Home რუბრიკები საზოგადოება მეუფე ეფრემი (ბოლნელი ეპისკოპოსი): ძალიან რთულია ჩვენი უწმინდესის მდგომარეობა!

მეუფე ეფრემი (ბოლნელი ეპისკოპოსი): ძალიან რთულია ჩვენი უწმინდესის მდგომარეობა!

1484

GEWORLD.NET:“საქართველო და მსოფლიო” აგრძელებს ბოლნელ ეპისკოპოსთან, მეუფე ეფრემთან (გამრეკელიძე) საუბრების ციკლს, რომელსაც უძღვება გაზეთის “მახვილი მესიისა” მთავარი რედაქტორი შორენა სიხარულიძე.

გაგრძელება. დასაწყისი იხ. “საქართველო და მსოფლიო” #22
– მეუფე ეფრემ, თქვენ ბრძანეთ, რომ ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოების ნდობას ჯერ კიდევ ინარჩუნებს, ეკლესიაა. ალბათ, ასე ძალუმად ამიტომაც ცდილობენ მისი ავტორიტეტის შელახვას. ხომ არ მიიჩნევთ, რომ საპატრიარქოს სიჩუმე, გნებავთ გაურკვეველი განცხადებები 26 მაისის ღამესთან დაკავშირებით, წმინდა სინოდის ავტორიტეტს ჩრდილს აყენებს, რაც, რა თქმა უნდა, ეკლესიის არაკეთილმოსურნეთა წისქვილზე ასხამს წყალს, რაც, არა მგონია, სიკეთის მომტანი იყოს…
– ძალიან რთულია ჩვენი უწმინდესის მდგომარეობა. ხშირად, ასეთ რთულ ვითარებაში, ვცდილობ, ჩემი თავი მის ადგილას წარმოვიდგინო და ვფიქრობ, თავად  როგორ ვიტყოდი, როგორ მოვიქცეოდი და მთელი სისავსით ვგრძნობ ენით აუწერელ სიმძიმეს… თვალწინ თითქმის ჯოჯოხეთური მდგომარეობა წარმომიდგება ხოლმე – ეს არის მისი ჯვარცმა! წარმოიდგინეთ, უწმინდესის ერთი სიტყვა რამდენად წონადია და როგორ ელოდება ერიც და ბერიც! რამდენად სწორად უნდა თქვას თითოეული სიტყვა, რომ იმ ერთმა სიტყვამ კი არ გათიშოს, არამედ გააერთიანოს ერი! და ღმერთმა ნუ ქნას, მისი ეს სიტყვა სწორად არ გაიგოს ან ერთმა, ან მეორე მხარემ. ამან  შეიძლება ერის ტრაგედია გამოიწვიოს! ეკლესია ყოველთვის ცდილობს, ვინმეს მხარე კი არ დაიჭიროს, არამედ სიმართლის, ჭეშმარიტების მხარეს დადგეს, მაგრამ ხანდახან უჭირთ ამ ჭეშმარიტების სწორად დანახვა და დაუმსახურებლად “მიაწერენ” რომელიმე მხარის – ან მთავრობის, ან ოპოზიციის მხარდაჭერას. უდიდესი სულიერება სწორედ ის არის, რომ ორივე მხარეს, როგორც უნდა აშავებდეს იგი, ისე შეხედო, როგორც შენს შვილს. და მესმის, როგორ სტკივა უწმინდესს ყველა ადამიანი, განურჩევლად იმისა, თუ სად დგას იგი.
– კიდევ ერთხელ ჩაგეკითხებით: საპატრიარქოს მხრიდან იყო თუ არა ხმამაღლა დასაგმობი ხელისუფლების ქმედება 26 მაისის ღამეს? და მისმა სიჩუმემ მიაყენა თუ არა ჩრდილი ეკლესიის, საპატრიარქოს, წმინდა სინოდის ავტორიტეტს?
