ქართველი დემოგრაფები, სპეციალისტები, კარგა ხანია, განგაშის ზარებს არისხებენ ქვეყანაში შექმნილი კატასტროფული დემოგრაფიული ვითარების გამო.
მეზობელ ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობა განუხრელად იმატებს, საქართველოში კი, ვითარების გაუმჯობესების მცდელობის მიუხედავად, დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია. ამას მოწმობს 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემები, რომელთა მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 1992-2014 წლებში 5,4 მლნ–დან 3,7 მლნ–მდე შემცირდა. საქართველოში შექმნილ მწვავე დემოგრაფიულ ვითარებას ეძღვნება ცნობილი ქართველი დემოგრაფის, პროფესორ ანზორ თოთაძის ნაშრომი “რად არ გაფიქრებს შენი მოდგმის გადაშენება, ანუ თანამედროვე დემოგრაფიული ვითარება ეროვნული კატასტროფის ტოლფასია”, რომელიც მან 2017 წელს წიგნად გამოსცა. წინამდებარე წერილს სწორედ ამ წიგნიდან მოყვანილი მონაცემები დაედო საფუძვლად.
2002 წელს საქართველოში 28 დიდი სოფელი აღირიცხა, რომელთა მოსახლეობა, ცალ-ცალკე აღებული, 5 ათას კაცს ჭარბობდა, ამჟამად ასეთი სოფლების რაოდენობა 12-მდე შემცირდა. თუ 2002 წელს 143 სოფელი იყო გაუკაცრიელებული, 2014 წელს ასეთი სოფლების რაოდენობამ 223 შეადგინა: 1-5 კაცი ცხოვრობს 157 სოფელში, ხოლო 6-10 კაცი _ 98 სოფელში.
2002 წელს 905 სოფელში 100 კაცამდე ცხოვრობდა (სოფლების 24,7 პროცენტი), ამჟამად 1306 სოფელში (36,0 პროცენტი) ცხოვრობს 100 კაცამდე. ისინი, ძირითადად, მოხუცები არიან. უაღრესად ძნელია ასეთ მცირერიცხოვან სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარება _ გზის, წყლისა და გაზის გაყვანა, მცხოვრებთა კეთილდღეობაზე ზრუნვა. ისიც სათქმელია, რომ მეტად რთული პროცესია შიგა მიგრაციის შედეგად სოფლის მოსახლეობის ახალ საცხოვრებელ ადგილზე დამკვიდრება, მათი ადაპტაცია, გარკვეულწილად, თავისუფლების დაკარგვა, უმეტესად ქალაქური ცხოვრების ყაიდაზე გადასვლა.
ამჟამად საქართველოში გაუკაცრიელებული 223 სოფლიდან ყოველი მესამე, ანუ 75 სოფელი (33,6 პროცენტი) მცხეთა–მთიანეთის რეგიონში მდებარეობს. ეს პროცესი აქ დიდი ხნის წინათ დაიწყო. კახეთში _ 53, ხოლო შიდა ქართლში 44 გაუკაცრიელებული სოფელია. მხოლოდ გურიაში არ არის გაუკაცრიელებული სოფელი. მცირერიცხოვანი სოფლების რაოდენობითაც პირველ ადგილზეა მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, სადაც 72 სოფელში 1-5 კაცი ცხოვრობს, ხოლო 6-10 კაცი _ 39 სოფელში (სულ 111 სოფელი). აგრეთვე, ბევრია მცირერიცხოვანი (1-10 _ კაციანი) სოფლები სამეგრელო-ზემო სვანეთის (37 სოფელი), შიდა ქართლის (29 სოფელი), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (27 სოფელი) რეგიონებში. ამ სოფლების დიდი ნაწილი საქართველო-რუსეთის საზღვრის პირას მდებარეობს და დემოგრაფიული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ეს მეტად პრობლემური საკითხია. ამასთანავე, ეს ადამიანები ადგილის სიყვარულის, თუ იმის გამოც, რომ წასასვლელი არსად აქვთ, თავიანთი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიან და მეტად მძიმე, არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ. მცირერიცხოვანი სოფლების ყველა მცხოვრები ხანდაზმულია და მათ, განსაკუთრებით _ ხანგრძლივ ზამთარში ჯანმრთელობის გაუარესებასა და სიცოცხლის მარტოობაში დასრულებაზე ფიქრი და შიში არ ტოვებთ. ამჟამად საქართველოში 39 ერთკაციანი სოფელია (მცხოვრებთაგან 28 მამაკაცია და 11 ქალი), 46 _ ორკაციანი (57 მამაკაცი და 35 ქალი), 27 _ სამკაციანი (58 მამაკაცი და 26 ქალი)… საქართველოს 157 სოფელში 1-5 კაცი ცხოვრობს (255 მამაკაცი და 157 ქალი).
