Home რუბრიკები საზოგადოება შოთა გლურჯიძე: საქართველოში პროსომხური მთავრობაა

შოთა გლურჯიძე: საქართველოში პროსომხური მთავრობაა

მხატვარმა შოთა გლურჯიძემ ქართველ ხალხს 1937 წლის შემოსვლა მიულოცა. რატომ ფიქრობს, რომ საქართველო ავბედით წარსულს უბრუნდება, რატომ არ არიან ქართველი ხელოვანები სოლიდარულები და როგორ აპირებს თანამოაზრეებთან ერთად ბრძოლის გაგრძელებას, “საქართველო და მსოფლიოს” მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი მხატვარი შოთა გლურჯიძე ესაუბრება.

_ ქართველ ხალხს თქვენ 1937 წელი მიულოცეთ. რატომ ფიქრობთ, რომ ქვეყანაში მართლა ასე ცუდი ვითარებაა?
_ მიმდინარე მოვლენები ძალიან ჰგავს 1937 წელს მომხდარ ფაქტებს. საერთოდ, როგორც ტოტალიტარული ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი, მაშინაც ადამიანების დასჯასა და დაპატიმრებას უცხო ქვეყნის აგენტობა ედო საფუძვლად და ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება იმით მართლდებოდა, თითქოსდა ქვეყანას გარე ძალების ჩარევისგან იცავდნენ.
მიმდინარეობს ხალხის დაშინების მცდელობა. ჩემი აზრით, დიდი ხანია, უკვე ლატენტური 37 წელი დადგა, უბრალოდ, საქართველოს ახლა მივულოცე ამის დაკანონება, ვინაიდან, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, ხელისუფლებამ 37 წელი უკვე ოფიციალურად დააკანონა.
_ მაგრამ თქვენ პასუხიც მიიღეთ ხელისუფლებისგან _ ახლა 1937 წელი რომ იყოს, თქვენ აქ არ იქნებოდითო…
_ მართალია, მერე კი დახვრიტეს, მაგრამ პოეტი ნიკოლაი გუმილიოვიც კარგა ხანს დადიოდა პეტერბურგის ქუჩებში და დაუფარავად გამოხატავდა საკუთარ აზრს. ახლა ოფიციალურად დახვრეტა მუდმივი პატიმრობით შეცვალეს. თანაც მუდმივი პატიმრობა შეიძლება მოგისაჯონ, თუ პოლიციელს წინააღმდეგობას გაუწევ. გააჩნია, როგორ განსაზღვრავს სასამართლო, რომელსაც, მოგეხსენებათ, თუ როგორც გამოაქვს განაჩენი. სანდრო გირგვლიანის მკვლელები სამ წელიწადში ციხიდან გამოუშვეს, მაგრამ თუ პოლიციელს შეეხები, შეიძლება მუდმივ პატიმრობაში აღმოჩნდე. გამოდის, რომ ორი ადამიანის სიცოცხლე თანაბარი არაა, პოლიციელის სიცოცხლე ხელისუფლებისთვის მეტად ფასობს.
_ არსებულ ვითარებაში თქვენ ოპოზიციური პარტიებიც დაადანაშაულეთ.
_ ყველას პატივს ვცემ, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის, მაგრამ ოპოზიციას, უბრალოდ, მეთოდები დაუძველდა. დროს ჩამორჩნენ. საკმაოდ მარგინალური გახდა ქართული ოპოზიცია, ისევე, როგორც ხელისუფლება, სწორედ ამიტომ არ აქვს ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა.
_ თქვენ 37 წლის მოახლოებაზე საუბრობთ, თუმცა, ხელისუფლების განცხადებით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს პოლიტიკა მოიწონა.
_ ან ინფორმირებულები არ არიან საქართველოში არსებული ვითარებით, ან იქაც სომხური ლობი მოქმედებს. კერკ კერკორიანი, სხვადასხვა ფონდები თუ საქართველოს ხელისუფლება უზარმაზარ თანხას ხარჯავენ უცხოეთში  სააკაშვილის პიარისთვის. მიხეილ სააკაშვილი სომხების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ტყუილი არ უთქვამს რობერტ სტურუას, საქართველოში პროსომხური მთავრობაა.
