარიტ უფალთან. უფალთან მისასვლელი გზა ზოგისთვის ფართოა, ზოგისთვის – ვიწრო ლაბირინთია, მაგრამ ის გზა ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ. ქართველმა ერმა უფალთან თავისი მისასვლელი გზა აღმოაჩინა, ამ გზას გვედავებიან სომხები და ამაზეც ამბობენ – ჩვენი არისო, მაგრამ ეს ქართველებისაა, სულ რომ წაგვართვან ის გზა, ის მაინც ჩვენია, იმიტომ, რომ იმ გზაზე მხოლოდ ქართველი ერი გაივლის, სომეხი ვერასოდეს გაივლის და ეს გზა არის საქართველო! ეს გზა არის ქართველობა და სომეხმა რაც გინდა იძახონ ქართულ მიწაზე,  რომ ეს ტერიტორია სომხური წარმოშობისააო, რაც თავისთავად მცდარია და ამის ხმამაღლა გამეორებაც კი დიდი დანაშაულია, ქართველი ერი მაინც იარსებებს, როგორც საზეპურო ერი.  და ეს არც სომხეთის გადასაწყვეტია და არც აზერბაიჯანის და არც გლობალიზაციის. ეს უფალთან წყდება. ამიტომ ის გზა, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ უფალთან მისასვლელი –  ვრცელია თუ ფართოა, ვიწროა, მოკლეა თუ გრძელია, ეს ჩვენ მიერ არჩეული გზაა და ამ გზაზე ძალიან ბევრი მოწამის სისხლი დაღვრილა, ამ მოწამეთა სისხლით მივდივართ უფლამდე.
– მამაო, შოვინიზმში, ანტისომხურ პროპაგანდაში დაგვდებენ ბრალს. გარკვევით მინდა აგვიხსნათ   – ჩვენ ახლა მონოფიზიტი სომხეთი გვებრძვის და არა ის სომხები, რომლებიც უფალს ქართველების მხარდამხარ ადიდებენ ერთადერთი ჭეშმარიტებით?
– არავის ეგონოს, რომ ეროვნულ სიძულვილზე ვსაუბრობდეთ. ჩვენ სომხებთან ტკივილი გვაერთიანებს. მე ის სომხეთი მტკივა, რომელიც სასანიდურმა ირანმა წამართვა, მე ის სომხეთი მტკივა, რომელიც ქართული ცის ქვეშ შუშანიკთან ერთად ლოცულობდა და ჭეშმარიტი რწმენით ადიდებდა უფალს. მე ის სომხეთი მტკივა, რომელიც ცურტავის საეპისკოპოსოში არსებობდა. ამაზე ამბობს სწორედ წმინდა ილია მართალი: “განა ჩვენთვის კი სანატრელია ასეთი დაქსაქსულობა სომხებისა? ღმერთმა მისცეთ ღონე და უნარი, ერთად მოიყარონ თავი იქ, საიდანაც აყრილან და აქა-იქ გაფანტულან. ხოლო ჩვენ ჩვენსას ნუ გვეცილებიან. ჩვენი სახელის გატეხვით ნუ ცდილობენ, თავიანთი სახელის კეთებას და შემკობას. ჩვენ ბევრი გვქონდა თუ ცოტა, შეგივრდომეთ, შემოგიხიზნეთ, გიძმეთ და შინ მტრად ნუ გვეკიდებით. მტერისა შინა ყოლასა,  ლომისა ზედა წოლა სჯობიაო. ასე იტყოდნენ ძველნი ქართველნი, ასე ვამბობთ ჩვენც, ასევე იტყვის ყოველი გონიერი სომეხი!”… თუკი გონიერია სომეხი!
ჩვენ ვცდილობთ, ყველასთან გვქონდეს მეგობრული დამოკიდებულება, მაგრამ როცა ეკლესიას ეხებიან, ამას ვერ მოვითმენთ, რადგან ეკლესია შეუვალია! პიროვნული ჰუმანურობა და კაცთმოყვარეობა ეკლესიის დაცვაში არ გამოგვადგება იმიტომ,  რომ ეკლესია სახელმწიფოზე მეტია! ნუ ვიქნებით დაბრმავებულები და ისიც ვთქვათ – მართლმადიდებლობას ნუ მივიჩნევთ მხოლოდ ქართველებისთვის მემკვიდრეობით გადაცემულ რელიგიად. მართლმადიდებლობა ისეთივეა სომეხისთვის,  არაბისთვის, როგორც ჩემთვის, მაგრამ თუ იმის პრეტრენზია და ამბიცია მაქვს, რომ ჩემი უფროა, მაშინ მე უფრო მეტად უნდა დავიცვა!
– მამაო, აუცილებლად მინდა გკითხოთ და ეს მხოლოდ ჩემი შეკითხვა არ არის: ის სამოცდაათი კაცი, პარლამენტარი, რომელთაც ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ კანონპროექტს, არიან თუ არა მოღალატეები?
