Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო მანჯავიძე: “26 მაისის კავშირი” უზრუნველყოფს ქვეყნის დე-ფაქტო ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობის გამოსავლენად...

სოსო მანჯავიძე: “26 მაისის კავშირი” უზრუნველყოფს ქვეყნის დე-ფაქტო ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობის გამოსავლენად რეფერენდუმის ჩატარებას

629

“საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა” საზოგადოების წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს იწყებს. თუ რა კონკრეტული პუნქტების ირგვლივ აპირებენ გაერთიანებას, ორგანიზაციის სამოქმედო გეგმებსა და ინიციატივებზე,  “საქართველო და მსოფლიოს”, მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე ესაუბრა.
_ “წინააღმდეგობის მოძრაობის” წარმომადგებლებმა,  “26 მაისის კავშირი” დააფუძნეთ, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ბევრი ორგანიზაცია დაარსდა. რითი იქნება გამორჩული თქვენი ერთობა და როგორ აპირებთ გეგმების განხორციელებას?

_ “26 მაისის კავშირი”, სხვადასხვა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციას იმ პუნქტების გარშემო გააერთიანებს,  რაც “წინააღმდეგობის მოძრაობამ” 12 მაისის მანიფესტში ნათლად ასახა.
უპირველესად, აუცილებელია შს სამინისტროს დეცენტრალიზაცია,  “სოდის”,  “კუდისა” და სხვა პოლიტიზებული სამსახურების გაუქმება. ხოლო საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, დაზვრევის, კონტრდაზვერვის, საზღვრის დაცვის სამსახურების დამოუკიდებელ უწყებებად ჩამოყალიბება.
პროკურორის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად, სახელმწიფო ბრალმდებლის ინსტიტუტი ამოქმედდეს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის უფლება. ასევე საჭიროა, დამოუკიდებელი ერთიანი საგამოძიებო სამსახურის ჩამოყალიბება. ხოლო, სახალხო დამცველის მოთხოვნის შემთხვევაში, გამომძიებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.
უცილებელია, სასამართლო პროცესებზე მედიასაშუალებების დასწრება, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადება, რათა საპატიმროებში, ევროსტანდარტების შესაბამისად,  5 ათასზე ნაკლები პატიმარი დარჩეს. საჭიროა ნარკომომხმარებლების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება და მათი იძულებითი მკურნალობა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გარდაიქმნას არაკომერციულ იურიდიულ პირად _ ჟურნალისტთა კავშირად, რომლის წევრებიც თავად აირჩევენ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექციას.
აღნიშნულ პუნქტებზე  შეთანხმება და მისი განხორციელებისთვის თანმიმდევრული მოქმედებების დაწყება ხელს შეუწყობს მიხეილ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის ნგრევას.
ჩვენ უზრუნველვყოფთ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებულობას და პერმანენტული საპროტეტო აქციების გამართვას, ხოლო, ქვეყნის დე-ფაქტო ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობის გამოსავლენად რეფერენდუმის ჩატარებას.
აუცილებელია გამოჩნდეს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურ ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას და საკაშვილთან კომერციული გარიგებებით არ იქნება დაკავებული.
_ თქვენს განცხადებებში შსს-ს დეცენტრალიზაციას, ვანო მერაბიშვილის გადადგომასა და დასჯას ითხოვთ. რეალურად გეჩვენებათ ამ ეტაპზე აღნიშნულის განხორციელება?
_ ძალიან რეალურია მერაბიშვილის გადადგომა და შსს-ს დემონტაჟი,  რადგან ეს სამინისტრო არის ანაქრონზიმი და დიდხანს ვერ გასტანს. სააკაშვილის რეჟიმს არსებობის შესანარჩუნებლად ორი  გზა აქვს დარჩენილი: ან მასობრივ ტერორი და ხალხის დახვრეტა დაიწყოს (რასაც სიამოვნებით გააკეთებდა, რომ არა საერთაშორისო საზოგადოება),  ან უნდა მოხდეს ოდიოზური ფიგურებისა და სტრუქტურების დემონტაჟი. ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას ასე მოიქცეს.