– რა თქმა უნდა, 26 მაისის ღამე ერთმნიშვნელოვნად დასაგმობი იყო! უნდა დაგმობილიყო ცოდვა ძალადობისა, მკვლელობისა… ასეთი სისასტიკისა. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი მხარე ჩაიდენს ამ სისასტიკეს? ჩვენთვის ხომ ყველას სიცოცხლე ერთნაირად ძვირფასია?! მე მჯერა, მოსახლეობა ეკლესიიდან არ ელოდა პოლიტიკურ განცხადებებს (და ეს ასეც უნდა იყოს), მაგრამ როგორ შეიძლება, ადამიანი უყურებდე, როგორი სიძულვილითა და სისასტიკით ურტყამს და სასიკვდილოდ იმეტებს ათი სპეცრაზმელი ერთ ხელებშეკრულ კაცს (კიდევ გეუბნებით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ მხარეს დგას) და ეს არ დაგმო! რაც სათქმელია, უნდა ითქვას – თეთრზე თეთრი უნდა ვთქვათ და შავზე – შავი! როცა ასეთი საშინელი რამ ხდება, როცა ადამიანი ასე უმოწყალოდ, ასეთი სისატიკით ეპყრობა ადამიანს, ქართველი ქართველს, ამაზე დუმილი არ შეიძლება!
– იცით, მეუფე ეფრემ, იმ პერიოდში, კარგად მახსოვს, ხალხი ხმამაღლა ამბობდა: “ბოლოს და ბოლოს რა უნდა მოხდეს, რომ ეკლესიამ ხმა ამოიღოს? როდემდე? სანამ ჩვენი სისხლის მდინარეებით არ წაილეკება საქართველო? რას ვერ თმობენ ეკლესიის მსახურნი – ჯიპებს, კეთილდღეობას, კომფორტს, მდიდრულ ცხოვრებას? ისინი ხომ იმისთვის არიან იქ, რომ სიმართლეს, ქრისტეს, ერს ემსახურონ? და როდესაც ხელისუფლებამ უკვე მერამდენედ მოუწყო ბართლომეს ღამე საკუთარ ხალხს, იყო თუ არა ეს ქრისტეს მცნებების წინააღმდეგ წასვლა?”. რა ვუთხრათ ამ ადამიანებს? რით ვანუგეშოთ ისინი, ვისაც უკვე მდიდრული ავტომანქანიდან გადმოსული სასულიერო პირი აღიზიანებს, რადგან ახსენდება, როცა შვილი ცემით მოუკლეს, მაშინ ეკლესია დუმდა.
– ყოველ ადამიანში მეტ-ნაკლებად არის ეგოიზმი და ასეთ ვითარებაში მასში  თვითგადარჩენის ინსტინქტი იღვიძებს…და აღარ უნდა “აირიოს” თავისი საკუთარი “დამშვიდებული”სიცოცხლე…
..და ასე, ვეღარ ელევა ამ კომფორტულ ცხოვრებას და ფიქრობს, რომ ოღონდ მას არაფერი ეტკინოს, მის ოჯახს არ დაემუქროს საფრთხე და დუმს! ამის საპირისპირო თვისება კი თავგანწირვაა, რასაც ადამიანს რწმენა, ღვთის სიყვარული აძლევს; სამწუხაროდ, ერშიც და ბერშიც თავგანწირვის მუხტი შემცირდა და “თვითგადარჩენის” ინსტინქტმა წამოიწია წინა პლანზე… ამიტომაცაა, “სანამ მე და ჩემს ოჯახს არ შეგვეხება, მანამდე გავჩუმდები”-ს პრინციპით ცხოვრობს ერიც და ბერიც, სამწუხაროდ!.
-ანუ, რაც ბერი, ის ერი? თუ პირიქით – რაც ერი, ის ბერი?