საქართველოს ისტორიული კუთხეები მოსახლეობისგან იცლება
განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ მოსახლეობისგან იცლება საქართველოს ისტორიული კუთხეები _ რაჭა–ლეჩხუმი, თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი და სხვა მთიანი რეგიონები. მაგალითად, 1939 წელს რაჭაში 67 ათასი კაცი ცხოვრობდა, ამჟამად კი იქ მხოლოდ 17,3 ათასი კაცი ცხოვრობს _ ძირითადად, უფროსი ასაკის ადამიანები. ამასთანავე, დროებითმა და სეზონურმა მიგრაციამ ამჟამად მუდმივი და შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ძალიან ცოტანი დარჩნენ ე.წ. მოზამთრე რაჭველებიც. რაჭის მოსახლეობისაგან დაცლას კიდევ უფრო მეტად იწვევს მოსახლეობის ბუნებრივი კლება, ანუ გარდაცვლილთა სიჭარბე ახალშობილებთან შედარებით, 1990-2015 წლებში რაჭაში მოსახლეობის ბუნებრივმა კლებამ 9 762 კაცი შეადგინა, ანუ 9 762 კაცით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. თუ ასე გაგრძელდა და საგანგებო ღონისძიებები არ განხორციელდა და რაჭა ღვთის ანაბარად დარჩა, ორ–სამ ათწლეულში იგი მოსახლეობისგან დაიცლება. ბოლო 50 წელიწადში ერთი წელიც არ ყოფილა, რაჭის მოსახლეობა არ შემცირებულიყოს. ანალოგიური ვითარებაა სხვა მთიან რეგიონებშიც.
არანაკლები მძიმე ვითარებაა ჩვენს შესანიშნავ ისტორიულ პროვინცია სვანეთში _ როგორც ზემო, ისე ქვემო სვანეთში. როგორც ჩანს, რაჭის დაავადება მეზობელ რეგიონსაც გადაედო.
(იხ. ცხრილი #1)
XX საუკუნეში სვანეთის მოსახლეობის რაოდენობა შედარებით სტაბილური იყო, ხოლო XXI საუკუნის დასაწყისში, 2002-2014 წლებში, მისი მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდა: მესტიისა _ 14 248-დან 9 316 კაცამდე, ანუ 4 932 კაცით; ხოლო ლენტეხისა _ 8 991-დან 4 386-მდე, ანუ 4 605 კაცით, ე.ი. ლენტეხის მოსახლეობა 12 წელიწადში განახევრდა. სულ რაღაც, 10 წელიწადში ლენტეხი მოსახლეობისგან დაიცლება და იარსებებს მხოლოდ, როგორც გეოგრაფიული ტერმინი, მითუმეტეს უაღრესად დაბერებული მოსახლეობის პირობებში.
სვანეთში მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, სხვა დემოგრაფიულად მძიმე რეგიონებისგან განსხვავებით, მეტად ინტენსიურმა მიგრაციულმა პროცესებმა გამოიწვია.
კიდევ ერთი პრობლემა _ მოსახლეობის დაბერება
მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემების ანალიზის შედეგად, ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაბერების დონე არათუ ძალიან მაღალი, არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას, გადაბერებულია. 60 წლისა და უფროსი მოსახლეობის წილი მოსახლეობაში 20,0 პროცენტს უდრის.