– მე პირდაპირ და დაუფარავად გეტყვით: ეს სამოცდაათი ადამიანი, ვინც ამ კანონს მოაწერა ხელი, იმ ფარისევლებისა და მწიგნობრების შთამომავლები არიან, ვინც მაცხოვარი გააკრა ჯვარზე! და მინდა მჯეროდეს, რომ ზოგიერთი მათგანი მაინც შეინანებს!
ჩინური შეგონება გვეუბნება – ეცადე, შენში შენზე ადრე სული არ მოკვდესო!. საუკუნეების განმავლობაში ქართული სული იყო დაჭრილი,  მაგრამ ის არ მომკვდარა, ის ვერასოდეს წაგვართვეს, რადგან მყარად და მტკიცედ ვიცავდით, ვიცავდით, ვინ იცის, რის ფასად, მაგრამ დღეს ამას გვართმევენ და, როდესაც ამას წაგვართმევენ, მერე ადვილად წაგვართმევენ ეროვნულობას და სახელმწიფოებრიო­ბას!
– მამა პეტრე, თქვენ თქვით, რომ ამ კანონით სააკაშვილს ქართული ეკლესიის მასხრად აგდება და მისი “რეალური, ლაჩრული” სახის ჩვენება უნდოდა ხალხისთვისო… მაგრამ სინოდის ასეთი პასიურობა რას ნიშნავს? რატომ ჰქონდა სააკაშვილს იმედი, რომ სინოდი ხმას ვერ ამოიღებდა? რატომ მიიჩნევს, რომ სინოდის ზოგიერთი მღვდელმთავარი “ხელში ჰყავს”? ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მათი წარმომავლობის იმედი აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ ზოგიერთი მათგანის ცხოვრების წესზე, რასაც ადვილად  წამოსძახებენ?
– ქვათა ღაღადი რუსთაველის სიტყვებით იწყება: “ეგრე მტრისა არ მეშინის, რადგან ცხადად მაწყინარობს, მოყვარესა-მტერსა ვუფრთხი, მემოყვრება, მოცინარობს…”, ანუ სომხებმა ციხე შიგნიდან გატეხეს! ჩვენს ეკლესიაში და ეკლესიის მესვეურთა შორის ღმერთმა არ ქნას (ყოველ შემთხვევაში, აქამდე მჯეროდა გულწრფელად და მინდა კვლავაც მჯეროდეს, მაგრამ არ მინდა, ვიყო მიამიტი),  გვეგულებოდეს მოსე, სომეხი ეპისკოპოსი. ეკლესია საქართველოში დღიდან დაარსებისა ერთიანია, განუყოფელია ისევე, როგორც მაცხოვრის ხელთუქმნელი კვართი! ის არასოდეს დაიშლება! “ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმხვრევა, ხოლო ვისაც ეს ქვა დაეცემა – გასრესს!”.
ქრისტიანობა რწმენაა და არა რიტუალი.  არ შეიძლება ერთი ხელით პირჯვარს იწერდე და მეორე ხელი მოყვასის ჯიბეში გქონდეს ჩაცურებული.  არ შეიძლება ერთსა და იმავე დროს ქრისტიანიც იყო და კერპთაყვანისმცემლობასაც ქადაგებდე. ვიდრე გულში სიძულვილი გვიდგას, მანამ ქრისტიანები ვერ ვიქნებით. არ შეიძლება ეკლესია გწამდეს, ღმერთი კი – არა! მე პირად საუბრებშიც მითქვამს თქვენთვის და არა მარტო თქვენთვის და ხმამაღლაც ვიტყვი – ამ ადამიანთა კატეგორიას ქრისტე გამოქვაბულში დაწერილი მითიური ზღაპრის გმირი, ლეგენდა  ჰგონია და არ უნდა, ეს “ლეგენდა” რეალობად იქცეს, იმიტომ, რომ, როდესაც ქრისტე რეალობად იქცევა, იქ აღმოჩნდებიან, ჯოჯოხეთის გეენაში, სადაც არის “ტირილი და კბილთა ღრჭენა”.
– ანუ იქ, სადაც ეპისკოპოსების მხრებზე დგანან უბრალო ადამიანები, მათზე უფრო ნაკლებ ცოდვილნი?
– დიახ.  და ამა ქვეყნის დიდებულნი ამას ვერ ეგუებიან, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ მოძღვრობა, ეპისკოპოსობა და სასულიერო პირობა არ არის პატივი და დიდება. უფალი გვეუბნება – იმისთვის მოვედი, რომ გემსახუროთ და არა მემსახუროთო! ჩვენ რას ვაკეთებთ? ვის ვემსახურებით?  ჩვენ სასულიერო პირობა კარგი თანამდებობა გვგონია, მემკვიდრეობით მიღებული. იცით, რა?  ხმას ის ვერ ამოიღებს, ვისაც არაფერი ეთქმის,  ვისაც ეშინია ზურგს უკან მის მიერ ჩადენილი საქმეებისა, რომელთაც წინ დაულაგებენ ერთ მშვენიერ დღეს!..
