GEWORLD.NET:
ჩვენმა გაზეთმა გასულ ოთხშაბათს მკითხველს შესთავაზა ჟურნალისტ არმაზ სანებლიძის ვრცელი ინტერვიუ დიდ ქართველ რეჟისორთან, ბატონ თემურ ჩხეიძესთან. ნამდვილად საინტერესო დიალოგი გაიმართა სანკტპეტერბურგის გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, რომელიც ამ დღეებში შვებულებით ჩამოვიდა სამშობლოში. ბატონი თემური არაერთ საჭირბოროტო საკითხს შეეხო, მაგრამ, ბუნებრივია, ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ინტერვიუს იმ მონაკვეთმა, სადაც იგი ენობრივ პრობლემებს შეეხო, მით უმეტეს, რომ «საქართველო და მსოფლიოს» ორი მომდევნო – საავტორო გვერდით დაიწყო ამ გაზეთთან ჩემი თანამშრომლობა რუბრიკით – «რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს»…
თითქოს გრიგოლ ორბელიანის ამ ცნობილ სტრიქონებს ეხმიანება ბატონი თემურ ჩხეიძე, როცა გულისტკივილით ამბობს: «ჩვენ უმდიდრესი ენის პატრონი ვართ, რომელიც რატომღაც თანდათან კნინდება და კნინდება დამოუკიდებელ საქართველოში. რატომ უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირის დროს ქართული ენა გაცილებით მაღალ დონეზე, ვიდრე დღეს არის? პრესაში, ბოდიშს ვიხდი, ტელეეკრანიდან იქნება თუ რადიოეთერით გადმოცემული, ვერ ვიგებ, არ მესმის! თვალსა და ხელს შუა ენა იმდენად მახინჯდება, რომ ერთ-ერთ ყველაზე საგანგაშო პრობლემად ყალიბდება. მე, მაგალითად, საპროტესტო აქციას ამის გამო ჩავატარებდი. ეს არ არის უმუშევრობაზე ნაკლები პრობლემა, თუ მეტი არა!
– მამული, ენა, სარწმუნოება (ჩაურთო ბატონმა არმაზმა; ხაზი ყველგან ჩემია – ლ.ღ.)
– დიახ. თუკი ამ ცნებებს ვერ ვუპატრონეთ, ესე იგი, ძალიან ტყუილად მოვსულვართ ამ ქვეყნად… პოლიტიკაც ამაზე უნდა მუშაობდეს – ამ ცნებების გადასარჩენად, რომლებიც შეადუღაბებს ერს».
ძნელია აქ ილია არ გაგახსენდეს: «სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ უპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?»
სხვისა არ ვიცი და, მე პირადად, ბატონმა თემურმა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თავადაც ილიას ამ შეგონებებითაცაა ნასაზრდოები, არამარტო ჩვენი დიდი წინაპარი (აწ უკვე წმინდანად შერაცხული) გამახსენა, არამედ (რაოდენ მოულოდნელი და შეუსაბამოც არ უნდა იყოს) ერთი ჩვენი თანამედროვე მწერალი და «სახელმწიფო მოღვაწე» დამიყენა თვალწინ.
