”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის მესამე მოსმენით დამტკიცების შემთხვევაში თამბაქოს ნაწარმის სადა, სტანდარტიზებული შეფუთვა და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების დატანა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან გახდება სავალდებულო.
სტანდარტიზებული შეფუთვის შესახებ მოთხოვნა საზოგადოებასთან თუ ბიზნესთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე ბოლო მომენტში გაჩნდა კანონპროექტში. ამ მოსაზრებას ამყარებს IPM Research-ის კვლევა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის 62% თვლის, რომ სტანდარტიზებულ შეფუთვაზე გადასვლამდე მნიშვნელოვანია საკითხზე კონსულტაციების გამართვა.
სტანდარტიზებული შეფუთვა ნიშნავს, რომ ყველა ბრენდის სიგარეტის შეფუთვა იქნება ერთნაირი, სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ფერით, ფორმით, ზომითა და შინაარსით. ყველა სავაჭრო ნიშანი, ლოგო და გრაფიკული გამოსახულება აიკრძალება და მხოლოდ განსაზღვრული შრიფტითა და ზომით ქართულ ენაზე სახელის დატანა იქნება შესაძლებელი.
საერთაშორისო პრაქტიკას თუ გადავავლებთ თვალს, სტანდარტიზებული შეფუთვა პირველად 2012 წელს ავსტრალიაში გამოჩნდა. ბელარუსიაში 2017 წლიდან დაიწყეს მსგავსი შეფუთვებით წარმოებაში თამბაქოს გაყიდვა. ესპანეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ეს მეთოდი გამოიყენეს.
კანონპროექტის ინიციატორთა აზრით, მსგავსი მეთოდიკა კიდევ უფრო შეამცირებს თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობას.
უნდა აღინიშნოს ის, რომ სადა შეფუთვამ ბაზრის დინამიკა კონკურენციასა და ფასებთან მიმართებით ნამდვილად შეცვალა. მაგრამ გაყიდვების შემცირების პარალელურად, უკანონო ვაჭრობის მაჩვენებელი გაიზარდა.