Home რუბრიკები საზოგადოება ოთარ ლომთაძე: საქართველოში პრობლემას მგელი კი არ წარმოადგენს, არამედ გარემოს დაცვის...

ოთარ ლომთაძე: საქართველოში პრობლემას მგელი კი არ წარმოადგენს, არამედ გარემოს დაცვის დაყრუებული სამინისტრო!

994

მგელი ყოველთვის ესხმოდა თავს ადამიანს და დაუსჯელად ჭამდა მას, ვიდრე ადამიანმა “ხელები არ წაიგრძელა” ჯერ შუბით, მერე მშვილდ-ისრით და ბოლოს _ თოფით. მიუხედავად ამისა, თავს ესხმის დღესაც. შემიძლია ვთქვა, რომ მგელმა საქართველოს სოფლები ააწიოკა! ჩემი დღევანდელი სტუმარია, საპატიო მონადირე, იარაღმცოდნე ოთარ ლომთაძე, რომელიც 1985-90 წლებში “მონკავშირში” ხელმძღვანელობდა ფაუნის დაცვის სექციას.

_ ბატონო ოთარ, თითქმის ორი ათეული წელია, რაც მგლის მოკვლისთვის პრემიალური სისტემის აღსადგენად იბრძვით. როგორ მიმდინარეობს თქვენი “ომი” გარემოს დაცვის სამინისტროსთან?
_ საქმე იქამდე მივიდა, რომ მგლის პრობლემა იურიდიული გამოძიების გარეშე, ჩემი აზრით, ვერ გადაიჭრება!
_ თქენ მიგაჩნიათ, რომ პრობლემა სამართალდამცავი ორგანოების ჩარევას იმსახურებს?
_ რასაკვირველია! თავად განსაჯეთ: მგლების თავდასხმის შედეგად სოფლის მოსახლეობა დაშინებულია, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი, ათეულებმა კი სხეულის ფიზიკური დაზიანება მიიღო, ხოლო ზარალი მეცხოველეობაში მილიონობით ლარია! წარმოიდგინეთ, მთის მოსახლეობამ შემოსავლის ძირითადი წყარო დაკარგა და ტყეში ღორების გამოკვებას, ფაქტობრივად, თავი გაანება!
_ ვისი ბრალია?
_ გარემოს დაცვის სამინისტროს პირდაპირი მოვალეობაა მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; მან კი საქმე იქამდე მიიყვანა, რომ შიშით ადამიანი ტყეში ვერ შესულა, მშობელს ბავშვი სკოლაში ვერ გაუშვია, მოსახლეს მგელი საკუთარ ეზოში უვარდება! კიდევ ვიცი ორი შემთხვევა, როცა მგლების შემოსევის გამო მოსახლეობამ სოფლიდან აყრაზე დაიწყო ფიქრი!
_ ბატონო ოთარ, ეს ემოციებია! სადაა ფაქტები?
_ მე თქვენთან მომზადებული მოვედი. აგერ, 2007 წლის 14 აგვისტოს “საზოგადოებრივმა არხმა” გადასცა სიუჟეტი გურჯაანის რაიონის სოფელ ფხოველიდან. მოხუცმა ქალმა თქვა, რომ 5 ღორი მყავდა და ისიც მგელმა შემიჭამაო, შემდეგ დაგლიჯა ვირი და ჩოჩორიც ზედ მიაყოლაო. სოფლის გამგებელმა ბესო ნიბლაძემ კი განაცხადა, სოფელში 15 კომლიღა დარჩა და შიშით ისინიც აყრას აპირებენო.
2007 წლის სექტემბერში პრესაში გამოქვეყნდა წერილი ქვემო სვანეთის სოფელ უკლეშში დარჩენილ ერთადერთ, ტარიელ ბაბლუანის  ოჯახზე, რომელიც აყრას აპირებდა: “გავწამდით და დავიტანჯეთ. ზოგჯერ ბავშვებთან ერთად მარტო რომ დავრჩენილვარ ღამით სახლში, შიშით არ დამძინებია. რამე რომ გამიჭირდეს, რა უნდა ვქნა, ვინ დამეხმარება? ამ ზამთარს მგლები ისე ახლოს მოდიოდნენ, დღისით-მზისით, ეზოდან ნეზვი გაიტაცეს. ჩვენი ძაღლი გაეკიდა. დიდი ამბავი ჰქონდათ, მაინც ვერ გააგდებინა. ღამეა და ლამის ეზოში ყმუიან მგლები. რაღა დაგვრჩენია. სხვა რას იზამდა ჩვენს ადგილას?!” აი, ფაქტები!