ამისწინანდელ პუბლიკაციაში იმის შესახებაც ვწერდი, რომ ჩვენს ხელისუფლებას ქვეყნის სახელმწიფო ენა წელიწადში ერთხელ – 14 აპრილსღა თუ გაახსენდება და 15 აპრილიდან ეს თემა კვლავ დავიწყებას ეძლევა-მეთქი. სამწუხაროდ, წელსაც ასე იყო. მეტსაც მოგახსენებთ: «დედაენის დღე» წლეულს ჩვენი დედაქალაქის საკრებულომ კოჯორთან გამართულ ბრძოლაში დაცემულ იუნკერთა სახელობის ქუჩის გახსნით აღნიშნა, რაც თავისთავად ღირსშესანიშნავი ფაქტია და ამის საწინააღმდეგო ვის რა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ იმ დღეს (14 აპრილს) არც მერიას და არც საკრებულოს სახელმწიფო ენაზე ფიქრით თავი არ დაუმძიმებიათ. სამაგიეროდ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, მწერალ ზაალ სამადაშვილის მიერ იუნკერთა ქუჩის გახსნაზე წარმოთქმული სიტყვა (რომლის ერთი ფრაგმენტი ტელევიზიებმა სინქრონული ჩანაწერის სახით გაავრცელეს) კარგად დამამახსოვრდა, როგორც სიტყვაკაზმული მჭერმეტყველების «უბრწყინვალესი» ნიმუში:
«იუნკერთა სამინიჭება ერთ-ერთი ქუჩისთვის, რომელიც მარად და სამწუხაროდ… მე… ბოლშევიკი… (აქ რაღაც დაუნაწევრებელი ბგერები გამოსცა – ლ.ღ.) სახელს ატარებდა, მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების, იმ ქართველი გმირების სახელების უკვდავყოფას, რომლებიც თებერვლის მძიმე დღეებში მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაეცნენ». მე ვერ ვიტყოდი, რომ ბატონ ზაალ სამადაშვილს ამაზე უკეთესად არ შეეძლოს თავისი ნააზრევის გადმოცემა; მისთვის სხვა დროსაც მომისმენია და თითქოს უფრო გასაგებად მეტყველებდა კიდეც, მაგრამ იმ დღეს, ეტყობა, რაღაც უცნაურობა მოხდა. დავიჯერო, რომ საკრებულოს თავმჯდომარე საგანგებოდ დასაჯა მამაზეციერმა და ასეთი რამ ათქმევინა? – «იუნკერთა სამინიჭება ერთ-ერთი ქუჩისთვის, რომელიც მარად და სამწუხაროდ… მე… ბოლშევიკი… სახელს ატარებდა…»
აშკარაა, რომ აზრის ჩამოყალიბების პროცესში მწერლის თავში რაღაც-რაღაცები აირია, მაგრამ, თუ სიღრმისეულ ანალიზს ჩავატარებთ, შეგვიძლია ამოვიცნოთ, რისი თქმაც სურდა მას.
«სამინიჭება» – ახალი ფორმაა და ნიშნავს «სახელის მინიჭებას», ოღონდ გასარკვევია, ასეთ შემოკლებას მწერალი სამადაშვილი სხვა დროსაც მიმართავს თუ ეს მისეული სიტყვათქმნადობის მხოლოდ ერთჯერადი აქტი იყო?
«მარად და სამწუხაროდ… მე… ბოლშევიკი»… – არამც და არამც ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ბატონი ზაალ სამადაშვილი წუხდეს იმაზე, რომ თავისი თავი («მარად და სამწუხაროდ») ბოლშევიკად მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ მის თანაპარტიელთა ბოლშევიკურ მენტალობაზე ამ ბოლო დროს ბევრი იწერება. მე მაინც არ მგონია, რომ ბატონი ზაალი აქ თავის თავს გულისხმობდეს.
უბრალოდ, მას, ალბათ, უნდოდა ეთქვა, «ბოლშევიკი მოღვაწის სახელს ატარებდაო», მაგრამ მერე უცებ სიტყვა «მოღვაწის» თქმა გადაიფიქრა: კაცს «ანულებენ» და «მოღვაწედ» მოხსენიება ნამეტანი იქნებოდა, არადა, რა ქნას? – «ბოლშევიკი» უკვე ნათქვამი აქვს (სახელობით ბრუნვაში), «სახელს ატარებდა» კი მის წინ ნათესაობით ბრუნვას ითხოვს (- «ბოლშევიკ-ის»), თან ამდენი დროც არ არის, ერთი სიტყვა უკვე ნათქვამია, იქვე მეორეც უნდა მოაყოლოს, ამიტომ იქ ოდნავ შესამჩნევი პაუზა გააკეთა, რაღაც გაუგებარი ბგერები გამოსცა და მიაყოლა: «სახელს ატარებდა». აი, ასე გამოვიდა: …მარად და სამწუხაროდ… მე… ბოლშევიკი… სახელს ატარებდა».
ოღონდაც «მარად და სამწუხაროდ» რად უნდოდა, ან ის «მე» რატომ თქვა… ეს ნიუანსი შთამომავლობას სამუდამოდ გაუშიფრავი დარჩება.