– ეს ზიარჭურჭელივითაა და დასამალი არცაა. ჩვენი ერის არსებობის მანძილზე ყოველთვის ასე იყო – აიწევდა სულიერების დონე ბერ-მონაზვნობაში?ეს ავტომატურად ვრცელდებოდა ერზეც..სწორედ ამის გამო ჩატარდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება! დავით აღმაშენებელმა დაინახა, რომ როგორც კი დაეცა სულიერება და ზნეობრიობა ბერში, ეკლესიაში, ავტომატურად აირია, დეგრადაციისკენ წავიდა მთელი ქვეყანა, მთელი ერი! ასე რომ, ეკლესია, სასულიერო დასი არის წამყვანი, ერის სულიერი ლოკომოტივი, ჩირაღდანი და თუ წინ მიმავალ გზაზე ის ჩაგიქრა, ყველა – ერიც და ბერიც, რა თქმა უნდა, სიბნელეში აღმოჩნდება, დაიბნევა. ამიტომაც ვალდებულნი ვართ, ერს ყოველთვის სიმართლე ვუთხრათ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ! კიდევ ერთხელ ხმამაღლა და მკაფიოდ ვიტყვი – 26 მაისის ღამე იყო ბოროტება! ცოდვა!
– მაშინ, როდესაც ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი დადააპატიმრეს, ადამიანები, რომლებმაც უამრავი სიხარული მიანიჭეს ქვეყანას (შეიძლება ზოგიერთს, იმ მიტინგზე მდგომს დასწამო რაღაც ანგარება, მაგრამ განა რა ჰქონდა გასაჭირი ამ ადამიანებს და მათნაირს კიდევ ბევრს, თუ არა ქვეყნის ტკივილი და ტრაგედია?), ხალხი მთავრობისგან და საერთოდ პოლიტიკოსებისგან პასუხს აღარ ელოდება, აღარ სჯერა მათი. ერთადერთი საყრდენი, რაზეც ეროვნული ცნობიერება დგას, ეს ეკლესიაა. და საკუთარი, აზრის მკაფიოდ არგამოხატვით მრევლის უდიდეს ნაწილში ეკლესიის ავტორიტეტს ჩრდილი თუ მიადგა?
– ასეთ რთულ ვითარებაში ადამიანები ეკლესიას ყოველთვის ბოლო იმედის თვალით შეჰყურებენ, რადგან სხვაგან აღარსადაა შველა. ვითომ შეიცვალა მთავრობა, დადგა რომელიღაც პოლიტიკური ძალის გვერდით, მაგრამ ყველა შემთხვევაში მაინც მოტყუებული დარჩა! ხალხი ერთადერთ ხსნას, შველას, სიმართლეს მხოლოდ ეკლესიისგან ელოდება, ამიტომ ეს ხმა ზარის რეკვასავით უნდა ისმოდეს ეკლესიიდან! რაც სამხილებელია, მკაფიოდ, დაუფარავად, შეულამაზებლად უნდა ვამხილოთ; რაც სათქმელია, უნდა ითქვას, ოღონდ ყოველგვარი სიყალბის გარეშე!!! თუმცა, არც თუ იშვიათად, თუ ვინმემ სიმართლე თქვა, მის ნათქვამს ხანდახან ირონიით იღებენ ხოლმე ერშიც და ბერშიც!.. სამწუხაროდ!..
…მერე სასწრაფოდ გამოჩნდებიან მავანნი ეკრანზე, აუცილებლად ტაძარში, სანთლით ხელში და რატომღაც ფიქრობენ, რომ ამით ჩამოირეცხენ თავიანთ დანაშაულადქცეულ ცოდვებს… რატომღაც ჰგონიათ, ასე ადვილად დაიჯერებს ხალხი, რომ ტაძარში შესვლით სულ სხვა პიროვნებად გარდაიქმნენ. ეს კატეგორია ადამიანებისა ცდილობს, რომ ეკლესია ნიღბად გამოიყენოს და ეს “ნიღაბი” ეკლესიურობისა კარგად მოირგოს – ახლა სანთელი დაიჭირა და აანთო?! ამით ცდილობენ, რომ მასის თვალში მორწმუნედ გამოჩნდნენ და ცოდვა ჩამოირეცხონ?! მაგრამ ამ სისხლს რა ჩამორეცხავს, მე არ ვიცი! არც აქ მოასვენებს მათ ეს ცოდვა და არც იქ. თუ ჭეშმარიტი, ცრემლიანი სინანული არ ექნებათ. საერთოდ, როგორ სძინავთ ღამე, არ მესმის!
უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ეკლესია უშიშრად უნდა ამბობდეს თავის სათქმელს, ვისაც, როგორ ავტორიტეტსაც უნდა ეხებოდეს ეს. ერთი სიტყვით, შიში არ უნდა იყოს! დღეს კი რაღაცნაირად ეს შიში სინდრომია თითქოს.
– ანუ ეკლესია დღეს დაშინებულია, მეუფე ეფრემ?
– ეკლესია მთლიანად დიდი და ფართო ცნებაა, მე ვამბობ ცალკეულ პიროვნებებზე. ვინ ვის უკრავს დღეს პირს? გასაგებია, რომ პატრიარქის სიტყვას დიდი წონა აქვს და მას ანგარიშს ვუწევთ; ველოდებით, რომ რთულ ვითარებაში პირველი სიტყვა მაინცდამაინც მან უნდა თქვას. თუმცა ნებისმიერ მღვდელმთავარსაც ხომ შეუძლია, რომ სიმართლე უთხრას თავის სამწყსოს თავის ეპარქიაში? ნებისმიერ მღვდელს შეუძლია თავის უბანში, თავის ქალაქში თავისი მართალი სიტყვა ამბიონიდან გააგონოს მრევლს! რატომ ვერ ამბობენ, შიში აქვთ ვინმესი? უფლის გვეშინოდეს, უფლის, ჩვენი არასწორი საქციელის, ჩვენი ცოდვების გამო!
დიახ, ვისაც სურვილი აქვს, ყველას შეუძლია სიმართლე თქვას, რომ 26 მაისის ღამე იყო დანაშაული! ამ შემთხვევაში, ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, უნდა ამხილო… რადგან უფალი მეფობს ამ ქვეყანაზე და არა ვიღაც ხელისუფალი! ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ყველას – ერსაც და ბერსაც, რომ მხოლოდ უფლის მეუფებაა მარადიული და უნდა ვეცადოთ, უფალთან ვიყოთ მართალნი და არა მიწიერ, წარმავალ ხელისუფლებასთან, რომელიც დღესაა და ხვალ აღარ იქნება!
– იქნებ, ეს უბრალო მღვდელი, თუნდაც დიდი იერარქი, იმ პირველ სიტყვას ელოდება, რადგან ეკლესიისთვის ხომ უპირველესია მორჩილება და კურთხევა? იქნებ, თქვენ, ყველანი, იმას უწევთ ანგარიშს, რომ იმ პირველმა არ ან ვერ თქვა? ამიტომაც, იქნებ, თქვენ, ყველას – წმინდა სინოდის წევრებს უნდა გეთქვათ? იქნებ, იგი, თქვენი და ჩვენი მამა, თავისი შვილების სიტყვას ელოდა და არა მხოლოდ იგი, არამედ მთელი ერი?
– ჩვენი უწმინდესი ეპოქალური მოვლენაა!.. საქართველოს შეწირული!.. იცით, მან შეიძლება პირდაპირ და მკაცრი ტონით არ თქვას სათქმელი და მაინც სწორი შეფასება მისცეს მოვლენებს ისე, რომ გამგებმა გაიგოს! მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ პატრიარქის ძალა არის თითოეული ჩვენთაგანი – დაწყებული სინოდის წევრებით, დამთავრებული უბრალო დიაკვნით. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ მისი ძალა.