– მთავრობა დაულაგებს ამ “მაკომპრომეტირებელ მასალებს”, მამაო?  პიროვნულ ცოდვებში ამხელს სასულიერო პირებს?
– რა თქმა უნდა! ჩვენი ეკლესიის მესვეურებმა რაც გინდა ილაპარკონ  ან თუნდაც ხმა საერთოდ არ ამოიღიონ და დადუმდნენ, ერთ მშვენიერ დღეს ეს ხელისუფლება ყველას ნა­მოქმედარს მაინც სააშკარაოზე გამოიტანს, რათა საზოგადოებას დაანახოს,  “ვინ ვინ არის”! ამიტომ ჯობია, სიმართლე მაინც ითქვას! ჩვენ ისედაც ვიცით, ვინ ვინ არის, მაგრამ თვალებს ვხუჭავთ არა იმიტომ, რომ გვებრალებიან, არამედ იმიტომ, რომ გამოსწორების შანსი მივცეთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ ისინიც ადამიანები არიან და ადამიანურად შესცოდეს, მაგრამ ადამიანურად შეინანებენ! თუკი მათ ეს შეცდომები დააკანონეს, ეს იქნება არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ქვეყნის, ერის ღალატი! ჩვენი უწმინდესის ღალატი! ადამიანის,  რომელიც არის ჩვენს ქვეყანას შეწირული ტარიგი! ადამიანი, რომელსაც არა ერთი ქვა და ტალახი ესროლეს, და არა მარტო ერმა, ბერმა უფრო მეტად! შეიძლება ვიღაც სასულიერო პირი არ დგას და უწმინდესს ქვებს არ ესვრის, მაგრამ მისი ცხოვრების წესი შეიძლება ქვის სროლაზე უარესი იყოს პატრიარქისთვის!
– რადგან თითოეული უღირსი სასულიერო პირის გამო ყოველთვის მას განიკითხავენ – რატომ არ განკვეთაო…
– დიახ, ასეა. რაც ჩვენ დღეს გვჭირს, მაპატიეთ, მაგრამ ეს არც სომხეთის და არც აზერბაიჯანის და არც სხვა ერის ბრალია! ეს, პირველ რიგში, ჩვენი ცოდვების ბრალია და ამ ყველაფერს ქრისტია­ნული თვალით უნდა შევხედოთ და თეოლოგიურად უნდა ავხსნათ, მით უფრო მოვლენა, რასაც სომხეთი ჰქვია! იცით, ჩვენ რა გვჭირს? სომხეთი გვჭირს! ეს სომხეთი შეიჭრა ქრისტეს წიაღშიც და ეს კიდევ უფრო დიდი უბედურებაა! მაგრამ მინდა ისევ გავიხსენო შეუპოვარი კირიონი,  ქართლის კათალიკოსი, რომელიც VII საუკუნეში მედგრად დახვდა სომეხ მოსე ეპისკოპოსს და გააძევა საქართველოდან! ამით ქართველობა და მართლმადიდებლობა შევინარჩუნეთ! ეკლესია ქრისტეს სხეულია და მისი დაჯიჯგნის უფლებას არავის მისცემს ქართველი! დღეს მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთიანად მოვიკრებთ ძალებს, ერთად დავდგებით იქ, სადაც ქარიშხალია, იქ, სადაც ასი ათასი მოწამის სისხლი დაღვრილა! იქ,  სადაც ჩვენ სიონს გვედავებიან, იქ, სადაც სვეტიცხოველს გვედავებიან! რა გვინდა ხელისუფლებასთან?  ხელისუფლება და სახელმწიფო პიროვნებები წარმოსდგებიან ერიდან, წარმოსდგებიან ჩვენი სულიერი-იდეოლოგიური მდგომარეობიდან! ჩვენ თუ სულიერად არ ვდგავართ მოწოდების სიმაღლეზე, ჩვენ თუ ეს გაგვიბედეს, იმიტომ, რომ ამის ღირსები ვართ! იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვამხელთ, სწორად არ ვცხოვრობთ!
– მამაო, თქვენ აღნიშნეთ, რომ ეკლესია ყოველთვის ერთიანი იყო და ეს ყველაფერი მზაკვრულად განახორციელა სომხურმა მთავრობამ ეკლესიის გასახლეჩადო. ამას სხვა კუთხით შევხედოთ – რო­დემდე უნდა ვიყოთ სირაქლემის მდგომარეობაში?  იცით, მე, როგორც ერთ რიგით ქართველს, ნაკლებად წარმომიდგენია, რომ 1103 წელს, როცა დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება მოიწვია, ეკლესიაში ამაზე უარესი მდგომარეობა იყო! მაშინ შეიძლება სასულიერო პირთა უზნეობამ მწვერვალს მიაღწია,  მძლავრობდა ზნედაცემულობა, ვერცხლისმოყვარეობა, მაგრამ მაშინ ასეთი კანონი, მგონი,  არავის შემოუღია. არის თუ არა დღეს დრო, რომ კიდევ ერთი რუის-ურბნისის დონის საეკლესიო კრება ჩატარდეს? ანუ უნდა გაიწმინდოს თუ არა ეკლესია და ყველას დაერქვას თავისი სახელი – ვინ არის “მოსე სომეხი” და ვინ არის კირიონი?  თუ მეტყვით, რომ არა, კითხვას ისევ შეგიბრუნებთ – მაშ, რაღა უნდა მოხდეს?
