Home რუბრიკები საზოგადოება ანზორ გაბიანი: საქართველოში სამასი ათასზე მეტი ნარკოდამოკიდებულია

ანზორ გაბიანი: საქართველოში სამასი ათასზე მეტი ნარკოდამოკიდებულია

989

საქართველოში დაიწყეს ლაპარაკი მარიხუანის, იმავე ანაშის, ჰაშიშის, პლანის ლეგალიზაციის შესახებ, თანაც _ იმ წრეებში, იმ დონეებსა და მასმედიის იმ საშუალებებში, საიდანაც აშკარად ჩანს, რომ გარკვეული ძალები დაინტერესებული არიან ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტით. ძნელი დასაჯერებელია, დღეს ვინმემ არ იცოდეს, ჰეროინზე, ოპიუმზე, კოკაინზე და ნებისმიერ ე.წ. მძიმე ნარკოტიკზე დამოკიდებული რომ გახდე, ვენაში ნემსის 8-10-ჯერ გაკეთებაც საკმარისია, რომ ნარკოდამოკიდებულებიდან სიკვდილამდე ერთი ნაბიჯია.

მაგრამ მარიხუანის მოწევა მასობრივ შეგნებაში ხშირად უწყინარ, დროსსატარებელ, სიამოვნების მომგვრელ თამაშად არის წარმოდგენილი.
ამის დამადასტურებელ “მაგალითებსაც” მოისმენ და შეიძლება, დაიჯერო, რომ მართლაც ასეა: სხვა თუ არაფერი, აშშ ყველა პრეზიდენტი ახალგაზრდობაში გათამაშებია მარიხუანას, განვითარებულ ჰოლანდიაში კი, დიდი ხანია, ლეგალიზებულია ამ “ბალახის” მოწევა, რაც თითქოს ისევე უვნებელია, როგორც ჩვეულებრივი თამბაქო.
მეცნიერები კი საწინააღმდეგო პოზიციაზე დგანან, ისინი ამტკიცებენ, რომ კანაფიდან ნაწარმოები ნარკოტიკები გარკვეული თვალსაზრისით საშიშია. მაგრამ ნარკოლობისტებმა ისინი უვნებლისა და უსაფრთხოს ლამაზი შეფუთვით მოგვაწოდეს.
არიან ასეთი ნარკოლობისტები.
ანზორ გაბიანი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სოციოლოგიის დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო სახელის მქონე სოციოლოგი მათ კასტას არ განეკუთვნება.
ბატონი ანზორი დღეს “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებს ესაუბრება.
_ ამასწინათ ტელევიზიით მოვისმინე, რომ საქართველოში 300.000-ზე მეტი ნარკოდამოკიდებულია. ძნელია, ერწმუნო ამას, მაგრამ თუ მართლა ასეა, დაღუპულა ჩვენი ერი, მალე ჩვენი სახსენებელიც გაქრება.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ იმ პერიოდთან შედარებით, როცა 70-იან წლებში ვიკვლევდით ნარკომანიის პრობლემას, ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა  მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
რისი ბრალია ეს, ცალკე განსჯის საგანია, თუმცა ერთი რამ ახლავე შეგვიძლია ვთქვათ: ეტყობა, შესაცვლელია ის მიდგომები და მეთოდები, რომლებმაც ვერ გამოიღო სათანადო ეფექტი, საჭირო ხდება მეცნიერულად დასაბუთებულ საფუძვლებზე პრაქტიკული ბრძოლის  გადაყვანა.
ამ რიგის ერთ-ერთი საკითხია ნარკომანებისა და არა ნარკორეალიზატორების ერთმანეთისგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თვალსაზრისით გამიჯვნა. ოცდაათი წელიწადია, ვამტკიცებ, რომ ეს ერთი და იგივე არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, მხარდაჭერა ვერ ვპოვე.
საქართველოში, როგორც ვიცი, საპატიმრო ადგილებში ხვდებიან არა მარტო რეალიზატორები (რაც არ გულისხმობს მაინც და მაინც ნარკოტიკების გამყიდველს, არამედ იმასაც, ვინც არიგებს ამ ნივთიერებებს), არამედ მომხმარებლებიც. აქაა საჭირო მკვეთრი ზღვარის გავლება და, შესაბამისად, რეაგირება _ პირველთა მიმართ რეპრესიული ხასიათის კანონის განხორციელება, დანარჩენებს კი თავდაპირველ სტადიაზე მაინც არ უნდა მოვეპყროთ როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეებს.
_ მარიხუანის ლეგალიზაციის კამპანიას რომ მივუბრუნდეთ?