გავიხსენებ – ეკუმენური საბჭოდან რომ გამოვდიოდით, მაშინ, როცა მთელს ეკლესიაში მომწიფდა ამის პირობა და ყველამ – მღვდელმთავრებმა და ზოგადად სამღვდელოებამ, ხმამაღლა, ერთად თქვას თავისი სიტყვა, სინოდმა, უწმინდესმაც ერთობლივი, ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო უწმინდესის აზრიც და ქართულმა ეკლესიამ დატოვა ეკუმენური საბჭო!
– ანუ დღეს პატრიარქს თითოეული თქვენგანის, ჩვენგანის თანადგომა სჭირდება?
– თითოეულის თანადგომა სჭირდება და სჭირდება ჩვენი ერთიანი აზრი. იცით, ჩვენ ხშირად როგორ ვიქცევით? ერთ ადამიანს, ყველაზე ხშირად კი პატრიარქს, ავკიდებთ ხოლმე მთელს სიმძიმეს ეკლესიისას თუ ერისას. აბა, მიდი და ატარე შენ ერთმა, მარტოდ მარტო ეს ამხელა სიმძიმე… ერთი წამით წარმოიდგინეთ,  როგორი სატარებელია, ეს რა მძიმე ჯვარია? მან უნდა გამოიყვანოს ერი ამ ურთულესი მდგომარეობიდან, პოლიტიკური იქნება ეს თუ სულიერი… და თუ რამე ისე არ მოხდა, როგორც ერი თუ ბერი ელოდა, მერე პატრიარქისკენ გაიშვერენ თითს – მხოლოდ მას დაადანაშაულებენ! არავის უნდა თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. ჩვენ გავურბივართ პასუხისმგებლობას, თითქოს ვფრთხილობთ და ეს ზღვარგადასული სიფრთხილე მერე უკვე სიმხდალეში გადადის. ამ ადამიანმა განა რამდენი ტვირთი ატაროს? რომელი ერთის? ყველა, თავის ეპარქია იქნება თუ რეგიონი, ქალაქი, სოფელი – იქ დადგეს ჭეშმარიტების მხარეზე, იქ იქადაგოს სიმართლე და მერე უფრო გაადვილდება ერისთვის მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა; მერე, როცა ყველას ერთიანი აზრი გვექნება ერისთვის მნიშვნელოვან ჟამს, ეკლესია უნდა იყოს ერთსულოვანი და არა, როგორც დღესაა – ერთი სხვას ამბობს, მეორე – სხვას; ერთი ერთ მხარესაა, მეორე – მეორე მხარეს… მეგობრებად, ნათესავებად თუ დაჯგუფებებად არ უნდა იყოფოდნენ სასულიერო პირები… ჩვენ, ყველანი ერთ მხარეს – სიმართლის მხარეს უნდა დავდგეთ! ანტიკური სიბრძნეა – პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება ჩემი ყველაზე დიდი მეგობარიაო. არის ჭეშმარიტება და არის სიყალბე. შეიძლება ჩემი საკუთარი ძმა ცდებოდეს – სიყალბის, სიცრუის მხარეს დადგეს, მაგრამ რადგან ძმაა, ამიტომ მას ტაში დავუკრა, ჭეშმარიტებას ზურგი ვაქციო და უფალს ვუღალატო? გამორიცხულია!!
უფალთან ყველანი ცალ-ცალკე, მარტონი ვაგებთ პასუხს ჩვენს საქციელზე – სამართლიანზე თუ უსამართლოზე. ვერავინ, უწმინდესიც კი, ჩვენს  მაგივრად ვერ აგებს პასუხს ჩვენს ცოდვებზე. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას!..
– ანუ მაპატიეთ, მაგრამ სინოდს მართლმკვეთელობა აკლია?