– ამის დრო აქამდეც იყო! და თუ ვინმე დღეს იმაზე ფიქრობს,  ამის დრო არის თუ არა, ის უკვე დამნაშავეა! ამაზე საუბარიც კი არ შეიძლება,  უნდა ვიმოქმედოთ და ეს  ცალსახად  და დაბეჯითებით უნდა გავაკეთოთ. საეკლესიო კრება აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ, მაგრამ საეკლესიო კრების მოწვევისთვის მხოლოდ სურვილი კი არა, პირველ რიგში, იმ ადამიანთა ერთობლიო­ბაა საჭირო და აუცილებელი, რომელთა აზრიც, შეხედულებაც და მიზნებიც განხორციელდება, ანუ – ქრისტეს მხედრების! დღეს ყველაზე ნაკლებად არის ეკლესია ერთსულოვანი! ერთი მოძღვარი ერთს ქადაგებს, მეორე მეორეს და ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, რომ გარდა პიროვნული შეხედულებებისა, ხანდახან საეკლესიო დოგმებსაც კი ცვლიან, ანუ ეკლესიის კანონების მორგებაც კი პიროვნულ თვისებებზე უნდათ. ქრისტიანობა ის კი არაა, რომ ის შენზე მოირგო.  ქრისტიანობა ისაა, შენ მოერგო მას. აბა, რა არის ვნებებთან ბრძოლა?  შეიძლება ვიღაცას ქალის მიმართ ჰქონდეს ვნება, ვიღაცას – კაცის, ეს არ არის ტრაგედია! ჩვენ ამ ვნებასთან ბრძოლაში უნდა გამოვიდეთ გამარჯვებულნი! ჩვენ ამას არ უნდა გადავაყოლოთ ეკლესიის ავტორიტეტი! არ უნდა შევბღალოთ ეკლესიის სახე და ღირსება.  იმან, რომ მე შეიძლება ლექსი დავწერო და ამის გამო გიჟი, სულელი, შეურაცხადი და ეკლესიისთვის შეუფერებელი მიწოდონ,  არა მგონია, ვიღაცის ცოდვები დაჩრდილოს! მაგრამ მე საკუთარ თავს არასოდეს იმის უფლებას არ მივცემ, რომ თითი ვიღაცისკენ გავიშვირო, თუმცა ადამიანურად გული მტკივა. დაუსჯელობის სინდრომია. ეს მათი ბრალი არაა, სათავიდან მოდის! თევზი თავიდან ყარს! ამიტომ, თუ სათავეში არ იქნება იმის სურვული, რომ საეკლესიო კრება მოვიწვიოთ და “ქვაბ-ავაზაკნი” ეკლესიიდან განვდევნოთ, მანამდე მე რაც არ უნდა ვიფართხალო, ჩემს აზრს შედეგი  არ ექნება! ვერანაირ მიზნამდე ვერ მივალთ. მაგრამ დღეს ჩვენს სინოდში არიან მართლმკვეთელი და სუფთა მღდელმთავრები, ვისიც მწამს და მჯერა,  სწორედ მათ ეძახიან ფანატიკოსებს, გიჟებს, სულელებსა და ეკლესიისა და სინოდის მტრებს! მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მტრად ქრისტე გამოაცხადეს – მე ეს არ მიკვირს, მაგრამ მე მათ ვთხოვ  პირველ რიგში პასუხს, ვისიც მწამს და ვისიც მჯერა და ვინც მიყვარს, ვისაც ვენდობი და ვის გამოც მე ამ გზას დავადექი. ჩვენ, ყველა სულიერი ცხოვრების დასაწყისში ვიღაცის ხიბლში ვართ, ვიღაცის და რაღაცის გამო მივდივართ ტაძარში! პირველი თავისთავად უწმინდესი იყო, მერე მეუფე იობი – ჩემი ხელდამსხმელი, მერე კი ჩემი მოძღვარი,  მეუფე ეფრემი. სწორედ მათი იმედი მაქვს, იმ ადამიანების, ვინც მე ქრისტე დამანახა, ვისთვისაც ლოცვა დღესასწაულია, ვინც მართლმკვეთელია, ვინც თავისი ცხოვრების წესით ჩვილი ბავშვივით უმანკოა. დღეს ეს ადამიანები მაინტერესებს. მე ვიცი, ისინი რას ფიქრობენ, მაგრამ მე მაინტერესებს, ისინი რას გააკეთებენ! მე მათ ველოდები. მე სამშობლოსა და ეკლესიის სამსხვერპლოზე ჩემი წილი სისხლი უნდა გავიღო, მე ჩემი წილი თევდორე მღვდელი უნდა ვიყო, მაგრამ მე რომ თევდორე მღვდელი ვიყო, ამის საფუძველი შენ უნდა მომცე! ის, რომ ვიღაცას ქვეყანა და ქრისტე ტკივილამდე უყვარს და ამბობს სიმართლეს, შეიძლება უფრო დასაჯონ, ვიდრე ის გაუკუღმართებული სასულიერო პირები, ვინც თავიანთი საქციელით ყოველდღიურად ქრისტეს ათასგზის აკრავენ ჯვარზე! სად არის სამართალი?
