Home რუბრიკები საზოგადოება საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული ყოფილი ერი ვართ

საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული ყოფილი ერი ვართ

1843

“ივენთი”, “ფართი”, “სვეცკობა”, “ტუსოვკა”… _ ყველა მოდური ტერმინის ჩამოთვლა, ალბათ, შორს წაგვიყვანს… არ გეგონოთ, ამ “სვეცკური”, უცხო ტერმინებით თქვენი ცნობიერებისა და ლექსიკის გამდიდრებას ვაპირებთ, პირიქით, ჩვენ გვაინტერესებს, რა დაემართა ქართულ ენას და რატომ იქცა დღეს ტელევიზიებში, ქუჩაში, სახლში გამართული ქართული ენით მოსაუბრე ადამიანი იშვიათობა. ქართული ენის პრობლემებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ფილოლოგიის დოქტორი საბა მეტრეველი გვესაუბრება…

_ ბატონო საბა, რამდენიმე კვირის წინათ, კერძოდ, 26 მაისს თბილისში ქვეყნისთვის ტრაგიკული და სამარცხვინო მოვლენები განვითარდა, თქვენ როგორ შეაფასებთ სპეცრაზმის მიერ აქცის დარბევას?
_ 5 გარდაცვლილი და 90-მდე დაკავებული _ ეს იყო დამოუკიდებლობის დღეს დამოუკიდებელი ხალხის დარბევის, ბართლომეს ღამის ოფიციალური შედეგი და ქართული ტელევიზია, რომელიც ერის ზომბირების საუკეთესო საშუალებაა, ამ ფაქტს ისე შეხვდა, როგორც სტატისტიკას.
სამწუხაროდ, ჩვენ უკვე აღარ გვაქვს მოქალაქეობრივი პოზიცია. ქვეყანაში ინდივიდუალიზმის დიდი დეფიციტი, პიროვნების კრიზისია. შესაბამისად, სხვისი ჭირი ღობის ჩხირად იქცა, ამიტომაც წინა ღამეს დაღვრილი თანამოძმეთა სისხლის მიუხედავად, აღლუმისა და ტაშ-ფანდურის ხასიათზე იყო საზოგადოების დიდი ნაწილი…
_ ქართველისთვის ყველაზე ძვირფასი ოდიდგანვე ენა, მამული და სარწმუნოება იყო. დღეს მამული დანაწევრებული და დაქუცმაცებულია, არც სარწმუნოებაა უკეთეს დღეში (ბოლო დროს ძალზე მომრავლდა სხვადასხვა სექტა, რომელთაც გარკვეული პრივილეგიები ენიჭებათ და რომელთა არსებობას სახელმწიფო არათუ ხელს უშლის, უწყობს კიდეც). რაც შეეხება ენას _ თქვენ, როგორც ფილოლოგიის დოქტორი, როგორ შეაფასებთ ქართული ენის დღევანდელ მდგომარეობას?
_ “სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება” _ როცა ილია ჭავჭავაძე ამ სიტყვებს წერდა, გულისტკივილს გამოხატავდა იმის გამო, სახელმწიფოებრიობა უკვე დაკარგული გვქონდა… ამის შემდეგ გავიდა ხანი და 1910 წელს ნიკო ლორთქიფანიძემ დაწერა “საქართველო იყიდება”, 1917 წელს ხვეწნა-მუდარით გვითხრა: “მოუარეთ საქართველოს”! ახლა, ერთი საუკუნის შემდეგაც, იმავე პრობლემების პირისპირ დგას ქვეყანა.
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ეკლესია შენდება და მრევლმაც იმატა, ღვთისმოსავი ერის სახე ჯერ მაინც არ გვაქვს, არც მორწმუნე ხელისუფლება გვყავს, ჩვენც ბევრი რამ გვიჭირს, მარადიულ შინაგან ბრძოლებში, ერთმანეთის განკითხვასა და სიძულვილში ვართ ჩაძირული – ეს, რა თქმა უნდა, აღარაა ქრისტიანული ცხოვრება!