მე ზემოთ ვივარაუდე, რომ ეს, ალბათ, იყო სასჯელი საკრებულოს თავმჯდომარისთვის, ზეცით მოვლენილი, მაგრამ, თუ ჩემი პატივცემული მკითხველი ამ აზრს გაიზიარებს, მას იქვე კითხვაც გაუჩნდება: კი, მაგრამ რისთვის უნდა დასჯილიყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – მწერალი ზაალ სამადაშვილი? ასეთი რა ბრალი მიუძღოდა ღვთისა და ერის (უფრო მეტად – ერის!) წინაშე, რომ მაინცდამაინც 14 აპრილს, «დედაენის დღეს», საჯაროდ გამოსვლისას სწორედ დედაენა არეოდა? ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მიზეზსაც, მგონი, მივაგენი. საქმე ის გახლავთ, რომ 2010 წლის 6 სექტემბერს საკრებულოს თავმჯდომარე-მწერალს, ბატონ ზაალ სამადაშვილს ვრცელი ფაქტობრივი მასალა შევუგზავნე თანმხლებ წერილთან ერთად და ვთხოვდი, საკრებულოს მსჯელობის საგნად ექცია დედაქალაქში სახელმწიფო ენის პრაქტიკულად გამოყენების სფეროში არსებული კანონდარღვევები, რომელთა მიმართ რეაგირება მერიისა და საკრებულოს უშუალო მოვალეობაა. მას შემდეგ 10 თვე გავიდა. ზუსტად 10 თვე (!). (14 აპრილსაც საკმაოდ დიდი დრო – 7 თვეზე მეტი იყო გასული.) საკრებულოს თავმჯდომარე კი დღემდე ამ საკითხებით არ დაინტერესებულა. სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ჩემი წერილი შესაბამის კომისიებს კი დააწერა, მაგრამ ამის შემდეგ რა მოხდა, ან რატომ არ დამდო პატივი და ოფიციალური პასუხი დღემდე რატომ არ მომწერა, ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება საკრებულოს კომისიების ხელმძღვანელთა სრულ არაკომპეტენტურობასა და უგულისყურობას, ამის შესახებ, ალბათ, ცალკე მომიწევს მკითხველთან საუბარი, მაგრამ ამჯერად მე პრეტენზიები მაქვს საკრებულოს თავმჯდომარესთან და ქალაქის მერთან, რომლებიც ჩემი არაერთგზისი საჯარო (პრესით) თუ ოფიციალური (პირადად, წერილობით!) მიმართვების მიუხედავად სამარისებურ დუმილს ინარჩუნებენ.
ისევ ილია მახსენდება: «სხვისა არ ვიცით და ჩვენ-კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ენა საღვთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს». აი, თურმე რაში ყოფილა საქმე: ეტყობა, ქალაქის მერმაც და საკრებულოს თავმჯდომარემაც მშვენივრად იციან, რა «წმინდანებიც» ბრძანდებიან, ანუ რამდენად «ცოდვილი ხელები» აქვთ, რაც მათზე უკეთ ჩვენ, აბა, საიდან გვეცოდინებოდა. ამიტომაც გადაწყვიტეს, როგორც ჩანს, რომ ჩვენს დედაენას «ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხონ», მაგრამ ამასობაში სხვა ცოდვილებმა იგი ლამისაა, მიწასთან უკვე გაასწორეს.
ილია კი ამბობს, «მშობელ მამასაც არ დაუთმობდი ჩვენი ენის მიწასთან გასწორებასო», მაგრამ როგორ? რა გზით და ხერხებით, წმინდაო ილია? მე მომიტევეთ, ცოდვილს, თქვენი სახელის გვერდით «ის მწერალიც» რომ ვახსენე, მაგრამ, აბა, რა უნდა ვქნა: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები სულ ეგეთები და უარესები არიან. ამას კიდევ რა უჭირს, მწერალი ჰქვია და თავისი მიოთხრობები მაინც ექნება წაკითხული, თქვენ სხვები უნდა ნახოთ. ერთი რამ კი დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ყველას – პრეზიდენტიდან დაწყებული და საკრებულოს თავმჯდომარით დამთავრებული – ქვეყნის სახელმწიფო ენის ბედი, ფეხებზე ჰკიდია.
