Home რუბრიკები სამართალი კინოთეატრ “რუსთაველში” მომხდარ გაუპატიურებაზე ინფორმაცია გროვდება

კინოთეატრ “რუსთაველში” მომხდარ გაუპატიურებაზე ინფორმაცია გროვდება

721

26 მაისის აქციის დარბევის სისასტიკის შესახებ დღემდე ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი კი ადამიანის უფლებათა დამცველმა მანანა კობახიძემ გაახმიანა: კინოთეატრ “რუსთაველში” შეფარებული მომიტინგეები პოლიციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს. ამ ფაქტის გადასამოწმებლად “საქართველო და მსოფლიო” საზოგადოებრივი დამცველის აღმასრულებელ დირექტორს _ მანანა კობახიძეს ესაუბრა.

_ თქვენ ამბობთ, რომ მოგაწოდეს ინფორმაცია, თითქოს კინოთეატრ “რუსთაველში” მომიტინგეები გააუპატიურეს.
_ ამის თაობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის თავმჯდომარემ უჩა ნანუაშვილმა მითხრა. როგორც ჩანს, მისი თანამშრომელი იმყოფებოდა იმ დროს იქ, მაგრამ დეტალურად არაფერი უთქვამს. როგორც ჩანს, თვითმხილველებს არ სურთ ჯერ ვინაობის დასახელება. ეს ძალიან მძიმე დანაშაულია და ძალიან დელიკატური საკითხი. ამიტომ ამაზე საჯაროდ და ღიად საუბარი, როგორც ჩანს, არც დაზარალებულს სურს და არც თვითმხილველებს. ამას დრო სჭირდება. შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ მათ მოგვმართონ კიდეც დახმარებისთვის.
_ თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მათ უკვე მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს.
_ შესაძლებელია, მაგრამ ჩვენთვის, როგორც უფლებადამცველებისთვის,  მათ, როგორც დაზარალებულებს, არ მოუმართავთ. ყოველ შემთხვევაში, ეს ისეთი თემაა, რომ საჯაროდ ამის გაცხადება ვერ მოხდება.
_ რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა?
_ მე როგორც ვიცი, საუბარია ორ ადამიანზე.
_ “რუსთაველში” საკმაოდ ბევრი ხალხი იყო, იქ მყოფი მომიტინგეების ნახევარი ამ კინოთეატრს აფარებდა თავს. ცოტა უცნაურია, რომ სამართალდამცავებს მსგავსი დანაშაულის ჩადენის საშუალება მიეცათ.
_ იქ იყო 300-მდე ადამიანი, მათ შორის ქალებიც და მამაკაცებიც. როგორც ვიცი, მამაკაცები შეიყვანეს დარბაზში, ქალები გამოიყვანეს. იქ ისეთი ქაოსი იყო, რომ ამისი კონტროლი ძალიან ძნელი იქნებოდა. ცნობილ ადამიანებს რეზინის ხელკეტებით თავში ურტყამდნენ, ამცირებდნენ, აიძულებდნენ გაემეორებინათ ბინძური სიტყვები ბურჯანაძის და მისი სხვა მომხრეების მისამართით. წააქციეს ხელებშეკრული ხალხი, ზურგზე უვლიდნენ მათ. როგორც ყვებიან, ის, რაც იქ ხდებოდა, ნორმალური ადამიანის ქცევაში არ ჯდება. ეს არის სიმხეცე, რომელიც პოლიციელებმა გამოიჩინეს, და შეუძლებელია, ეს ადამიანები არ დაისაჯონ.
_ დასავლეთმა უკვე მოითხოვა ამ ფაქტების გამოძიება. როგორ ფიქრობთ, სერიოზულად ჩაერთვება საერთაშორისო საზოგადოება ამ პროცესში და აღნიშნულ საკითხს გამოიძიებს?
_ 2007 წელს გატაცებულ ადამიანებსაც ზუსტად ასევე მოექცნენ, მუხათგვერდში წაიყვანეს, სიკვდილს თვალებში ჩაახედეს. მიუხედავად ჩივილისა, რეაგირება არ მომხდარა. თუ ამის მიხედვით ვიმსჯელებთ, ალბათ, ახლაც არც არაფერი მოხდება, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა გზა. ჩემის აზრით, ასეთი სისასტიკე კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია: ხელ-ფეხშეკრული ადამიანების ძირს დაგდება და გამეტებით თავის არეში ცემა, რომ განსაკუთრებული ტკივილი მიეყენებინათ მათთვის. ამას ემატება ადამიანების იძულებით გაუჩინარება, მკვლელობა. ჩემი ინფორმაციით, ხუთი ადამიანია გარდაცვლილი.
როცა ასეთი რამ ხდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუკი აღმოჩნდა რომ ხელისუფლება საქმეს არ იძიებს, ამისთვის არსებობს საერთაშორისო სასამართლო, ინდივიდუალური საჩივრებისთვის _ ევროსასამართლო და მეორეს მხრივ, ვინაიდან ეს არის უკვე საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, როცა ერთი ჯგუფის მხრიდან ხდება მასობრივი დაპატიმრებები პოლიტიკური ნიშნით, მასობრივი დევნა, ეს პირდაპირ ჯდება რომის სტატუტის მეშვიდე მუხლში და არ არის გამორიცხული, რომ თვით ჰააგის ტრიბუნალამდეც მივიდეს ასეთი საქმეები. როგორც ჩანს, ჩვენ ძალოვნებს არ აქვთ გააზრებული, რა ჩაიდინეს. უნდა მოხდეს დოკუმენტირება, დაზარალებულების გამოკითხვა, მტკიცებულებების შეგროვება და,Mთუ აქ არაფერი მოხდება, არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, რომელსაც უნდა მიმართონ უფლებადამცველებმა და ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მოწინააღმდეგეა ძალადობის და ასეთი ფორმებით ანგარიშსწორების.
“საქართველო და მსოფლიო” დაუკავშირდა ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელ უჩა ნანუაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ “შემოსულია ინფორმაციები და მათი სანდოობა მოწმდება. ჩვენ ოფიციალური განცხადება არ გაგვიკეთებია და არ გავაკეთებთ, სანამ საბოლოოდ არ დავადგენთ ამ ინფორმაციებისა და ფაქტების სისწორეს”.
ასეთი ფაქტების გაჟღერების შემდეგ, მათი სისწორის დადგენაზე არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ სამართალდამცავი ორგანოებიც უნდა ზრუნავდნენ; მითუმეტეს, რომ ამას მათ კანონიც ავალდებულებს. მაგრამ ფაქტია, რომ შს სამინისტრო, რომელსაც, პრეზიდენტის განცხადებით, ნდობის უპრეცენდენტო მანდატი აქვს, მსგავსი დანაშაულის  დადგენით, ჩამდენის გამორკვევითა და დასჯით არც დაინტერესებულა.
სოფო გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here