ჩვენს რთულსა და წინააღმდეგობებით აღსავსე დროში ყოველგვარი სულიერი ფასეულობის დევალვაცია მოხდა, აღარაფერი შემოგვრჩა მშვენიერი და ამაღლებული, “ენაი შემკული და კურთხეული” ქუჩური, ჟარგონული, ბაზარხანული გახდა. აღარსად ისმის “საამური ქართული სიტყვა”, ვერც თანამედროვე ქართულმა მწერლობამ და ვერც თეატრმა ფეხზე ვერ წამოაყენა ქართული ენა, მთელი თავისი მშვენებითა და სიმდიდრით. ვინ ვართ ჩვენ დღეს? – საკუთარი დედის მაგინებელი, ბილწსიტყვაობის უმძიმეს ცოდვაში ჩარჩენილი ერი! მეტი სასჯელი და უბედურება რაღა უნდა იყოს!
_ როგორ ფიქრობთ, გამოიწვია თუ არა უცხო ენების, განსაკუთრებით ინგლისურის, პროპაგანდამ და პრივილეგირებამ ქართული ენის დაჩრდილვა?
_ უცნაურ დროში ვცხოვრობთ. პარადოქსია, რადგან, ერთის მხრივ, მშობლიურ ენას სკოლებში კარგი სახელმძღვანელოებით ასწავლიან, ყურადღება ექცევა პრაქტიკულ გრამატიკას, მართლწერის საკითხებს, მერე მისაღებ გამოცდებზეც საკმაოდ მაღალი მოთხოვნებია ამ მხრივ, უმაღლეს სასწავლებლებშიც ისწავლება აკადემიური წერა თუ სტილისტიკა, მაგრამ საშველი მაინც არ დაგვადგა. რატომ? – უწიგნური თაობა მოდის, რომლის ცოდნა მხოლოდ ინფორმაციულია, შესაბამისად – ზედაპირული, არც სიღრმე და არც ფიქრის ანარეკლი ჩანს.
სწორედ ამიტომაა ასე მწირი და ღარიბი ჩვენი ლექსიკური მარაგი. პირველკურსელ სტუდენტს არ აქვს საყვარელი ლექსი, უბრალოდ, სკოლაში სწავლის 12 წლის განმავლობაში ერთი ლექსიც კი არ იცის ზეპირად! არ შეიძლება სკოლა აქცენტირებული და ორიენტირებული იყოს მისაღები გამოცდების პროგრამებზე, რადგანაც ეროვნულ გამოცდებს სხვა ფუნქცია და მიზანი აქვს. რადგან საგამოცდო ტესტი არ მოითხოვს ლექსის ზეპირად ცოდნას ან ციტატის ჩასმას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკოლაში ბავშვი არ უნდა სწავლობდეს იმაზე მეტს, რაც საბაკალავრო პროგრამითაა გათვალისწინებული. სირცხვილია, ბარათაშვილის, ვაჟას, გალაკტიონის ერთი ლექსი მაინც არ იცოდეს ქართველმა!
რასაკვირველია, ამდენი უცხო სიტყვა, რომლებიც ასე მოეძალა ენას, სერიოზულ პრობლემას ქმნის, თუმცა არაქართული ინტონაციებით საუბარი, გადაპრანჭული და ბუნდოვანი ქართული ერთდროულად იმის მანიშნებელიცაა, რომ ფეხის ხმას აყოლილი და თანაც შინაგანი არასრულფასოვნების კომპლექსის მსხვერპლიც ვართ.
წერა და აზროვნება ერთი მთლიანი პროცესია, ლოგიკა კი, დიდი ხანია, აღარ გვაქვს არაფერში, ამისი ნათელი მაგალითია “ანუ”-ს ასე ხშირად და უკონტექსტოდ გამოყენება, ვითომ რაღაცას ვუხსნით ერთმანეთს და ვაზუსტებთ ჩვენს ნათქვამს. ერთი უცხოელი, რომელიც რვა თვე ცხოვრობდა თბილისში, მეკითხება: რას ნიშნავს სიტყვა “რა”? ქართველები რასაც ამბობთ, ბოლოში ამ “რას” უმატებთ: დავიღალე რა, ძაან მაგარი იყო რა…
აი, ასე “გავიბანძეთ” თავი და ასე გადავგვარდით, გავღატაკდით… ზინაიდა კვერენჩხილაძისა და გურამ საღარაძის მსგავსი ქართული ზეპირმეტყველება უკვე საოცნებო წარსულად გვექცა. კარგი მოქართულე დიდი იშვიათობა გახდა!
