Home რუბრიკები საზოგადოება ბუშის ქუჩით აზიზიეს მეჩეთამდე

ბუშის ქუჩით აზიზიეს მეჩეთამდე

656

იტალიის დამოუკიდებლობის 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მყოფი მიხეილ სააკაშვილი 28 მაისს ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის გახსნას ვერ დაესწრო, მაგრამ ეს ხარვეზი 7 ივნისს გამოასწორა. მართალია, სააკაშვილზე არანაკლებ ექსცენტრიული პრემიერ-მინისტრის _ ბერლუსკონის პატრონ იტალიელებს კოლიზეუმის წინ დამოუკიდებლობის დღე მომიტინგეთა სისხლისღვრით არ აღუნიშნავთ, მაგრამ გია თორთლაძე არც იქ მიიწვიეს, ისევე, როგორც ჩვენმა ხელისუფლებამ დატოვა დაუპატიჟებელი შერონ სტოუნთან შეხვედრაზე.

სწორადაც მოიქცნენ იტალიელები, რადგან არავინ იცის, რა მოხდებოდა, მას რომ შუაგულ ევროპაში ნამგალ-უროიანი წითელი დროშები დაენახა. არადა, ყველა მასობრივი საპროტესტო აქცია ევროპაში სწორედ ამ დროშებით იმართება. თუმცა თორთლაძე ამ საკითხს შემდეგ საპარლამენტო ვადაში მოაგვარებს, მას შემდეგ, რაც საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკას სრულიად ამოძირკვავს.
თორთლაძე კარგად იყოს თავის “მრავალრიცხოვან” პარტიასთან ერთად (აკი დაუთვალა შალვა რამიშვილმა!), ჩვენ კი კვლავ ანაკლიას მივაშუროთ, რომელიც სააკაშვილის განცხადებით “ბიჭვინთას სჯობია”. ნორჩ “პატრიოტებს”, ცხადია, ბიჭვინთა არ ახსოვთ. ზოგს ის ადგილი ჰგონია, ზღაპრებში რომ აღწერენ _ “ცხრა მთასა და ცხრა ზღვას  იქით”, ანუ არავის რომ არ უნახავს. ამიტომაც იოლად დაიჯერეს.
იტალიიდან გამოყოლილი შთაბეჭდილებებით აღსავსე სააკაშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა: “ზოგიერთი ოპოზიციონერი მე მიწოდებს შადრევან პირველს და სულაც არ მწყინს. შადრევან პირველი ნამდვილად ჯობია ჩინგისხან მეორეს ან კალიგულა მესამეს”!
სააკაშვილმა რომ იცოდეს, რას უწოდებენ მას ხალხში, ჩინგისხანობასა და კალიგულობას მოინატრებდა. ესეც რომ არ იყოს, რომაული შეგონებაა: “სჯობს პროვინციაში პირველი იყო, ვიდრე რომში – მეორე”! პირველ-მეორეზე გათვლის არმოყვარული ქართველები კი ამ საკითხს უფრო ფართოდ განიხილავენ: “ფარა რომ შემობრუნდება, კოჭლი ცხვარი სათავეში მოექცევაო”!
ჩინგისხანისა და კალიგულას ხსენებამ სააკაშვილს ისტორიული მოგონებები გაუღვიძა და ამ ჯერაც “უწვრთელ” ახალგაზრდებს საქართველოს ისტორიის მცირე კურსიც წაუკითხა. მისი ვერსიით, ანაკლია ისტორიულად ისეთივე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, როგორც ბათუმი, სოხუმი, ტრაბზონი და ფოთი (!). სააკაშვილის მიხედვით, “ბოლოს ანაკლიაში დარჩა ძალიან პატარა დასახლება, თუმცა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი და მისი მშენებლობა ისტორიული რეგიონული ცენტრის აღორძინებას ნიშნავს”.
ქართველ ისტორიკოსთა შორის ამ ვერსიას ვერავინ ადასტურებს, თუმცა ერთი სიმართლე სააკაშვილსაც წამოსცდება ხოლმე; ანაკლია მეგრული “ანარკიადან” მოდის და იმ ადგილს აღნიშნავს, საიდანაც მუდმივად კივილი ისმოდა. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან ქართველი ტყვეები სწორედ ანაკლიიდან გაყავდათ “ჩვენს ისტორიულ მეგობარ თურქეთში”. თუ ამას გულისხმობდა სააკაშვილი, მაშინ გასაგები ხდება, თუ როგორი “რეგიონული სავაჭრო ცენტრის აღორძინებას” აპირებს ანაკლიაში. პატრიოტები ნურც იმას დაივიწყებენ, რომ სტამბოლის ბაზარზე ხნიერებსა და “ჩარეცხილებს” არავინ გაიყვანს და იმისთვისაც მზად უნდა იყვნენ, რომ სადმე ერაყში ან ავღანეთში გოჩა და ხვიჩა ისევ გადაეყრებიან ერთმანეთს. იქნებ, მაშინ მაინც მიხვდნენ, რომ “ორივენი ბედკრული საქართველოს შვილები არიან”.