დემოგრაფიული განვითარების მაჩვენებლები მეტად სახიფათოა საქართველოსთვის. დემოგრაფიული ბალანსი სამხრეთ კავკასიაში და, საერთოდ, კავკასიაში ბოლო ხანს ისე დაირღვა, რომ, თუ ტენდენცია შენარჩუნდება და სახელმწიფომ, მთელი ერის ხელშეწყობით, საგანგებო ღონისძიებები არ განახორციელა, ამ მიწაზე, რომელზეც გვიშრომია, მოსულ მტერთან სისხლი დაგვიღვრია, საკაცობრიო მნიშვნელობის მატერიალური და სულიერი კულტურაც შეგვიქმნია, აღარ დარჩება “ხსოვნის მქონე შთამომავლობა”. დეპოპულაცია _ მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობის შემცირება, ნიშნავს მოსახლეობის თვითმკვლელობას, ერისა და მისი კულტურის გაქრობას. დიახ, თუ ასე გაგრძელდა, სულ რაღაც ორ–სამ ათეულ წელიწადში საქართველოში ქართველი აღარ დარჩება, რადგან, მოსახლეობის პერმანენტული შემცირების პირობებში, დემოგრაფიული მაჩვენებლები უფრო სწრაფად უარესდება. ერმა ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა საშინელი დემოგრაფიული საფრთხე, რომელიც ბოლო ორ ათწლეულში დაგვემუქრა, როდესაც მატერიალურად და სულიერად გაღარიბდა, ბევრს კიდევ მორალური სიკვდილი ფიზიკურ სიკვდილზე ადრე დაუდგა. ასეთ პირობებში დაიწყო ოჯახის ინსტიტუტის კრიზისი, ბავშვის ყოლისადმი ზერელე დამოკიდებულება.
საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა
ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა არნახულად შეიცვალა, მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოში არ მომხდარა. ყველა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკაში ანალოგიური პროცესები აღინიშნა.
ქართველები XIX საუკუნესა და თითქმის მთელ XX საუკუნეში დასავლეთ საქართველოში უფრო მეტი რაოდენობით ცხოვრობდნენ, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში. 1886 წელს რუსი მოხელეების მიერ შედგენილი საოჯახო სიების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 1 731 449 კაცი იყო. მათგან 1 218 696 კაცი, ანუ მთელი მოსახლეობის 70,4 პროცენტი, ქართველი გახლდათ. თბილისის გუბერნიაში, ანუ აღმოსავლეთ საქართველოში, 396 673 ქართველი ცხოვრობდა, ქუთაისის გუბერნიაში კი 2,1-ჯერ მეტი _ 822 023 ქართველი. ეთნოგრაფიული ჯგუფების მიხედვით იმერლების რაოდენობა 422 877 კაცს უდრიდა, მეგრელებისა _ 245 422 კაცს და ა.შ. 1897 წელს რუსეთის იმპერიის იმჟამინდელ საზღვრებში 1 352 500 ქართველი ცხოვრობდა, მათ შორის, კავკასიაში _ 1 350 000, საქართველოში _ 1 336 700. ქუთაისის გუბერნიაში თითქმის 2-ჯერ მეტი ქართველი ცხოვრობდა (868 800), ვიდრე თბილისის გუბერნიაში (467 600). ამრიგად, რუსეთის იმპერიაში მცხოვრები ქართველები, შეიძლება ითქვას, თავიანთ ქვეყანაში ბინადრობდნენ (98,8 პროცენტი).
(იხ. ცხრილი #2)
XX საუკუნის დასასრულამდე დასავლეთ საქართველოში მეტი ქართველი ცხოვრობდა, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში. მხოლოდ 1989 წელს გათანაბრდა მათი რაოდენობა _ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში 1894 ათასი ქართველი ცხოვრობდა.
მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 3 224 504 ქართველი ცხოვრობდა, ანუ ქვეყნის მთელი მოსახლეობის 86,8 პროცენტს ქართველები შეადგენენ. მათი წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა 1989 წელთან შედარებით (16,7 პროცენტული პუნქტი). ამასთანავე, 2014 წელს ქართველების რაოდენობა, 1989 წელთან შედარებით, 562 889 კაცით შემცირდა, ხოლო 2002 წელთან შედარებით _ 436 669 კაცით. ქართველების რაოდენობა, ძირითადად, 2002-2014 წლებში შემცირდა. ბოლო ორ აღწერათაშორის პერიოდში ქართველების რაოდენობა ყველა რეგიონში შემცირდა, თბილისის გარდა (მოიმატა 86 092 კაცით). განსაკუთრებით შემცირდა ქართველების რაოდენობა იმერეთის (159 202 კაცით), სამეგრელოს (130 952 კაცით), შიდა ქართლისა (38 903 კაცით) და გურიის (27 674 კაცით) რეგიონებში.
საქართველოს მოსახლეობაში 2014 წლის აღწერამდე, ქართველების შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობით სომხები ცხოვრობდნენ. იმის გამო, რომ ბევრი სომეხი წავიდა საქართველოდან (1989 წელთან შედარებით სომხები შემცირდნენ 269 109 კაცით, ხოლო 2002 წელთან შედარტებით _ 80 827 კაცით) მეორე ადგილზე მოსახლეობის რაოდენობის მხრივ აზერბაიჯანელებმა გადმოინაცვლეს. ამჟამად საქართველოში 233 ათასი აზერბაიჯანელი და 168 ათასი სომეხი ცხოვრობს. განსაკუთრებით შემცირდა საქართველოში მცხოვრები რუსების რაოდენობა: 1989 წელთან შედარებით _ 315 ათასით და 2002 წელთან შედარებით _ 41 ათასი კაცით. რუსების რაოდენობა ამჟამად მხოლოდ 26 ათას კაცს შეადგენს და მათი ნახევარი თბილისში ცხოვრობს. თბილისში ცხოვრობენ იეზიდები და ქურთები. საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ აღმოსავლეთ საქართველოში 232 ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ხოლო დასავლეთში _ 545, სომხები კი შესაბამისად _ 160 ათასი და 8 ათასი.
2014 წელს საქართველოში 3 097 600 კაცი (83,4 პროცენტი) მართლმადიდებელი იყო, 398,7 ათასი (10,7 პროცენტი) _ მაჰმადიანი, 109 ათასი (2,9 პროცენტი) გრიგორიანელი, კათოლიკე იყო 19,2 ათასი (0,5 პროცენტი), იეჰოვას მოწმე _ 12,4 ათასი (0,3 პროცენტი), სხვა აღმსარებლობას 13,9 ათასი კაცი (0,4 პროცენტი) მისდევდა. საქართველოს 19,1 ათასი მცხოვრები (0,5 პროცენტი) არც ერთ სარწმუნოებას არ აღიარებდა და, ფაქტობრივად, ათეისტი იყო. წინა აღწერის მონაცემებთან შედარებით აჭარის მოსახლეობაში გაიზარდა მაჰმადიანური სარწმუნოების მიმდევართა წილი, როგორც აბსოლუტურად, ისე შეფარდებით. 2002 წელს აჭარაში მაჰმადიანურ სარწმუნოებას აღიარებდა 115 161 კაცი (30,6 პროცენტი), ხოლო 2014 წელს _ 132 852 (40,0 პროცენტი). ამ მაჩვენებელმა განსაკუთრებით მოიმატა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში.
(იხ. ცხრილი #3)
როგორ მოვიქცეთ
როგორც მშობლების, ისე ბავშვების უმეტესობისთვის, სჯობს, ოჯახში პატარას ჰყავდეს თუნდაც ერთი ძმა ან და. ბევრი მშობელი სამბავშვიან ოჯახს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ საკმაოდ არიან ისეთებიც, რომლებიც ერთი ბავშვით იფარგლებიან. საერთოდ, შობადობის ოპტიმალური დონის პირობებში ერთმანეთთან ჰარმონიულად უნდა იყოს შერწყმული ოჯახისა და საზოგადოების ინტერესები. ვერავის დავაძალებთ მეტი ბავშვის ყოლას, თავს ვერ მოვახვევთ მათთვის მიუღებელი ოჯახური ქცევის ნორმებს, მაგრამ ხომ შესაძლებელია, რომ ასეთ პირობებში დაჩქარდეს დეპოპულაციის პროცესი?! როდესაც გაანალიზებულ–გამოკვლეულია დემოგრაფიული კრიზისი, რომელმაც უდავოდ ტრაგიკული ფორმა მიიღო და უკვე საქმე ეხება ერის, ქვეყნის არსებობას, აუცილებელია, შობადობის წახალისების, ამაღლების აქტიური პოლიტიკა გავატაროთ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, რომელიც დადებით შედეგს ორ ათეულ წელიწადში მაინც მოგვცემს და ხანგრძლივ პერიოდშიც გარკვეული დადებითი შედეგების მომტანი იქნება.
