Home რუბრიკები სამართალი დავით თარხან-მოურავი: “ფრანგი სენატორები დამპირდნენ, რომ პირადად სარკოზის მიაწვდიან ინფორმაციას იმაზე,...

დავით თარხან-მოურავი: “ფრანგი სენატორები დამპირდნენ, რომ პირადად სარკოზის მიაწვდიან ინფორმაციას იმაზე, რაც თბილისში 26 მაისს მოხდა”

684

თუ რა განსხვავებაა ევროპასა და ამერიკას შორის, საქართველოსადმი დამოკიდებულებაში; როგორ აფასებენ ფრანგი პოლიტიკოსები 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს; რაზე მოსთხოვენ ისინი პასუხს ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს და რა გზებითა და საშუალებებითაა შესაძლებელი სააკაშვილის ხელისუფლების ნეიტრალიზაცია, ვესაუბრეთ “საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” თავმჯდომარეს _ დავით თარხან-მოურავს, რომელიც, მედიაკავშირ “ობიექტივის” ხელმძღვანელ ირმა ინაშვილთან (რომელიც ამავე დროს “წინააღმდეგობის მოძრაობის” მედიაომბუდსმენია) ერთად, საფრანგეთის სენატის წარმომადგენლებს შეხვდა.

_ კონკრეტულად ვის შეხვდით საფრანგეთის სენატში და რაზე ისაუბრეთ?
_ 8 ივნისს, პარიზის დროით ოთხის ნახევარზე, საფრანგეთის სენატის შენობაში, საერთაშორისო საქმეთა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯოზელან დე როჰანს შევხვდით. ამ შეხვედრას ორი სენატორი ესწრებოდა, რომელთაგან ერთ-ერთი, ალან ჟოურნაკი ამავე დროს არის ქალაქ პეკის მერი და საფრანგეთის სენატში ქართულ-ფრანგული ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელი.
ეს შეხვედრა 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციის დარბევამდე გაცილებით ადრე დაიგეგმა, მაგრამ საუბარი ამ თემით დავიწყეთ, რადგან ახლა ყურადღების ცენტრში სწორედ ეს მოვლენებია.
_ რამდენად ინფორმირებული არიან და როგორ შეფასებას აძლევენ ფრანგი სენატორები ამ ფაქტს?
_ ჩემი აზრით, საფრანგეთის ელჩი არსებული ვითარების ადეკვატურ შეფასებებს იძლევა და თავის ქვეყანას მართალ ინფორმაციას აწვდის. შესაბამისად, საფრანგეთშიც ადეკვატურად აფასებენ იმას, რაც 26 მაისს მოხდა.
დარბევის დროს ჩემი ბავშვობის მეგობარი ნიკა კვინტრაძე მოკლეს, ხელ-ფეხშებოჭილი აიტანეს და მეტრო “თავისუფლების მოედნის” მიმდებარე შენობის სახურავზე დადეს, სადაც, ცხადია, ხელფეხშებოჭილი ადამიანი სხვანაირად ვერანაირად მოხვდებოდა. ამ ადამიანს პირველი კლასიდან ვიცნობდი, ერთი სკოლა დავამთავრეთ.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ სასტიკი დანაშაული ჩაიდინა _ მშვიდობიანი დემონსტრანტები ალყაში მოაქცია, იქიდან გასვლის საშუალება არ მისცა და უმოწყალოდ დაარბია; ეს სპეციალურად, დაშინებისა და დასჯის მიზნით გააკეთა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ხელისუფლება აცხადებს, რომ 4 ადამიანი გარდაიცვალა. საზოგადოება ამბობს, რომ აქციის დარბევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.
ფრანგი სენატორები თვლიან, რომ, რაც მოხდა, ყოველგვარი დემოკრატიის ფარგლებს სცდება. ჩვენი აზრით, საქართველოში დიქტატურაა. მათი პოზიცია ასეთია _ საქართველოს ხელისუფლებას უკვე ძალიან უჭირს, თავისი არასწორი და არასამართლიანი ქმდებების დაფარვა და შეფუთვა.
რაც 26-ში მოხდა, ყველანაირ დემოკრატიას რომ სცილდება და არის დანაშაული, ამაზე თანხმობა არსებობს _ ჩვენი შეხვედრის დროს სიტყვა დანაშაული ფრანგ სენატორებს არ უხმარიათ, მაგრამ “ყოველგვარი დემოკრატიის ფარგლების გადაცდომა” დიპლომტიურ ენაზე დანაშაულებრივ ქმედებას ნიშნავს.