იქნებ, არც ღირს საკუთარი სახელმწიფოს ისტორიის ამგვარ პროფანაციაზე ლაპარაკი, მით უფრო, რომ ილორისა და სულორის ვერგამრჩევ პიროვნებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ქართული პოლიტიკური გეოგრაფია უკვე სულ უფრო ანეკდოტურ ხასიათს იძენს. ორიოდე წლის წინათ სააკაშვილმა განაცხადა: “ჩვენ ვცვლით საქართველოს გეოგრაფიას”! დღენიადაგ საკუთარ კომფორტზე მზრუნველი პოლიტიკოსები მხოლოდ იმან შეაწუხა, რომ პარლამენტი ქუთაისში გადადის. სამაგიეროდ, ყურადღების მიღმა დარჩათ თბილისის გეოგრაფიული გაფართოება, რის წყალობითაც თბილისის მერს დღეს უკვე თითქმის იმდენივე ამომრჩეველი ჰყავს, რამდენიც საქართველოს პრეზიდენტს.
სულ ახლახან გუდაურიც თბილისი გახდა; ყოველ შემთხვევაში, მასაც თბილისის მერი პატრონობს. სულ მადლობა აძახებინეს კოჯრელებსა და წავკისელებს დოკუმენტების გაცემის გამარტივებისთვის (თითქოს ამ ქვეყანაში საბუთის მარტივად მიღება მარტო თბილისელებს ეკუთვნოდეს), სულ მალე კი, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მათ მიწის გადასახადი “თბილისურად” გაუზარდეს – 39 ლარიდან 82 ლარამდე!
საჯაროდ არავის უთქვამს, მაგრამ 26 მაისის შემდეგ თბილისია თელავიც, საგარეჯოც, მცხეთაც, რუსთავიც, გარდაბანიც, მარნეულიც, ბოლნისიც, კასპიც, სიღნაღიც, ყვარელიც, ზესტაფონიც, სამტრედიაც, ბაღდათიც, ოზურგეთიც, ჩოხატაურიც და ლანჩხუთიც, რადგან თბილისში დაკავებული მომიტინგეები, ადგილები რომ არ ეყოთ, სწორედ იქ გადაიყვანეს.
სამაგიეროდ, 2008 წლის აგვისტოში სიხარულით გვამცნეს, რომ “რუსული ტანკები თბილისში არ მოდიან, ორჭოსანში გადაუხვიეს”! სულ ახლახან კი “სარკომ” (საფრანგეთის პრეზიდენტის მოფერებითი სახელი ქართულად) გაიკვირვა: “რას ერჩით რუსეთს, მან ხომ პირობა შეასრულა და თავისი ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანაო?”.
ირაკლი ოქრუაშვილს რომ დავუჯეროთ, იგი პარიზში კი არა, ცხინვალშია 2007 წლის პირველი იანვრიდან. გოკა გაბაშვილისთვის რომ დაგვეჯერებინა შევარდნაძის პრეზიდენტობისას, იბერია კარგა ხნის გაბრწყინებული უნდა ყოფილიყო.
ერთი სიტყვით, ახალი პოლიტიკური გეოგრაფია ოდენ სააკაშვილის გამოგონება როდია. ნუ ვიქნებით მეტისმეტად მკაცრი ჩვენებურების მიმართ; ინტელექტით “განთქმულმა” ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა ავსტრიაში ყოფნისას ამ ნეიტრალურ ქვეყანას ერაყის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობისთვის მხურვალე მადლობა უძღვნა. გაოცებული ავსტრიელები ვერ იჯერებდნენ, რომ მსოფლიოს ზესახელმწიფოს ლიდერი ავსტრიასა და ავსტრალიას ერთმანეთისგან ვერ არჩევს!
კრის დე ბურგი და შერონ სტოუნი კი ერთმანეთისგან რუსეთსა და საქართველოს ვერ არჩევენ. სააკაშვილის კერპმა – კრისმა, რომელსაც ის თურმე ჩუმად უსმენდა საბჭოთა წლებში (თითქოს ვინმე დევნიდა იმთავითვე რუსეთზე შეყვარებულ და იქ გასტროლებზე ხშირად მყოფ ბრიტანელ მომღერალს!), ერთობ გაანაწყენა საკუთარი მაღალი თაყვანისმცემელი.შარშან ბათუმში გამართული კონცერტისას კრის დე ბურგი განაცხადა, რომ შეყვარებულია რუსეთზე, უყვარს რუსული “ვოდკა” და რუსი ლამაზმანები, სიამოვნებით გაემგზავრება რუსეთში და ამ ყველაფერს მოაყოლა სიმღერა სახელწოდებით “რუსსკაია ვოდკა”. ამ კონცერტს სააკაშვილთან ერთად მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიხაი გიმპუც ესწრებოდა, რომელმაც შემდეგ “რეგიონის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო, კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრში” ანაკლიაში სააკაშვილის მიერ დასასვენებლად ჩამოყვანილი 120 მოლდაველი ბავშვი მოინახულა.