_ როგორ აპირებთ თქვენს მიერ ჩამოთვლილი პუნქტების განხორციელებასა და ნიჰილისტურად განწყობილი საზოგადოების კონსოლიდაციას?
_ ხალხში პროტესტის გრძნობა არსებობს,  მაგრამ ისინი ვერ ხედავენ რეალურ ძალას,  რომელიც აქციების მასშტაბურ და ჭკვიანურ ორგანიზებას შეძლებს. ჩვენს მიერ შემუშავებული ყველა პუნქტი გასაგებია ცივილიზებული ევროპისთვის და შესაბამისად,  ჩვენი მოთხოვნების გახმაურების შემთხვევაში,  ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში არ აღმოჩნდება,  როგორც ეს “სახალხო კრებას” დაემართა, როცა,  აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა, ხალხის დასარბევად, ხელისუფლებას,  ფაქტობრივად “მწვანე შუქი” აუნთო და ასევე მოიქცა ევროკავშირიც. “შინსახკომის” გაუქმება რომ აუცილებელია,  მგონი ამაზე  საერთაშორისო საზოგადოებრიობაც დაგვეთანხმება.
_ თუმცა, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ დასავლეთი და ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო პერიოდულად მხოლოდ შეშფოთებას გამოთქვამს, რეალური ცვლილება კი არ ჩანს.
_ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ,  საქართველოში არსებული რეალობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს შევატყობინოთ.Aამ მიზნით იმყოფებიან ამჟამად სტრასბურგში ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი,  საიდანაც ბრიუსელში წავლენ და მნიშვნელოვან და გავლენიან ევროპელ ჩინოვნიკებს შეხვდებიან.
შედეგი კი ჯერჯერობით იმიტომ არ ჩანს, რომ დღემდე  არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონია კვალიფიციური მოთხოვნები.
_ “ოპოზიციურ რვიანსაც” საკმაოდ კონსტრუქციული მოთხოვნები აქვს…
_ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით,  “რვიანის” მოითხოვნები აბსტრაქტულია. როგორ შეიძლება ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება,  როდესაც “შინსახკომი” არსებობს? წარმოუდგენელი პოლიტიკური ფანტასმაგორიაა და იმიტომაც “რვიანს” საზოგადოების არანაირი მხარდაჭერა არა აქვს.
“ოპოზიციური რვიანში” გაერთიანებული პარტიები მართალია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის იბრძვიან,  მაგრამ ამავე დროს, მათ ამ ბრძოლაში გამარჯვების ყოველგვარი შანსი უკვე დაკარგეს. სააკაშვილის მონოპოლისტური ხელისუფლება არ დაუშვებს ისეთი ავტორიტეტის მქონე  პოლიტიკური ძალის გააქტიურებას,  რომელმაც შეიძლება მას პრობლემები შეუქმნას. ის ვიდრე ბოლომდე  არ გაანულებს “რვიანის” პოლიტიკურ პოტენციალს,  არ მოისვენებს და ვხედავთ, ხელისუფლების მიერ, მუდმივად როგორ მიმდინარეობს “რვიანის” დისკრედიტაცია. ხან ცალ-ცალკე დაიბარეს “რვიანის” წარმომადგენლები,  ხან ერთად მიიყვანეს მოლაპრაკებაზე.
ანეკდოტურია უკვე “რვიანის” მოლაპრაკებები კუბლაშვილთან. შეიძლება მათ საქციელზე  მთელი საქართველო იცინოდეს?
_ თქვენ ამბობთ, რომ ნებისმიერ ოპოზიცურ ძალასთან ითანამშრომლებთ, მაგრამ 25 მაისის შემდეგ გამართულ აქციებზე პოლიტიკოსებს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცით, რის გამოც ბევრმა გაგაკრიტიკათ და ითქვა, რომ რეალურ შედეგს პოლიტიკოსების გარეშე ვერ მიაღწევდით.
_ ჩვენ არავისთვის არ დაგვიშლია სიტყვით გამოსვლა,  უბრალოდ,  აქციაზე  ბევრ პოლიტიკოსს საფრთხე შეექმნა,  ვინაიდან,  25 მაისის შემდეგ, პოლიტიკოსების მიმართ ხალხი უარყოფითად იყო განწყობილი.
_ თქვენ 21 მაისიდან აქტიურად იყავით ჩართული საპროტესტო აქციებში. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ნინო ბურჯანაძისა და “სახალხო კრების” მარცხი?
