Home რუბრიკები სამართალი წერილი ციხიდან

წერილი ციხიდან

640

“ტელეკომპანიებსა და პრესას მოგმართავთ თხოვნით, რომ თქვენთვის ძვირფასი დრო და ადგილი დაუთმოთ აქ ჩამოთვლილ პრობლემებს. ჩემი ჩამოთვლილი პრობლემები რაღაც დოზით მაინც მივაწვდინოთ საზოგადოებას, რადგან პატიმარი, ყველას თუ არა, თითქმის ქვეყნის 1/3-ს მაინც მოიცავს და მე კი აქ ვააშკარავებ, თუ რა ხდება რეალურად და რა მძიმე პირობებში (ეს იქნება ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ყოფა) უწევს პატიმარს სასჯელის მოხდა. სასჯელი ერთია, მაგრამ თავისუფლება თუ ეღირსებათ საერთოდ?
ჩემი, როგორც პიროვნების და მსჯავრდებულის აზრით, თქვენ და ნაწილობრივ ყველამ, ხელი შეუწყვეთ იმას, რომ დაუსჯელობა ჯერ სინდრომად ჩამოყალიბებულიყო და შემდეგ გაბატონებულიყო. ამის დასამტკიცებლად კი მომყავს ფაქტები, რასაც სჩადიოდნენ სასჯელაღსრულების მაღალი ჩინოვნიკები და რა უსუსურობასა და არაადექვატურობას იჩენს პროკურატურა. ხოლო “სამართლიანობასთან” რა კავშირშია, ხომ სულ დამავიწყდა. სამართლიანობის შემყურე კი დაითრგუნები კაცი, როცა წინ ხელში შეგრჩება ახალგაზრდა, რომელსაც “დაყვირების ტექსტიც” არ აქვს გავლილი, ის კი დანამდვილებით იცის, რომ სასჯელის უმაღლესი ზომა უნდა მოითხოვოს. ახალგაზრდობასთან კი არ მაქვს პრობლემა, პრობლემას მიქმნის ის საქმეები, რომლებიც დაგროვილია და “მაკიაჟის სისქე” ჭუჭყი ადევს. დამეთანხმებით, სისუფთავეს რა სჯობს, მაგრამ ამ ხალხს, ეტყობა, დაავიწყდა, სტრუქტურული “ჰიგიენა” რომ საჭიროა.
მივყვები თანმიმდევრობით და მოგახსენებთ, თუ რა უსუსურობაზე ვსაუბრობ ზემოთ. კერძოდ, ჩამოვთვლი საქმეებსა და პრობლემებს გარკვევით:
პრობლემა: საქმე 1
2006 წლის ამაზრზენი ფაქტი, ქ. რუსთავის #6 საპყრობილეში მომხდარი ფაქტი _ წამება, ცემა, არაადამიანური მოპყრობა (ნაცემ-ნაწამებს კარცერში მამყოფებდნენ ტრუსის ამარა), ღირსების შელახვა, საქმე კი აღძრეს გადამეტებით. აქედან იკვეთება კანონის დარღვევათა მთელი სერია, იმ ჩინოვნიკებში “ბატონდება დაუსჯელობა”, რაც შემდგომში კიდევ იკვეთება. პროკურატურის პასუხი კი ასეთია: “მიმდინარეობს ძიება”, უკვე მეოთხე წელია.
პრობლემა: საქმე 2
2007 წელს ქ. რუსთავის #2 მკაცრი რეჟიმის “კრიტის” ტიპის საპყრობილე. მომხდარი ფაქტი _ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამუქრება. ამ საქმესთანაც იგივეა: “ძიება მიმდინარეობს”, “ეჭვმიტანილები” კი დღეს განაგრძობენ სამსახურს.
პრობლემა: საქმე 3
2008 წლის ბოლოს ქ. რუსთავის #6 საპყრობილე. ჩემი გადაყვანა ხდება უკანონოდ “კრიტის” რეჟიმზე, რადგან არ მცნობია, თუ რა მიზეზით ვიქენი ეტაპირებული. იქ კი ხდება ჩემი ცემა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ზეწოლა, დამუქრება სიცოცხლის ხელყოფით. საქმის მდგომარეობა იგივეა _ “ძიება გრძელდება,” დამნაშავე განაგრძობს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობას.
ამ ყველაფრის მოხსენების შემდეგ, მინდა შევეხო პენიტენციალური სისტემების (ციხეებს ვგულისხმობ) პრობლემებს, რომელთაც ვხედავ.
მე, როგორც მსჯავრდებული და პიროვნება მივიჩნევ, რომ (თქვენ გინდ დამეთანხმეთ, გინდ არა) პენიტენციალურ სისტემებში მომრავლდა “შარიანი” თანამშრომლები, რომელთაც ამოძრავებთ ძველი გადმონაშთი, კონკრეტულად, თუ რა მუხლით ვიხდი სასჯელს და რატომ ვარ დაპატიმრებული. აი, მაგალითად: ჩემთვის უკითხავთ, თუ რა მუხლით ვიხდი სასჯელს. მითქვამს, რომ ყაჩაღობით. ამის შემდეგ დაუწყია გამომწვევი პასუხები და იქამდე მიუყვანია ეს ყველაფერი, რომ დამთავრებულა კარცერითა და შემდგომ “გაკრიტვით”. კი, მაგრამ, ეს ხომ “ევროპული ციხეებია”, თუ დაავიწყდათ, თავგადაკლულები რომ ამტკიცებენ ამ ყველაფერს და მაინც რატომ ავიწყდებათ ასეთი “წვრილმანები” (უთანასწორობას ვგულისხმობ)? მე გეკითხებით _ თუ რა მნიშვნელობა აქვს, ყაჩაღობისთვის ვიხდი სასჯელს თუ ქურდობისთვის, მოსჯილს ხომ ვიხდი? მაგრამ ეს ყოველი აწყობს ვიღაცას, უბრალო “კუჩნიკი” ამას ვერ გადაწყვეტს.
პატიმარს უფლება არ აქვს, არანაირ სიტუაციაში თანამშრომელს მიაყენოს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო ფაქტი თუ მოხდა, მაქსიმუმ ერთ თვეში მოგისჯიან უმაღლეს სასჯელს. თანამშრომელს ასევე უფლება არ აქვს, პატიმარს მიაყენოს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო თუ მოხდა ეს ფაქტი, ოთხი და მეტი წელი მიმდინარეობს ძიება, თან თანამშრომელი განაგრძობს თავის ადგილზე მუშაობას.  
მე, უბრალოდ, შედარება გავაკეთე სიტყვების: “კანონი ყველასთვის თანასწორია”.
იმედა ბუთხუზი,
ქ. ქუთაისის #2 მკაცრი რეჟიმის საპყრობილის მსჯავრდებული

(სტილი დაცულია. წერილი მოგვაწოდა “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო ანდრიაშვილმა)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here