ბატონმა თემურ ჩხეიძემ რიტორიკული კითხვა დასვა: «რატომ უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირის დროს ქართული ენა გაცილებით მაღალ დონეზე, ვიდრე დღეს არის?»-ო. თუ რატომ იჩენდნენ ქართული ენის მიმართ ასეთ გულისხმიერებას კომუნისტები, ამის ახსნა ძნელი არაა, მაგრამ სრულიად გაუგებარი და აუხსნელია, რატომ ექცევიან დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფალნი სახელმწიფო ენას ასე აგდებულად. იმიტომ ხომ არა, რომ მართლმეტყველება მათი უმეტესობის აქილევსის ქუსლია? მე ვგულისხმობ არამხოლოდ ენობრივ (გრამატიკულ) ლაფსუსებს, არამედ (და არანაკლებ) იმ აზრობრივ შეუსაბამობებსაც, რომელთა მსგავსი მაგალითი ზემოთ უკვე განვიხილეთ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოთქმული სიტყვის განხილვისას. სტუდენტებთან შეხვედრისას ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა ასეთი რამ ბრძანა: «როცა თქვენ ჩააბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, თქვენ უთხარით – ნახვამდის! – საბჭოთა კავშირს». ძნელი მისახვედრია განა, რომ ამ წინადადებაში სიტყვა «ნახვამდის» უადგილოდაა ნახმარი? თუ, ვინმეს ჰგონია, რომ პრეზიდენტმა სტუდენტებს საბჭოთა კავშირის კვლავ ნახვის («ნახვამდის!») სურვილი დააბრალა?
ან კიდევ: – «ჩვენ ამ ნაბიჯებზე წავედით» – ბრძანა «მაესტროს» გადაცემა «არგუმენტებში» ეკა ბერიძესთან საუბრისას (არა! არ შემშლია: იმ დღეს რატომღაც თეა სიჭინავა არ იყო) პარლამენტარმა პავლე კუბლაშვილმა. ვიფიქრე, ალბათ, წამოსცდა-მეთქი, მაგრამ ისევ გაიმეორა: – «აქაც წავედით შემხვედრ ნაბიჯებზე»-ო. მინდა შევახსენო ბატონ პავლეს (კოლეგები პალიკოს და ზოგჯერ პაკოსაც (!) რომ ეძახიან): «ნაბიჯებზე წავედით» – უაზრობაა! ნაბიჯებზე კი არ დავდივართ, არამედ – ნაბიჯებით! ჯობდა გვეთქვა: გადავდგით შემხვედრი ნაბიჯები (და არა – წავედით ნაბიჯებზე).
«სახელმწიფო მოხელემ იცის, რომ ის არის ფაბლიქ პერსონ (თამარ ფხაკაძე, გაზეთ «პრაიმტაიმის» მთავარი რედაქტორი). ცხადია, ქალბატონმა თამარმაც იცის, რომ «ფაბლიქ პერსონ» ქართულად «საჯარო პირია», მაგრამ ამ გაზეთსა და მის თანამშრომლებს ასეთ შენიშვნებს ვინ აკადრებს? ესენი ხომ თავიანთი გაზეთის სახელწოდებასაც კი არ წერენ ქართული ასოებით და, გარდა ამისა, ინგლისურენოვანი ჟარგონისა და ბარბარიზმების გავრცელებაშიც ხომ ბადალი არა ჰყავთ… სამწუხაროა, მაგრამ ასეა ეს!
წყალგაუვალი ლოგიკით დაგვისაბუთა ქალბატონმა ხათუნა ოჩიაურმა ინგლისური ენის მასწავლებელთა ჩამოყვანის აუცილებლობა:
«ინგლისურის მასწავლებლებზე არ თქმულა, უბრალოდ, და მინდა, რომ ამას ხაზი გავუსვა: გარდა იმისა, რომ ინგლისური ენის ცოდნა ასევე რაიონებში იყო შედარებით პრობლემატური, ვიდრე ქალაქებში, მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ეს მასწავლებლები არ შედიან დამოუკიდებლად სოფლის სკოლებში, ისინი შედიან ჩვენს ქართველ მასწავლებლებთან ერთად და ჩვენ რამდენიმე წელიწადში მივიღებთ ორჯერ მეტ მასწავლებელს, მაღალი კვალიფიკაციისას, ქართველს, ვიდრე დღეს გვყავს» («კურიერი», 25.03.2011).