– მე ვერავის შევაფასებ. მინდა, პასუხი საკუთარ თავზე ვაგო. მოდით, ჩვენ ყველამ ჩვენი თავი შევაფასოთ და ჩვენს გულებში ჩავიხედოთ – რამდენად ვართ ჩვენ ჩვენი მოწოდების სიმაღლეზე. რაც მეტი მოგეცა, მით მეტი მოგეთხოვება და ყველას განგვსჯის თავის დროზე უფალი და მომავალი თაობა და არავინ და არაფერი ღირს იმად, რომ უფალს ვუღალატოთ! ახლა თვალთმაქცობა და თამაში ყველაზე დიდი დანაშაულია, მე ასე ვიტყოდი! ერთთან ერთი თქვა, მეორესთან – მეორე, ერთთანაც კარგი გინდა იყო, მეორესთანაც, ამ დროს ყველას ღალატობ, პირველ რიგში კი – უფალს! თუ ამბობ, უნდა თქვა სიმართლე ყველასთან, ყველგან! სიმართლე არ შეიძლება ბევრნაირი იყოს! სიმართლე ერთია!
შეიძლება პიროვნებას ან ხელისუფლებას აქვს კარგი გაკეთებული, უნდა ვთქვათ და არ დავმალოთ მისი სიკეთეც, სიძულვილმა არ უნდა დაგვაბრმავოს და ობიექტურობა არ უნდა დაგვაკარგვინოს. იმ სტერეოტიპიდან არ უნდა შევხედოთ ყველაფერს, რომ მის მიმართ ცუდი განწყობა გვაქვს, რახან დააშავა, ის ყველაფერში ცუდია და ამიტომ კარგი არ უნდა დავინახოთ! პირიქით, თუ რამ კარგი გააკეთა – ასფალტი დააგო, გზები აღადგინა, წყალი თუ გაზი გაიყვანა სადღაც სოფელში, ახალი, ლამაზი შენობები ააშენა თუ ტაძარი და მონასტერი – ესეც ხმამაღლა ვუთხრათ მრევლს, მაგრამ ისიც უნდა ვუთხრათ, რომ ის, რაც 26 მაისის ღამეს ჩაიდინა – სისხლი დაღვარა, ხალხი გაწირა, ეს ცოდვაა, ბოროტებაა, დანაშაულია და ამაზე დადუმება უფლის ღალატია!
– მეუფე ეფრემ, როდესაც ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები ხშირად შეგვახსენებენ, რომ ამ მთავრობამ ბევრი გააკეთა, გზები დააგო, ქალაქები გაალამაზა, სკვერები, სათამაშო მოედნები ააშენა (თუმცა ამ გალამაზებულ ქალაქებში, იმ სკვერებსა და მოედნებზე მშიერი და ღირსებააყრილი ხალხი რა “სიხარულით” ივლის, ეს მეორე, ყველაზე მტკივნეული საკითხია) და თითქოს ამით ცდილობენ, “გადაფარონ” ის უზნეო საქციელი, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით. მე მახსენდება საქართველოს ისტორიის ის პერიოდი, როცა გამაჰმადიანებული როსტომ ხანი მართავდა ქვეყანას – ცალი ხელით ეკლესიებს აშენებდა, მეორე ხელით კი – ჰარამხანებს, ქვეყანა გარედან “ლამაზდებოდა”, შიგნიდან კი მოყვარეს უბრმავებდა თვალს, რადგან უზნეობის მორევში ეფლობოდა.