_ რობერტ სტურუას განცხადება ზოგიერთმა ქსენოფობიურად შეაფასა.
_ ეს არის სტურუას წინააღმდეგ აგორებული კამპანია, რათა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამერიკაში თავიანთ პატრონებს (ამერიკაში კი, მოგეხსენებათ, ძლიერი სომხური ლობია), ერთგულება დაუმტკიცონ და ქართველი ხალხი ქსენოფობად წარმოაჩინონ. ამაზე მუშაობს მათი ელექტრონული მედია. თამარ ჩერგოლეიშვილი ქვეყნის ფაქტობრივად მეორე პირის მეუღლეა და ამ შემთხვევაში არ შეიძლება ხელისულების მიერ წარმოებულ კამპანიაზე არ ვისაუბროთ. ვფიქრობ, სტურუას მიზანმიმართული დევნა მიმდინარეობს.
არ მინდა, სტურუას მაგივრად ვისაუბრო, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ რობერტ სტურუა ძალიან საინტერესო პიროვნებაა. იგი ხშირად ცდილობს, ეპატაჟური ელემენტები შეიტანოს ცხოვრებაში და გამოაცოცხლოს მიძინებული ქართული საზოგადოება. შეიძლება ვიღაცებისთვის მისი განცხადებები ერთი შეხედვით მიუღებელი იყოს, მაგრამ, თუ დაფიქრდებიან, მიხვდებიან, რომ ის მართალია. პირველად სწორედ რობერტ სტურუამ ილაპარაკა ხელისუფლების ბოროტებაზე და საზოგადოებაში დამკვიდრებულ შიშზე, რაც მალე გამართლდა კიდეც. ძალიან ჭკვიანი კაცია და ტყუილად არაფერს ლაპარაკობს.
_ ზოგიერთი ქართველი ხელოვანი პოლიტიკური ნიშნით დევნას უჩივის. თქვენი პოლიტიკური შეხედულებების გამო პრობლემები თუ შეგქმნიათ?
_ რა თქმა უნდა, მქონია პრობლემები. სრულიად უკანონოდ ორი თეატრი წამართვეს. თეატრალური სარდაფი რუსთაველზე და ვაკეში _ ორივე გააუქმეს.   ამჟამად, ძირითადად, უცხოელების შეკვეთებზე ვმუშაობ.
_ სოსო ჯაჭვლიანი მძიმე მდგომარეობაშია, რატომ არ არიან ქართველი ხელოვანები სოლიდარულები?
_ თეატრალურმა საზოგადოებამ, რომლის პრეზიდიუმის წევრი მეც ვარ, მისი საპატიო თავმჯდომარის _ გიგა ლორთქფანიძის ხელმძღვანელობით ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა, მაგრამ ამ ხელისუფლებისთვის ერთი ადამიანის სოცოცხლე არაფერს ნიშნავს.
ხელოვანებიც დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში არიან, როგორც 1937 წელს იყვნენ. ზოგიერთმა ხელოვანმა სოსო ჯაჭვლიანის გათავისუფლების მოთხოვნას ხელი არ მოაწერა. რა თქმა უნდა, გული შეგვტკივა და თქვენს პოზიციას ვიზიარებთ, მაგრამ ხელს ვერ მოვაწერთო, _ განაცხადეს.
_ ვინ განაცხადა?
_ არ მინდა დავასახელო, რადგან მეცოდებიან. ისიც ეყოფათ, რომ  ვაჟკაცობა ვერ გამოიჩინეს და შეშინებულები არიან. გაცილებით უფრო მძიმე სიტუაცია ყოფილა დიქტატორული რეჟიმის მქონე ქვეყნებში, მაგრამ ხალხი ბრძოლას მაინც ახერხებდა. ხელისუფლება რაც უფრო მეტად მოუჭერს მარწუხებს, ხალხის უკმაყოფილებაც მით უფრო მალე იფეთქებს.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here