– ანუ უნდა გადაირჩეს “მწყემსი კეთილი” და “სასყიდლით დადგინებული”? …
– მათ ყველას ისტორია თავის სახელს დაარქმევს. და დღეს ყველაზე დიდი ასპარეზია, თუ ვინმეს უნდა, გამოავლინოს თავისი ქართველობა, ღვთისა და ერის სიყვარული. ქართველობა ურაპატრიოტიზმი და გულზე ხელების ბრაგუნი არ არის! ჩვენ ჩვენი მანკიერი მხარეები უნდა დავინახოთ, სწორად შევაფასოთ და მერე გამოსავალს უფრო ადვილად ვიპოვით!
ჩვენს სამღვდელოებას დღევანდელ დღეს არაფერი უშველის,  გარდა მოწამეობრივი სისხლისა. ჩვენ იმდენად შევტოპეთ ცოდვაში და უფრო მეტიც –  ამ ცოდვით ტკბობაში ვართ, იქიდან გამოსვლა აღარ გვინდა. უფალმა კი სწორედ ამიტომ, როგორც გამოსაფხიზლებელი მათრახი,  ხან სომხეთი მოგვიქნია, ხან თათრები, ხან უზნეო ხელისუფალი. ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი არის ის, რომ ჩვენ, სასულიერო პირები, არ ვცხოვრობთ სუფთა ცხოვრების წესით. ჩვენ ჩვენს მიზანს,  ღმერთს ავცდით, ღმერთსაცდენილი ადამიანი კი ძალიან საშიშია, ვიდრე უღმერთო, რაც უნდა განათლებული იყოს იგი; მეტიც, ღმერთს აცდენილი განათლებული ადამიანი კიდევ უფრო მეტად საშიშია. ამიტომ დავუბრუნდეთ უფალს! ჩვენ უკვე უძღები შვილის პოზიციაშიც კი არ ვართ. უძღები შვილი მამის წიაღში დაბრუნდა იმიტომ, რომ მას სინანული ქონდა. ჩვენ სინანულიც კი არ გაგვაჩნია. ჩვენ დღეს იმის სინანული გვაქვს, რომ ცოდვა, რომელიც ტკბილი გახდა ჩვენთვის, არ კანონდება. ეს არის უბედურება. კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, რომ ვცდილობთ სარწმუნოების შეცვლას,  “გადაკეთებას” და რაღაც “მოდერნიზებული” სარწმუნოების დამკვიდრებას. ამას, გინდათ, ეკუმენიზმი დაარქვით ან, რაც გნებავთ, მაგრამ ჩვენ დღეს ჩვენი ცხოვრების წესით არ ვართ მართლმადიდებლები. ჭეშმარიტი ღმერთის წვდომა პიროვნების თავისუფლებაში ვლინდება, რადგან პიროვნების თავისუფლება არის ის სხივი, რომლითაც ადამიანი ღმერთს შეიცნობს (ჯემალ ქარჩხაძე ამბობს, ჩემი უსაყვარლესი მწერალი), იცით, რა არის?  თუ ჩვენ პიროვნულად არ ვართ თავისუფალნი და ვართ შეზღუდულები და დაკომპლექსებულები და რაღაცას ვემონებით, ბუნებრივია, ღმერთთან ვერასოდეს  მივალთ. გაუაზრებელი კოპლექსები ადამიანს ყოველთვის განაშორებს სწორ გზას. კომპლექსი არ უნდა გვქონდეს იმისა, რომ ვიღაც რაღაცით მეტია ჩვენზე, გვჯობნის! ერთმანეთს ღვთის სიყვარულში, მართლმადიდებლობაში შევეჯიბროთ! და კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ქრისტიანობა და ღმერთი მათ მითის და ლეგენდის გმირი ჰგონიათ და იქიდან ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულან, თუ სასულიერო პირები მოწოდების სიმაღლეზე არ დავდექით, ბუნებრივია, ამ მდგომარეობიდან ვერასოდეს გამოვალთ. და თუ ჩვენ ჩვენს მიზანს – უფალს დავუბრუნდით, ერთი კი არა, ათი სააკაშვილი ვერაფერს დაგვაკლებს. მაგრამ, თუ იმ ერთ სააკაშვილთან ათი თუ ოცი სასულიერო პირი, ათი თუ ოცი დიდი იერარქია გარიგებული და ქვეყანას მზაკვრულად ებრძვიან, ღალატობენ, ეს კიდევ არაა დასასრული. ტრაგედია ისაა, რომ ამ მოღალატეთა გამოვლენა და მხილება არ გვინდა! მაგრამ ჩვენ რაც უნდა ვაფაროთ ხელი, ჭირი თავს ვერ დამალავს – სიმართლე აუცილებლად გამოაშკარავდება: “არა არს დაფარულ, რომელი არა გაცხადდეს!” ცოდვის აღიარების გვეშინია, ამ დროს კი იმის უნდა გვეშინოდეს, რომ ჩვენ ამ ცოდვებით ღვთის წინაშე წარვსდგებით და ჩვენს პიროვნულ ცოდვებს ერის, უფლის ღალატს ნუღარ დავამატებთ. ერს ადამიანთა ერთობლიობა ქმნის! სახელმწიფო ზუსტად ისეთი პროგრესული და წარმატებული იქნება, ადამიანები როგორებიც არიან! და თუ ის ადამიანები არიან მგლების ხროვის მიერ მოწყობილი საზოგადოება, ბუნებრივია, იქ არც ქრისტეს სიყვარული იქნება, ღვთის მცნებებსაც არავინ დაიცავს!