ქალბატონ ხათუნას კომენტარისთვის ნამდვილად ვერ შევაწუხებ, არ მაქვს ამდენი დამსახურება მის წინაშე, მაგრამ იქნებ მკითხველი დამეხმაროს და ერთად გავიაზროთ, რა პროცედურებთან გვაქვს საქმე: კლასში ერთდროულად შედის ორი მასწავლებელი – ერთი ქართველი და მეორე ინგლისელი (პირობითად). ასე გრძელდება ორი წლის განმავლობაში. ვთქვათ, ეს ხდება მთელი საქართველოს 200 სკოლაში (პიორბითად!). ამის შემდეგ, ორასი ქართველი და ორასი არაქართველი მასწავლებლისგან ორ წელიწადში ვიღებთ ოთხას ქართველ მასწავლებელს!
ვინც ინგლისური ენის ქართველ პედაგოგთა გამრავლების ამ მეთოდს ამიხსნის – ის იქნება წარსადგენი ნობელის პრემიაზე! კონკურსში მონაწილეობის უფლება, ცხადია, აქვს თავად ქალბატონ ხათუნა ოჩიაურსაც და, გულწრფელად რომ გითხრათ, მე სწორედ მას ვუსურვებ სხვებზე მეტ წარმატებას ამ ამოცანის ამოხსნაში: სხვა რომ არა იყოს რა, ბოლოს და ბოლოს, ამ უნიკალური მეთოდის ავტორია!
რაკი სიტყვამ მოიტანა, აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ საქართველოში (ჯერჯერობით – თბილისში!) დაინერგა ინგლისური ენის ათვისების კიდევ ერთი – უნიკალური მეთოდი, რომლის მსგავსი ჯერ სხვაგან არსად არ დაფიქსირებულა: ერთმა მშვენიერმა ქართველმა მანდილოსანმა ფინანსური ხელმოკლეობის გამო ხელი მიჰყო კომერციული მიზნით ტორტების ცხობას და, თქვენ წარმოიდგინეთ, მშვენიერი ბიზნესიც გამოუვიდა, რაშიც სამომავლოდაც დიდ წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენი გაზეთის მკითხველებს კი აქვე ვთავაზობ ამ ტორტების ფოტოებს, რათა უფრო ნათლად დავინახოთ, რა შუაშია ინგლისური ენის ათვისების უნიკალური მეთოდი (ცხადია, ეს მეთოდი უნდა განვიხილოთ როგორც დამხმარე საშუალება და არა როგორც – ძირითადი, მაგრამ მაინც მეტად საინტერესოა). საქმე ისაა, რომ ამ ტკბილეულის ზედაპირზე (დამკვეთთა დაჟინებული თხოვნით!) კეთდება ამა თუ იმ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებული წარწერები: მაგალითად, ასეთი: «ჩვენო საყვარელო ირაკლი! გილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ ბედნიერებას, სიყვარულით ლეილა და ნათელა მამიდები». მთავარი აქ ისაა, რომ ასეთი წარწერები, როგორც წესი, კეთდება ინგლისურ ენაზე (არ მკითხოთ, რატომ ინგლისურადო?!) ასეთი მეთოდით «მირთმეული» ინგლისური, თურმე, სამუდამოდ რჩება იუბილართა ორგანიზმებში. ჩემ ბავშვობაში იტყოდნენ, თუ გინდა გაკვეთილი კარგად აითვისო, ღამით სახელმძღვანელო წიგნი ბალიშის ქვეშ უნდა დაიდოო. სად იყო მაშინ წარწერებიანი ტორტები და, რომც ყოფილიყო, ჩვენი ხელმოკლე ოჯახები ამ მეთოდს სად შევწვდებოდით. მაშინ კი არა, დღესაც არაა იგი ყველასთვის მისაწვდომი, მაგრამ, თუ ქალბატონი ხათუნას მეთოდს გამოვიყენებთ და თან ინგლისურ წარწერებიან ტორტებსაც მივაყოლებთ, ინგლისურ ენასაც «შევჭამთ», აბა, რას ვიზამთ!? ვინ იცის, იქნებ ამას გულისხმობდა დიდი რუსთველი, როცა თქვა: «სმა-ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია»-ო.