_ როგორც კი ასეთი შემოტევა იწყება, პირველად მარიხუანას შემოაგდებენ, კვალზე კი ოპიუმის, მორფიუმისა და, საერთოდ, ყველა ნარკოტიკის ლეგალიზაციის მოთხოვნას მოაყოლებენ: დავამზადოთ, გავიტანოთ გასაყიდად ჩვენთანაც და საერთაშორისო ბაზარზეცო.
თავის დროზე, კერძოდ, 90-იანი წლების დასაწყისში, ამის ლობისტებს მაგრად მოხვდათ თავში და ჩავაჩუმეთ. მაგრამ დღეს, როგორც ვიცი, სოციალურ ქსელებში დიდი მსჯელობა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ მიზანშეწონილია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ “მძიმე” და “მსუბუქი” ნარკოტიკები. ძლიერად _ ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკებს მიიჩნევენ, მსუბუქად _ კანაფისგან დამზადებულს.
ინტერნეტის მასალების გაცნობამ დამანახა, რომ ამას გარდა, ამ დავა-კამათის მონაწილეები ერთმანეთისგან კარგად ვერ ასხვავებენ ლეგალიზაციასა და დეკრიმინალიზაციას. ერთმანეთს ისე ანაცვლებენ, თითქოს ერთსა და იმავეს ნიშნავდეს.
_ თუ შეიძლება, აგვიხსენით, ჩვენც რომ არ შეგვეშალოს.
_ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია შეიძლება სერიოზული მსჯელობის საგანი გახდეს, მაგრამ ხელაღებით კი არა, კატეგორიებისა და სხვა მონაცემების მიხედვით. მოსაგვარებელი საკითხია და ამ თვალსაზრისით საკითხის დასმა სწორი და გამართლებულია.
ანაშა ისეთი ნარკოტიკია, რომლის მიჩვევას შედარებით ხანგრძლივი დრო სჭირდება, თანაც ისეთ ძლიერ დამოკიდებულებას არ იწვევს, როგორც ოპიუმი. ამ რიგის ნარკოტიკი საშიში იმითაც არის, რომ მისი მომხმარებლების მნიშვნელოვანი ნაწილი მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ გადადის ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკებზე, მაგალითად, მორფიუმზე და მოკლე დროში განიადაგებული ოპიომანი ხდება.
მარიხუანის შემთხვევაში ასე არ არის. ჩვენთან მარიხუანას თამბაქოში შერევით ეწევიან. პირადი მაგალითით დაგიმოწმებთ, რადგან, გამოკვლევას რომ ვატარებდი, ჩართული და მონაწილე დაკვირვების მეთოდით, ამის გაკეთება აუცილებელი იყო. მაგრამ ვცდილობდი, ჩემი ორგანიზმისთვის მინიმალური ზიანი მიმეყენებინა. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ მარიხუანის საკმაოდ მრავალჯერადი მოწევის შემდეგ სულაც არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი ნარკომანი გახდეს, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი განურჩევლად ყველა მოწევაში მხილებული მაშინვე ციხეში გავამწესოთ. ზოგჯერ სავსებით შესაძლებელია, რომ თუნდაც შეგონების გზით თავი დავანებებინოთ.
მაგრამ ასე არ არის ოპიუმის რიგის ნარკოტიკების მიზეზით განვითარებული დამოკიდებულების შემთხვევაში.
_ გამოდის, რომ ანაშა საშიში არ არის და მოწიონ, რას ვერჩით ამ “მსუბუქ” ნარკოტიკს?
_ არ არის მარიხუანა “მსუბუქი” ნარკოტიკი. იგი ადამიანის ფსიქიკის მოშლას იწვევს. ამ ნარკოტიკის მიღების (მოწევის) შემდეგ ადამიანს უვითარდება გარე სამყაროს გაუკუღმართებული აღქმა, ეკარგება დროისა და სივრცის შეგრძნება. ანაშის მწეველს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მეათე სართულზე მისი ფანჯრისა და ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სახლის ფანჯარას შორის მანძილი ერთი ნაბიჯია და შეიძლება გადადგას ეს ნაბიჯი.
ეს ერთი მაგალითიც საკმარისია იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავს ანაშით გაბრუებული ადამიანის არაადეკვატური ქცევა.
ამას გარდა, მარიხუანა ფსიქიკის ქრონიკულ მოშლასა და ტვინის დაძაბუნებას იწვევს. მწეველებისთვის დებოშის ატეხვა, ჩხუბის წამოწყება დამახასიათებელი ხდება და ხშირად საკუთარ თავს თვითონვე ვნებას აყენებენ.
ახლა მითხარით, არის ეს ნარკოტიკი “მსუბუქი”?
_ რა თქმა უნდა, არა.