თუ ჩვენ, სასულიერო პირები არ გამოვსწორდით, თუ უფალს არ დავუბრუნდით და თუ ისევ სირაქლემას მდგომარეობაში ვიქნებით, მრევლი ჩვენი და ეკლესიის ნდობასაც დაკარგავს და სულ მალე ტაძრები დაცარიელდება! დღეს ვინც ბრმა არ არის  ან ძალით არ იბრმავებს თვალს,  შეუძლებელია,  ვერ ხედავდეს,  რომ ქვეყნის მაგივრად ხელთ ავგიას თავლა შეგვრჩა.  ძალიან მინდა, დღეს ჩვენ შორის იყოს ღვთისმშობლის მადლი და სიყვარული,  მაგრამ დედა ღვთისამ თუ თავის ქვეყნის ხილვა მოისურვა,  რას ნახავს?  ნახავს მონობის კერპით შეპყრობილ კერპთაყვანისმცემლებს,  ნახავს მდიდარ ფარისევლებს,  რომლებიც საჩვენებელ და გამოყენებით ქველმოქმედებას ეწევიან იმ დროს,  როდესაც მათ გვერდით ნამდვილი ადამიანები,  ნამდვილი სიკვდილით ნამდვილად იხოცებიან.  ნახავს სიხარბისაგან სახედაკარგულ კაცუნებს,   რომ შეეძლოთ ორ-ორ საფლავში ჩაწვებიან,  ნახავს ცრუ ადამიანებს,  რომლებიც რელიგიურობანას თამაშობენ და რწმენაც აღებ-მიცემობის საგნად უქცევიათ (ჯემალ ქარჩხაძე).
შორენა, ახლა შენს მაგიდაზე დავინახე გოდერძი ჩოხელის წიგნი – “მღვდლის ცოდვა”. ამით ყველაფერია ნათქვამი. სანამ მღვდელი თავის ცოდვას არ შეინანებს და არ გამოვა იმ სამოცდაათწლიანი ბურუსიდან და იმ შეხედულებიდან, რომ მღვდლობა არ არის მხოლოდ საცეცხლურის ქნევა და უშინაარსოდ წამოძახილი “ალილულია”, მანამდე არაფერი შეიცვლება! ჩემთვის მოძღვრობა არის თევდორე მღვდელი, ჩემთვის მოძღვრობა არის ყველაზე საპატივსაცემო და “ხელიხელ საგოგმანები” წოდება და არა მხოლოდ წოდება, არამედ – ცხოვრების წესი! ქრისტიანობა ტრადიცია არ არის! ქრისტიანობა არის გზა ცხოვრებისა. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს – ერსაც და ბერსაც!
– მამა პეტრე, მე და თქვენ იმ დროიდან ვიცნობთ ერთმანეთს, როცა ჯერ კიდევ სასულიერო პირი არ იყავით. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და იცით, რომ სიმართლეს არასოდეს გავურბივარ და არ ვალამაზებ, რის გამოც მუდმივად განმიკითხავენ. ამას მივეჩვიე. მეუფე ეფრემთან ინტერვიუს გამო კინაღამ შემაჩვენეს,  რადგან 26 მაისის ტრაგედიას შევეხე. ალბათ, ამ ინტერვიუს გამო ისეთს დამწამებენ, ფანტასტიკის სფეროსაც რომ სცილდება, მაგრამ მაინც ვიტყვი – მე მიმაჩნია, რომ მაშინ წმინდა სინოდს ხმა უნდა აემაღლებინა ამ ბოროტებაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ?