_ ისაუბრეთ არსებული სიტუაციიდან გამოსავალზე?
_ რასაკვირველია, ვისაუბრეთ. შეხვედრა საათ-ნახევარი გაგრძელდა. ჩვენ 26 მაისის მოვლენების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ჩავიტანეთ. ისინი დამპირდნენ, რომ პირადად პრეზიდენტ სარკოზისა და ევროსტრუქტურებს მიაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რაც თბილისში 26 მაისს მოხდა.
მათგან შევიტყვეთ, რომ 16 ივლისს გიორგი ბარამიძე საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით ჩადის, რა დროსაც მას მოსთხოვენ პასუხს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკად დარბევასთან დაკავშირებით. ბარამიძე რომ თავს გაიმართლებს, რა თქმა უნდა, ეს ფრანგ სენატორებსაც ესმით.
ამასთან, 20-დან 25 ივნისამდე ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება _ ევროსტრუქტურების მაღალჩინოსნები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა დახურულია, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე ჩვენ ევროსტრუქტურების სწორედ ამ მაღალჩინოსნებს შევხვდებით და მერწმუნეთ, რომ დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლება უკვე იოლად ვეღარ შეძლებს თავის მართლებას, იმაზე, რაც 26 მაისს მოხდა და რაც ზოგადად ხდება ჩვენს ქვეყანაში, ანუ ბრძოლა ახალ ფაზაში გადადის _ ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეს ხელისუფლება, როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
რაც შეეხება გამოსავალს _ ფრანგი მეგობრების აზრით, ეს არის არჩევნები. საფრანგეთის სენატში გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ამომრჩეველთა სიაში არსებულ ეგრეთ წოდებულ მკვდარ სულებზე _ რეალურად საქართველოში დაახლოებით 2 მილიონ 200 ათასი ამომრჩეველია და სააკაშვილის სიაში 3 მილიონ 700 ათასია დაფიქსირებული.
როცა ვუთხარი, რომ რუსულ ლიტერატურაში არის ასეთი ცნება _ “მკვდარი სული”, მომიგეს: “ვიცით, გოგოლი წაკითხული გვაქვსო”. ფრანგულ ენაში ყოფილა ერთი სიტყვა, რომელიც მკვდარ სულს აღნიშნავს.
ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ პრობლემის გადაჭრაში აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა და ერთობლივი ძალებით იდენტიფიცირების (აღწერა არასწორი ტერმინია) მოხდენა. ამომრჩეველთა იდენტიფიცირება უნდა განხორციელდეს _ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველოში არის 2 მილიონი ამომრჩეველი.
_ კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენიათ ამომრჩეველთა სიების დაზუსტება?
_ საჭიროა ფართო გაერთიანება არა მარტო პოლიტიკური პარტიების, არამედ მთელი საზოგადოების, ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა და მთელი მსოფლიოსთვის იმის დანახვება, რომ ჩვენ ვართ არა სამი მილიონ შვიდასი ათასი, არამედ _ ორი მილიონ ორასი ათასი. ამის მიღწევას, როგორც გითხარით, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება სჭირდება როგორც პრაქტიკული, ისე ფინანსური კუთხით. შევთანხმდით იმაზე, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები კვლავ გაიმართება და დეტალების დაზუსტება მოხდება.
_ თქვენი აზრით, შეცვლის თუ არა 26 მაისის დარბევის ფაქტი დასავლეთის დამოკიდებულებას, მათ საჯარო შეფასებებს, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში?
_ დასავლეთის შეფასებები უკვე შეცვლილია. ის, რომ სააკაშვილის მიმართ ევროპასა და ამერიკას შორის აზრთა სხვადასხვაობაა, ნათელია. სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას მაგალითად, საფრანგეთი, გერმანია და იტალია უფრო საღად უყურებს და აფასებს, ვიდრე ამერიკა. ევროპას ამგვარი დამოკიდებულება ახლა არ გასჩენია, დიდი ხანია, ასეთი პოზიცია აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ ბრიუსელში 20-დან 25 ივნისამდე დაგეგმილ შეხვედრაზე მძიმე საუბარი იქნება.
ჩვენ ვთავაზობთ მთელ საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს, _ დღესვე დაიწყონ გადაუდებელი მუშაობა და შრომა იმისთვის, რომ ბრიუსელში საქართველოს ხელისუფლებამ ადვილად ვეღარ შეძლოს თავის მართლება.