უმძიმესი დემოგრაფიული ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა, გავარკვიოთ, რამდენი ბავშვი უნდა გააჩინოს ქალმა მოსახლეობის რაოდენობის მოსამატებლად. ერთი შეხედვით ცხადია, რომ, თუ ქალი აჩენს ორ ბავშვს, იგი ანაზღაურებს მშობელთა თაობას და ხდება თაობათა ერთი და იგივე რაოდენობით გამრავლება, მაგრამ ეს ასე არ არის. თუ ყოველი ქალი გააჩენს ორ ბავშვს, ასეთი ერი დიდი ხნის შემდეგ ამოწყდება. და, თუ ქვეყანაში სხვა, რომელიმე ერის წარმომადგენლები შედარებით მაღალი ნაყოფიერებით გამოირჩევიან, ვთქვათ, ამ ერის წარმომადგენელი ყოველი ქალი სამ და მეტ ბავშვსაც კი აჩენს, ტიტულოვანი ერის (რომელმაც სახელი მისცა ქვეყანას) წარმომადგენლები უმცირესობაში აღმოჩნდებიან.
ყოველი ქალის მიერ ორი ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოსახლეობის გამრავლების თვალსაზრისით, მხედველობაში უნდა მივიღოთ შემდეგი გარემოებები: ყველა ცოცხლად დაბადებული გოგონა ვერ მიაღწევს ნაყოფიერების ასაკს; არსებობს უნაყოფო ქორწინებები, მათ შორის, ნებაყოფლობითი უნაყოფობა, როდესაც ქალებს არ სურთ ბავშვების ყოლა; ქალების გარკვეული რაოდენობა, საერთოდ, არ ქორწინდება. ამასთანავე, დედების მიერ ბავშვთა გაჩენის რაოდენობაზე გავლენას ახდენს ქორწინების შეწყვეტა _ დაქვრივება ან განქორწინება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსახლეობის ერთი და იმავე რაოდენობით გასამრავლებლად საჭიროა, ყოველმა დაქორწინებულმა წყვილმა გააჩინოს 2,6 ბავშვი, ხოლო ყოველმა ქალმა _ 2,1 ან 2-2 ბავშვი. წინა წლებში ყოველი ქალი საშუალოდ აჩენდა 1,5-1,7 ბავშვს და მშობლების ანაზღაურება ხდებოდა მხოლოდ 71-81 პროცენტით. აქედან გამომდინარე, ყოველი ქალის მიერ სამი და, მით უმეტეს, 4 ბავშვის გაჩენის შემთხვევაში ხდება მოსახლეობის გაფართოებული გამრავლება, რაც ესოდენ საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის.
მთავარია, სახელმწიფომ და მთელმა ერმა იზრუნოს იმისათვის, რომ ყოველმა ქალმა გააჩინოს მესამე ბავშვი. სამშვილიანი ოჯახი უნდა გახდეს ქართველთა ცხოვრების ნორმა.
დასასრულ, ერთი მთავარი დემოგრაფიული მოვლენის შესახებაც უნდა ითქვას: 2002 წელს საქართველოს მოსახლეობა 4 371 534 კაცი იყო, ხოლო 2014 წელს _ 3 713 804 კაცი. 2003-2014 წლებში საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ 102 137 კაცი შეადგინა. 2003-2014 წლებში საქართველოდან საზღვარგარეთ წავიდა და იქ, ერთ წელზე მეტია, ცხოვრობს დაახლოებით 759 867 კაცი.