_ მაგრამ ამით ყველაფერი არ ამოვწურეთ. ეს ნარკოტიკები საშიშია იმითაც, რომ, როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, მომავალი ნარკომანები იწყებენ ანაშით და შემდეგ “ძლიერ” ნარკოტიკებზე გადადიან.
_ “აკრძალული ხილის” პრინციპი აქ არ მოქმედებს?
_ პირიქით, გზას კვალავს ქრონიკული ნარკომანიისკენ.
_ ესე იგი, ლეგალიზაცია საზოგადოების დეგრადაციისკენ შეგნებულად გადადგმული ნაბიჯია? ხომ ფაქტია, რომ ის, რასაც თქვენ ყვებით, ცნობილია ნარკოლობისტებისთვის, მაგრამ ისინი გარკვეული მიზნებისა თუ ჩანაფიქრის მისაღწევად მიდიან ამ “საქმეზე”, რაც ლეგალიზებული სახით დაუსჯელიც იქნება.
_ შეიძლება ასეც იყოს. მაგრამ უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდინარე, მე არაფრის დამტკიცება არ შემიძლია. თუმცა აშკარაა, რომ ლეგალიზაცია სოციალურად მავნე შედეგს იქონიებს, მიუხედავად იმისა, რამდენად აქვს გათვითცნობიერებული ამ პოზიციაზე მდგომ ადამიანს მისი მოსაზრების მავნეობა.
_ დეკრიმინალიზაცია?
_ დეკრიმინალიზაცია მომხმარებლებს ეხება. ნარკოტიკის მომხმარებელი, მით უფრო საწყის სტადიაში, კრიმინალად ვერ ჩაითვლება. სოციალურ ქსელებში მიმდინარე განხილვის მონაწილენი დეკრიმინალიზაციაში ამას თუ გულისხმობენ, მე მათ მხარს ვუჭერ.
_ მიგაჩნიათ, რომ კანაფის პლანტაციების მოსპობა ნარკომანიის ამოძირკვას შეუწყობს ხელს?
_ არა, არ მიმაჩნია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია, ისეა გავრცელებული კანაფი, უდიდეს ფართობებზეა მოდებული. მეორე იმიტომ, რომ, მაგალითად, ჩუის ველზე, ცენტრალურ აზიაში, რომელიც კანაფითაა დაფარული, კიდეც რომ შეძლონ მისი განადგურება, უდაბნო ისე შემოუტევს, რომ გაუდაბურდება იქაურობა. კანაფი უდაბნოს გავრცელების დამაბრკოლებელი ეფექტიანი ბუნებრივი საშუალებაა. მისი ამოძირკვა ეკოლოგიური კატასტროფის მიზეზი გახდება.
_ მაშ, რა უნდა მოვიმოქმედოთ?
_ მთავარია, მოვხსნათ მოთხოვნილება. თუ მიწოდების მოსპობა შეუძლებელია, მოთხოვნილების მოსპობას წინ რა უდგას? ძნელია, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. ამას ვქადაგებ რამდენი წელიწადია, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.
_ ვინ “ვერავინ”?
_ ვისაც ხელეწიფება და ვალდებულიცაა, გადაწყვიტოს ეს პრობლემა… დეკრიმინალიზაციაზე პროფესიონალები ინტერნეტში არ ლაპარაკობენ, მაგრამ ვის უნდა მიმართონ?
_ “რუსთაველი მკვდარია”.
_ “რუსთაველი მკვდარია”. მაშ ვის? ვანო მერაბიშვილს? ვთქვათ, “რკინის ქალამნები” ჩაიცვა პროფესიონალმა და მიაღწია შინაგან საქმეთა მინისტრამდე. რა მერე? არც არაფერი, რადგან არ არის ეს მისი საქმე.
_ ჯანდაცვის მინისტრთან მივიდეს?
_ ვერც ის მიხედავს ამ საქმეს, რადგან პრობლემა კომპლექსურია.
მე თუ მკითხავთ, თავის ქებად, იმედია, არ ჩამეთვლება, რომ საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული სპეციალისტი ვარ და ამერიკელები ჯერ კიდევ 1987 წელს მთხოვდნენ, გადავსულიყავი აშშ-ში საცხოვრებლად და სამუშაოდ, მაგრამ ჩავთვალე, რომ საქართველოში უფრო საჭირო ვიქნებოდი და არ წავედი. მე თუ მკითხავთ, უნდა შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო კომიტეტი პრეზიდენტთან მხოლოდ და მხოლოდ მისი უშუალო ხელმძღვანელობით. ამ სტრუქტურამ უნდა მოახდინოს მთელი საქმიანობის კოორდინაცია. აქ უნდა გაერთიანდნენ შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, იუსტიციის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების, პროკურატურის პასუხისმგებელი პირები, ყველა იმ უწყების წარმომადგენლები, ვისაც ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია.