_ მოგწონთ თუ არა ის ქართული, რომლითაც დღეს საუბრობენ ტელევიზიებში?
_ გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ტელევიზია პიროვნების მუტაციას ახდენს, რყვნის ადამიანებს, საკუთარს, ინდივიდუალურს  ართმევს და უკარგავს. ხშირად მინატრია, ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, რომელშიც არ არის ტელეისტერია. ჯერ ერთი, ამდენი გაყალბებული, არაფრისმთქმელი, უნიჭო და უკულტურო სახის ყურება; მათი ცხოვრების წესის გაპიარება და ვითომ კომპეტენტური აზრების ფრქვევა უკვე ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს. ამდენი გასართობი შოუ პროგრამა, მათი ტაკიმასხარა წამყვანები, რომლებსაც არც ესთეტიკა აქვთ და არც სამყაროში ორიენტაცია შეუძლიათ, მათი ვითომ “სვეტური” დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ მხოლოდ პოპულარობის სინდრომით შეპყრობილი ადამიანების უსუსურ ბორგვას მაგონებს.
ტელევიზიების სახე განსაკუთრებულად საგანგაშო იყო, როცა “შერონსტოუნობა” ვიზეიმეთ. იმას, რაც მაშინ, შერონ სტოუნის ჩამოსვლისას, ტელეეთერში ხდებოდა, ჰქვია უნახავმა რა ნახა! ქაჯების, ხამების ქვეყანა და სხვა არაფერი. ასეთი რა ჭირი შეგვეყარა, სნობიზმმა ისე როგორ დაგვრია ხელი, რომ “გოიმების პარადად” ვაქციეთ მთავარი საინფორმაციო გამოშვებებიც კი. იმაში გასაოცარი არაფერია, რომ თაყვანისმცემლები და ფანები შეიკრიბნენ და რაღაც ისტერიკისმაგვარი ფონი იყო _ ეს გასაგებია, მაგრამ გამაღიზიანებელი ისაა, რომ თითქმის ყველა ტელეარხზე იყო დაუმთავრებელი სიგიჟე, არიქა, ვისი ჩამოსვლა გვეღირსა და ამას რას ვხედავთო! ამის შემდეგ აღარ მიკვირს, რომ მაია ასათიანის გადაცემა “პროფილს”, როგორც უესთეტიკობისა და მდარე გემოვნების საზომს საქართველოში, ასევე, ეკა ხოფერიას გაუგებარ აუდიტორიას, “ცნობად სახეებზე” აგებულსა და ვითომ ინტელექტუალურ გადაცემას ან “დოდოშკას სიბრძნისმეტყველებას” “დღის შოუში” ამდენი შემფასებელი და დამფასებელი ჰყავს. ყველაფერში გვაკლია კომპეტენტურობა და აკადემიზმი.
_ როგორ მივედით და რატომ იმ პრობლემებამდე, რაც დღეს განათლებაში და საერთოდ, მეცნიერებაშია? ხედავთ თუ არა გამოსავალს?
_ ქართული საზოგადოება გადაიღალა ამდენი კატაკლიზმისა და დაუსრულებელი დაპირისპირებით, ჩვენი ეროვნული სხეული სტრესშია, დროისა და შრომის კულტურა დავკარგეთ! ჭაბუა ამირეჯიბის თქმისა არ იყოს, საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული ყოფილი ერი ვართ.
ყველაზე დიდი პრობლემა მენტალობის თავისებურებაშია. მთლად კარგად არ გვესმის, რა გვინდა და რატომ. თუ ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ საზოგადოებას, მაშინ სწორად გვმართებს თავისუფლების გააზრება. თავისუფლება სრულყოფილებისკენ სწრაფვაა და არა ყველაფრის უფლება ან იმის კეთება, რაც მოგინდება. თუ ასე გავიგებთ, მაშინ “მინდას” ტყვეობიდან ვერასდროს გამოვალთ და საკუთარი ვნებებისა და სურვილების მონად ვიქცევით.
ესაუბრა თეო ტაბატაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here