_ თქვენი აზრით, საშინაო ასპარეზზე რა უნდა გაკეთდეს?
_ აუცილებელად უნდა გაიმართოს საპროტესტო აქციები, უფლებრივი მოთხოვნებით. ის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინიციატივით გამართულ მრავალათასიან მიტინგებს სტრატეგია არ ჰქონდა, 11-12 მაისს, ფილარმონიაში “წინააღმდეგობის მოძრაობის” ორგანიზებით გამართულ აქცია-მარათონზე ვთქვი; ამას შარშან და შარშანწინაც ვამბობდი _ რეჟიმის პირობებში მხოლოდ “მიშა წადის” ძახილი საკმარისი არ არის.
ჩვენს ქვეყანაში არის რეჟიმი, დიქტატურა, ისეთივე, როგორიც იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და ამგვარ რეალობაში ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის უნდა იყოს ხანგრძლივი და მშვიდობიანი. ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, ყოველ შაბათს, რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტამდე, კონკრეტული მოთხოვნით 100000-კაციანი მანიფესტაცია უნდა მოეწყოს; მაგალითად, თავისუფალი სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დეცენტრალიზაციის მოთხოვნით.
მოგეხსენებათ, რომ დღეს შსს-ში შედის: დაზვერვაც, კონტრდაზვერვაც, საზღვრის დაცვაც, საპატრულო პოლიციაც, სოდიც, კუდიც და სახანძროც. დედამიწის ზურგზე არ არის ქვეყანა, სადაც შსს აერთიანდებდეს ამდენ ძალოვან უწყებას, რაც დიქტატურის პირველი თვისებაა. შსს შვიდ დამოუკიდებელ უწყებად უნდა დაიშალოს და არ უნდა იყოს ერთი მონსტრი, რომელსაც სათავეში ვანო უზის.
_ როგორ მიიღებს პერმანენტული აქციების იდეას საზოგადოება, თუკი ეს დაიგეგმება?
_ შეგახსენებთ, რომ 28 მაისს რუსთაველის ძეგლთან, ჩვენს აქციაზე 15 ათასი კაცი მოვიდა. ქართული საზოგადოება არის ძალიან მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე საზოგადოება. არ არსებობს ქვეყანა, სადაც 200 ათასი კაცი ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გამოდის, მანიფესტაციით გაივლის ნახევარ ქალაქს და ამ დროს არ იმართება ჩხუბი, არ იმტვრევა მანქანა, არ ტყდება მაღაზია.
ჩვენს ქვეყანაში ყოველგვარი ინცინდენტის გარეშე არაერთი ასეთი აქცია გამართულა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აქ ცხოვრობს დისციპლინირებული, მაღალი კულტურის მქონე ხალხი. თუ ჩვენ და ამ შემთხვევაში თქვენ, ჟურნალისტებიც ფართო პროპაგანდას გაწევთ და ქართულ საზოგადოებას ავუხსნით, რომ საპროტესტო აქციაზე არ უნდა გამოვიდეთ იმის მოლოდინით, რომ მიტინგის შემდეგ მიშა აღარ იქნება; რომ შაბათობით 100 ათასი კაცი კონკრეტული მოთხოვნით უნდა შევიკრიბოთ, მანიფესტაციით მივიდეთ პარლამენტამდე, დავიშალოთ და ეს ვაკეთოთ ყოველ შაბათს, შედეგს აუცილებლად მივიღებთ. როცა 10-ჯერ და 20-ჯერ შეიკრიბები და მოითხოვ შსს-ს დაშლას და ამას დაინახავს მსოფლიო, ხელისუფლება იძულებული იქნება, ეს მოთხოვნა შეასრულოს.
ხალხს თუ ამას გავაგებინებთ, გეუბნებით, მრავალათასიანი აქციებიც გაიმართება და ხელისუფლებასაც მოვერევით. ეს ტაქტიკა ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, გულისხმაჰყოს, გონებაში ჩაუჯდეს, რომ მშვიდობიანად შევიკრიბოთ რაც შეიძლება ბევრნი _ 100 ათასი, 200 ათასი და მოვაწყოთ მანიფესტაციები კონკრეტული მოთხოვნებით, რომ გვინდა თავისუფალი სასამართლო, შსს-ს დაშლა, ფართო ამნისტიის გამოცხადება და ასე შემდეგ.
ესაუბრა ნინო მიქიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here