ბუშთან, კრის დე ბურგთან და მიხაი გიმპუსთან რა მოსატანია, მაგრამ ბესო ჯუღელს არ მოეწონა ძირძველი ქართული სოფლის – ჭოპორტის სახელი და მას “მშვენიერა” შეარქვა. აწ უკვე მიშაზე ნაწყენ და იტალიაში გახიზნულ ჯუღელს, ალბათ, ჰგონია, რომ ბაზარში ახლა ჭოპორტულის მაგივრად “მშვენიერას” პომიდორს ეძებს ქართველი მყიდველი! თუმცა არც ბესო ჯუღელია დიდი ნოვატორი; საბჭოთა წლებში საქართველოში ასობით წითელსოფელი გაჩნდა, რადგან ბოლშევიკებს მათი პირვანდელი სახელწოდება ისევე აფრთხობდა, როგორც ეშმაკს _ ჯვრის დანახვა. ჩემს სოფელსაც დაარქვეს წითელსოფელი, მაგრამ ყველა ისევ მირონწმინდას უწოდებდა. დღესაც მირონწმინდაა.
ათასობით ლენინის ქუჩა იყო იმ წლების საქართველოში, სამაგიეროდ, დღეს ბუშის ქუჩა გვაქვს; ბათუმის საკრებულომ კი ხიმშიაშვილის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის შეერთებამდე არსებულ მონაკვეთს არაბი შეიხის ნახაიან მაბაქარ ალ ნახაიანის სახელი მიანიჭა. ლიონიძეს გადაულაპარაკებია ხიმშიაშვილისთვის: _ ეგ ქუჩა ტაძართან მიმიყვანსო? ხიმშიაშვილს კბილებში გამოუცრია: _ ეგ გზა აზიზიეს მეჩეთთან მიგიყვანს და ამიტომ იწექი მანდ, თუ ძმა ხარო!
თუ მაინც და მაინც სახელის დარქმევა უნდოდათ ვარდის სახელით მოსულებს, ფიროსმანის სახელი მაინც დაერქმიათ იმ პატარა ქუჩისთვის.
მილიონი ვარდი აღარ სჯობს 10.000 პალმას?
ცნობისათვის: პოლიტიკური გეოგრაფია მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას, გეოპოლიტიკურ სტრუქტურებს, პოლიტიკურ ძალთა განლაგებას და ტერიტორიულ შეფარდებას სწავლობს. მისი ძირითადი საკვლევი მიმართულებებია: ცალკეული ქვეყნების პოლიტიკური და სახელმწიფო წყობის, მმართველობის სისტემისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის თავისებურებანი; სახელმწიფოს ტერიტორიისა და მისი საზღვრების  ფორმირება, გეოგრაფიულ განსხვავებათა განხილვა მოსახლეობის სოციალურ სტრუქტურაში (მათ შორის, მოსახლეობის ეროვნული და რელიგიური შემადგენლობა); პოლიტიკურ ძალთა განლაგების ანალიზი; ხელისუფლების ორგანოებში არჩევისას გეოგრაფიული თავისებურებების გამოვლენა.
ამოცანის ამოხსნაც აქ უნდა ვეძებოთ. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელსაც ნაციონალები მართავენ, მაგრამ რომელიც ეროვნული არ არის; რომლის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის უდიდესი მიღწევა ახალგორის სამხრეთ ოსეთისთვის მიკუთვნება და კოდორისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევა იყო; რომელმაც ომი მოიგო და ტერიტორიები დაკარგა; სადაც ამომრჩევლის 30%-ის მხარდაჭერისას მანდატების 70%-ს ითვისებენ; სადაც მოსახლეობის უმრავლესობა უკიდურესად გაღატაკებულია და დღენიადაგ უმცირესობის საამურ ცხოვრებას აყურებინებენ. ასეთ სახელმწიფოში ანაკლია რეგიონული ცენტრიცაა და “ბიჭვინთასაც ჯობია”!
თურქების ხელში ქართველი ტყვეებით ვაჭრობის ბუდედქცეული ანაკლია ოსმალეთის იმპერიას 1805 წელს რუსეთმა გამოჰგლიჯა ხელიდან. ოსმალეთმა მაინც არ დათმო. 1812 წელს, ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით, იგი რუსეთს მიეკუთვნა, რაც ხელმეორედ დაადასტურა 1826 წელს აკერმანის კონვენციამ.
ვივაჭროთ?
ნანა დევდარიანი
 
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here