_ “სახალხო კრება”, სამწუხაროდ,  კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან გააიგივეს,  რომლის მიმართაც დიდი პოლიტიკური სიმპათიები არ არსებობს. მიზეზი ისიც გახლდათ,  რომ არ იყო ჩამოყალიბებული რეალისტური მოთხოვნები,  აქციები არ იყო ორგანიზებული და ხალხმა ვერ გაიგო, რატომ გადაინაცვლეს აქციის ორგანიზატორებმა ტელევიზიასთან,  მაშინ,  როდესაც აქციაზე უამრავი ადამიანი მოვიდა, და რატომ დაბრუნდნენ მინიმალური რაოდენობით თავისუფლების მოედანზე. თუმცა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 25 მაისს, აქციაზე  საკუთარი ღირსების დასაცავად ერის საუკეთესო ნაწილი მოვიდა.
_ თქვენ გაქვთ თქვენი გეგმები, მაგრამ თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია ქუჩის საპროტესტო აქციებს დაიწყებს, შეუერთდებით?
_ აქციებს ჩვენ ყოველთვის შევუერთდებით,  მაგრამ ამ აქციებს უნდა ჰქონდეს მიზანმიმართული და ხალხისთვის გასაგები ხასიათი. აქცია უნდა იყოს ორგანიზებული. საპროტესტო აქცია არის ბრძოლის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. ჩვენ აქამდეც ყველა მიტინგს ვესწრებოდით,  რადგან მიგვაჩნია,  რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები პირადი სიმპათია-ანტიპათიით არ უნდა წყდებოდეს. მალე  გამოჩნდება ვინ არის ქართველ ხალხთან და ვინ არის ამ რეჟიმთან და შერონ სტოუნთან.
_ თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ შერონ სტოუნისა და უცხოელი ხელოვანების საქართველოში ჩამოყვანა, ქვეყნის პოპულარიზაციისა და ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
_ ხელისუფლების ბოდვას კომენტარს ვერ გავუკეთებ, ეს არის ხელისუფლება,  რომელიც საკუთარ ხალხს განუწყვეტლივ სატანისტურ რიტუალებს უტარებს. ჯერ კიდევ აგვისტოს ომის შემდეგ, ცხინვალში გვამები არ იყო დამარხული და აქ რუსთაველის პროსპექტზე  ტაშ-ფანდური გამართეს. ანალოგიური იყო 26 მაისი აღლუმიც და კიდევ კარგი “ხორუმი” მაინც არ იცეკვეს. რენი ჰარლინის სტანდარტული უნიჭო ფილმი ქვეყანას არაფერში წაადგება, ხოლო შერონ სტოუნთან ჩვენი ძალოვნების ბღლარძუნი გულის ამრევი სანახაობა იყო.
_ თუ ფლობთ ინფორმაციას, სპეცრაზმელების მიერ,  25 მაისის აქციის მონაწილეების გაუპატიურების შესახებ გავრცელებული ხმები რამდენად შეეფერება რეალობას?
_ რა გასაკვირია,  რომ ასეთი რამ მომხდარიყო იქ, სადაც 11 წლის ბავშვი და 75 წლის მოხუცები სცემეს? რაიმე ზნებორივი ნორმა შეაჩერებდათ? ეს არ იყო აქციის დაშლა, ეს იყო სამხედრო-სადამსჯელო ოპერაცია. ჯერჯერობით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,  საქმე ორ ქალბატონს ეხება და, სამწუხაროდ, ვადასტურებ,  რომ აღნიშნული ფაქტი სიმართლეა. მალე საზოგადოება ყველაფერს შეიტყობს.
_ რამდენად რეალურია, ხელისუფლების შესანარჩუნებლად სააკაშვილის გაკოტრებულმა რეჟიმმა გადადგას ისეთი სახიფათო და რადიკალური ნაბიჯები, როგორიცაა მაგალითად, ირანში “ფერადი რევოლუციის” ექსპორტი ან სულაც აჰმადინეჯადის ოპოზიციის დაფინანსება?
_ სააკაშვილი ნებისმიერ შეკვეთას შეასრულებს, რაც მისი პირადი ძალაუფლების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. ამას თუნდაც ავღანეთში კონტინგენტის გაზრდის ფაქტიც ადასტურებს, მაშინ, როცა ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, ავღანეთში საქართველომ ყველაზე მეტი ჯარიკაცი გაგზავნა.
ირანში “ფერად რევოლუციას” კი არა, რასაც გინდა, იმას დააფინანსებინებენ, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი არის მარიონეტი, რომელიც მუდმივად სხვა ქვეყნის შეკვეთებს ასრულებს და თანაც იმ ქვეყნების, რომლებიც საქართველოს მიმართ მტრულად არიან განწყობილნი.
 
ესაუბრა
შორენა ცივქარაშვილი
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here