Home რუბრიკები საზოგადოება გულბაათ რცხილაძემ და ნანა დევდარიანმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნეს

გულბაათ რცხილაძემ და ნანა დევდარიანმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნეს

762

საქართველოში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიური თანამშრომლობა” დაფუძნდა. ორგანიზაციის დამფუძნებლების _ პოლიტოლოგ გულბაათ რცხილაძისა და ჟურნალისტ ნანა დევდარიანის განცხადებით, მათ ძირითად მიზანს ქართველი და რუსი ხალხისთვის მართალი ინფორმაციების მიწოდება წარმოადგენს. ახლადშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის დანიშნულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება.

_ თქვენ ხელმძღვანელობთ “ევრაზიის ინსტიტუტს”, რატომ გადაწყვიტეთ ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბება და რა სიახლეს შესთავაზებთ საზოგადოებას?
_ 2009 წელს მოსკოვში დაარსდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰუმანიტარული თანამშრომლობის ცენტრი”, რომელსაც სათავეში ჩაუდგა რუსი პოლიტოლოგი და ისტორიკოსი, ჟურნალ “ექსპერტის” პოლიტიკური განყოფილების რედაქტორი და მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის რექტორის თანაშემწე ნიკოლაი სილაევი. ცენტრის მიზანი, რომელიც შეიქმნა 2008 წლის ომის შემდეგ, ქართულ-რუსული ურთიერთობების შენარჩუნებაა, რათა ქართველ და რუს ექსპერტებს, პოლიტოლოგებს, ეკონომისტებს მაინც ჰქონოდათ ერთმანეთთან ურთიერთობა; უფრო მეტიც, ახალი მიმართულებით გაგრძელებულიყო მუშაობა, რაც მართლაც წარმატებით განხორციელდა. შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი _ georgiamonitor.org, სადაც ორივე ქვეყნაში, ნებისმიერ სფეროში, არსებული ვითარების შესახებ საინტერესო საინფორმაციო-ანალიტიკური მასალებია თავმოყრილი.
ვინაიდან პროექტმა გაამართლა, მე და ნანა დევდარიანმა გადავწყვიტეთ, დაგვეარსებინა ანალოგიური არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიური თანამშრომლობა”. აღსანიშნავია, რომ ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ორივე ქვეყანაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მაგრამ  მჭიდრო თანამშრომლობით იფუნქციონირებს.
“კავკასიური თანამშრომლობის” ეგიდით, თბილისში ჩვენ უკვე ორი სემინარი ჩავატარეთ. აპრილში გამართულ სემინარს, რომელიც ეკონომიკას  ეძღვნებოდა, ესწრებოდნენ ცნობილი ექსპერტები: ნოდარ ჯავახიშვილი, დემურ გიორხელიძე, პროფესორი იოსებ არჩვაძე და სხვ. განსახილველი თემა ეხებოდა საქართველოს ეკონომიკას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და აგვისტოს ომის შემდეგ. მოწვეულ ექსპერტებთან და პროფესიონალებთან ერთად სიღრმისეულად გავაანალიზეთ ქვეყანაში არსებული პრობლემები, ვისაუბრეთ, რა პერსპექტივები გვაქვს მომავალში. 17 ივნისს, სასტუმრო “ვერე-პალასში” გაიმართა ორგანიზაციის პრეზენტაცია, სადაც უკვე მეორე სემინარიც ჩავატარეთ. ამჟამად დემოგრაფიის პრობლემები განვიხილეთ, სასაუბროდ მოვიწვიეთ დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე,  ამავე ინსტიტუტის თანამშრომლები გიორგი წულაძე და იოსებ არჩვაძე.
ჩვენ ყველა სფეროს წარმომადგენელთან ვთანამშრომლობთ. აღსანიშნავია, რომ  ეს მასალები ერთად აიკინძება და შემდგომში ბროშურის სახით გამოიცემა.
_ მიაწვდით თუ არა ორგანიზაციის ეგიდით დაბეჭდილ ბროშურებს ხელისუფლებას ან არასამთავრობო ორგანიზაციებს რეაგირებისთვის?
_ ორგანიზაციას არ აქვს პრეტენზია, რომ რაღაცის შეცვლას მოახერხებს. ჩვენი მიზანია, ორ ქვეყანას შორის მართალი ინფორმაციის გაცვლა, საზოგადოების ინფორმირება, რათა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი რუსებმა და ქართველებმა. ჩვენ გვგონია, რომ ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცით, სინამდვილეში კი ორივე მხარეს ერთმანეთის შესახებ არასერიოზული წარმოდგენები და შეფასებები   გააჩნია, რაც უფრო ამძიმებს ვითარებას და მომავალში ქართულ-რუსულ ურთიერთობებს პერსპექტივას უკარგავს.
_ ინფორმაციის მიწოდებას როგორ აპირებთ? თქვენ არაერთხელ განაცხადეთ თქვენს ინტერვიუში, რომ რუსი კოლეგების საქართველოში ჩამოყვანას ვერ ახერხებთ…
_ ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია, რომ საქართველოში რუსების ჩამოყვანა ვერ ხერხდება. ქვეყანაში მხოლოდ ისინი შემოდიან, ვინც ხელისუფლებას აწყობს. საქართველოში მხოლოდ არაავტორიტეტულ, ანგაჟირებულ ლატინინას, ნოვოდვორსკაიასა და მისთანებს უშვებენ, მაგრამ გვაქვს ერთობლივი ვებგვერდი და, საბედნიეროდ, დღეს ინფორმაციის გაცვლის არანაირი პრობლემა არ არსებობს.
_ საქართველოში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, თუმცა საზოგადოების ნდობა მათ მიმართ არცთუ მაღალია. როგორ აპირებთ საზოგადოების ნდობის მოპოვებას?
_ ნდობა შეიძლება დაკარგოს საზოგადოებამ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ, რომელიც არჩევნებს აყალბებს და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ახდენს. ასეთი ტიპის ორგანიზაციებს შელახული აქვთ რეპუტაცია და სრულიად სამართლიანადაც. ამასთან, ქართული საზოგადოება მიეჩვია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გრანტების ათვისების საუკეთესო საშუალებაა და მათ უკან, როგორც წესი, ამერიკელები და ევროპელები დგანან. ჩვენს ორგანიზაციას კი სრულიად განსხვავებული დანიშნულება აქვს. სახარებისეული ჭეშმარიტებაა, რომ ხე ნაყოფით შეიცნობა. ჩვენ ამ ჭეშმარიტების პრინციპით ვიმოქმედებთ და საზოგადოება ყველაფერს თავად შეაფასებს.
 
ესაუბრა
შორენა ცივქარაშვილი
 

1 COMMENT

  1. ძალიან მივესალმები ასეთი ორგანიზაციის შექმნას, დიდ პატივისცემას გამოვხატავ ქალბატონი ნანას და ბატონი გულბაათის მიმართ. თქვენს გვერდით მიგულეთ, თუ რამეში გამოგადგებით. ქალბატონ ნანას შეუძლია დამიკავშირდეს,ორჯერ ტელეფონით ვისაუბრეთ, სამწუხაროდ შეხვედრა ვერ მოვახერხეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here