– ხმამაღლა გეტყვით, რომ 26 მაისის ღამეზე ეკლესიის დუმილის პასუხია დღევანდელი დღე! 26 მაისის დანაშაულზე, ცოდვაზე, ბოროტებაზე მხოლოდ ორს – მეუფე იობს და მეუფე ეფრემს კი არა, სინოდის ყველა მღვდელმთავარს რომ ხმა ამოეღო და ამ საზარელი დანაშაულისთვის, მართლაც კაენის ცოდვისთვის, თავისი სახელი ეწოდებინა, დღევანდელ დღეს არ მივიღებდით! ესაა სიმართლე!
– მაშინ სინოდის დუმილი მეუფე იობმა დაარღვია, მას მეუფე ეფრემი მოჰყვა და თან უფრო ხმამაღლა, ახლა კი თქვენ – დაუჯერებელი გულწრფელობით! ჩვენ ის ერი ვართ, ძალიან ბევრი რომ დაგვაკარგვინა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ახლა ყველაზე საკრალურს შეეხო. როგორ ფიქრობთ, ბევრი სასულიერო პირი აგყვებათ? ახლა მაინც თუ ჩამოკრავს მრისხანების ზარებს ეკლესია?
– როცა ჩვენმა პარლამენტარებმა ამ კანონის მიღების შესახებ განაცხადეს, თანაც ძალიან მზაკვრულად და, შეიძლება ითქვას, ძალიან სომხურადაც, მე სახლში შესვლა არ მინდოდა! არ მინდოდა,  მე­ნახა ჩემი ცოლ-შვილი – რა პასუხი უნდა გამეცა მათთვის? შინაგანად ვგრძნობ, რომ რაღაცას მართმევენ, მე მართმევენ ყველაზე მთავარს, ყველაზე სუფთას, ყველაზე წმინდას, რითაც ქართველი ერი, აგერ უკვე ოცი საუკუნეა, ამაყობს. დღეს კი ჩვენ საამაყოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე.  ქართველს, თუნდაც მიძინებულს, შეიძლება წაართვა სახლი, კარი, ქონება, თუნდაც სიცოცხლე,  და ის ამას შეეგუოს, მაგრამ თუ მის სულს – ქრისტეს შეეხები, ყველა ქართველში ის გენეტიკური კოდი გაიღვიძებს,  რომელმაც ჩვენ აქამდე მოგვიყვანა! მე მჯერა, დღესაც ასე მოხდება! ჩვენ დღეს ვდგავართ გზაჯვა­რედინთან და ამ გზაჯვარედინს ძალიან დიდი ასოებით აწერია “ყოფნა-არყოფნა” და ამ ყოფნა-არყოფნისთვის უნდა ვიბრძოლოთ! არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ მრავალრიცხოვანი არმია ვიქნებით თუ მხოლოდ ერთი თევდორე მღვდელი. იმ ერთმა თევდორე მღვდელმა ქვეყნის ბედი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყვიტა, მაგრამ ძალიან ბევრ მოღალატე ქართველს შეიძლება ერთმა თევდორე მღვდელმა აჯობოს, თუკი ის ერთი თევდორე მღვდელი გამოგვერია!.. მე ჩემშიც და სხვაშიც თევდორე მღვდელს ვეძებ და ღმერთმა ქნას, ეს თევდორე მღვდლები გაბევდრდნენ და ღმერთმა ქნას, რომ ჩვენ დავირაზმოთ ღვთის მადლითა და წყალობით. მგონი, დღეს იმდენი ერისკაცი არ არის საქართველოში, რამდენი სასულიერო პირიცაა, ჩვენ რომ დავირაზმოთ, ჩვენ რომ ჩვენი სათქმელი ვთქვათ და ერს წარვუძღვეთ წინ, დამერწმუნეთ, შემოსილები უფრო მეტნი იქნებიან, ვიდრე ერის ადამიანები. ეს სანახაობრივადაც უფრო ლამაზი,  შთამბეჭდავი იქნება – ხმაც რომ არ ამოვიღოთ და რუსთაველზე ჩავიაროთ, ამით ბოროტება დაითრგუნება. თუნდაც ყველამ, ერთდროულად გულწრფელად ერთხელ მაინც წარმოვთქვათ: “უფალო, შემიწყალენ!” უფალი აუცილებლად შეგვიწყალებს!