_ ბატონო ოთარ, თქვენ შეგიძლიათ კონკრეტულად დაასახელოთ ის ქმედება თუ უმოქმედობა, რომელსაც დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს?
_ კი, ბატონო! პირველი პრემიალური სისტემის გაუქმებაა. რას წარმოადგენდა პრემიალური სისტემა? მოსახლეობა აზღვევდა პირუტყვს. დაზღვევის თანხიდან პიროვნებას, რომელიც ერთ მგელს მოკლავდა, ეძლეოდა 100 მანეთი. ეს არც თუ ისე დიდი თანხა იყო, მაგრამ…
_ რას ამბობთ, ბატონო ოთარ! მაშინდელი საბჭოური ასი მანეთი თავისი მყიდველუნარიანობით, მინიმუ, ახლანდელ ათას ლარს უდრიდა! აბა, დააწესონ პრემია _ მოკლულ მგელში 1000 ლარი. ერთ წელიწადში თქვენ და მე, უთუოდ, მგლების დამცველთა რიგებში აღმოვჩნდებით!
_ ხალხს ისე უჭირს, 100 ლარზეც თანახმა იქნება… ასე და ამრიგად, ყოველწლიურად 500 მგელს კლავდნენ. ეს კი უზრუნველყოფდა მგლის რიცხოვნობის უსაზღვრო ნიშნულზე შენარჩუნებას. კმაყოფილი იყო ყველა: სახელმწიფო, მოსახლეობა და ის მონადირეც, რომელიც ამ უაღრესად რთულ და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმისთვის გასამრჯელოს იღებდა!
_ ვის სინდისზეა პრემიალური სისტემის გაუქმება?
_ ამ დივერსიას ავტორთა მთელი კოლექტივი ჰყავს, კონკრეტულად, გარემოს დაცვის სამინისტრო და “ნაკრესი”. მისი ხელმძღვანელი ლევან ბუთხუზი თავის ერთ-ერთ პუბლიკაციაში წერს: “ორგანიზაციამ (“ნაკრესმა” _ მ.კ.) ბევრი იბრძოლა იმისათვის, რომ მტაცებლების მოკვლისთვის დაწესებული საპრემიო სისტემა გაუქმებულიყო”. ეს წერილი მან დაბეჭდა ჟურნალ “ცხელ შოკოლადში”, #41-ში.
_ მორიგ დანაშაულად რა მიგაჩნიათ?
_ გარემოს დაცვის სამინისტროს მაშინდელი მინისტრის ნინო ჩხობაძის მიერ საქართველოს ინტელექტუალური და მეცნიერული ცენტრის, მეცნიერებათა აკადემიის ყველაზე კომპეტენტური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისიის რეკომენდაციების სრული იგნორირება!
_ შევახსენოთ მკითხველს, თუ რას ითვალისწინებდა ხსენებული რეკომენდაცია.
_ ხუთი რეკომენდაციიდან მე-4 ითვალისწინებდა მგლის რიცხოვნობის ევროპულ სტანდარტამდე დაყვანას.
_ დააკონკრეტეთ, რა სტანდარტია ეს?
_ მე წინააღმდეგი ვარ მგლის პრობლემის პოლიტიზირებისა. ჩვენ თუ ყველაფერში პოლიტიკა გავრიეთ, ვერასოდეს ნორმალურ ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ამიტომ ნება მიბოძეთ, თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართო თანამდებობის პირებს ხელისუფლებაში. იმედია, ერთი მაინც წაიკითხავს ამ წერილს!
_ თქვენი ნებაა.
_ ბატონებო, მიაქციეთ ყურადღება მგლის პრობლემას, რომელიც წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით გერგოთ. ამისათვის დააჭირეთ თითი თქვენს მაგიდაზე მოთავსებული კომპიუტერის კლავიშს წწწ.წოლფ.ორგ. თქვენ ეკრანზე დაინახავთ, რომ 2009 წელს შვეიცარიას ჰყავდა 3-4 მგელი, გერმანიას _ 5-10, ჩეხეთს _ 20, უნგრეთს _ 50, საფრანგეთს _ 40-100 და ა.შ. სამ ქვეყანას: დიდ ბრიტანეთს, ჰოლანდიასა და ავსტრიას არც ერთი მგელი არ ჰყავდა!