ამაზე დიდი პრობლემა საქართველოში დღეს არ არსებობს. შეიძლება ბოლოს და ბოლოს არც თუ ისე ძალიან დიდი ხნის შემდეგ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს, მაგრამ ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ერთიან საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის აფხაზებიცა და ოსებიც, ნარკომანიით აღმოჩნდნენ დაავადებულნი.
დასამალი არ არის, რომ ჩვენს ახალგაზრდობაში გავრცელებულია ჰედონიზმი _ ჰიპერტროფილებული მისწრაფება სიამოვნებისკენ, როცა ცხოვრების მიზანი დიდი სიამოვნების, სიტკბოების მიღწევაა. ჰედონიზმი ნარკომანიის გავრცელების ხელის შემწყობი მოვლენაა. წლების განმავლობაში ნარკომანთა ე.წ. ოჯახებში ვტრიალებდი, ათასობით ინტერვიუ მაქვს ჩამორთმეული ნარკომანი ქალების, კაცების, დიდებისა თუ პატარებისგან და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მათი უმეტესობა ნარკოტიკს მიეძალა იმიტომ, რომ ჰქონდა ჰიპერტროფული მიდრეკილება გართობის, სიამოვნების მიღებისკენ.
_ დიდი პრობლემა წამოჭერით, ბატონო ანზორ, მრავალპლანიანი და ძალიან მწვავე. ეგებ, ამაზე საუბარი უფრო ღრმად და ვრცლად უახლოესი შეხვედრისთვის გადავდოთ?
_ გეთანხმებით, რადგან საჭიროა და აუცილებელიც. შეიძლება ფსიქოლოგები და ფსიქიატრებიც მოვიწვიოთ.
მაგრამ ამ წინადადებებისა და მოსაზრებების სიმრავლის გამო ჩვენი ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ადამიანი, თუნდაც ნარკომანიით დაავადებული, რადგან მას ლეგალიზაცია ისევე არ უშველის, როგორც დეკრიმინალიზაცია. მას უნდა ვუმკურნალოთ. ჩემი აზრით, აუცილებელი იქნება, ნებაყოფლობითი მკურნალობის  პარალელურად, ადმინისტრაციული წესით, იძულებითი მკურნალობის აღდგენა და ამ ღონისძიების შეფარდება მათთვის, ვინც თავს არიდებს ნებაყოფლობით მკურნალობას სპეციალური, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამით. ნარკომანი ფსიქიკამოშლილი ადამიანია. როდესაც ის თავისი ნებით ვერ მიდის სამკურნალოდ, იძულებული უნდა გავხადოთ, რადგან ჩვენი სახელმწიფო ადამიანურ სიკეთეებზეა ორიენტირებული, ეს მართლა უნდა გაკეთდეს.
მარიხუანა არ არის “მსუბუქი” ნარკოტიკი. იგი ყველაფერთან ერთად იწვევს დეპრესიას, აქვეითებს მეხსიერებას, აძნელებს რაიმეს ათვისებასა და სწავლას; ქვეითდება ყურადღების კონცენტრირება, უარესდება რეაქცია და მოძრაობის კოორდინაცია; შედეგად მოსდევს პროგრესირებადი იმპოტენცია და უნაყოფობა, გოგონებს ერღვევათ მენსტრუალური ციკლი. ერთი ნაბიჯი რჩება ფილტვების კიბომდე, ქრონიკულ ბრონქიტამდე.
ხანმოკლე სიამოვნება იცვლება დათრგუნვის გრძნობით, პანიკით, ზოგიერთს თვითმკვლელობის სურვილი უჩნდება.
მარიხუანა იწვევს “ჰაშიშის ფსიქოზს”, რომლის სიმპტომებია: აკვიატებული შიში, პიროვნების გაორება, აუტიზმი, მწვავე ჰალუცინაციები.
ორგანიზმიდან მარიხუანა ერთჯერადი მოწევის შემდეგ უფრო დიდხანს გამოდის, ვიდრე ჰეროინი.
აი, ასეთი “მსუბუქი” და “უვნებელია” მარიხუანა, იგივე _ ჰაშიში, იგივე _ პლანი, რომლის ლეგალიზაციას გვთავაზობენ ნარკოლობისტები.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე 
* * *
საქართველო და მსოფლიოს” რედაქცია მიმართავს მკითხველებს, თავიანთი პოზიცია და წინადადებები მოგვაწოდონ ამ პრობლემასთან დაკავშირებით.
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here