მე დარწმუნებული ვარ, რომ წარწერებიანი ტორტებით ინგლისური ენის ათვისების მეთოდზე ჯერ თვით ამერიკაშიც კი არა აქვთ წარმოდგენა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ საკუთრივ ტორტებთან დაკავშირებული ფანტაზიების მხრივ ამერიკამ შორს გაასწრო მთელ დანარჩენ სამყაროს, მათ შორის, – კაციჭამიობით, ანუ კანიბალიზმით «სახელგანთქმულ» ქვეყნებსაც კი. ნათქვამის საილუსტრაციოდ გთავაზობთ რამდენსამე ფოტოს «იუტუბიზე» გავრცელებული ერთი ამერიკული ვიდეო-საიტიდან. ეს ულამაზესი ძუძუთა ბავშვი, რომელსაც კეთილი ბიძია ჯერ ხელ-ფეხს რომ აჭრის და მერე სამზარეულოს დიდი დანით თავის ნახევარსაც მოხდენილად აცლის, სინამდვილეში, თურმე, გახლავთ… არც მეტი, არც ნაკლები – ტორტი. დიახ! ეს არის ბავშვი – ტორტი, რომელსაც დანით ანაწევრებენ და მერე, ეტყობა, სიამოვნებით შეექცევიან. ესეც შენი «თავისუფალი» სამყარო! კიდევ კარგი, ჩვენ ჯერ აქამდე «განვითარებულები» არ ვართ; მაგრამ სამართლიანობისთვის აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ისტორიულად არც ქართველთათვის ყოფილა უცხო ადამიანის (მათ შორის – ბავშვების!) მსხვერპლად შეწირვა. «ქართლის ცხოვრება» გვამცნობს: «რევ მეფე თუმცა იყო წარმართი, მაგრამ იყო მოწყალე და შემწე ყოველთა გაჭირვებულთა, რამეთუ ცოტა სმენოდა სახარებიდან უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ჰქონდა სიყვარული ქრისტესი. და თავის მეფობაში აღარავის მისცა ნება ქართლში ყრმათა მოკვლისა, რამეთუ ძველთაგანვე, მის გამეფებამდე კერპებს ყრმებს სწირავდნენ მსხვერპლად. და ვიდრე იგი იყო მეფედ, აღარავინ კლავდა ყრმებს კერპთათვის, არამედ ცხვრისა და ძროხის შეწირვა დაუწესა. ამისთვის ეწოდა მას რევ მართალი». მერე იყო და, ქრისტიანობა მივიღეთ და მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ვერავინ გაბედავდა რევ მართლის მიერ შემოღებული წესის დარღვევას!
დიახ! 20 საუკუნის წინ უკვე აუკრძალავთ ჩვენს წინაპრებს ადამიანის მსხვერპლად შეწირვა, ხოლო კანიბალიზმი ისტორიულ მეხსიერებას არცკი შემორჩენია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ენაში შემონახულ ისეთ იდიომატურ გამოთქმებს, როგორებიცაა: «შეჭამეს ერთმანეთი», «გული შეუჭამა», «თავი წააჭამა», «ფეხებიც ვერ მოჭამა», უცებ აზდაკი გამახსენდა: «ნუ შემჭამე, ქალო!..» მაგრამ ეს ყველაფერი ათასწლეულების მიღმიდანაა შემორჩენილი და შეიძლება ფსიქოლინგვისტური ან ეთნოლინგვისტური თვალსაზრისით, ძალიანაც საინტერესოც კი იყოს, მაგრამ, საბედნიეროდ, დიდი ხანია, ერთმანეთს აღარ ვჭამთ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და ნურავინ შეეცდება, ამას მიგვაჩვიონ, თუნდაც ნამცხვრების დონეზე; რაც მე ნახევრად ხუმრობით მოგახსენეთ, სინამდვილეში ერთობ სერიოზული საკითხია და ამაზე დაფიქრება ნამდვილად არ გვაწყენდა.
ლევან ღვინჯილია