… წუხელ ღამის თორმეტ საათზე განათებულ სამების ტაძარს შევყურებდი და ჩემ თვალწინ ერთი კადრივით გაირბინა ჩვენი ქვეყნის ისტორიამ  და ვიფიქრე – რა შეიძლებოდა მოემოქმედებინა ვახტანგ გორგასალს, რას გააკეთებდა გრიგოლ ხანძთელი, როგორ დააჩოქა მან მის წინაშე აშოტ კურაპალატი – მაშინ ეკლესიას ეთქმოდა, ახლა კი სათქმელს გვედავებიან, სათქმელს გვართმევენ. და სწორედ გუშინ, სამების საკათედრო ტაძართან მდგომს ყველა მიყვარდა, ყველა სასულიერო პირი, თავისი საქციელით ჩემთვის ყველაზე მიუღებელიც კი, და მის გვერდითაც კი დავდგებოდი, მათთანაც გავერ­თიანდებოდი ჩვენი ქვეყნის, ეკლესიის მტრების წინააღმდეგ! ჩვენ ტკივილი გვაერთიანებს, ჩვენ ტკივილი გვზრდის, ჩვენ ტკივილი გვწვრთნის. ადამიანს შეიძლება რაღაცას ართმევდე, მაგრამ, თუკი ეს მისთვის უმნიშვნელოა, პასუხს არ მოგთხოვს, შეიძლება წაიწუწუნოს, მაგრამ თუ ყველაზე მთავარს წაართმევ, ამას ძალიან დიდი ტკივილი მოჰყვება და ეს დიდი ტკივილი გუბდება ადამიანის შიგნით და, თუ  ხმასაც ვერ იღებ, ეს ტკივილი აუცილებლად კალაპოტს გაარღვევს და ქვეყნიერებას წალეკავს! და ამ ხელისუფლებას და არა მარტო ხელისუფლებას, იმ ადამიანებს, რომლებიც კრავის ფორმით არის შემოპარული ეკლესიაში, ისტორია თავის სახელს დაარქმევს!
– მამაო, თქვენ აღნიშნეთ, რომ, თუ მაღალმა იერარქებმა ხმა არ ამოიღეს, მე, უბრალო მღვდელმა, რაც უნდა ვთქვა, ამას მნიშვნელობა არ აქვსო! მე კი პირიქით მგონია – ხალხს ახლა უბრალო მღვდლის იმედი შეიძლება უფრო ჰქონდეს, იმ მღვდლისა თუ ბერისა, რომელიც ზოგჯერ გახუნებული კაბით ლოცვად დგას და ღმერთსა და ერს ემსახურება, ცდილობს, უფალი არც თავად დაკარგოს და არც ჩვენ დაგვაკარგვინოს. თქვით,  რუსთაველის გამზირზე (სადაც 26 მაისს დაღვრილი სისხლი ჯერაც არ გამშრალა) სასულიერო პირებმა რომ ერთად გავიაროთ,  ერისკაცებზე მეტნი ვიქნებითო.  ერისა და ბერის ერთად ლოცვას უფრო მეტი ძალა მიეცემა. მე კი მინდა,  თუნდაც სინოდის რამდენიმე წევრთან ერთად, წინ მხცოვანი, დაღლილი პატრიარქი მიგვიძღოდეს და ლოცავდეს ერს, სრულიად საქართველოს… მის გვერდით მინდა ვიყოთ – ერიც და ბერიც.
– მე მჯერა ჩემი პატრიარქის! ერთ დღეს, თუ ეს საჭირო იქნა, ის, ალბათ, ყველას მოგვიწოდებს და ყველა დავირაზმებით და საკუთარი სისხლით დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს მა­მულს, ენას, სარწმუნოებას. ის,  რაც XIX საუკუნეში რუსეთმა ავტოკეფალიის გაუქმებით ვერ განახორციელა, ჩვენ არ უნდა შევუწყოთ ხელი ამის გაკეთებაში. ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის გაგრძელებაა ის,  რაც დღეს ხდება. XIX საუკუნის პირველ მეოთხედში ახალქალაქში, ახალციხესა და ისტორიულ სამცხე-საათაბაგოში სომხების ჩასახლება ეს იყო შორს გამიზნული პოლიტიკა, რომლის შედეგ­საც ჩვენ დღეს ვიმკით, ამიტომ დღეს მიღებული კანონით შეიძლება ჩვენი თაობა უფრო არ დაზარალდეს, ვიდრე ჩვენი მომდევნო თაობა, როგორც ახლა ჩვენ ვიმკით საუკუნისწინანდელი ცარიზმის პოლიტიკის შედეგებს, ისე იმათ გადასწვდება ჩვენი დღევანდელი დანაშაული! ამიტომ, თუ საჭირო გახდა, მე ჩემს ოჯახთან ერთად შევეწირები ჩემი ქვეყნისა და ეკლესიის დაცვას და ამის მაგალითი მინდა ჩვენმა იერარქებმა მომცენ,  განა იმიტომ, რომ მე ვინმეს მაგალითი მჭირდება, არამედ იმიტომ, რომ მე ამით კურთხევა ავიღო მათგან, მდუმარე კურთხევა და მდუმარედ გავაკეთო, რასაც ისინი გააკეთე­ბენ!
– დაგვლოცე, მამა პეტრე.
– დასასრულ, მინდა ვთქვა ისევ ილია მართლის სიტყვები: “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო, სთქვი შენ და მე გავიგონე, მაგრამ გავიგონე თუ არა, რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდამ გულამდე ჩა­მირბინა, იქ,  გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა. როდემდის დამრჩეს ეს ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის? ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი”!
ესაუბრა შორენა სიხარულიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here