ბატონებო, თქვენგან ხშირად გვესმის სიტყვათა ერთობლიობა _ “ევროპული სტანდარტი” და იმას მოგვიწოდებთ, რომ ქართულმა სახელმწიფომ “ევროპული სტანდარტებით” ცხოვრება უნდა შეძლოსო. თუ მივბაძავთ ევროპის ქვეყნებს და მგლის რიცხოვნობას დავიყვანთ “ევროპული სტანდარტების”, ანუ 200-300 სულის დონეზე, მგლის პრობლემა აღარ იარსებებს და სოფლის მოსახლეობა შვებით ამოისუნთქავს! აგრეთვე, საფრთხეს აარიდებთ იმ ასი ათასობით უცხოელ ტურისტსაც, რომლებსაც ჩვენს ლამაზ მთებსა და ტყეებში უშიშრად სეირნობის საშუალებას არ აძლევს ეს კატასტროფულად გამრავლებული მტაცებელი.
_ ბატონო ოთარ! ეს თქვენი მიმართვა ხელისუფლებისადმი, ჩემი აზრით, იმის კლასიკური მაგალითია, როცა მგელს “სახარებას” უკითხავდნენ! მეც თქვენსავით ზედმიწევნით ვაგროვებდი ფაქტებს. 2010 წლის 1 ნოემბერს ყველა ტელეარხმა გადასცა ინფორმაცია საგარეჯოს რაიონის სოფელ კრასნოგორსკიდან: მგლებმა 50 (!) ცხვარი დაგლიჯესო. და, რა? “კურიერში” გამოდის გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნონა ხელაია და აცხადებს: მიხედოს მოსახლეობამ თავის პირუტყვსო! არც მეტი _ არც ნაკლები! აი, დაცინვა! აი, ცინიზმი! არ მესმის, ამ “მწვანეებს” რამ შეაყვარა ეს, მართლაც, სასტიკი მტაცებელი! განსაკუთრებით “გრინფისელებს”… ამათი რადიკალიზმი, ზოგ შემთხვევაში, ექსტრემიზმშიც გადადის!
_ იცით, ევროპაში უთქვამთ: “მწვანეები” საზამთროს ჰგვანანო _ გაჭრი და შიგნით წითელიაო… დიახ იმ “წითელ” ბოლშევიკებს ძალიან გვანან ქართველი “მწვანე” რადიკალები _ ზოგიერთი გრანტიჭამია ზოოლოგი, რომლებმაც საქართველოში მგლის რეაბილიტაცია მოახდინეს და ასე “დამოძღვრეს” თავისი “უმცროსი ძმები _ მგლები”: თქვენ ადამიანმა საკვები _ გარეული ჩლიქოსნები _ წაგართვათ და, სამართლიანი შურისძიების გამო, თავს ესხმით არამარტო შინაურ პირუტყვს, არამედ ადამიანსაც. გააგრძელეთ ყაჩაღობა, ჩვენ კი, ამას “სანიტრობას” ვუწოდებთ და ყველა დონეზე ყველა ღონეს ვიხმართ, რომ საზიზღარმა ადამიანმა თქვენ ხელი არ გახლოთ! გამრავლდით, იბედნიერეთ და ჩვენც მატერიალურად გვახეირეთ!” (იცინის).
_ ბრწყინვალეა, ბატონო ოთარ! მოდი დავუბრუნდეთ “ევროპულ სტანდარტს”…
_ ცნობილია, რომ ბუნებაში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც მგელი თავის რიცხოვნობას მსხვერპლის რიცხოვნობის შესაბამისად არეგულირებს. ანუ მყარდება მათ შორის ეკოლოგიური წონასწორობა, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში მათ მდგრად თანაცხოვრებას განაპირობებს. მსოფლიოს ავტორიტეტული ზოოლოგების მიხედვით, ეს წონასწორობა ნიშნავს 1 მგელზე 100-მდე ირმისოდენა გარეულ ჩლიქოსანს. ახლა დავითვალოთ. საქართველოში, დაახლოებით, და ისიც, უკეთეს შემთხვევაში, 20 ათასი გარეული ჩლიქოსანია. ეს ციფრი გავყოთ 100-ზე და მივიღებთ, რომ, ამ კანონის თანახმად, მგელს თავისი რიცხოვნობა უნდა დაერეგულირებინა 200-მდე; მაგრამ მან ეს არ გააკეთა!