– მე კიდევ უფრო ადრინდელ დროს გავიხსენებ – დავით აღმაშენებლის დროს, როცა საქართველო უძლიერესი სახელმწიფო იყო! და ეს ყველამ ვიცით, რატომაც – დავითი თავად იყო ზნეობისა და სულიერების მაგალითი, წელიწადში 24-ჯერ სამოციქულოს კითხულობდა, ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს გიორგი ჭყონდიდელს უთანხმებდა. საერო და სასულიერო ხელისუფლება ერთად წყვეტდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. მეფე თავად იყო ზნეობის, რწმენის, ქართველობის მაგალითი! დავითს ძალიან რთული საქართველო ერგო მემკვიდრეობად. ქუთაისში იმიტომ იჯდა, რომ თბილისში ჯერ კიდევ მუსლიმანები ბატონობდნენ, და იმდენი იბრძოლა, გაათავისუფლა 4-საუკუნოვანი ტყვეობიდან საქართველოს დედაქალაქი და ისევ თბილისში გადმოიტანა სამეფო ტახტი! ეს არავის დაგვავიწყდეს!
თამარი, რომელიც ფეხშიშველი მიუძღოდა ბრძოლაში მიმავალ ლაშქარს, რომელიც დღედაღამ ლოცულობდა, მთლიანად ქვეყნის ტკივილითა და ცრემლით ცხოვრობდა! სწორედ თამარმა შექმნა დარბაზი, სადაც თავისუფალი აზრის გამოთქმა ყველას შეეძლო. დავითისა და თამარის დროს რომ იყო აღმშენებლობა, ისეთი უნდა, მაგრამ ისინი მხოლოდ მატერიალურ აღმშენებლობას არ ეწეოდნენ; ისინი უზნეოდ არც თვითონ ცხოვრობდნენ და, მათი წყალობითა და ღვაწლით, – არც ქვეყანა! სამშობლოს შესწირეს თავიანთი პირადი ცხოვრებაც. რად გვინდა აღმშენებლობა, თუ სული წაგვიხდება, შეირყვნება?.. ისინი ჯერ ზნეობრივად, სულიერად თვითონ ძლიერდებოდნენ და ქვეყანასაც აძლიერებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ზნეობრივი საფუძველის გარეშე სახელწიფო ქვიშაზე აგებულ სასახლეს ჰგავს! ამიტომაც იყო მათი დროის საქართველო ზესახელმწიფო!
დღეს კი სახელმწიფო შეიძლება “აშენდეს”, მაგრამ რამდენად იქნება იგი ქართული, ან იქნება კი საერთოდ, საკითხავია.
როგორი საქართველო გვინდა – მატერიალურად “აყვავებული, გაბრწყინებული”, მაგრამ ამავე დროს სულიერად დეგრადირებული, სულიერად დაცემული და გახრწნილი, გადაგვარებული?!
ამის გარჩევის უნარს ადამიანს აძლევს რწმენა და, როცა რწმენა არ გაქვს, ეკლესიაში არ დადიხარ ან დადიხარ  “მოსაჩვენებლად” და განიკითხავ ეკლესიას, განიკითხავ პატრიარქს, არ გინდა არაფერი ღვთიური და ასე ებმები “ცივილიზაციის ფერხულში”, მაშინ შენი დევიზია “ჩემი სამშობლო იქ არის, სადაც კომფორტი მექნება და ჩემი ღმერთი ჩემი საჭმელი და მუცელია”. ამ “გლობალიზაციას ფეხსაყოლილებს გვავიწყდება, რომ ქართველობა სულ სხვა ფენომენია, ქართველობა მხოლოდ ეროვნება არ არის, ეს ცხოვრების წესია, ეს ჯილდოა, ღვთისაგან ბოძებული და ამ ღვთისგან ნაბოძებ საჩუქარს თუ ვერ გავუფრთხილდებით, ამისთვის პასუხს ვაგებთ უფლის წინაშე!.. ცოცხალი რწმენა დავკარგეთ,…ვკარგავთ ქართველობას…
დაგვიდგა სულსა და ხორცს შორის არჩევანის გაკეთების დრო და ეს არჩევანი დღესვე გვაქვს გასაკეთებელი: როგორი საქართველო გვინდა – დავით აღმაშენებლისა და თამარის თუ როსტომ-ხანისა?
გაგრძელება შემდეგ ნომერში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here