_ გაუგებარია, რატომ? ჩვენთან ბუნების კანონი არ მოქმედებს?
_ სწორედ ამ კანონის თანახმად, მგელმა თავისი რიცხოვნობა ასე დაირეგულირა _ 20 ათას გარეულ ჩლიქოსანს “მიუმატა” 5 მილიონი შინაური პირუტყვი, რომელიც მოსახლეობას ჰყავს!
_ მგელი მათაც თავის მსხვერპლად აღიქვამს?
_ რა თქმა უნდა! დღე არ გავა, რომ მგელი შინაურ პირუტყვს თავს არ დაესხას. მართალია, იგი ამ ხუთი მილიონიდან მხოლოდ ნაწილს თვლის მსხვერპლად, მაგრამ ეს ნაწილი 2 მილიონი მაინც იქნება. ამას გარდა, გრანტიჭამია ვაიზოოლოგებმა მგელი, ფაქტობრივად, დაცვაში აიყვანეს, შედეგად, ამ მტაცებელს ადამიანის შიში გაუქრა და თავს ესხმის მას!
_ ბატონო ოთარ, ის, რაც თქვენ ახლა თქვით, იმ მგლების მომშენებელმა ბიოლოგებმა არ იციან?
_ მათ იციან მხოლოდ ის, თუ როგორ გააკეთონ ფული! გაზეთში წავიკითხე, რომ მათ ნავთობსადენის ტრასაზე დათვის დასაცავად 250 ათასი დოლარის გრანტი აუღიათ. არადა, იმ ადგილებში დათვს რა უნდა?! წელიწადში შეიძლება ერთი გზააბნეული “ბაჯბაჯა” შეეხეტოს, ხოლო ავტობუსზე პლაკატის _ “დათვი არ მოკლათ” მიკვირს, რად უნდოდა 250 ათასი დოლარი! მერე, საქართველოს ბუნებაში დათვს მხოლოდ ერთი მტერი ჰყავს _ ადამიანი, უფრო სწორად ბრაკონიერი. საუბარმა მოიტანა, თქვენ ხომ ჟურნალისტი ხართ? ჰოდა, მოითხოვეთ გარემოს დაცვის სამინისტროში, “ნაკრესმა” რამდენი აქტი შეადგინა ბრაკონიერებზე.
_ მართლაც, საინტერესო თემაა! აუცილებლად ვეცდები. ისე, რატომ უნდა დამიმალოს სამინისტრომ ეს მონაცემები, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს ზოოლოგები იქ აღარ მუშაობენ?
_ სწორია, არ მუშაობენ! მგლების “უსტაბაში” _ იასონ ბადრიძე ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში კათედრის გამგეა; მისი გამოჩენილი მოწაფე _ გიგი თევზაძე მაგ სასწავლო დაწესებულების რექტორია, ზურაბ გურიელიძე კი თბილისის ზოოპარკის დირექტორია! მიუხედავად ასეთი “ბედნიერებისა”, სამინისტროში დარჩნენ მათი მიმდევრები, რმლებიც მათ “ნათელ” იდეებს გააფთრებით იცავენ! ამ გრანტიჭამიებს პასუხისგებაში, ალბათ, ვერ მისცემ, მაგრამ იმ თანამდებობის პირებმა, რომლებმაც ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მიიღეს და კომპეტენტური კომისიების რეკომენდაციები არაფრად ჩააგდეს, პასუხი უნდა აგონ. სწორედ ამიტომ ეწოდებათ მათ “პასუხისმგებელი პირი”. ამ შემთხვევაში, ესენია ყოფილი მინისტრები _ ნინო ჩხობაძე და გიორგი პაპუაშვილი. ლოგიკურად მიჩნდება ასეთი აზრი, რომ საქართველოში ნაციონალურ პრობლემას იმდენად მგელი არ წარმოადგენს, რამდენადაც გარემოს დაცვის დაყრუებული სამინისტრო!
ესაუბრა გიორგი კორძაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here